Home რუბრიკები საზოგადოება გია გუგუშვილი: მათ ლიდერს ვკითხე, რამდენი ხართ აკადემიაში, ვისაც ჩემი რექტორობა არ...

გია გუგუშვილი: მათ ლიდერს ვკითხე, რამდენი ხართ აკადემიაში, ვისაც ჩემი რექტორობა არ გსურთ-მეთქი და ასეთი აღმოჩნდა, სულ რაღაც, ოთხი კაცი

788

სამხატვრო აკადემიის ახალარჩეული რექტორი, მხატვარი გია გუგუშვილი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა, რადგან, როგორც ბატონი გია ამბობს, დღესაც არ იცის, რა სურთ იმ ადამიანებს, რომლებიც აქციებს მართავენ, და ვინ დგას მათ უკან.


გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბატონ გია გუგუშვილთან. ეს მისი პირველი ინტერვიუა სამხატვრო აკადემიის რექტორის რანგში.

_ საოცარი განცდა დამეუფლა, როდესაც ასეთი დიდი ნდობა გამომიცხადა აკადემიურმა საბჭომ და სამხატვრო აკადემიამ. ამით ჩემს მხრებს პასუხისმგებლობის უზარმაზარი ტვირთი დააწვა, რადგან აკადემიაში უამრავი საქმეა გასაკეთებელი. როდესაც ტილოზე ვმუშაობ, ვხვდები, რომ ლიდერი მე ვარ და, რასაც მოვისურვებ, იმას გავაკეთებ, როგორც მსურს, ისე დავხატავ ნამუშევარს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ლიდერობა გეკისრება სამხატვრო აკადემიის თითქმის 2000-კაციან საოცარ კოლექტივში, იცით, რამხელა პასუხისმგებლობაა?

_ რატომ გადაწყვიტეთ სამხატვრო აკადემიის რექტორობა?

_ შემოთავაზება მივიღე ჩემი კოლეგებისგან, თუმცა მეც ვიყავი მოტივირებული, რადგან მივხვდი, რომ შემწევს იმის ძალა და უნარი, რომ ჩემი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გავცე და საქმე აკადემიის სასიკეთოდ გავაკეთო. მოკლედ, რექტორის არჩევნებზე ათკაციანი კომისიის წევრთაგან რვა ხმა მე მივიღე, ხოლო ქალბატონმა ნანა იაშვილმა, რომელიც ჩემი ღირსეული კონკურენტი იყო _ ორი ხმა. ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ჩემი ინიციატივით გამართული  შეხვედრები დეკანატში და ა. შ. და რაც მთავარია, ეს იყო პირველი დემოკრატიული არჩევნები სამხატვრო აკადემიის ისტრორიაში. ამით არავის შეურაცხვყოფ, მაგრამ, უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ამ აკადემიის რექტორი ინიშნებოდა ან ცეკადან, ან რევოლუციის შედეგად, ან კიდევ პარტიული ინტერესების გათვალისწინებით. ძალიან მინდა, ყველა სტუდენტმა თავი კომფორტულად იგრძნოს ნგრევის პროცესში მყოფ აკადემიაში, თუმცა მაქვს კარგი ამბავი,: კულტურის სამინისტრო და ქალაქის მერია დაგვპირდნენ, რომ აკადემიის შენობის აღდგენა-რესტავრაციის პროცესებში ჩაებმებიან.

_ სამხატვრო აკადემიაში სასწავლო წლის დაწყების პირველივე დღე ხმაურიანი იყო.

