Home რუბრიკები პოლიტიკა იური მეჩითოვი: ეს არის პარლამენტი?! 150 კაცს იმისთვის ვინახავთ, რომ არაფერი აკეთოს?!

იური მეჩითოვი: ეს არის პარლამენტი?! 150 კაცს იმისთვის ვინახავთ, რომ არაფერი აკეთოს?!

979

ცნობილმა ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ზუსტად თვე-ნახევრის განმავლობაში იმუშავა სახელისუფლო სტრუქტურაში და ასე თუ ისე მოასწრო ხელისუფლების სამზარეულოში ჩახედვა, რამაც საშუალება მისცა, რეალურად დაენახა ის, რაც ქვეყანაში ხდება. დღეს სწორედ ფოტოგრაფის თვალით დანახულ საქართველოს წარმოგიდგენთ.


_ ხელოვნება პოლიტიკის გარეშე არ არსებობს. როდესაც ადამიანს პოლიტიკა არ აინტერესებს, ნიშნავს, რომ ის ცხოვრებაზე უარს ამბობს და, როდესაც ლაპარაკობენ, ხელოვნებაში პოლიტიკას არაფერი ესაქმებაო, ნიშნავს, რომ ხელოვნებამ არსებობა უნდა შეწყვიტოს. დააკვირდით, მოსკოვში წავიდნენ ჩვენი მომღერლები და ეს მყისიერად გახდა პოლიტიკური აქტი. თუმცა მიმაჩნია, რომ ამ მომღერლებზე ამდენი საეთერო დროის დახარჯვა საზოგადოების ყურადღების გადასატანად მოხდა, რადგან სწორედ იმხანად იყო საუბარი საქართველოში ნატოს საწვრთელი ბაზის გახნაზე და სწორედ ამ სამ მომღერალზე ლაპარაკით გადაიფარა ეს მბავი. ჩვენი . . პოლიტოლოგების ნაბოდვარს რომ ვუსმენ, გამეცინებოდა, რომ არ ვაცნობიერებდეროგორ აზიანებენ საზოგადოების ცნობიერებას თავიანთი უსუსური ტექსტებით. ჩემი ხედვით, საქართველოში სულ სხვა რამ ხდება და არა ის, რასაც ეს უსუსური კომენტატორპოლიტოლოგები ახმოვანებენ.

_ მაინც რა ხდება ჩვენს ქვეყანაში?

_ პირველ რიგში, ზოგიერთის გასაგებად უნდა ვთქვა, რომ ქვეყანა, სახელმწიფო და ხელისუფლება  სხვადასხვა ცნებებია და ბევრს ერევა. საქართველო არის სახელმწოფო, ოღონდ ცუდი, რომელსაც ზოგი სააქციო საზოგადოებას ადარებს, ზოგიც _ რაღაც კორპორაციას.

იმაზე არავინ ლაპარაკობს, რომ საქართველოში მიმდინარეობს ძალიან ცუდი პროცესი _ დესუვერენიზაცია. იგივე ხდება მსოფლიოში. შეიძლება, საფრანეთს სუვერენული სახელმწიფო ვუწოდოთ? _ არა! ამერიკამ დიდი ზემოქმედების შედეგად უამრავ ევროპულ ქვეყანას მიაღებინა სანქციები და მათ თავისი ვიოლონოს ხემით დირიჟორობს. წარმოგიდგენიათ ქვეყნის პრეზიდენტებიც კი ამერიკის მიერ ინიშნება. იყო სარკოზი, შეცვლადეს უარესით _ ოლანდით.

