Home რუბრიკები საზოგადოება “ნაცი” მაინც “ნაცია”!

“ნაცი” მაინც “ნაცია”!

811

ადრე ადამიანი დიდად არ განსხვავდებოდა ცხოველისგან, თუმცა მხეცებში დომინირებდნენ ძლიერი ბრჭყალისა და ეშვის მფლობელნი. ადამიანები კი კურდღლებივით იმალებოდნენ ან ჯგუფურად იცავდნენ თავს. იღრინებოდნენ, იკბინებოდნენ, სუსტს თავს ესხმოდნენ, ძლიერს გაურბოდნენ. უჭირდა ადამიანს ბრჭყალისა და ეშვის ბატონობის პირობებში, რადგან ბრჭყალი და ეშვი ისე არ უჭრიდა, როგორც სხვას; შედეგად ხშირად ქცეულა ძლიერბრჭყალიანთა კერძად. ასე იყო, ვიდრე ადამიანის ასე შეშინებული და დამფრთხალი ყოფნა განგებას არ მოსწყინდა. ბრჭყალი და ეშვი კი არ გაუძლიერა, ტვინს დაავალა, _ უშველეო რამე.


დავალებაც უფლისგან იყო, თორემ ზოგიერთი ახლანდელი ბღენძი ადამიანის შველას კუჭს დაავალებდა, ისიც სადმე უსაფრთხო გამოქვაბულში დააბინავებდა, მაძღრად ამყოფებდა და ვაშლიდან თავამოყოფილ მატლს დაამსგავსებდა. ტვინმა კი დინჯად და აუჩქარებლად დაიწყო ადამიანის გაადამიანება. ჯერ ხიდან ჩამოიყვანა, უკანა ფეხებზე სიარული დააწყებინა, წინა კიდევ ხელებად გადაუგვარა, კეტი დააჭერინა და ქვის სროლის უნარი შესძინა. კეტმომარჯვებული და ქვასროლია არსება კი მხეცებისთვის იოლი ნადავლი აღარ იყო, პირიქით, ახლა ისინი ხდებოდნენ ადამიანის მსხვერპლნი. მერე ცეცხლის მოხმარება ისწავლა და, უმის ნაცვლად, შემწვარი ხორცის ჭამით ეცადა ცივილიზაციის ურდულის გახსნას. ტვინმა მოცდა ურჩია, _ ჯერ ისევ ნადირი ხარ და მხოლოდ შემწვარი ხორცის ჭამით ადამიანად ვერ იქცევი, კანიბალიზმს უნდა გადაეჩვიო და სისხლის აღრევით აღარ უნდა დააკნინო შთამომავლობა, თორე ისე გადაჯიშდები, გამხეცდები და გაპირუტყვდები, რომ საიდანაც ჩამოგიყვანე, იმ ხეზე ასვლა და ცხოვრება სანატრელი გაგიხდებაო. ასე შეაძულა სისხლის აღრევა და ყოველგვარი სქესობრივი სიბილწე. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ აქცია ტვინმა ადამიანი პლანეტის გიგანტურ არსებად.

რა ხდება დღეს? ნუთუ ევროატლანტიკური განცხრომის ნებიერნი კუჭის ხუშტურებზე როკავენ უფლის მიერ ადამიანის გასაადამიანებლად შერჩეული ტვინის მითითებების გათვალისწინების ნაცვლად? თუ ტვინის კარნახს ყურს არ დაუგდებენ და ზნეობრივი სიწმინდის გზას არ დაადგებიან, პირველყოფილი მაიმუნობისდროინდელი ყოფით იმავე მაიმუნობამდე მივლენ. ამას, ადრე თუ გვიან, მიხვდებიან და მომავალ თაობას სირცხვილის ოფლს მოჰგვრის ერთსქესიანთა თავხედობისა და სიბილწისადმი თაყვანისცემა და მისი საქართველოს მსგავს ქვეყნებში ექსპორტირების მცდელობა.

