Home რუბრიკები პოლიტიკა არმან ბოშიანი: კარგად მესმის, რომ სომხეთს თავს არ დაანებებენ

არმან ბოშიანი: კარგად მესმის, რომ სომხეთს თავს არ დაანებებენ

560

18 ოქტომბერს ერევანში გაიმართა კონფერენცია თემაზე “კიევის მაიდნის გამოწვევები, როგორც რეგიონის დესტაბილიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი”. კონფერენციაზე სომეხმა პოლიტოლოგებმა და ექსპერტებმა კიევში მიმდინარე მოვლენები გააანალიზეს და კავკასიის რეგიონში არსებულ საფრთხეებზე იმსჯელეს. “საქართველო და მსოფლიოს” კონფერენციის ორგანიზატორი, ერევნის გეოპოლიტიკური კლუბის თავმჯდომარე არმან ბოშიანი ესაუბრა.


_ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებამ, კიევში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, კავკასიაში მოსალოდნელ საფრთხეებზეც იმსჯელა. არსებობს ერევანშიკიევის მაიდნისგანმეორების საფრთხე?

_ ვფიქრობ, ერევანშიკიევის მაიდნისგანმეორების საფრთხე მცირეა, ვინაიდან აქ შესაბამისი საზოგადოებრივი განწყობა არ არის. ამას გარდა, სომხეთში ისეთი მოსამზადებელი სამუშაოები არ ჩატარებულა, როგორიც უკრაინაში, სადაც ამ პროცესებს 23 წლის განმავლობაში ამზადებდნენ. თუმცა ისიც კარგად მესმის, რომ სომხეთს თავს არ დაანებებენ. დღეს სომხეთი დგამს რეალურ ნაბიჯებს თავისი სუვერენიტეტის აღსადგენად და ამერიკის შეერთებული შტატების კოლონიური დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად, ცდილობს, დაიცვას თავისი ღირებულებების სისტემა, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არ მოგვცემენ, ასეთი ქმედებები სომხეთის მხრიდან აღიქმება, როგორცამბოხი გემზე”. ასე იღებს აშშ სომხეთის ქმედებებს. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის მცდელობა იქნება, ასევე ეცდებიან, განაახლონ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი. სომხეთში მსგავს პროვოკაციებს უკვე არაერთხელ მიმართეს, მაგრამ სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურის ჩარევის შედეგად შევძელით ეს პროვოკაციები შეგვეჩერებინა. მე ვხედავ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის განახლების საშიშროებას და ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს. ასე, უბრალოდ, არ მოგვცემენ საშუალებას, ვიყოთ დამოუკიდებლები. მანიპულაციის ტექნოლოგიები სომხეთში 100%-ით გამოიყენება. მაგალითად, სომხური მედიასაშუალებების უმრავლესობა მთლიანად დასავლეთის კონტროლით მუშაობს.

_ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საკმაოდ დიდი ძალაა, როგორ აპირებთ მათ საწინააღმდეგო აზრი დაუპირისპიროთ?

_ დიახ, მედია დიდი ძალაა და აღსანიშნავია, რომ მედია არ არის რუსეთის კონტროლქვეშ, პირიქით. ისინი სპეციალიზებულნი არიან მანიპულაციის ტექნოლოგიების დასანერგავად და მათი პროგრამა, მეთოდიკა, მოახდინონ გავლენა ხალხზე, მუშავდება არა სომხეთში, არამედ ქვეყნის გარეთ და, სამწუხაროდ, გავლენას მაინც ახდენს ხოლმე.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, საინფორმაციო ბლოკადაში ვიმყოფებით. სიმართლე ტელეთერში არ გადის. სიმართლე კი, ის არის, რომ ისევე, როგორც საქართველოს, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებს, სომხეთსაც, სურთ, გათავისუფლდნენ ამერიკის შეერთებული შტატების კოლონიური დამოკიდებულებისგან. თუმცა სომხეთის არც ერთი პოლიტიკური ძალა ამაზე არ ლაპარაკობს იმიტომ, რომ ტაბუდადებული თემაა. ერთი ოლიგარქი მეორეს ცვლის, ერთი პოლიტიკური ძალა მეორით იცვლება, მაგრამ პრობლემების გადაჭრის რეალურ გზას არც ერთი არ გვთავაზობს. უბრალოდ, გვეუბნებიან, შეცვალეთ ეს ხელისუფალი მეორითო. თითქოს ყველაფერში მხოლოდ ერთი ადამიანია დამნაშავე. არადა, დამნაშავეა სისტემა _ პრობლემა სისტემაშია. დესტრუქციული დეინდუსტრიალიზაცია, რომელიც მოხდა სომხეთში, ეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. დეინდუსტრიალიზაცია არ ყოფილა მხოლოდ ბელარუსში, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სამრეწველო წარმოებიდან არაფერი დარჩა.

