Home რუბრიკები ისტორია გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

729

1947 წელს სტალინი სოჭში ისვენებდა. იქ ისვენებდა მისი თანამებრძოლის _ ანდრეი ჟდანოვის ოჯახიც. 10 ნოემბერს სტალინმა თავისთან გამოიძახა ანდრეი ჟდანოვის შვილი _ იური, რომელსაც უკვე დამთავრებული ჰქონდა  მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასპირანტურაში სწავლობდა. იური ჟდანოვმა მოკლედ გააცნო  უნივერსიტეტში განვლილი სწავლის პერიოდი და ესაუბრა მომავალ  პერსპექტივებზე. სტალინმა გულისყურით მოუსმინა ახალგაზრდა მეცნიერს და გამოჰკითხა უნივერსიტეტში, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მოვლენების შესახებ, რაზედაც ახალგაზრდა იური ჟდანოვმა გულწრფელად უპასუხა.


ჩაფიქრებულმა სტალინმა ცოტა ხნის შემდეგ თავის თვალსაზრისისა და დასკვნების გადმოცემა დაიწყო:

“ჩვენში ძალიან ბევრი უნივერსიტეტი გაჩნდა, რომლებშიც სწეავლების დონე ძალზე დაბალია. ისინი კმაყოფილდებიან იმით, რომ გამოუშვან მასწავლებლები და მცირე რაოდენობით სამეცნიერო ხარისხის მაძიებელნი. ჩვენ ასე შორს ვერ წავალთ. სამინისტროებმა და უწყებებმა გახსნეს ინსტიტუტები, რომლებშიც თავიანთი საჭიროებისათვის ამზადებენ სპეციალისტებს _ ეს არ არის კარგი. ინსტიტუტებმა და უნივერსიტეტებმა უნდა გამოუშვან სწავლული ადამიანები, რომლებიც მრავალმხრივ იქნებიან განსწავლულნი და ცხოვრებაში რომელი დარგის მიმართაც გამოავლენენ მიდრეკილებას, იმ მიმართულებით უნდა განავითარონ თავიანთი ცოდნა. ჩვენ სასწავლებლებში მხოლოდ სკოლის მერხებიდან არ უნდა მივიღოთ “მწვანე” ჯეელები, არამედ სასწავლებლად უნდა მივიზიდოთ პრაქტიკოსები საწარმოებიდან, ისინი სწრაფად აითვისებენ თეორიულ ცოდნას, რადგან მათ ეს პრაქტიკულად გავლილი აქვთ.

ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ორ ნაწილად გავყოთ. პირველ ნაწილში იქნება ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტები, მეორე ნაწილში კი _ ისტორიის, ფილოსოფიის, ფილოლოგიისა და იურიდიული ფაკულტეტები.

ძველი უნივერსიტეტი კარგად უნდა გავარემონტოთ და იქ განვათავსოთ უნივერსიტეტის მეორე ნაწილის ფაკულტეტები. პირველისთვის კი ავაშენოთ ახალი უნივერსიტეტი. სწრაფად უნდა განვავითაროთ ფუნდამენტური მეცნიერებები. ჩვენს ქვეყანას გრანდიოზული მომავალი აქვს. ხომ არ აჯობებს, შევქმათ ქიმიის უნივერსიტეტი? _ ცოტაა ჩვენში გამრჯე ადამიანები…

 ისინი ფიქრობენ: “მე კარგად ვარ, ესე იგი, ყველა კარგადაა”.

უამრავ თემას შეეხო სტალინი სწავლის ხარისხისა და მეცნიერების განვითარების საკითხებზე. საუბარიც გვიან ღამემდე გაგრძელდა”, _ იგონებს იური ჟდანოვი.

1948 წლის დასაწყისში სტალინმა გასცა განკარგულება, პარტიის ცეკას სათანადო განყოფილებას მოემზადებინა საკითხი პოლიტბიუროს სხდომისათვისსაბჭოთა მეცნიერების ტაძრის” _ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აშენების თაობაზე.