_ ე. წ. ოპოზიციურად განწყობილები ამბობენ, აკადემაში ისე არ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყოო. რომ ვკითხე, რა არ მოხდა-მეთქი, პასუხი ვერ გამცეს. არადა, აკადემიურმა საბჭომ გააკეთა არჩევანი იმის საფუძველზე, რომ გია გუგუშვილი არის მხატვარი, აქვს პედაგოგიური გამოცდილება და ახალი ხედვები _ ეს ყველაფერი ერთგვარი სინთეზია, ადამიანს წარმოდგენა რომ შეექმნას ჩემს პიროვნებაზე, მაგრამ მთავარი არის ის, რომ არსებობს კანონი და სწორედ აქ მივადექით ღია კარის მტვრევას, რაც ცოტა ხნის წინათ მოხდა სამხატვრო აკადემიაში ე. წ. ოპოზოციური ფრთის მხრიდან. რექტორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება რომ გქონდეს, სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი უნდა იყო. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი განხილული და მხარდაჭერილი იქნა სამხატვრო აკადემიაში, დოკუმენტი გაეგზავნა კულტურის სამინისტროს, სადაც გააფართოეს არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რიგები და ამიერიდან მხოლოდ სამხატვრო  აკადემიის სრულ პროფესორს კი არა, მსოფლიოში ყველას, ვინც სრული პროფესორია ან რანგით მასთან თანაბარი, შეუძლია მონაწილეობა რექტორის არჩევნებში, ანუ შეიძლება, მაგალითად, გვატემალაში იყო სრული პროფესორი, მაგრამ უფლება გაქვს, ჩვენს სამხატვრო აკადემიაში იყარო კენჭი რექტორობაზე.

_ თუმცა ის ჯგუფი, რომელიც გარექტორებისთანავე დაგიპირისპირდათ, ამბობს, რომ თქვენი არჩევა მხოლოდ აკადემიაში მოხდა

_ არა, ბატონო, კარი ყველასთვის ღია იყო და, რანგობრივად ვისაც ეკუთვნოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა, შეეძლო, კენჭი ეყარა; მაგრამ ვერ დააკმაყოფილეს საჭირო მოთხოვნები და ამიტომ დაიწყეს სხვადასხვა ამბის გამოგონება.

_ ვინ არიან ეს ადამიანები ან ვინ დგას მათ უკან?

_ არ ვიცი, ვინ არის ეს ხალხი… 15 ოქტომბერს, პირველ სასწავლო დღეს, აკადემიაში, ასე ვთქვათ, შემოვლაზე ვიყავი, მიხაროდა 1600 სტუდენტთან შეხვედრა, მაგრამ უცებ დამირეკეს, _ ბატონო გია, ვიღაცებმა წიხლით შეამტვრიეს თქვენი კაბინეტის კარი და შიგ შეცვივდნენო. მოკლედ, ვიდრე კაბინეტამდე მივაღწევდი, იქ ვიღაცებმა მოასწრეს ჩაბუდება და ჰქონდათ გნიასი _ კიოდნენ, _ გამოვიდეს რექტორიო და ა. შ. ისტერიკაში იყვნენ. საზოგადოდ, ეგზალტირებულ და აგრესიულ ადამიანებს ვერ ვეკონტაქტები. მათი საქციელის შემყურე ემოციას ვერ ვმალავ და მირჩევნია, ჩუმად ვიყო, მაგრამ ვალდებული ვიყავი, ჩემს კაბინეტში შეჭრილთათვის მომესმინა, მით უმეტეს, ჩვენი აკადემიის სტუდენტებისთვის. მათ ლიდერს ვკითხე, რამდენი ხართ აკადემიაში, ვისაც ჩემი რექტორობა არ გსურთ-მეთქი და ასეთი აღმოჩნდა, სულ რაღაც, ოთხი კაცი.