კათოლიკურ ევროპას კაცობრიობის წინაშე სირცხვილის ლაქად ატყვია ინკვიზიციის საზარელი ცოდვები, ინდულენციებით თაღლითობანი, ჯვაროსანთა  ძალადობით, სადიზმითა და სიცრუით გამორჩეული ავკაცობანი.

ნურც ის დაავიწყდებათ, რომ კაცობრიობის საზარელმა ჭირმა _ ფაშიზმმა დასავლეთ ევროპაში აიღო სათავე და, საბჭოთა კავშირის ხალხთა თავდადება რომ არა, მსოფლიოს ფაშისტური სატანა დაეუფლებოდა.

დღეს მომთვინიერებლებივით ერთობიან ნეოფაშიზმით, რომელიც ხშირად მომთვინიერებელსვე კბენს, რადგან იმას გესლავს, ვისაც სწვდება; ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის მოსასპობად გამოზრდილი ფაშიზმი მიუბრუნდა დასაკბენად გამზრდელებს.

დღეს აშშ თავისი ნატოთი იმაზე ძლიერი არ არის, ვიდრე რომის იმპერია იყო იმჟამინდელ მსოფლიოში, მაგრამ გათავხედებამ, უზნეობამ, მომხვეჭელობამ და გარყვნილებამ იქ მიიყვანა, სადაც ამგვარ მანკიერებებს აყოლილთა ადგილია.

სოციალისტური ბანაკი დაიშალა, რუსეთი ისეთივე კაპიტალისტურია, როგორიც საბაზრო ეკონომიკის პრანჭვაში პუდრმოყრილი ყველა ქვეყანა. ნატოს ფუნქცია აღარ დარჩა, მაგრამ, დაშლის მაგიერ, გაფართოება დაიწყო რუსეთის ყოფილი მოკავშირე სოციალისტური ქვეყნების ხარჯზე. საბჭოთა კავშირმა 1956 წელს დასავლეთ ევროპის ცენტრში უნგრეთი რომ დააუთოვა, აშშ-მა ხმა ვერ ამოიღო; არც ჩეხოსლოვაკიის მოთვინიერების ოპერაციისას გაფაჩუნებულა. ახლა მომძლავრდა და რუსეთის ისტორიულად მოძმე სერბეთს, საზარელი დაბომბვის შემდეგ, ძირძველი ტერიტორია _ კოსოვო _ ჩამოაჭრა და დამოუკიდებლად გამოაცხადა. გათავხედებული ამერიკა, რადგან ხელის შემშლელი აღარავინ დარჩა, საქათმის გაზულუქებული მამალივით, ვინც არ მოეწონება, უნისკარტებს. ახლა საბჭოთა კავშირის ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების გადაბირება მოისურვა და რუსეთისთვის ღრენას უმატა. რუსეთმა კი ძალა ნელ-ნელა მოიკრიბა, დასავლეთის ერთგულ საქართველოს ორი რეგიონი ჩამოაჭამა და ევროატლანტიკური მეთოდით დამოუკიდებლად გამოაცხადა. დასავლელებს თანდათან ახსენდებათ, რომ რუსეთს შეიძლება უღრინო, მაგრამ კბენა კბილების ჩამტვრევად დაუჯდებათ. საქართველოს კი იმ თვითაღიარებული ნაწილების არცნობით ამშვიდებენ, რადგან თავიანთი მიზნებისათვის ტერიტორიებშემოცლილი საქართველოც ჰყოფნით.