ეს ძალები ცდილობენ მოსახლეობის სოციალური პირობებით გამოწვეული უკმაყოფილების გამოყენებას, რათა სომხეთში აშშ-ის პირდაპირი მმართველობა დაამყარონ. დღეს ეს მმართველობა არის, მაგრამ ირიბია. სწორედ კორუფციული მექანიზმებისა თუ კორუფცირებული მაღალჩინოსნების საშუალებით, რომლებიც თანხას დასავლეთის ბანკებში ინახავენ, ცდილობენ, ქვეყანაში ამერიკის მმართველობის დამყარებას. კორუფციაში ჩაფლული სახელმწიფო მოხელე, რომელიც ფულს დასავლეთის ბანკში ინახავს, ადვილი სამართავია. ეს არის მართვის უმარტივესი მექანიზმი, მაგრამ ამ ინფორმაციის მიწოდება ხალხისთვის, ამ წრის გარღვევა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან სომხეთში, უკვე დიდი ხანია, დამოუკიდებელი მასმედია აღარ არსებობს. ეს განსაკუთრებით ტელევიზიას ეხება. დარჩა რამდენიმე გაზეთი და ინტერნეტპორტალი. დღეს ინტერნეტი ერთადერთ საშუალებად გვევლინება, სადაც შეიძლება სიმართლე თქვა.

_ მედიაზე მთავრობას გავლენა არ აქვს?

_ არა, მთავრობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე პირდაპირი გავლენა არ აქვს. რა თქმა უნდა, არის ირიბი, არაპირდაპირი გავლენა, ვინაიდან, მოგეხსენებათ, მედია ძირითადად ეკუთვნის ჩვენს ელიტას, ბიზნესმენებს და ისინი, ბუნებრივია, დაკავშირებულები არიან ხელისუფლებასთან, თუმცა, იგივე ელიტა და ბიზნესმენები, ამასთანავე, დაკავშირებულნი არიან დასავლეთთან და გამოდის, რომ ნებისმიერი მცდელობა სიმართლის თქმისა, უთხრა მოსახლეობას, როგორ ატყუებენ, შეუძლებელია. მაგალითად, კორუფციის პრობლემის გადაჭრის გზებზე ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, მაგრამ ეს საკითხიც ტაბუდადებულია.

ჩვენ არ გვაქვს ნორმალური კანონები, აუცილებელია კონსტიტუციური ცვლილებების გატარება. ვიდრე ჩვენთან არ გამოჩნდება პოლიტიკური ძალა, რომელიც იტყვის, რომ აუცილებელია კონსტიტუციის სტრუქტურული ცვლილებები, არაფერი შეიცვლება. აუცილებელია, კონსტიტუციამ უზრუნველყოს ქრისტიანობის დაცვა, სახელმწიფო ბანკი დაემორჩილოს სომხეთის სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანაში ლიკვიდირებული იქნას საერთაშორისო ნორმები. სომხეთს აქვს საკუთარი კანონმდებლობა, როგორ შეიძლება, სომხეთის კანონები ამერიკაში იწერებოდეს? ეს ხომ არ არის ნორმალური?!

საქმე ის არის, რომ ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს საერთაშორისო კანონების უპირატესობას, ეს საერთაშორისო კანონები კი ამერიკულია. სომხეთი, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ფაქტობრივად, კოლონიზებულია. შეიძლება ასე ჩანს და ბევრს ჰგონია, რომ სომხეთი პრორუსული ქვეყანაა, მაგრამ სინამდვილეში, დასავლეთის ელიტას მთავრობაში დიდი ლობი ჰყავს, რომელიც დუმს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა სომხეთში ძალიან ცოტაა.

