Home რუბრიკები პოლიტიკა ევგენი კოპატკო: უკრაინაში ძალიან დიდი წნეხის ქვეშაა მართლმადიდებლური ეკლესია

ევგენი კოპატკო: უკრაინაში ძალიან დიდი წნეხის ქვეშაა მართლმადიდებლური ეკლესია

543

14-16 ოქტომბერს თბილისში რუსულ პოლიტოლოგიურ ცენტრ “Север-Ю”-ისა და არაკომერციული პარტნიორობა “Кавказское сотрудничество”-ს ორგანიზებით გაიმართა მეოთხე რუსულ-ქართული საერთაშორისო მედიაფორუმი _ “მედია გლობალური კრიზისების კონტექსტში”. მედიასფეროს ექსპერტებმა რუსეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ქართველი კოლეგებისთვის უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და მულტიმედიური კონტენტის შექმნაში ტრენინგები და მასტერკლასები გამართეს. მედიაფორუმზე უკრაინის კრიზისზეც იმსჯელეს. “საქართველო და მსოფლიო” ფორუმში მონაწილე რუს და უკრაინელ ექსპერტებს ესაუბრა.


ევგენი კოპატკო, სოციოლოგი, მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევების კომპანია Research Branding Groupის დამფუძნებელი (უკრაინა):

_ უკრაინა თავის უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რომელსაც თან ერთვის სამხედრო კონფლიქტი. მასში მონაწილეობს ათიათასობით უკრაინელი, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. აი, ამ რეალობას ვადევნებთ თვალს. ამასთანავე, ეს კონფლიქტი ერთი ფაზიდან მეორეში გადადის იმიტომ, რომ, სამხედრო წინააღმდეგობის გარდა, რომელიც  ფლანგავს ქვეყნის ისედაც მწირ რესურსებს, ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები. ჩვენი თანამოქალაქეების დანაკარგი უკვე ათასობით ადამიანზე ავიდა _ ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა. ეკონომიკურ შედეგებს კი ბოლომდე ვერც ვაცნობიერებთ. ამ კონფლიქტში ჩართულები არიან წამყვანი მოთამაშეები და რუსეთიც არ დგას პროცესის  გარეთ, რადგან იგი ჩაითრიეს ამ კონფლიქტში. ჩემი აზრით, რუსეთი არ არის კონფლიქტის ინსპირატორი, ვგულისხმობ საწყის ეტაპს, როდესაც ხდებოდა მაიდნის მოვლენები. ეს იყო უკრაინის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგობები, იმ ხელისუფლებისა, რომელიც წავიდა. მისი წასვლა ლეგიტიმურად, კონსტიტუციურად მოხდა თუ არა _ ეს სხვა საკითხია, მაგრამ… საერთოდ, რა თქმა უნდა, ამას აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ შეიცვალა ხელისუფლება _ კონსტიტუციურად თუ არაკონსტიტუციურად, მაგრამ, მეორე მხრივ, მოხდა ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად. ახლა კი ცდილობენ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საბოლოოდ მოახდინონ ხელისუფლების ლეგიტიმაცია. თუმცა აქ არის სერიოზული პრობლემა, ამ პროცესიდან სხვადასხვა მიზეზით გამოთიშულია ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში ცხოვრობენ. იქ არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოადგენდა იქ მცხოვრები ხალხის დიდი ნაწილის აზრს და ნებას. ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომელიც მიუთითებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაცია ძალიან რთული იქნება. ამასთანავე, დაიწყო ისეთი მოქმედებები, რომლებითაც, მორალური წნეხის გარდა, ფიზიკური ზემოქმედებაც ხდება ადამიანებზე. საზოგადოებაში არის შიშის ფაქტორი, იგი არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, თუმცა მიმდინარეობს აშკარა წმენდა ოპონენტებს შორის, ანუ დღევანდელ ხელისუფლებას არ ჰყავს ოპოზიცია, რომელიც მას წინააღმდეგობას გაუწევს. ერთპოლარული პოლიტიკაა ერთი პოზიციის ტოტალური მედიური დომინირების პირობებში. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი – გარე მტრის ხატი, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთის სახით. ფორუმის მიმდინარეობისას ქართველებმა ძალიან სწორად აღნიშნეს, რომ რუს ხალხთან ურთიერთობა ძალიან არ შეცვლილა, ხოლო უკრაინაში თითქმის ყველა მტრულად არის განწყობილი. ეს არის დიდი პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელია იმიტომ, რომ უკრაინაში არის რუსული კულტურის მქონე ხალხი, რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელიც გამოდის რუსეთისა და კონკრეტულად პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ, რომელიც მათ თვალში ასახიერებს რუსეთის ბოროტ პოლიტიკას. კიდევ რა პრობლემებია? პრობლემა არის ის, რომ უკრაინა კარგავს სუბიექტურობას. ადრეც არ ყოფილა ბოლომდე სუბიექტური, მაგრამ ახლა, როდესაც მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტი და იგი დამოკიდებულია გარე მოთამაშეებზე, მოქალაქეთა უმრავლესობა სოციოლოგიური კვლევების დროს აღიარებს, რომ ეს კონფლიქტი რუსეთის გარეშე არ მოგვარდება. ბოლო ხანს ევროპელებსა და ამერიკელებს შორისაც დაიწყო საუბარი უკრაინის პოლიტიკაში  ერთმანეთის შეცდომებზე. ამერიკელები ბრალს სდებენ ევროპელებს, რომ მათ უნდოდათ უკრაინის შეყვანა ევოპულ გაერთიანებაში, მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ ამ ყველაფერს შეუძლია, ქვეყანა გარკვეულ რისკებამდე მიიყვანოს. კიდევ არის ერთი საინტერესო გარემოება, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ ფერადი რევოლუციების ამერიკულმა ტექნოლოგიამ ნეგატიური ნაყოფი გამოიღო უკრაინაში. მესამე არგუმენტია _ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა. აი, ამ ყველაფრის ფონზე ტრიალდება ჩვენი ეროვნული დრამა. 