საბჭოთა კავშირმა წყალბადის ბომბის აფეთქებით დედამიწა რომ შეაზანზარა, დასავლელები მაშინ მიხვდნენ, რომ ამგვარი მცდელობით პლანეტაზე სიცოცხლის მოსპობამდე მივიდოდნენ და ატომური შეიარაღების შემცირებაზე მოლაპარაკება დაიწყეს. რუსეთმა იმდენი ატომური იარაღი დააგროვა, საკუთარ ტერიტორიაზე რომ ააფეთქოს, პლანეტა აღარ იარსებებს. დამთავრდა ცივი ომი, კაცობრიობამ შვებით ამოისუნთქა, ხალხს მშვიდობიანი თანაარსებობა ენატრება და რატომ ვერ ისვენებ, რატომ აღვიძებ მიძინებულ ურჩხულს?! ამერიკამ ესტონეთში მძიმე სამხედრო ტექნიკა შეიტანა, გერმანიამ უკრაინაში ორასი ბუნდესვერელი გაგზავნა, ესტონეთში ფაშისტები აღლუმებს აწყობენ, უკრაინაში ფაშისტი სამთავრობო “ბოევიკები” დონეცკელთა მოჭრილ თავებს მათ მშობლებს უგზავნიან და ფაშისტური მეთოდებით დახოცილ მშვიდობიან მოქალაქეებს ერთად მარხავენ…

უკრაინა და რუსეთი ერთი დედისგან შობილი ორი ღვიძლი ძმაა. უკრაინის შექმნაც რუსეთის დამსახურებაა, მან უკრაინისთვის თავისი ტერიტორიებიც არ დაიშურა და რა, დასავლეთს რუსეთზე მეტად შესტკივა გული უკრაინაზე? როგორ დაიწყო ეს უბედურება და რა ბნელი ძალები მართავდნენ მაიდანს, მთელმა მსოფლიომ იცის. ნატო კი მაინც მიხოხავს რუსეთისკენ და ავიწყდება, რომ ამგვარი ხოხვით სად მივიდნენ ნაპოლეონი და ჰიტლერი.

ახლა ჩემი გულახდილი აღიარება, შეიძლება, პრორუსულობად ჩამითვალონ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველა ჭეშმარიტი ქართველი ოცნებობს ქვეყნის გამთლიანებაზე, რომლის გარეშეც საქართველოს სიკეთე არ უწერია. ეს კი რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის გარეშე შეუძლებელია. მისი საწინააღმდეგო ყოველი სიტყვა და მოქმედება საქართველოს გაერთიანებას გვაშორებს და, თუ რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებები დიდხანს გაგრძელდა, გაერთიანება კი არა, რაც დაგვრჩა, იმასაც საფრთხე შეექმნება. დასავლეთს კი სულაც არ სჭირდება გაერთიანებული და დამოუკიდებლად მოაზროვნე საქართველო _ მიზნების მიღწევაში ხომ ერთგული ძაღლივით ემსახურებათნაციონალური მოძრაობა”.

“ნაცმოძრაობა” _ ეს მომაკვდავი რეპტილია დასავლეთმა კოჰაბიტაციის ვაქცინის შეშხაპუნებით გამოაცოცხლა და ახლა, იმავე მფარველთა ხელშეწყობით, მათ მიერ ქვეყნისათვის მიყენებული მძიმე ჭრილობების მოშუშებაში ენერგიულად უშლის ხელს “ქართულ ოცნებას”.

“ნაციონალური ბანდა” _ ვინც ზის ციხეში, ვინც მოასწრო გაქცევა, ვინც ჯერ კიდევ გარეთაა, საქართველოს დასაგესლად შხამს არ ზოგავს. მათი ღვარძლი კი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისკენ არის მიმართული, რადგან ქვეყნის დამაქცევართ არ ასვენებთ სამშობლოსა და ერისთვის თავდადებული ადამიანისადმი შურისძიება.

ამიტომ უღრენენ ბიძინა ივანიშვილს სიძულვილის დორბლით დასვრილი ნაციონალები. თურმე, დანაშაულია ირაკლი ღარიბაშვილს კარგი ურთიერთობა რომ აქვს ბიძინა ივანიშვილთან, რომ ხვდება და რჩევას იღებს. ამ საცოდავებს კეთილშობილი ერისკაცის თვისებები ნაკლი ჰგონიათ. დასაგმობი ის იქნებოდა, ამ მტკიცე ხასიათის ახალგაზრდა პრემიერს პრეზიდენტ მარგველაშვილივით უარეყო ივანიშვილის რჩევები, რომელიც ხალხის ნებას ემთხვევა, და ქართველი ერის ნდობა, მისი მტრების ქილიკზე გადაეცვალა.