ცეკას განყოფილებამ სასწრაფოდ მოამზადა წერილი მოსკოვში ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტის აშენების აუცილებლობის შესახებ და მთავრობაში შეიტანა. არ გასულა დიდი დრო და წერილის ავტორები მოსკოვის საქალაქო საბჭოში დაიბარეს. აღმოჩნდა, რომ წერილი “მოსსოვეტს” (მოსკოვის მთავრობის საბჭო) გადაეგზავნა აზრის გამოსათქმელად და ადგილის შესარჩევად. “მოსსოვეტმა” კი წერილში გამოთქმული მოსაზრებები ყოველგვარი განხილვის გარეშე დაიწუნა. გეგმის მიხედვით, სასწავლო კორპუსების სიმაღლე ოთხ სართულს აღემატებოდა და ათ სართულამდე აღწევდა. ამიტომ შესვენებისას კორპუსებში სტუდენტების გადაადგილება შეუძლებელი გახდებოდა, რადგან მაღლივ კორპუსებში დასამონტაჟებელი ასეთი ძალისა და სისწრაფის ლიფტები იმხანად საბჭოთა კავშირში არ იყო. უნივერსიტეტისთვის ადგილის შესარჩევად ცეკას აპარატის მუშაკები უნივერსიტეტის ახალარჩეულ რექტორთან ერთად მოსკოვის ცენტრიდან უკიდურესად დაშორებულ ადგილას, ახლანდელი ვნუკოვოს აეროდრომის ტერიტორიაზე მიიყვანეს.

სტალინს საქმის გადადება არ უყვარდა და სასწრაფოდ მოიწვია პოლიტბიურო და უნივერსიტეტის აშენებაში დაინტერესებული უწყებები იხმო. “მოსსოვეტის” წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები სტალინის წინაშეც გაიმეორეს და ათსართულიანი კორპუსების აშენების სასტიკი წინააღმდეგი წავიდნენ. უნივერსიტეტისა და ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლები კი მიუღებლად მიიჩნევდნენ ქალაქიდან ასე შორს ახალგაზრდობის გაყვანას.

ცხარე კამათის შემდეგ თათბირის მუშაობა სტალინმა შეაჯამა: თავდაპირველად იკითხა, რას აშენებენ ვორობიოვის გორაზე. უპასუხეს, რომ იქ მაღლივი სასტუმრო კომპლექსი შენდება.

_ სასტუმრო მოიცდის, მას სხვაგან ავაშენებთ. ვორობიოვის გორაზე სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა ავაშენოთ. საუნივერსიტეტო კომპლექსის ყველაზე დაბალი შენობა ოც სართულს, უმაღლესი კი ორმოც სართულს უნდა აღემატებოდეს, _ წარმოთქვა სტალინმა და მკაცრად გადახედა “მოსსოვეტის” ხელმძღვანელობას, _ შენობები ისე უნდა დაპროექტდეს და განლაგდეს, რომ მისი დანახვა შეიძლებოდეს მოსკოვის ნებისმიერ ადგილიდან. მოსკოვის უნივერსიტეტი უნდა იყოს ყველაზე გრანდიოზული მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტთან შედარებით. ყველაზე დიდი, ყველაზე მაღალი და ყველაზე კარგად უზრუნველყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საუკეთესო ლაბორატორიებითა და რეაქტივებით. უნდა აღიჭურვოს უმძლავრესი და უსწრაფესი ლიფტებით; უზრუნველყოფილი უნდა იყოს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებლების საერთო საცხოვრებლებით. გასათვალისწინებელია დაოჯახებული სტუდენტებიც.

 _ რამდენი სტუდენტი ისწავლის ერთდროულად უნივერსიტეტში? _ ჰკითხა სტალინმა ახალდანიშნულ რექტორს.

 _ ექვსი ათასი, ამხანაგო სტალინ.

_ უნივერსიტეტს ექნება ექვსი ათასი ოთახი სტუდენტებისთვის.

 ვიდრე პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობას იკითხავდა, მოლოტოვმა სიტყვა ჩაურთო და სტალინს მოახსენა: _ სტუდენტები მეგობრული საზოგადოებაა, თითო სტუდენტი თითო ოთახში მოიწყენს, ხომ არ აჯობებს, ერთ ოთახში ორმა სტუდენტმა იცხოვროს?

