Home რუბრიკები პოლიტიკა აფხაზური გამბიტი

აფხაზური გამბიტი

493

გასული კვირის მთავარ თემად იქცა შეთანხმება “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ”, რომელსაც მოსკოვმა და სოხუმმა ხელი ახლო მომავალში უნდა მოაწერონ. ამ დოკუმენტის პროექტმა როგორც თბილისში, ისე სოხუმში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ შეთანხმების უკან, იმ ცვლილებების გარდა, რომლებიც მალე აფხაზეთში მოხდება, სავარაუდოდ, დგას არაერთი სერიოზული მესიჯი, რომელსაც კრემლი საქართველოს და მის დასავლელ პარტნიორებს უგზავნის. როგორც ჩანს, მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ბუნდოვანების და ორმაგი თამაშის დრო სამხრეთ კავკასიაში უნდა დასრულდეს.


ცივი ომის ცხელი წერტილი

ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელსაც ქართველი ექსპერტების ნაწილი ამ შეთანხმებაზე საუბრისას უშვებს, ალბათ, ისაა, რომ ისინი განიხილავენ მას, მხოლოდ როგორც გზავნილს დანარჩენი მსოფლიოსთვის. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსები აფხაზეთში ყველაფერს ისედაც აკონტროლებენ და დამატებითი ხელშეკრულება არაფერში სჭირდებათ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დომინირება აფხაზეთში ამ ეტაპზე ეჭვს არ იწვევს, ალბათ, არასწორი იქნებოდა, მისთვის აბსოლუტური გვეწოდებინა. თუ ჩვენ შევეცდებოდით, კონტროლის ხარისხი პროცენტებში გამოგვესახა (რაც თავისთავად არასწორია), საუბარი, ალბათ, არა 100%-იან, არამედ 85-90%-იან კონტროლზე მოგვიწევდა. ადგილობრივ ხელისუფლებას მთელი ამ წლების განმავლობაში რჩებოდა გარკვეული სივრცე მანევრისთვის და გაუგებრობა სოხუმსა და მოსკოვს შორის არერთგზის მომხდარა, მაგალითად, რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის პრობლემასთან დაკავშირებით, სასაზღვრო-საბაჟო რეჟიმთან დაკავშირებით და ა. შ. ამასთანავე, მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ხელსაყრელ პირობებში არ შეეცდება, არაფორმალური კონტროლი ფორმალური შეთანხმებების ჩარჩოებში არ მოაქციოს და რუსეთი ამ მხრივ გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენს.

კონტროლის გაძლიერებას შეიძლება სხვა რაკურსითაც შევხედოთ. დაიწყო ახალი ცივი ომი, რომლის “წინა ხაზად” მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე გადაიქცა. აქედან გამომდინარე, როგორც რუსეთი, ისე აშშ ცდილობენ, მათ მიერ დაკავებულ პლაცდარმებზე მოწინააღმდეგის მოქმედება მნიშვნელოვნად შეზღუდონ, იდეალურ შემთხვევაში კი საერთოდ გამორიცხონ. თუ ადრე წამყვან დასავლურ ქვეყნებსა და თურქეთს შეეძლოთ, სერიოზულად ეფიქრათ დამოუკიდებელ, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო თამაშზე აფხაზეთში და ადგილობრივი ელიტის უკმაყოფილო ჯგუფების დამუშავებაზე, ახლო მომავალში ეს შესაძლებლობა, სავარაუდოდ, მკვეთრად შეიზღუდება. მითუმეტეს რომ ხელშეკრულების პროექტი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ძალოვნებზე მოსკოვის კონტროლის მკვეთრ გამკაცრებას ითვალისწინებს. ზოგადად კი, ცივი ომისთვის და მსგავსი დაპირისპირებებისთვის ყოველთვის დამახასიათებელია კონკურენტი ზესახელმწიფოების პოზიციების სწრაფი გაძლიერება მათი გავლენის ქვეშ მყოფ სახელმწიფოებში (თუ კვაზისახელმწიფოებში). მარტივად რომ ვთქვათ, ომი ომია და მისი ლოგიკა გამორიცხავს “კონდომინიუმის ზონებს”, “გადატვირთვის ნაკრძალებს” და ა. შ.

