Home რუბრიკები საზოგადოება დეკანოზი ბასილი (ახვლედიანი): გლობალიზაცია საფუძველშივე ძირს უთხრის ქართულ ტრადიციებს და კულტურას!

დეკანოზი ბასილი (ახვლედიანი): გლობალიზაცია საფუძველშივე ძირს უთხრის ქართულ ტრადიციებს და კულტურას!

981

ბოლო ხანს საქართველოში ქალებზე ძალადობამ შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია. არა ერთი ოჯახური ძალადობა დასრულდა ტრაგედიით, რაშიც ზოგი ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს ადანაშაულებს, ზოგი კი პრობლემას ჩვენს მენტალიტეტსა და ტრადიციებში ხედავს, არიან ისეთებიც, რომლებიც დამნაშავედ ეკლესიას მიიჩნევენ.  ოჯახური ძალადობის მიზეზებსა და მეუღლეების ურთიერთობაზე აკაურთას სიონის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილი (ახვლედიანი) გვესაუბრება.


_ ოჯახური ძალადობის ფაქტები, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, მაგრამ ეს არ უნდა განვიხილოთ, როგორც ჩვენი ჩამორჩენილობის შედეგი. ოჯახური ძალადობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, ის ყველა ერსა და ყველა თაობას ახასიათებს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ამას ადასტურებს სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობა უდიდესი პრობლემაა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა . . დემოკრატიის შუქურაში _ აშშში. იქ ყოველწლიურად 2-3 მილიონი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი. მეტიც, გარკვეულ ეტაპზე ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ეს კანონითაც იყო დაშვებული. მაგალითად, 1895 წლამდე ამერიკაში ქალს, თუკი ქმარი მასზე იძალადებდა, განქორწინების უფლება არ ჰქონდა.

  ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, მსოფლიოში უამრავი კვლევა ტარდება. ასეთი კვლევები საქართველოში აქამდე მხოლოდ მცირე მასშტაბით ტარდებოდა და ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი 5-დან 31%-მდე მერყეობდა. გაეროს მხარდაჭერით, 1998-2005 წლებში საქართველოში ორი კვლევა ჩატარდა და გამოკითხულ ქალთა 20%-ზე ნაკლებმა აღიარა ახლანდელი ან წინა პარტნიორის მხრიდან სიტყვიერი ძალადობის ფაქტები. 5%- განცდილი ჰქონდა ფიზიკური, ხოლო 2%- _ სექსუალური ძალადობა. “კავკასიის ქალთა კვლევისა და კონსულტაციების ქსელის” მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ათასი გამოკითხული ქალიდან _ 22,2 პროცენტი, სულ მცირე, ერთხელ მაინც ყოფილა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ორგანიზაცია “სახლის” მიერ ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ოჯახური პრობლემებისა და კონფლიქტების ძირითადი მიზეზი ეკონომიკური სირთულეები და უმუშევრობაა. ამას გარდა, კონფლიქტური ოჯახის შენარჩუნებას განაპირობებს საზოგადოებაში არსებული ნორმატიული თვალსაზრისი ოჯახის აუცილებლობაზე.

_ მამაო, გასაგებია, რომ ძალადობა ყოველთვის და ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ რატომ მიიღო ძალადობამ საქართველოში ასეთი მასშტაბები? რა არის ამის მიზეზი?

_ ადრე, როდესაც ქორწინდებოდნენ, სულიერადაც იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულები, მზად იყვნენ თანაცხოვრებისთვის. დღეს კი სპონტანურად იღებენ დაოჯახების გადაწყვეტილებას. მაგალითად, ქუჩაში ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩერო და ჰკითხო, რატომ თხოვდება ან მოჰყავს ცოლი, ვერ გიპასუხებს. დღეს ქვენა გრძნობების გამო უფრო იქმნება ოჯახები. სულ რაღაც 4-5 თვეში, დაიკმაყოფლებენ რა ცხოველურ ინსტინქტებს, იმ რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე, რომლის დანახვაც ქორწინებამდე არ სურდათ.

ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, ოჯახი ურთიერთთავგანწირვაზე აგებულ სიყვარულში მეცადინეობაა. ცოლი და ქმარი ერთმანეთის ჯვრის მტვირთველები უნდა იყვნენ. მათ იმიტომ ჰქვიათ მეუღლეები, რომ ცხოვრებისეული ჯვრის ზიდვა გარკვეული ჭაპანია, რომელსაც  ადამიანი მარტო ვერ გაუძღვება. ცოლქმარი ერთმანეთის თანაშემწეები, საუკეთესო მეგობრები და მესაიდუმლეები უნდა იყვნენ. ისინი ისე უნდა იყვნენ შესისხლხორცებულნი, რომ მათზე უნდა აღსრულდეს საღვთო წერილის სიტყვა, რომელშიც გვაუწყებს უფალი, რომ ჩვენ ერთი ხორცი ვართ.