_ თანახმა ვარ, იყოს სამიათასი ოთახი სტუდენტებისთვის, _ თქვა სტალინმა და განაგრძო უნივერსიტეტის სწავლებისა და კეთილმოწყობის პროექტის განმარტება როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის, ასევე იქ მიწვეული არქიტექტორებისა და კონსტრუქტორებისთვის.

სტალინი დეტალურად აღწერდა საუნივერსიტეტო კომპლექსის კონსტრუქციულ დეტალებს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ის უკვე აშენებულ საუნივერსიტეტო ქალაქს უყურებდა და შიგ მოძრაობდა. მასშტაბები კი ისეთი დიდი იყო, რომ მათი წარმოდგენაც კი ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა. სტალინის იდეა, მოსკოვის პანორამა ცათამბჯენებით მოეფინა, ხორცს ისხამდა. მოინიშნა რვა ცათამბჯენის ადგილი და ჩამოყალიბდა რვა საპროექტო ჯგუფი, რომლებშიც მსოფლიოში სახელგანთქმულ არქიტექტორებთან ერთად სრულიად ახალგაზრდა არქიტექტორთა თაობაც მუშაობდა. საპროექტო ბიუროების მთავარი კონსულტანტი, დავალების მიმცემი და მიმღები კი სტალინი გახლდათ.

2013 წლის 16 ნოემბერს მოსკოვში ჩასულმა ამერიკელმა არქიტექტორმა, იელის უნივერსიტეტის არქიტექტურული სკოლის დეკანმა, რომელიც მოსკოვისთვის ამუშავებდა ახალ პროექტს 1930-იანი წლების ამერიკული ცათამბჯენებისა და სტალინური მაღლივი შენობების ელემენტების შერწყმით, ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა:

არ ვეთანხმები სტალინის პოლიტიკას, მაგრამ მისი არქიტექტურა გრანდიოზული იყო. ის არის ურბანული სივრცის შესანიშნავი ფორმა. სტალინის ნებისმიერი სახლი მონუმენტურია, მაშინაც კი, თუ ის ჩვეულებრივი საცხოვრებელია და არა ადმინისტრაციული შენობა. სტალინმა იცოდა, რომ საცხოვრებელი ადგილი მშვენიერი უნდა ყოფილიყო. სტალინს ბევრი მიზეზის გამო შეიძლება, “ცუდი ბიჭივუწოდო, მაგრამ, რასაც მას ვერ წაართმევ, არის ის, რომ იგი შესანიშნავად გრძნობდა ქალაქს.

არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ სწორედ სტალინის მმართველობის პერიოდში მოსკოვში უამრავი ნიჭიერი არქიტექტორი მუშაობდა და არქიტექტურული შედევრების შექმნით მათი სახელები ისტორიაში დარჩება. მსოფლიოს ვერც ერთი მეტროპოლიტენი მოსკოვისას ვერ შეედრება”.

ასეა, ჩემო მკითხველო, სტალინი არქიტექტურაში თურმე ყველას ჯობია. “ავიაციის მამაა”, “არტილერიის ღმერთია”, “პოლიტიკური ვანგაა”, “უშიშარია ვითარცა უხორცო”, “უჩვეულო ენერგიის გენიოსი და შეუდარებელი მხედართმთავარია”, “შეუდრეკელი ნებისა და ძალის ადამიანია”, “მომნუსხველია”…

ადამიანის განდიდების რა სიტყვა არსებობს, რომელიც სტალინისთვის არ მიუძღვნიათშენ რაღა გემართება, ჩემო ქართველო?!

