Home რუბრიკები საზოგადოება იური სიხარულიძე: “თვითონ არ იციან, რომ 150 ლარით ვერ იარსებებს ადამიანი, რა...

იური სიხარულიძე: “თვითონ არ იციან, რომ 150 ლარით ვერ იარსებებს ადამიანი, რა მიმართვა უნდა ამას?”

1422

საქართველოს უახლესი ისტორიის ცოცხალი მემატიანე, 88 წლის ღვაწლმოსილი აკადემიკოსი იური სიხარულიძე უკვე წლებია საბურთალოზე, ჯიქიას 7 ნომერში, მარტოდმარტო ცხოვრობს. ხანდახან მეგობრები თუ მიაკითხავენ, თორემ ხმის გამცემი არავინ ჰყავს, ყრუ კედლები და მორჩა… კიდევ წიგნები, ფოტოები, _ სამახსოვროები, ავტოგრაფიანები და… მოკლედ, წარსულის ანდამატი. ყველაფრიდან ისტორია გამოსჭვივის. თითქოს ბიბლიოთეკაა ან სულაც ბიბლიოგრაფიული მინიმუზეუმი. …პირველივე სიტყვაზე მივხვდი, რომ რესპონდენტი ადამიანებთან ურთიერთობას ერთობ მოწყურებულია. სასაუბროც ბევრია და, კაცმა რომ თქვას, ეს ის შემთხვევაა, როცა გრძელი სიტყვა მოკლედ ვერ ითქმის.


_ მარტო ისტორიკოსი კი არა, ლოტბარიც ვარ, მოკრიმანჭულე, _ მეუბნება ბატონი იური საუბრის დასაწყისში, _ ქართული ხალხური სიმღერების ისტორიას ჩემს მეტი სხვა ვინმე ნაკლებად სწავლობს. უფრო სწორად, კი სწავლობს, მაგრამ ისტორიკოსი თუ არ ხარ, ამ საკითხს ბოლომდე ვერ ჩაწვდები, თანაც, მომღერალიც უნდა იყო.

_ როგორც ვიცი, დიდი ექვთიმე თაყაიშვილის სტუდენტი იყავით.

_ დიახ, ასპირანტურაში სწავლისას ჩემი კონსულტანტი იყო. რომ ჩამოვიდა 1945 წელს, ერთადერთი სტუდენტი მე დავხვდი. გუშინდელ დღესავით მახსოვს ის ამბავი.

_ მოგეცათ მასთან თავისუფლად გასაუბრების საშუალება?

_ აეროპორტში _ არა, იქ ვინ შემიშვებდა. შეხვედრა მერე მოვახერხე, როცა თბილისში დაბინავდა. ახლანდელი “თბილისი მარიოტი” რომაა _ სასტუმრო, იქ შეასახლეს. იმ წუთიდან არ მოვშორებივარ, მაგრამ დიდხანს ვერ მიმიღო. აკადემიკოსები, პროფესორები რიგში იდგნენ მის სანახავად და ვერ მოიცალა. მერე ეგენი გამოთავდნენ ასე, ღამის პირველ საათზე, და ორზე მიმიღო. უშიშროება ადგა თავზე და ისინიც მომეხმარნენ. ისე, რომ დაინახეს, არ ვშორდებოდი, ჯერ საეჭვოდ ჩამთვალეს, იქნებ მოგზავნილია და პროვოკაციას აპირებსო. მოვიდა ერთი კაცი და მეუბნება: რატომ ხარ, შვილო, აქ, რას ელოდებიო? ვუთხარი: ვიცი, ძალიან დაღლილია, მაგრამ იქნებ ცოტა ხნით მაინც მიმიღოს-მეთქი. შემიშვეს. კარგა ხანს ვილაპარაკეთ…

_ ამბობენ, სიღარიბეში გარდაიცვალაო, მართალია?

_ ექვთიმე თაყაიშვილი სიმდიდრეზე დახარბებული არასდროს ყოფილა. სიმდიდრე რომ სდომებოდა, მის ხელში არ იყო მთელი ქართული საგანძური?! პატრიოტი კაცი იყო ჭეშმარიტად. ცხოვრებაში თუ რამეს მივაღწიე, დიდწილად მისი დამსახურებაა.