სარკოზი ლამაზი ქალის ქმარი მაინც იყო… როდესაც ამხელა ქვეყნები დგანან დესუვერენიზაციის გზაზე, როგორღა უნდა ვილაპარაკოთ საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე? სახელმწიფო ბევრს დროშა და ბიუჯეტი ჰგონია. არადა, სახელმწიფოს ფუნქცია არის ის, რომ უზრუნველყოს ერის მშვიდობიანი და ადამიანური ცხოვრება. აბა, სახელმწიფოს ფუნქცია პარლამენტის შენობაზე დროშის აფრიალებაა?! ან სახელმწიფო დროშის გვერდით ყველგან ევროსაბჭოს დროშა რატომ კიდია, არ მესმის _ ვერ ვხვდები, ამით ევროპას დავცინით თუ საკუთარ თავს. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ძალადობის მანქანა იყო. დღესაც ასეა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება იმ დოზით ვერ ახორციელებს ძალადობას. დღეს სახელმწოფო არის ძალადობა კანონის ფარგლებში. ერთმა ებრაელმა ცოტა ხნის წინათ თქვა, ქართველები დიდი ხნის წინათ შექმნდით სახელმწიფოს, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებთ სახელმწიფოს გარეშე ცხოვრებასო.

სახელმწიფო რომ არ გვაქვს, ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მესამედი საზღვარგარეთ გაქცეული, ხოლო გლეხობა რა დღეშიცაა, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. როდესაც ქმნი სახელმწიფოს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანას, ერს, ეს დიდი დანაშაულია. ერი რომ გადარჩეს, უმჯობესია, ჭკვიან პატრონს ჩაბარდეს, ვიდრე გიჟების ხელში იყოს.

_ ვის გინდათ, რომ ჩაბარდეს საქართველო?

_ ახლა უკვე _ არავის. რუსეთის იმპერიის ნაწილი რომ იყო, ის ხანა საუკეთესო იყო საქართველოსთვის, რადგან იმხანად რუსეთის იმპერია განვითარებული იყო.

_ წეღან ახსენეთ მოსკოვში სამი ქართველი მომღერლის წასვლა

_ ღირს კი მათზე საუბარი? მესმის, რომ ჯერ მიშას კარის მომღერლებად ვიცნობდით, შემდეგ შემოაკლდათ ფული და წავიდნენ მოსკოვში. ნინო ჩხეიძე კარგი გოგონაა, ერთხელ ფოტოსესიაც გავუკეთე, მაგრამ ამ ადამიანს როგორ უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკური პრინციპების დაცვა? ის შოუბიზნესის წარმომადგენელია. რა ქნან?! ჯერ მიშა უხდიდათ, შემდეგ _ სხვები.

ჩვენი უბედურება არის ის, რომ სოციალური ქსელები განწყობების ბარომეტრი გავხადეთ, რაც არ არის სწორი.  “ფესიბუქში” 5 ათასი კაცი რომ ხმაურობს, ვამბობთ, რომ საზოგადოება შეშფოთებულია. საზოგადება კი რეალურად იმითაა შეშფოთებული, რომ არ იცის, ხვალ რა აჭამოს შვილს, რა ჩააცვას და სად ასწავლოს _ აი, ეს აშფოთებს საზოგადოებას და არა ის, სად იმღერებს ნინო ჩხეიძე.

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ჩვენი ერი რუსოფობიითაა მოწამლული. სამი მომღერლის მოსკოვში წასვლას ინგა გრიგოლია პოლიტიკურ თოქშოუს რომ მიუძღვნის, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ. ინგამ მეც მიმიწვია, მაგრამ შუა გადაცემიდან წამოვედი. მანამდე კი ვუთხარი, ისეთი ხალხი უნდა მოიწვიო, რომელთა საუბროს შემდეგ გამოსავალი მოიძებნება-მეთქი, მაგრამ რა უნდა ველაპარაკო, _ ინგა გრიგოლია მხარეა სხვა დანარჩენი ჟურნალისტებივით. ვიდრე ინგა გრიგოლია ამ სამ მომღერალს მიუძღვნიდა გადაცემას, ზუსტად იმავე თემაზე გააკეთა გადაცემა ნინო ჯანგირაშვილმაკავკასიაში”. ხალხიც იგივე ჰყავდა, მათ შორის, არცთუ მთლად დალაგებული თეთრთმიანი ქალი რომ არის _ ლიზი ვადაჭკორია, ნატოს წარმომადგენელი თუ ვიღაც _ გაბიანი, რომელიც გაიძახის, მსურს, საქართველო ამერიკის ერთერთი შტატი იყოსო; აგრეთვე, დეისაძეები და სხვა იდიოტები.