მოსკოვის უნივერსიტეტის დამპროექტებელ ჯგუფს, სტალინის დავალებით, უდიდესი არქიტექტორი ბორის იოფანი ჩაუდგა სათავეში. თუ რა დატვირთვით მუშაობდა საპროექტო ჯგუფი, ამის აღწერა შეუძლებელია. როდესაც პროექტი შემუშავდა, იოფანმა იგი სტალინს წარუდგინა. გრანდიოზულობით გამორჩეული პროექტი სტალინმა მოიწონა. მაგრამ პროექტის, იოფანის გარეშე, სხვა სპეციალისტებთან განხილვისას სტალინი დარწმუნდა, რომ ცენტრალური კორპუსი, რომელიც გორაკის ციცაბო ადგილზე იყო გადმოკიდებული, შეიძლება კატასტროფის მიზეზი გამხდარიყო, ამიტომ სტალინმა გადაწყვიტა, სტუდენტთა უსაფრთხოების მიზნითა და შენობის სიმყარის შესანარჩუნებლად, ცენტრალური კორპუსი ციცაბო ადგილიდან კომპლექსის ცენტრში გადაეწია. ეს საკითხი სტალინმა ბორის იოფანთან ერთად განიხილა და სთხოვა პროექტის შესწორება.

იოფანი იოლად არ იცვლიდა თვალსაზრისს და კატეგორიულად არ დაეთანხმა სტალინს პროექტის შეცვლაზე. სტალინმა მოსაფიქრებლად ვადა მისცა არქიტექტორს და ორი დღის შემდეგ კვლავ შეხვდა. იოფანი ამჯერადაც შეუვალი აღმოჩნდა. ამიტომ სტალინმა ის უნივერსიტეტის საპროექტო ჯგუფიდან სხვა ჯგუფში გადაიყვანა, ხოლო მის ადგილზე არანაკლებ ცნობილი და გამოჩენილი აკადემიკოსი ლევ რუდნევი დანიშნა.

რუდნევმა გაითვალისწინა რეალური საფრთხე და ცენტრალური კორპუსი, რომლის სიმაღლეც 240 მეტრს აღემატებოდა და იმხანად ევროპაში უმაღლეს შენობად ითვლებოდა, რვაასი მეტრით უკან გადასწია, ხოლო იოფანის მიერ დაპროექტებული ცენტრალური კორპუსის ადგილზე გადასახედი მოედანი დააპროექტა.

ცენტრალურ კორპუსზე გათვალისწინებული იყო დადგმა გრანდიოზული ბარელიეფისა, რომელზეც გამოსახული იქნებოდა ცისკენ ხელებაპყრობილი ადამიანი _ მეცნიერებისაკენ სწრაფვის გამოხატულება. ბარელიეფზე გამოსახული სახე რაღაცით ჰგავდა სტალინს, მაგრამ ეს ბარელიეფი სტალინმა დაიწუნა. მის მაგივრად რუდნევს დაავალა, გაეკეთებინა ისეთივე, მაგრამ უფრო მონუმენტურიწვეტი”, როგორც დანარჩენ მაღლივებს ექნებოდა მოსკოვში.

დასრულებული პროექტი პოლიტბიურომ დაამტკიცა და გადაეცა მშენებლებს.

1949 წლის 12 აპრილს მოეწყო მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობის დაწყებისა და ფუნდამენტში პირველი ქვის ჩადების ცერემონია. გავა 12 წელიწადი და ამ სასწავლებელში აღზრდილი ტექნიკური ინტელიგენცია კოსმოსში გააცილებს იური გაგარინს.

უნივერსიტეტის მშენებლობა გამოცხადდა დამკვრელურ უბნად, მონაწილეობდა 3000-ზე მეტი სტუდენტი-ახალგაზრდა, ამავე პერიოდში მომზადდა დადგენილება საპატიმრო ადგილებიდან იმ ადამიანთა განთავისუფლების შესახებ, რომლებსაც სამშენებლო ცოდნა და გამოცდილება ჰქონდათ, ასეთი ადამიანების რაოდენობამ 10 000 კაცს გადააჭარბა.