_ თუ არ ვცდები, დღეს რამდენიმე მეცნიერებათა აკადემიის წევრი ხართ.

_ დიახ, რამდენიმე აკადემიის წევრი ვარ _ საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ეროვნული აკადემიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის, რომლის პირველი პრეზიდენტიც იყო ლევან სანიკიძე…

_ რამე სარგებელს თუ ნახულობთ ამ წევრობიდან?

_ არანაირი სარგებელი, ესენი დარგობრივი აკადემიებია.

_ რაც შეეხება თქვენს ნაშრომებს, ძირითადად, რა მიმართულებით მუშაობთ?

_ ამაზე მერე ცალკეც შეიძლება ვისაუბროთ. მხოლოდ სტალინზე და მის ფენომენზე მაქვს დაწერილი ცხრა წიგნი. დღეს ბევრმა არ იცის, ვინ იყო სტალინი, რა იდეებს ემსახურებოდა ეს ადამიანი და რა საფრთხეები ააცილა მან არა მხოლოდ საბჭოთა კავშირს, არამედ მსოფლიოს.

_ დღეს განსაკუთრებით გამძაფრებულია ანტისტალინური პროპაგანდა. როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი დგას ამის უკან?

_ უგუნურები არიან. ისტორია გაყალბებულია. ნამდვილი სტალინოლოგები დღეს არ გვყავს და ეს არის უბედურება. საერთოდ, სტალინი ისეთი ფენომენია, მისი სრულად ამოხსნა მხოლოდ ქართველს შეუძლია, მაგრამ რად გინდა, გამოათაყვანეს ხალხი და კაციშვილს არ უნდა სიმართლის გაგება.

_ ბევრი სვამს შეკითხვას: რა გააკეთა სტალინმა საქართველოსთვის? რას უპასუხებთ მათ?

_ სტალინი საქართველოსთვის იღვწოდა, ამისთვის გაწირა მან თავი და ამის დაჯერება არავის უნდა. თუნდაც ჩეჩნები რომ გაასახლა, რისთვის გაასახლა? საერთოდ, წარმოგიდგენიათ, რა გარემოცვაში იქნებოდა დღეს საქართველო, ის ღონისძიებები რომ არა, რომლებიც მან გაატარა ჩრდილოეთ კავკასიაში?… სტალინს დიდი გეგმები ჰქონდა. ართვინისა და ტაოს შემოერთებასაც აპირებდა საქართველოსთვის, დესანტსაც ამზადებდა, მაგრამ არ დაცალდა.

_ მოდი, ისევ თქვენზე ვისაუბროთ, დასაწყისში თქვით, რომ მეცნიერებათა აკადემიების წევრობისთვის არანაირი მატერიალური სარგებელი არ გაქვთ. სახელმწიფო თუ გაქცევთ ყურადღებას?

_ არა. ის კი არა, ბათუმის უნივერსიტეტის პირველი დოქტორი ვარ და ამ სასწავლებლის ამჟამინდელმა რექტორმა 150-ლარიან პენსიაზე დამტოვა. საერთოდ, 1000 ლარი ერგება პენსიონერ პროფესორს, მაგრამ, იცით, რა მითხრეს? მოქმედი პროფესორი უნდა იყოო. 88 წლის კაცი ვარ, სადღა შემიძლია ლექციების წაკითხვა?

_ და სულ 150 ლარია თქვენი შემოსავალი?

_ ეგაა და საპატრიარქო მეხმარება _ საჭმელს მიგზავნიან. სხვა საარსებო წყარო არ მაქვს.

_ კომუნალური გადასახადების გადახდას როგორ ახერხებთ?

_ ყველაფერს ჩემი 150-ლარიანი პენსიით ვიხდი. ძლივს გამაქვს თავი. განსაკუთრებით ზამთარში მიჭირს, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს?! სიცივეში ვერ გავჩერდები, ხომ უნდა გავთბე. შარშან, ზამთარში, მაგალითად, ისეთი სიცივე იყო, პენსიის ნახევარზე მეტი მარტო გაზის გადასახადს უნდებოდა. წელს, არ ვიცი, რა იქნება.

_ ჯანმრთელობის მხრივ როგორ ხართ?