ოჯახში გააზრებული უნდა ჰქონდეთ, ვის რა ადგილი უჭირავს და რა პასუხისმგებლობა აკისრია. ხშირად ეს არასწორად ესმით და ზოგი მამაკაცი, რომელსაც ქრისტიანობასა და მართლმადიდებლობაზე წარმოდგენა არ აქვს, ამბობს, მე ვარ მეფე ოჯახში და ცოლი არის მონა, რომელმაც ის უნდა გააკეთოს, რაც მე მსურს. ამ ფილოსოფიით, დედაკაცი, გარკვეულწილად, მონურ მდგომარეობაში აღმოჩნდება და თავდაცვით რეჟიმში გადადის. ირღვევა ბალანსი და, ბუნებრივია, კონფლიქტიც წარმოიშობა. აქედან იდებს სათავეს აგრესია და მკვლელობები.

_ არის თუ არა ქალი და კაცი ღვთის წინაშე თანასწორი და მოეთხოვებათ თუ არა მათ თანაბრად ყველაფერზე პასუხისმგებლობა?

_ რა თქმა უნდა. ცოლ-ქმრის კლასიკური მაგალითია აბრაამი და სარა, მათი ურთიერთობა თანასწორობის პრინციპზე იყო აგებული. სარა და აბრაამი ღვთის წინაშე თანასწორები იყვნენ, მაგრამ ფუნქციურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. აბრაამს, ანუ მამაკაცს აქვს ღვთისგან მინიჭებული ფუნქცია მისი წინამძღოლობის, მედროშეობის, მართვის; ხოლო დედაკაცს _ სარას, აქვს ღვთისგან მინიჭებული ფუნქცია კერიის მფარველისა და დამცველის. თუ კაცსაც და ქალსაც ეს ფუნქციები კარგად ექნებათ გააზრებული, მათ სურვილიც კი არ გაუჩნდებათ, ერთმანეთის ფუნქციებში შეიჭრან. მხოლოდ ასეთი ოჯახი იქნება მშვიდი და ბედნიერი. სხვა შემთხვევაში, როგორც კი ერთი შეიჭრება მეორის ფუნქციებში, ბალანსი დაირღვევა და ოჯახი სიმშვიდესა და ბედნიერებას დაკარგავს. შემდეგ ამას ემატება ეკონომიკური თუ სხვა პრობლემები, რომლებიც ცეცხლზე ნავთის დასხმასავით მოქმედებს.

_ მამაო, დღეს ოჯახური კონფლიქტების ერთერთ მიზეზად ხშირად სახელდება ღალატი, თუმცა საქართველოში კაცის ღალატი საზოგადოების მხრიდან ისეთ დიდ დანაშაულად არ აღიქმება, როგორც ქალის. არის თუ არა ცოდვა ორივე მათგანის მიერ ჩადენილი ღალატი?

_ დიახ, ორივე მათგანის ღალატი სასიკვდილო ცოდვაა, მაგრამ ერთი მცირე ნიუანსია _ მამაკაცის მხრიდან ღალატი არ შეიძლება ოჯახის დანგრევის მიზეზად იქცეს, თუმცა ეს არ ამსუბუქებს მამაკაცის ცოდვის სიმძიმეს.

_ გამოდის, რომ ეკლესია უშვებს, მამაკაცს ღალატი მიეტევოს? ანუ მამაკაცი მაინც უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება, რადგან, მისი მხრიდან ღალატის შემთხვევაში, ქალს ოჯახის დანგრევის უფლება არ აქვს?

_ არა, პატიების თემა სულ სხვაა. მათ აბსოლუტურად ერთნაირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და ერთნაირად განსიჯებიან, მაგრამ აქ საუბარია ოჯახზე, როგორც ინსტიტუტზე, რომლის დანგრევაც, მამაკაცის ღალატის შემთხვევაში, არ შეიძლება; ხოლო, თუ მამაკაცი გაუშვებს ცოლს და ის იმრუშებს, მის ცოდვაზე პასუხი უკვე მამაკაცსაც მოეთხოვება.

დღეს ე. წ. განვითარებული ქვეყნები გვთავაზობენ თამაშის ახალ წესებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს.

_ რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ოჯახურ ძალადობაზე, ფიქრობთ, რომ ეს ერთგვარი მაპროვოცირებელი ფაქტორებია?

_ არათუ მაპროვოცირებელი, ეს არის მართლმადიდებლობის, ქართველების გახრწნისკენ მიმართული გეგმაზომიერი პოლიტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს არავინ მოაწერდა. ასოცირების ხელშეკრულება ერთერთი დიდი ბლეფია, რომელიც კი შემოუთავაზებიათ ახალი მსოფლიო წესრიგის მესვეურებს. ეს ყველაფერი უპირისპირდება ოჯახურ ურთიერთობებს. წმინდა მამა იოანე ოქროპირი წერს, _ იმაზე აღმატებული სიყვარული არ არსებობს, როგორიც ოჯახური სიყვარულიაო. სადაც დიდი სიყვარულია, იქ არის ღმერთი. ოჯახი კი სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველია. სამწუხაროდ, ზოგიერთი თავისუფლებას სიძვა-მრუშობაში ხედავს.