პატიმრები განათავსეს 24-ე და 25-ე სართულებზე, რათა უფრო კარგად განხორციელებულიყო მათი დაცვა _ არ გამოუყენებიათ მავთულხლართები და საყარაულო კოშკურები, რადგან ამ სიმაღლიდან შეუძლებელი იყო გაქცევა. მაგრამ მომავალი სამეცნიერო ტაძრის აურამ პატიმრებში ნაადრევად გააღვიძა შემოქმედებითი აზროვნება და რამდენიმე გამბედავმა ტუსაღმა ფანერებისგან “ფრთები” გააკეთა, მავთულებით ტანზე მიიმაგრა, გადაუფრინა მდინარე მოსკოვს და თავისუფალი აღმოჩნდა. ერთი “მფრინავი” კი სწორედ იქ დაეშვა, სადაც სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები მოძრაობდნენ. “საჰაერო მედესანტე” სწრაფად შეიპყრეს. მან დაკითხვისას განმარტა, როგორ მოახერხა ამ დიდი სიმაღლიდან კუსტარულად შექმნილი ფრთებით გადმოფრენა. როდესაც ამ შემთხვევის შესახებ სტალინს მოახსენეს, მან საზრიანობისა და გამბედაობისთვის პატიმარი შეიწყალა. პატიმარი კი, თავისი სურვილით, უნივერსიტეტის მშენებლობაზე სამუშაოს დასრულებამდე დარჩა.

მოსკოვის უნივერსიტეტმა უამრავი ნაგებობა დაჩრდილა ევროპაში. 36-სართულიანი შენობის სიმაღლემ 236 მეტრს მიაღწია, ხოლო სტალინის ინიციატივითა და გემოვნებით შექმნილმაწვეტმა” 50 მეტრი შეადგინა. მასზე დამაგრებული ვარსკვლავის წონამ კი 12 ტონას გადააჭარბა. შენობის კარკასის შესაკრავად 40 000 ტონა რკინა დაიხარჯა, ხოლო კარნიზებისა და კედლებისთვის _ 175 მილიონი მაღალი ხარისხის აგური. ერთერთ კოშკზე დამაგრებული საათი ყველაზე დიდია მოსკოვში, მისი ციფერბლატი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული და დიამეტრი 9 მეტრს შეადგენს. გიგანტურია ისრების წონა და სიგრძეც. წუთების ისარი ორჯერ უფრო გრძელია კრემლის კურანტების წუთმზომზე _ 4 მეტრს აღწევს და 39 კილოგრამს იწონის. შენობაში განთავსებულია 111 უმძლავრესი და უჩქარესი ლიფტი. უამრავი კოლონა კი არაჩვეულებრივ სანახაობას ქმნის.

1951 წლის 6 მარტს სტალინმა თვითონ მისცა დავალება, როგორ უნდა მოწყობილიყო გზები და გამწვანება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, თვითონ დაამტკიცა ხარჯთაღრიცხვა და მშენებლობის საერთო ხელმძღვანელობა ლავრენტი ბერიას დაავალა.

1949 წელს დაწყებულ მშენებლობას თავიდანვე ყურადღებას აქცევდა და მის მიმართ უდიდეს ძალისხმევას იჩენდა უნივერსიტეტის ახალდანიშნული რექტორი, მსოფლიოში სახელგანთქმული ქიმიკოსი, აკადემიკოსი ალექსანდრე ნესმიანოვი.

1951 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს ვავილოვის გარდაცვალების შემდეგ ბელადმა გადაწყვვიტა, აკადემიის პრეზიდენტად ალექსანდრე ნესმიანოვი დაენიშნა. როგორც ვერავინ წარადგენდა სტალინის გარეშე გენერალური შტაბის უფროსს, ასევე ვერავინ ჩაერეოდა აკადემიის პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევაში, რადგან, სტალინს როგორც ქვეყნის თავდაცვა, ასევე მეცნიერება მიაჩნდა თავის ძირითად პრიორიტეტებად. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა ერთხმად აირჩია აკადემიკოსი ნესმიანოვი პრეზიდენტად, ხოლო მშენებლობის საბოლოო ეტაპზე მისული უნივერსიტეტის რექტორად, სტალინის განკარგულებით, სახელგანთქმული მეცნიერი, აკადემიკოსი ივანე პეტროვსკი დაინიშნა, რომელიც გარდაცვალებამდე, 1973 წლამდე, განაგებდა მსოფლიოში უდიდეს “ცოდნის ტაძარს”, რომლის სიდიადე, როგორც მეცნიერული თვალსაზრისით, ისე მისი გიგანტურობითა და არქიტექტურის ბრწყინვალებით, ქუხდა მსოფლიოში.