შესაძლოა, სწორედ აქ ჩვენ ვუახლოვდებით განხილული პრობლემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს. თუ კრემლის მოქმედებას მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში განვიხილავთ, როგორც ამას ბევრი ქართველი კომენტატორი აკეთებს, ის ფრიად არალოგიკურად მოგვეჩვენება, რადგან მან შეიძლება “რუსულ-ქართული გადატვირთვის” სწრაფი ტორპედირება მოახდინოს, შესაბამისად, ხელი შეუშალოს კრემლს, “რბილი ძალის” გამოყენებით დაიბრუნოს საქართველოში ის პოზიციები, რომლებიც ბოლო ათწლეულში დაკარგა, შემდგომ კი მათზე დაყრდნობით შეეცადოს, განდევნოს ამერიკელები როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ისე სამხრეთ კავკასიიდან. მაგრამ, ალბათ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ეპიზოდის უკან ზემოთ ნახსენები ცივი ომის ლოგიკაც დგას, რომელიც პლაცდარმების გამაგრებას და მოწინააღმდეგისთვის ძლიერი საპასუხო დარტყმების მიყენებას მოითხოვს. ამ კონფრონტაციული მოდელის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება (და თანმდევი მოძრაობები ნატო-ს მიმართულებით) კრემლმა აღიქვა, როგორც დარტყმა და გარღვევა მისი გავლენის სფეროში და მას რუსეთ-აფხაზეთის ასოცირების შეთანხმებით უპასუხა. თუ ჩვენ გავიხსენებთ, რით უპასუხა მან უკრაინა-ევროკავშირის შეთანხმებას და მაიდანს კიევში, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე შედარებით ნაკლებად დავზარალდით, თუმცა შექმნილი დრამატული სიტუაციის გაუბრალოება ნამდვილად არ შეიძლება.

რუსულაფხაზური შეთანხმების პროექტის გამოქვეყნების ფონზე არაერთ პოლიტიკოსს თუ საზოგადოების წარმომადგენელს გაუჩნდა ცდუნება, მწვავედ გააკრიტიკოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ბოლო ორი წლის განმავლობაში ატარებს. საფუძველი ამისთვის, ალბათ, მაინც არ არსებობს, ეს პოლიტიკა სავსებით ადეკვატური იყო იმ სიტუაციაში, როდესაც ორი ქვეყნის ურთიერთობა მკვეთრად კონფრონტაციული, ხოლო ახალი ომის დაწყების საფრთხე სავსებით რეალური გახლდათ. მაშინ, როდესაც საჭირო იყო სწრაფი განმუხტვა და მთელი რიგი მწვავე პრობლემის გადაწყვეტა, ადგილობრივი კომენტატორები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ ახალი მთავრობის მიერ დეკლარირებული ორი სტრატეგიული მიდგომა ერთმანეთს აშკარად ეწინააღმდეგება: ა) საქართველოს სასწრაფო ინტეგრაცია ნატო-ში და ბ) დაახლოება რუსეთთან და მისი დარწმუნება იმაში, რომ საქართველოს მთლიანობის აღდგენა მის ინტერესებშია. მითუმეტეს რომ, “რუსულ-ამერიკული გადატვირთვის” დასკვნით ეტაპზე გარკვეული დოზის ალოგიკურობა, დეკლარაციების ბუნდოვანება და, მარტივად რომ ვთქვათ, “ორ სკამზე ჯდომა” საქართველოსნაირი სუსტი ქვეყნებისთვის გარკვეული დოზით დასაშვები იყო. მაგრამ ეს რესურსი ამოიწურა, მსოფლიო შეიცვალა, ხოლო დრო, როდესაც ასეთი პოლიტიკის გატარება შეიძლებოდა, დასრულდა. იმთავითვე ცხადი გახდა, რომორმაგი თამაშიუსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა და საქართველოს ახალი ხელისუფლება, ადრე თუ გვიან, პრინციპული არჩევანის გაკეთების აუცილებლობის წინაშე დადგებოდა.