_ საით მიექანება საქარველო?

_ განადგურებისკენ, რადგან ყველაფერი დაკარგა, რაც ჰქონდა. საქართველოში არსებობდა ინტელექტუალების ფენა, რომელიც გაქრა. ეს დაიწყო ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობიდან და ჩვენმა ინტელიგენციამ, რომელიც აყოლილი იყო ლოზუნგებს, ვეღარ გაარჩია ტყუილი და მართალი. დიახ, კარგია ეროვნული თავისუფლება, მაგრამ დაავიწყდათ, რომ თავისუფალი მხოლოდ გიჟია. შემდეგ შეთხელდა ეს ფენა… დაიხოცნენ. სადღა გვყავს ისეთი მსახიობები, როგორიც იყო ხორავა _ სცენაზე თითს რომ აწევდა, ბოლო იარუსზე მჯდომშიც კი თრთოლას იწვევდა. დღეს ეს ყველაფერი გაფარჩაკდა, გაფეისბუქდა. დღეს “დალაიქებისა” და “დაშიარების” ხანაა.

_ ბატონო იური, ცოტა ხანს თქვენც ხომ იყავით ამ ხელისუფლებაში?

 _ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ რეალურად მიხვდე, რა ხდება ცხოვრებაში. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ხდები, იცი, როგორ იცვლება სიტუაცია? მეზობლებიც კი სხვანაირად გიყურებენ, დღეში ასი კაცი გთხოვს რაღაცას, სულ სხვა სამყაროში ხვდები, რომელსაც საგიჟეთს ვუწოდებ. როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ, დიდი კაცი უნდა იყო, პატარა რომ არ გახდე, რომ ქონების გადანაწილებისა და პრემიების გამოწერების საქმეში არ ჩაერთო. მართალია, თვე-ნახევარში ჩამომაშორეს ხელისუფლებას, თუმცა არ ვიცი, ამაზე მეტხანს თუ გავუძლებდი იქ მუშაობას. მე გახლდით არჩეული პარლამენტარი, მაგრამ სტატუსი მაქინაციებით შემიცვალეს. დღეს პარლამენტში არ არის ადამიანი, რომელიც გამოვა და განსხვავებულ თვალსაზრისს იტყვის. ეს არის პარლამენტი?! 150 კაცს იმისთვის ვინახავთ, რომ არაფერი აკეთოს?! გამიკვირდა, ზოგიერთმა ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარი რომ დაუჭირა, რაც, ჯაჭვლიანისა და პაპუაშვილის განმარტებით, გუნდური თამაში იყო. ეს გუნდური თამაში კი არა, გუნდური იმპოტენციაა. ერთმანეთს უყურებენ და არაფერს აკეთებენ. დღევანდელი პარლამენტი არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შეგროვებული “კამანდა”. 2-3-პროცენტიანი პარტიები, რესპუბლიკელების თამადობით, სწორედ ბიძინას შეგდებულია პარლამენტში. მესმის, რომ ინტელექტუალთა ჯგუფია, მაგრამ “ნაცმოძრაობის” ყალიბიდან არიან წარმოქმნილნი. მოკლედ, დღევადელ პარლამენტში ყველა ერთი ჭკუის არის, განაკუთრებით შემაშფოთებელია მათი პოზიცია უკრაინის ტრაგედიის მიმართ. მათი მოღვაწეობა მასხარაობაა, თავიანთი დროშებითა და დაყენებული სახეებით; ან რომელ უკრაინაზე ლაპარაკობენ?! იმ ქვეყანაში არის სამოქალაქო ომი და ვის უჭერს ჩვენი ხელისუფლება მხარს? უკრაინის გაიძვერა მთავრობას, რომელსაც ოკეანის გაღმიდან მართავენ? ამის შემდეგ რა უნდა ვიწამო ჩემი მთავრობის? სამწუხაროდ, დღეს ტრაგიკულ ეპოქაში ვცხოვრობთ, რასაც ვერ ვაცნობიერებთ. ამის გაცნობიერებას ხომ ინტელექტი სჭირდება. როდესაც ჩვენს უბედურებას პუტინის არსებობას ვაბრალებთ, ეს არის ტრაგედია.