მათ მიერ შემუშავებული სამანიპულაციო ტექნოლოგიები ძალიან მარტივია. ეს ყველაფერი ხორციელდება სექტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. უცხოეთიდან დაფინანსებული არმია გამოდის ქუჩაში და გვევლინება უკმაყოფილების კატალიზატორად. ეს ძალები ხალხის სოციალურ უკმაყოფილებას ქვეყანაში უცხო ქვეყნის მმართველობის დასამყარებლად იყენებენ. უკრაინა ამის მაგალითია. ერთი ამოცანაც კი ვერ გადაწყვიტა უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ. მსოფლიოში ერთი სახელმწიფოც არ არსებობს, რომელმაცფერადი რევოლუციებისშედეგად რაიმე შეცვალა, ტერიტორიული მთლიანობა მაინც შეინარჩუნა რომელიმემ? ამის ერთი მაგალითიც კი არ არსებობს და ყოველივე ამის შემდეგ, რა ვქნათ ჩვენ _ სომხებმა? ასე რომ, დღეს ჩვენი ამოცანა ამ საინფორმაციო ბლოკადის გარღვევაა.

_ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის _ იანუკოვიჩის უარმა, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ქვეყანაში მასობრივი აქციები გამოიწვია. თქვენთანაც არიან ევრაზიული კავშირის მოწინააღმდეგეები. შესაძლოა, რომ ანალოგიური მოვლენები სომხეთშიც განვითარდეს?

_ ევრაზიული კავშირის მოწინააღმდეგეები ჩვენთან ძალიან ცოტაა. უფრო ზუსტად, ასე ვიტყოდი _ რეალური მოწინააღმდეგე ცოტაა, დაფინანსებული _ ბევრი. არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან და იღებენ დასავლურ გრანტებს იმისთვის, რომ ევრაზიული კავშირის წინააღმდეგ გამოვიდნენ, თორემ სინამდვილეში ისინი არ არიან წინააღმდეგნი. ეს სულ სხვა რამაა. ისინი თვითონაც მშვენივრად ხვდებიან, რომ სომხეთის ეკონომიკა ორიენტირებულია პოსტსაბჭოთა სივრცის ბაზარზე. ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ და გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია, პოსტსაბჭოთა სივრცეა. თუმცა აქ საქმე მხოლოდ პროდუქციის რეალიზაციაშიც არ არის, საქმე ღირებულებებს ეხება. ჩვენ ვართ ერთიანი ქრისტიანული ცივილიზაციის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, არაქრისტიანი ხალხებიც არიან პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ მთლიანობაში სომხეთი ისევე, როგორც საქართველო, ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილია.

აქედან გამომდინარე, სომხეთის არჩევანი ევრაზიული კავშირია.

_ რას მიიღებს და რა უპირატესობები ექნება სომხეთს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრების შემთხვევაში?

_ ამ კითხვას უფრო უკეთ ეკონომისტები უპასუხებენ, მაგრამ მე შემიძლია, ვთქვა შემდეგი: ევრაზიულ კავშირში შესვლით, ევროპელების მხრიდან არ მივიღებთ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას და მათი აზრების თავს მოხვევას, მასმედიის ინსტიტუტის კრახს, ჩვენი რელიგიის განადგურებას, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას, რომლითაც სომხეთში მოქმედი ევროპული სტრუქტურები დილიდან საღამომდე არიან დაკავებულნი, მათ შორის, აშშ-ის საელჩო. ეს კი ნიშნავს, რომ შევძლებთ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნებას, ვინაიდან ქვეყნის სუვერენიტეტის ძირითადი საფუძველი სწორედ ეს ღირებულებებია.

_ რა მნიშვნელობა აქვს რეზოლუციას, რომელიც კონფერენციაზე მიიღო დამსწრე საზოგადოებამ?

_ დღეს აქ შეიკრიბნენ პოლიტოლოგები და ექსპერტები და ყველა მივედით საერთო დასკვნამდე. ჩვენ გვესმის მიმდინარე პროცესების არსი და ჩვენი ამოცანაა, ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით, ჩვენი თვალსაზრისი საზოგადოებამდე მივიტანოთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here