ასოცირების ხელშეკრულება არ არსებობს ერთნაირი. ის არის მორგებული ყველა ქვეყანაზე. ისევე, როგორც დემოკრატიაა მორგებული და არაერთხელ გვინახავს ორმაგი სტანდარტების დემოკრატია. იგივეა ასოცირების ხელშეკრულებაც. ჩვენ ხომ არ დაგვიწერია ეს დოკუმენტი? ვიღაცამ გარედან მოგვარგო. გლობალიზაცია საფუძველშივე ძირს უთხრის ქართულ ტრადიციებს და კულტურას!

_ ბოლო ხანს გააქტიურდნენ ქალთა დამცველი ორგანიზაციები.

რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, რას ხედავს ამაში ეკლესია ცუდს?

_ სიტყვა გენდერმა ბოლო ხანს სხვა დატვირთვა შეიძინა და მივიღეთ ქალი, როგორც კაცობრიობის სუსტი წარმომადგენელი, რომელსაც დაცვა სჭირება. ამ მიზნით შეიქმნა სხვადასხვა გენდერული მოძრაობა, ეს მოდის ბოროტისგან, რათა დაირღვეს ბალანსი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. ქალი გაუთანასწორდა მამაკაცს არა ღვთის წინაშე, არამედ ფუნქციურად, რაც არღვევს ჰარმონიას ადამიანებში.

  ჩვენ ვართ ერთადერთი ერი მსოფლიოში, რომელსაც ჰყავდა ქალი  მმართველები, ქალები წმინდანადაც კი გვყავს შერაცხილი; ჩვენ ის ერი ვართ, რომელსაც ტრადიციად ჰქონდა, რომ ორი ვაჟკაცის ბრძოლა მაშინვე უნდა შეწყვეტილიყო, როცა მათ შორის ქალი მანდილს ჩააგდებდა; ჩვენ ვართ ერთადერთი ერი, რომელმაც დედის კულტი აღიარა. თბილისში ქართვლის დედის ძეგლიც კი დგას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა საქართველო და ღვთისმშობელი ჩვენი ქვეყნის მფარველია. დღეს უწმინდესიც ბევრს საუბრობს ამ საკითხებზე, პატრიარქმა ოჯახის დღეც კი დააწესა.

_ პატრიარქმა მოუწოდა მასმედიას, ნაკლებად გააშუქოს ძალადობა. ეს რას შეცვლის?

_ ტელევიზია ფსიქოლოგიური იარაღია. სახელგანთქმული ამერიკელი ფსიქოლოგი დეილ კარნეგი ამბობს, _ თუ გინდა, რომელიმე სიტყვა დაიმახსოვრო, 63-ჯერ უნდა გაიმეორო სხვადასხვა წინადადებაშიო. როდესაც 63-ჯერ კი არა ათი ათასჯერ აშუქებს ტელევიზია ამ ძალადობას და გარყვნილებას, ადამიანები ისე იხრწნებიან, რომ ეს ყველაფერი უკვე ნორმად ითვლება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ საბოლოოდ “მრუდი სარკეების” ქვეყანა მივიღოთ, ამიტომ მასმედიას ძალიან დიდი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება.

_ ამას წინათ აღშფოთება გამოიწვია პატრიარქის მოწოდებამ ქმრებისთვის ფეხის დაბანის თაობაზე. საზოგადოების ნაწილის აზრით, ეს მოწოდება მოძალადე ქმრებს კიდევ უფრო წაახალისებს.

_ პატრიარქის ეს ფრაზა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც იყო ნათქვამი. არავინ უნდა იფიქროს, რომ, თუ ქალი ქმარს ფეხს დაბანს, მამაკაცი მასზე აღმატებულად იგრძნობს თავს. ეს მცდარი მოსაზრებაა. როდესაც სასულიერო პირი შეპყრობილს კვეთებულის ლოცვას უკითხავს, მას განსაკურნებლად ამზადებს. ამ დროს ბოროტი გააფთრებას იწყებს, ამიტომაც გამოიწვია უწმინდესის სიტყვებმა საზოგადოების ერთ ნაწილში ასეთი აგრესია, თორემ ვიცი, ბევრ ოჯახში, სადაც ჩვეულებრივ მიიღეს პატრიარქის ნათქვამი და აღასრულეს კიდეც, არც არავის  უგრძვნია თავი დამცირებულად, პირიქით _ ეს ოჯახები სიყვარულის სხვა, აღმატებულ ეტაპზე გადავიდნენ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here