ესენი ერის საამაყო მამულიშვილების დასაგესლად არიან დაგეშილები, რადგან კარგად იციან ერისთვის თავდადებული კეთილშობილი ადამიანების ძალა. ბოროტების გზაზე შემდგართა ღრენისა და ყეფის მიხედვით შეიძლება გავარკვიოთ, ვინ არის ერის ღირსეული შვილი.

ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ წუნკალი ძაღლის ბოროტი ღრენითა და სასაცილო პრეტენზიებით შეირცხვინეს ისედაც შერცხვენილი თავი ნაციონალებმა. არადა, ეს ის ახალგაზრდაა სიკეთისა და კაცთმოყვარეობის შარავანდედი რომ ამშვენებს.

ნაცბანდის მფარველი უცხოელები კი გვიჩიჩინებენ, თანაც _ მუქარით, დამნაშავე ნაცისტი სახელმწიფო მაღალჩინოსანთა დასჯა პოლიტიკური ზეწოლააო და ცდილობენ, ამ სატანისტებს მოარგონ ანგელოზის ნიღაბი, თუმცა რქები, ჩლიქები და გაქუცული კუდი მაინც მოუჩანთ.

ნაცბანდისზეობის ხანაში, ცა ქუდად რომ არ მიაჩნდათ და დედამიწა _ ქალამნად, ქუჩაში ნაცნობი კაცი შემხვდა, ხელების ქნევით მოდიოდა. შევეკითხე, რა გჭირსმეთქი? ამ მხეცებისა და ყაჩაღების სამთავროში ყველამ გამანებოს თავი, ადამიანი ნადირზე უარესიაო, _ აღრიალდა საწყალი. ძლივს დავამშვიდე და თავს გადახდენილი ამბის მოყოლა ვთხოვე.

_ ჩემი პატარა ბიზნესი მქონდა, დიდი თანხა შემაწერეს და, გადაუხდელობის შემთხვევაში, შვილების გაუბედურებით დამემუქრნენ, ყველაფერი გავყიდე, თანხაც ვისესხე და კვნესით მივიტანე. ფული გამომართვეს და წადიო, _ მითხრეს. რამე საბუთი მაინც მომეცით, ამხელა ფული რომ ჩაგაბარეთ-მეთქი. დაბლა, სარდაფში ჩადი, საბუთს იქ მოგცემენო; მეც ჩავედი… რა ვიცოდი ყაჩაღები, ბანდიტები და კაციჭამიები რომ იყვნენ. ან როდის იყო, შარაგზის ყაჩაღები გაძარცვის საბუთს იძლეოდნენო? _ აღრიალდა ისევ…

სად იყო ევროპის სახალხო პარტია, თუნდაც _ ევროკავშირი, განუკითხავი ძარცვა-რბევა, კაცის კვლა და ადამიანების საზარელი წამება-დამცირება ცოფიანი აფთარივით რომ დაშლიგინებდა და ქართველ ერს მოსპობით ემუქრებოდა?! დაიჭერდნენ და მთვარიდან ტყემლის მოპარვას დააკისრებინებდნენ _ იოლად ხსნიდნენ საქმეს. ცირკის ოინბაზობად აქჰციეს ბრალდების წაყენება და უდანაშაულოთა მიერ დანაშაულის აღიარება.

სრულიად საქართველოში დაძრწოდა ვანო მერაბიშვილის სხეულში ჩასახლებული ადამიანობის მოძულე დემონი და ცხედრებს ამრავლებდა _ ვინ იცის, როდის დასჭირდებოდა მინოტავრად ქცეულ შინაგან საქმეთა მინისტრს ორი “ტრუპი”. ასე ამუნჯებდნენ, აწამებდნენ და სპობდნენ ქართველი ერის საამაყო ვაჟკაცებს ეს ტურის შრატნაწოვი არამზადები. ქვეყნის იმედად შობილი მამულიშვილების სისხლით მორწყეს მრავალი საშინელების მომსწრე ქართული მიწა.