მკითხველო, წარმოიდგინეთ: სულ რაღაც ორიოდე წლის წინათ მსოფლიოში ყველაზე დიდ სისხლისმღვრელი ომიდან გამოსული გაპარტახებული სახელმწიფო თავის დედაქალაქში აშენებს ცათამბჯენებს, რომლებიც სრულიად არ ჰგავს ამერიკულ, “ასანთის კოლოფებისმსგავს შენობებს; ქმნის ატომური იარაღის გადამღობ ფარს და იწყებს ატომურ ერას დედამიწის ერთ მეექვსედზე; აშენებს მიწის ზედა და მიწის ქვეშა სასახლეებს, რომლებსაც ბადალი არ მოეპოვება; აერთებს ხუთ ზღვას ერთიან სანაოსნო სისტემაში; გაჰყავს არხები და რწყავს უდაბნოებს; ავითარებს მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, კულტურას, განათლებას, მეცნიერებას, სპორტს, იპყრობს კოსმოსს.

რა შემართება, რა ძალა, რა მოთმინება უნდა ჰქონდეს ადამიანს, გაუძლოს ყოველივე ამაზე ფიქრსა და ოცნებას და შვიდ წელიწადში შექმნას სოციალური თანასწორობის, უფასო ჯანდაცვის, უფასო განათლების, ნაციონალური კულტურისა და ადამიანისთვის სხვა აუცილებელი პირობები?! მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა არამხოლოდ საბჭოთა კავშირის უპირველესი უმაღლესი სასწავლებელი და კადრების სამჭედლო, არამედ პირველი სამეცნიერო ცენტრი, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სტუდენტობა თუ სამეცნიერო ელიტა იყრიდა თავს. 300 ჰექტარზე გადაჭიმული საუნივერსიტეტო კორპუსები, ბოტანიკური ბაღი, ობსერვატორია და სპორტული მოედნები ქმნის ამ უზარმაზარი სასწავლებლის გაფართოებისა და მისი კვლავ კეთილმოწყობის ნათელ პერსპექტივას, რაც ასევე გათვალისწინებული იყო სტალინის პროექტით.

უნივერსიტეტის ცენტრალური კორპუსი, რომელიც დამშვენებულია საბჭოთა კავშირის სახელგანთქმული მოქანდაკეების _ ვერა მუხინასა და ნიკოლოზ ტომსკის ქანდაკებებით და ბარელიეფებით, მუდამ დარჩება ისტორიაში, როგორც სტალინის სამარადისო ძეგლი, რომელიც მრავალი ასეული წლის შემდეგაც გაახსენებს ახალგაზრდობას სტალინის სახელსა და დიად ეპოქას.

გრიგოლ ონიანი

P.S. ათასი მითი და ლეგენდა არსებობა სტალინური ცათამბჯენების შესახებ. ზოგი მათში კოსმოსურ ძალას ხედავს, ზოგიც _ ჯადოსნურს. შვიდი მაღლივი შენობა სწორედ კოსმოსურ ძალებთან არის დაკავშირებული, რომელიც გამოცხადებით ჰქონდა სტალინს შთაგონებული. არავინ იცის უნივერსიტეტის მიწისქვეშა საიდუმლოებები, რადგან ერთი და იგივე ადამიანები ერთ ობიექტს არსოდეს ამთავრებდენ, ასევე იცვლებოდა მიწისქვეშა კომუნიკაციების კონსტრუქტორთა შემადგენლობაც და საიდუმლო გასასვლელთა და მიწისქჰვეშა ნაგებობების გეგმა _ პროექტი მხოლოდ სტალინს უნდა ჰქონოდა სრულიად საიდუმლოდ შენახული. შვიდივე ცათამბჯენს სულ სხვადასხვა ფარული ძალა აქვს, რომელსაც გრძნობენ ამ სასწაულმოქმედი სახლის ბინადარნი თუ მომსახურენი. იმასაც ამბობენ, უნივესიტეტის ცენტრალურ კორპუსს აფეთქება ვერაფერს დააკლებს, რადგან ისეთი მასალისგან არის ნაშენი, რომლის შემადგენლობაც მხოლოდ სტალინის მაგიური ძალით არის შექმნილიო.

სტალინის უკვდავება მის ქმნილებებშია ჩადებული.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here