_ სატელევიზიო კადრებში მეტი ადამიანი ჩანდა

_ ამ ჯგუფიდან მხოლოდ ოთხი ახალგაზრდაა ჩვენი აკადემიის სტდენტი. დანარჩენები იყვნენ რაღაც ორგანიზაციის _ მწვანე მუშტის თუ ბუშტის წევრები, სხვა ინსტიტუტის სტუდენტები და ა. შ. მათ რექტორის კაბინეტში ტელეკამერების წინაშე  დადგეს სპექტაკლი ერთადერთი მიზნით _ როგორმე ნერვები მოეშალათ ჩემთვის. შევთავაზე, ცოტა ხანში შევხვდეთ და წყნარად დამელაპარაკეთ თქვენს მოთხოვნებზე, ახლა სტუდენტებთან მაქვს შეხვედრა და არ მცალია-მეთქი და ისეთი უშვერი სიტყვებით მოიხსენიეს აკადემიის 1600-ვე სტუდენტი, რომ გამეორება სირცხვილია. მოკლედ, ვინ არის ეს ჯგუფი და რა სურთ, ბოლომდე ვერ გავიგე. ზოგს სამსახურში აღდგენა სურს და ბატონი გია ეძგვერაძის ლოზუნგებით გამოდიოდა, როგორ დაგვჩაგრეთო და ა. შ. ერთ-ერთი გახლდათ ქალბატონი ლუიზა ლაფერაძე და ის ოთხი სტუდენტი თუ ნასტუდენტარი მისი სახელით ლაპარკობდა და აკადემიაში მის აღდგენას მოითხოვდა.

_ რატომ გაუშვეს აკადემიიდან ლუიზა ლაფერაძე?

_ კი არ გაუშვეს, არ აიყვანეს სამუშაოდ. ის ქალბატონი ადრე მუშაობდა აკადემიაში. სახვითი ფაკულტეტის კარადაში ინახება იმ მიზეზთა ნუსხა, რომელთა გამოც არ აიყვანეს სამსახურში. ერთ-ერთი ექსცესი იმ პერიოდში მოხდა, როდესაც აკადემიაში დეკანად ვმუშაობდი, დაახლოებით 15 წლის წინათ. ქალბატონ ლუიზას აკადემიის რექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა თინა კლდიაშვილმა ცოტა ხნის წინათ შესთავაზა სამსახური და უთხრა, მჭირდები ინსტალაციების გასაკეთებლად, რადგან ეს საქმე კარგად იციო, მაგრამ თავი გაიგიჟა, _ სახვით ფაკულტეტზე მსურს ლექტორობაო. წარმოიდგინეთ, პირობებს აქეთ გვიყენებს! ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ სამხატვრო აკადემია სახელმწიფო დაწესებულებაა და ყველა მუშაკი ვალდებული ვართ, კანონით ვიხელმძღვანელოთ.

_ თქვენს წინამორბედს _ “ნაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდში დანიშნულ რექტორ ირენ პოპიაშვილს _ აკადემიის თითქმის ყველა თანამშრომელი უჩიოდა. როგორი მემკვიდრეობა გერგოთ?

_ ირენ პოპიაშვილის რექტორობის შემდეგ, თითქმის ორი წლის განმავლობაში, აკადემიას ქალბატონი თინა კლდიაშვილი ხელმძღვანელობდა. რა გააკეთა ირენ პოპიაშვილმა, წარმოდგენა არ მაქვს, რადგან იმხანად აკადემიაში უკვე აღარ ვმუშობდი. თუმცა ვიცი, რომ ბევრი არაფერი გაუკეთებია, პირიქით, აირ-დაირია სიტუაცია. სწორედ იმხანად ჩატყდა ხიდი პედაგოგსა და სახელოვნებო სივრცეს შორის, რომლის აღსადგენადაც ქალბატონ თინა კლდიაშვილს დიდი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდა. კონტაქტი იყო გაწყვეტილი რექტორსა და მასწავლებლებს შორის. მასწავლებლისთვის რექტორის კაბინეტში მოხვედრა რთული იყო, რაც ჩემი რექტორობის პერიოდში არ განმეორდება.