მწერალი ლაშა ბუღაძე რომ გამოდის და ამაყად კითხულობს თავის შედევრს, _ ხომ შეიძლება ,არ დაბადებულიყო შაჰ აბასი, ჰიტლერი და პუტინიო. როდესაც ასეთ რაღაცას წერ, სულ ცოტა, სამი წიგნი მაინც უნდა გქონდეს წაკითხული, ვიდრე თვითონ დაწერ ხუთს.

 ჩვენ არ ვართ თავისუფალი ერი, რომელიც თავის თავს განაგებს. მესმის ბიძინა ივანიშვილის, რატომაც დაიმალა. ის ვერ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ივანიშვილმა მხოლოდ ერთი პიროვნება მოგვაცილა _ სააკაშვილი, რეჟიმი კი დარჩა. არ შეცვლილა დამანგრეველი საგარეო კურსი, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქართველო უნდა იყოს რუსეთის მტერი, ხოლო რუსეთი მაინც კარგად უნდა მოგვეპყრას.

ევროპაში რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც განაცხადა, არ ვთამაშობ თამაშს, რომელიც ვაშინგტონიდან მოდისო. რუსეთი რომ კარგი ლუკმაა, ბჟეზინსკით დაწყებული, კისინჯერით დამთავრებული, არავის დაუმალავს. ამიტომაც ებრძვის ამერიკა რუსეთს ხან საქართველოს, ხანაც უკრაინის ტერიტორიაზე. ვერავნ დამაჯერებს, რომ 2008 წელს სააკაშვილს ეყოფოდა გამბედაობა და რუსეთს ომს გამოუცხადებდა. ეს კაცი რომ ლაჩარია, ყველამ მშვენივრად იცის.

_ იცნობდით სააკაშვილს?

_ სამწუხაროდ, პირზე კოცნით. მასში ნიჭიერება და ამორალურობაა შერწყმული. ეს მისი ბრალი არ არის, რადგან ბავშვობაში ტრამვირებული იყო და ჯავრი საქართველოზე იყარა. სწორედ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ დღეს გაბოროტებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.

დღეს ყველაზე დიდი რეიტინგი ირაკლი ღარიბაშვილს აქვს და, თუ ის პოლიტიკურ ასპარეზზე მარტო დარჩება, აუცილებლად ჩაძირავენ, რადგან დღევანდელ ხელისუფლებაში გაცილებით მეტია დამცველი საკუთარი და არა _ სახელმწიფოს ინტერესებისა.

2 წელი გავიდა, რაც “ოცნებაა” ხელისუფლებაში და არაფერი გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ რუსეთის ბაზარზე ასე თუ ისე შევიდა ქართული ნაწარმი. ცოტა ხნის წინათ მოსკოვში ვიყავი და ვნახე, რომ ქართული ღვინო ძალიან უყვართ რუსებს.

_ ამიტომაც გიწოდებენ რუსეთუმეს

_ მიწოდონ. მოსკოვიდან რომ ჩამოვედი, 7 ოქტომბერს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მიმიწვიეს და იქიდან პუტინს დაბადების დღე მივულოცე. ვისაც რა უნდა, ის თქვას. როდესაც აფხაზეთი დავკარგეთ, პუტინი და მედვედევი ახლოსაც არ იყვნენ პოლიტიკასთან. 2008 წელს კი მოხდა იმის დაკანონება, რაც დე ფაქტო იყო. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ტერიტორიებს მივსტირით და იმ ხალხზე არ ვდარდობთ, რომლებიც დავკარგეთ.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here