_ გამოსავალს ხედავთ?

_ ვფიქრობ, რომ ჯერ ბოლომდე არ დავცემულვართ. მოხდება მტრის ხატის შეცვლა, რადგან ამ ხატის ექსპლუატაცია მხოლოდ გარკვეული ხნით არის შესაძლებელი. იქმნება ისეთი ვითარება, რომ ეკონომიკური პრობლემები ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობებს გაამწვავებს. რეგიონებში ხელისუფლების დელეგიტიმაციის პროცესი ჯერ კიდევ წინა წლის შემოდგომაზე მოხდა, როდესაც ქალაქების ადმინისტრაციის შენობებში შევარდნენ და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ქვეყნის მართვა ძალიან რთულია. გაჩნდა სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც არ ემორჩილებიან უმაღლეს მთავარსარდალს, აქვთ საკუთარი პოლიტიკა და საქმე. ის არჩევნები, რომლებიც ტარდება, რა თქმა უნდა, ტარდება უდიდესი პოლიტიკური, საინფორმაციო და ძალადობრივი წნეხის ქვეშ.

2008 წელს, როდესაც საქართველოში კონფლიქტი მოხდა, ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინა ის სახელმწიფოა, რომელიც ამ სიტუაციაში ყველაზე ფრთხილად მოიქცა. დღეს ეს დრამა ჩვენთან ტრიალებს და ამის შედეგებს კიდევ დიდხანს უნდა ვადევნოთ თვალი, რადგან ქვეყნიდან კოლოსალური აქტივების გადინება ხდება, ასევე აქტიურია ხალხის გადინებაც მცირე ბიზნესიდან. მცირე ბიზნესი კი ბიუჯეტის საფუძველია. დანაკარგი იქნება გაცილებით სერიოზული, ვიდრე ახლა ჩანს, რადგანაც რუსეთსა და უკრაინას შორის სავაჭრო კონტრაქტების დონე 17 მილიარდ დოლარს აღწევდა. საწარმოთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია რუსეთთან და, როგორ მოგვარდება ეს საკითხები, არ ვიცი.

_ რას იტყვით რელიგიურ ომზე უკრაინაში?

_ დიახ, იგი არის. უკრაინაში სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების დაპირისპირება ნამდვილად არის. ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ ამას ადვილად დაინახავთ, თუ დააკვირდებით, ვინ ვის უჭერს მხარს. სამწუხაროდ, უკრაინაში ძალიან დიდი წნეხის ქვეშაა მართლმადიდებლური ეკლესია.

ნიკოლაი სილაევი, არაკომერციული პარტნიორობა “Кавказское Сотрдничество”- დირექტორი (რუსეთი):

_ ეს უკვე რიგით მეოთხე მედიაფორუმია. სიტყვა “მეოთხე”-ში, რა თქმა უნდა, ინტრიგაცაა. საქმე ის არის, რომ 2010 წლის დეკემბერსა და 2011 წლის ივნისში  “Кавказское Сотрдничество”-მ სომხეთში, წახკაძორში ჩაატარა ქართულ-რუსული მედიაფორუმები. როგორც კი მოგვეცა საშუალება, თბილისში 2013 წლის თებერვალში გავმართეთ რუსულ-ქართული ჟურნალისტიკის სკოლა, ახლა კი გადავწყვიტეთ, ამ პროცესისთვის დაგვერქმია ფორუმი, რომელიც ორიენტირებული იყო ახალგაზრდა რუსულენოვან ქართველ ჟურნალისტებზე. ძალიან გვინდოდა,  მათთვის ჩვენს ექსპერტებს გაეცნოთ თავიანთი თვალსაზრისი მსოფლიოს ყველაზე მწვავე პრობლემებზე. ამ შემთხვევაში უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისებზეა საუბარი. ეს ის თემებია, რომლებიც რუსეთში ძალიან მწვავედ აღიქმება და ეს არის ის, რაც ეხება მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს. ეს ყველაფერი თავისებურად უკავშირდება საქართველოს უახლეს ისტორიასაც.

ესაუბრა

მაია ჩუბინიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here