_ იმდენი თავი წამალი მჭირდება, მეგობრები რომ არ მეხმარებოდნენ, სად შევძლებდი ყიდვას. კათეტერი რომ მიყენია, ამის გამოცვლა 40 ლარი ღირს. რამხელა ხარჯია ეს ჩემთვის? ვენაცვალე _ ტატიშვილის კლინიკაში ჯაფარიძეა ერთი, პროფესორი, ის მიკეთებს უფასოდ.

_ არ გიცდიათ, შესაბამისი უწყებებისთვის მიგემართათ? იქნებ სოციალურად დაუცველის სტატუსი მოგანიჭონ ან სხვა დახმარება გაგიწიონ.

_ ვის მივმართო ან რა შეიცვლება ამით? 11 წელი ვიმუშავე ბათუმის უნივერსიტეტში და 150-ლარიან პენსიაზე რომ დაგტოვებენ, ასეთ ქვეყანაში რამე აზრი აქვს ვინმესთვის მიმართვას? რა, თვითონ არ იციან, რომ 150 ლარით ვერ იარსებებს ადამიანი, რა მიმართვა უნდა ამას? ღვთის წყალობით, მეგობრები მყავს, თორემ ამ სახელმწიფოს იმედად მტერი იყოს. ამათ ხელში განწირული ვარ. აქ სულერთია, ვინ ხარ და რა დამსახურება გაქვს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. მრავლის მცოდნე და მნახველი იური სიხარულიძე კიდევ უამრავ საინტერესო ამბავს მოყვებოდა, როგორც პირადი ცხოვრებიდან, ისე ისტორიიდან, მაგრამ ყველაფერს ერთ საგაზეთო ინტერვიუში ვერ ჩავტევდით. ალბათ, ამიტომაც გამოვიდა ეს საუბარი ასეთი კონტრასტული _ დავიწყეთ დიდი ექვთიმეს სამშობლოში დაბრუნებით და დავასრულეთ რესპონდენტის ყოფითი პრობლემებით. მოკლედ, ყველაფერი მინდოდა ჩამეტია ამ მოკრძალებულ ინტერვიუში.

ისე, ყოფით პრობლემებს რაც შეეხება, “მეოცნებეებსსინდისის ნატამალი თუ შერჩათ, ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ოდნავ მაინც უნდა შერცხვეთ, განსაკუთრებით პარლამენტში მოკალათებულ მანდატიან უსაქმურებს, მხოლოდ თავიანთი ჯამაგირის გაზრდაზე რომ ფიქრობენ. გახსოვთ, ალბათ, 2015 წლის ბიუჯეტი რომ მტკიცდებოდა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა: ძალიან რთულ სამუშაოს ვასრულებთ და დეპუტატის ხელფასი უნდა გაიზარდოსო. დაახლოებით იმავე შინაარსის იყო ამას წინათ დავით ნარმანიას კომენტარიც მერიის თანამშრომლების პრემიებზე. მოკლედ, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს შუბლის ძარღვი ჯერ კიდევ ემბრიონის მდგომარეობაში გაუწყდა, ამიტომაა, რომ ამ ქვეყანაში სამართალმა ვერ იზეიმა _ ვერც იურიდიულმა და ვერც სოციალურმა. ჩემი რესპონდენტი _ დამსახურებული, მხცოვანი აკადემიკოსი, რომელიც მარტოდმარტო, გაჭირვებაში ცხოვრობს, ამის ნათელი მაგალითია; ჰოდა, გრცხვენოდეთ, მუქთახორა პარლამენტარებო, მუქთახორა მინისტრებო!..

რაც შეეხება მათ პოლიტიკურ გარანტორს, ბიძინა ივანიშვილს, ბატონო ბიძინა, მედროვე . . ხელოვანებს თქვენი ნაჩუქარი ფულით უკანალები რომ გაუსივდათ, მაგას არ ჯობია, იური სიხარულიძისნაირ მართლა დამსახურებულ ადამიანებს დაეხმაროთ? ჯერ ერთი, მას რეალურად სჭირდება დახმარება და მეორეც, ჭეშარიტად ღვთისნიერი საქმე გამოგივიდოდათ. ისე, კაცმა რომ თქვას, ჯერაც არ არის გვიანი.

ნათქვამია: მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here