ვაპირებთ, სტუდენტები გადავიყვანოთ სტუდიურ მუშაობაზე, სადაც დაბალი და მაღალი ჯგუფის სტუდენტები ერთად იმუშავებენ. გვექნება ალტერნატიული სახელოსნოც, რომელშიც სამუშოდ მოვიწვიეთ ფანტასტიკური პედაგოგი ილია ზაუტაშვილი, რომელიც მაგისტრატურაზე წაიყვანს კურსს. ყველა მსურველს შეეძლება მასთან მისვლა და ამიერიდან ვერავინ იტყვის, აკადემიაში ჩაკეტილი სივრცეაო. გარდა ამისა, აკადემიაში მასტერკლასის ჩატარება შეეძლებათ როგორც უცხოელ, ასევე ქართველ მხატვრებს. ასევე აუცილებლად მოვაწყობთ გაცვლით გამოფენებს. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, რომელი ერთი ჩამოვთვალო… ეს ყველაფერი არაა ერთი კაცის _ გია გუგუშვილის გადასაწყვეტი, არამედ მთელი პედაგოგიური კოლექტივის და, რაც მთავრია, ყველაფერი მოხდება სტუდენტების მოთხოვნების გათვალისწინებით.

_ აკადემიის შენობა სავალალო მდგომარეობაშია. როდის იწყება აღდგენითი სამუშაოები?

_ სამხატვრო აკადემიის პირველი რექტორი გიორგი ჩუბინაშვილი ჯერ კიდევ საუკუნის წინათ წერდა, გვიშველეთ, აკადემიის შენობა ინგრევაო. დღეს შენობა სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა გასამაგრებელი სამუშაოები დაწყებულია. მოველაპარაკეთ ისპაჰანის უნივერსიტეტს, რომ შენობას რესტავრაცია ჩაუტარონ… მოკლედ, სამხატვრო აკადემიის აღდგენა 7 მილიონი ლარი დაჯდება.

                           ესაუბრა ნინო მაისურაძე

1 COMMENT

  1. ბატონო გია, ეგ მუშტის თუ "ბუშტის" წევრი სტუდენტები იბრძოდნენ საყდრისის გადასარჩენატ, რაზეც წარმოდგენაც არ გქონიათ, გრცხვენოდეთ მაინც 🙂

  2. გია ეძგვერაძის პროფესორად არდაშვება, რაც უნდა კანონებით გამართლდეს ეს, დაახლოებით ისეთივე მოტყუებაა ადამიანების, როგორიც – თეთრზე რომ თქვა, შავიაო. ამას დაუმატეთ იმ ადამიანების გათავისუფლება (ან არშეშვება) სამხატვრო აკადემიიდან, რომლებიც მხარს უჭერდნენ სტუდენტების პროტესტს – ლუიზა ლაფერაძე, მიშა ხუნდაძე, დავით ანდრიაძე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერიც კანონიერი გზებით მოხდებოდა.
    აკადემიის ბევრი სტუდენტისთვის ცხადია, – არ აქვს მნიშვნელობა, ასაბუთებენ ამას თუ ვერა – რომ ბევრი ლექტორი, უბრალოდ, გამორჩენისთვისაა (და გადარჩენისთვის) აქ და მათ არაფერი აქვთ საერთო ან პროფესიონალიზმთან ან ხელოვნებასთან.
    ასევე, ცილისწამებაა ის ბრალდება, თითქოს ჯგუფის უკან, რომელიც აკადემიაში ამ საშინელ მდგომარეობას აპროტესტებს, რაღაცით დაინტერესებული მხარე იდგეს – ესეც იმის მტკიცებაა, რომ თეთრი შავია! ეს შეგნებული ნაბიჯია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ერთადერთი ინტერესი, რომელიც ამ ხალხს (და, მათ შორის, მეც) ამოძრავებს, ისაა, რომ სამხატვრო აკადემია საბჭოთა სასწავლებლიდან ევროპულ სასწავლებლად გადაიქცეს, რომელიც კულტურის კერა იქნება საქართველოში, სადაც ახალი იდეები და აზრები გაჩნდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here