გერმანელები ახლაც დიდი გულისტკივილით ინანიებენ ფაშისტების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ საშინელებებს. ჩვენთან კი ვერაფრით მოვახერხეთ “ნაციანალების” ფესვების ამოძირკვა. ხალხის რისხვის შიშით მათ მიერ ნაკორტნი საქართველოდან გასაქცევად სტარტზე მდგომებს შინაურმა და გარეულმა მოამაგეებმა მაშველი რგოლივით შეაშველეს კოჰაბიტაცია. დღეს კი ახალი ძალით ცდილობენ საქართველოს დაკნინებას _ ქვეყნის გასაერთიანებლად და ასაღორძინებლად მებრძოლი ყველა ჯანსაღი ძალის დასაგესლად შხამს ანთხევენ.

“ნაციონალთა” თავქარიანი, ცრუპენტელა და მხდალი კერპი, დამნაშავე და პასუხისგებაში მიცემული, საქართველოდან გაქცეული მიხეილ სააკაშვილი, რომლის პრეზიდენტობის პერიოდის მაღალჩინოსანი ზოგი ციხეში ზის, ზოგიც სასამართლოს ელოდება, სხვები კი კუთხეში მიმწყვდეულ ვირთხებივით კბილებს აღრჭენენ, გაწბილებულ თანამოაზრეებთან სატელევიზიო თათბირს მართავს, დესტაბილიზაციით იმუქრება და ისევ გარბის. იმის მაგიერ, რომ დაპატიმრებულ “ნაციონალებს” გვერდთი მიუჯდეს და სასჯელის სიმძიმე მათთან ერთად იტვირთოს, ნაცემი ძაღლივით დარბის და წკაწვკავებს. თუმცა რა ცოტნედადიანობა მოეთხოვება არარაობას?!

დღეს მთელი ძალით ამოქმედდა “ნაციონალების” დემაგოგია, სიცრუე, ცილისწამება და ერისთვის თავდადებულ მამულიშვილებზე სასაცილო ბრალდებების შეთხზვა. “ქართულ ოცნებაში” შიშით ვერ დაუცემინებიათ, ევროპის სახალხო პარტიამ პოლიტიკურ ზეწოლაში არ ჩაგვითვალოსო. არადა, ხალხმა ძლივს შვებით ამოისუნთქა. ნაციონალი მსტოვრების დასმენის შიშით მართალი სიტყვის თქმის აღარ ეშინიათ; ერთმანეთს ენდობიან. განუკითხავი ძარცვა, დარბევა-დაპატიმრება და საზარელი წამება “ნაციონალთა” თავხედურ მმართველობასთან ერთად წარსულს ჩაბარდა.

თუ რამე ისე არ ხდება, როგორც ქვეყანას წაადგება, “ნაციონალთა” მუხთლობისა და დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგია.

ნამდვილ ოპოზიციაში საქართველოს კეთილდღეობისთვის თავდადებულ მამულიშვილებს რა დათვლის. სწორედ ასეთი ოპოზიცია სჭირდება “ქართულ ოცნებას” და საქართველოს ნათელი მომავლისთვის ბრძოლას.

“ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიცია კი არა, ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართველი ერისადმი ღვარძლითა და ბოროტებით გატენილი მტერია.

უხსენებელი ყველგანაა, მაგრამ, თუ ნაფერებ ბოსტანში შემოგეჭრება მისი გავერანების მიზნით და დამუშავების საშუალებას არ გაძლევს, თავი უნდა გაუჭეჭყო.

გივი სომხიშვილი.

მწერალი, დავით აღმაშენებლის სახელობის

პრემიის ლაურეატი, აკადემიააიასწევრი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here