შიშსა და უპასუხისმგებლობას შორის

მათ, ვინც ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას, შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ მთავრობა მოწადინებულია, ეს უსიამოვნო ეპიზოდი როგორმე “გადააგოროს” და მისი მკვეთრი განცხადებების უკან ცუდად შენიღბული ქვეტექსტი ამოიკითხოს: “ეს შეთანხმება აფხაზეთში არსებითად არაფერს ცვლის, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ამიტომ ისევ ძველ პოლიტიკას გავაგრძელებთ”. ასეთი მიდგომა ბევრ სხვა სფეროშიც ფიქსირდება _ ხელისუფლებას ეშინია, მოიფიქროს რაიმე ახალი, მოახდინოს საკუთარი მიდგომის კორექტირება, რათა მდგომარეობა არ გააუარესოს და რეიტინგი არ დაკარგოს. არსებითად, ქცევის ეს მოდელი პრობლემებისგან გაქცევის, მმართველი ელიტის პოლიტიკური და ინტელექტუალური გაზარმაცების გარდა, ვერაფერს მოიტანს. ამასობაში კი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სულ უფრო მეტად გვშორდება, ხოლო კრემლი ძალიან მკაფიოდ აფიქსირებს, რომ უარს არ იტყვის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაზე, მანამ სანამ ოფიციალური თბილისი ნატო-ზე ფიქრს თავს არ დაანებებს, თანაც ერთხელ და სამუდამოდ.

პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მუდმივმა მცდელობებმა მოიტანა ის, რომ ნებისმიერი კრიზისის შემთხვევაში მთავრობის რეაქცია რეალურად შემოიფარგლება მხოლოდ დასავლელი პარტნიორების ინფორმირებით და მოწოდებით, დახმარება აღმოგვიჩინონ. მაგრამ რის გაკეთება შეუძლიათ მათ (თუ დავუშვებთ, რომ საქართველოს გასაჭირით თავს დიდად შეიწუხებენ, რაც, როგორც წესი, არ ხდება)? დღეს ისინი, ფაქტობრივად, შეგუებულები არიან ყირიმის შესვლას რუსეთის შემადგენლობაში და უკრაინის აღმოსავლეთში “დიდი დნესტრისპირეთის” ჩამოყალიბებას, რა ქმედით რეაქციას შეიძლება ველოდოთ დასავლეთისგან აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით? რა შეუძლიათ რეალურად? ვინ და რატომ ეწინააღმდეგება რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგის გამართვას ასეთ მძიმე სიტუაციაში?

ზურაბ აბაშიძემ ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული სამუშაო შეასრულა, მაგრამ მისი თანამოსაუბრე მოლაპარაკებებზე გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ფორმირებას არ ახდენს, დიდი გამოცდილების მიუხედავად, ის, უბრალოდ, მაღალი რანგის შემსრულებელია. არავინ უშლის ხელს ირაკლი ღარიბაშვილს (ან, უკიდურეს შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილს), ვლადიმერ პუტინს შეხვედრა შესთავაზოს (რუსული მხარე ამას, სავარაუდოდ, დათანხმდება), შეხვდეს მას და შეეცადოს, დაარწმუნოს ის საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკის შერბილების აუცილებლობაში. ან, როგორც მინიმუმი, გაიგოს რუსეთის პირველი პირისგან რა უნდა მას ოფიციალური თბილისისგან და როგორ ხედავს ორი ქვეყნის ურთიეთობების მომავალს. საქართველოს ისტორიაში არსებობს არაერთი მაგალითი იმისა, როდესაც ქვეყნის მმართველი მსგავს მისიას საკუთარ თავზე იღებდა და იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ის წარუმატებელი გახლდათ, მას შეეძლო სრული პასუხისმგებლობით ეთქვა: “მე გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შემეძლო”. მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირველ პირებს, როგორც ჩანს, ეშინიათ ასეთი დიალოგის, რადგან მან შეიძლება სტრატეგიული არჩევანის გაკეთების აუცილებლობის, დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დააყენოთ და ისევ დროის გაწელვას ამჯობინებენ. იგივე ეხება ურთიერთობას სეპარატისტული რესპუბლიკების ხელმძღვანელობასთან და საზოგადოებასთან _ ჩავიდნენ სოხუმსა და ცხინვალში, დაელაპარაკონ, მოუსმინონ და იქნებ შეხების თუნდაც რამდენიმე წერტილი გამონახონ. მაგრამ არა, სხედან თბილისში და ჩხუბობენ იმაზე თუ ვინ წავა ნიუ-ორკში გაეროს სამიტზე, რომელიც კლიმატის ცვლილებებს მიეძღვნა _ აბსურდის თეატრია თუ შიზარიუმი?

დღეს კომენტატორები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მოსკოვი ახალი ხელშეკრულებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ისედაც წარმოსახვითი სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს ართმევს. ურიგო არ იქნებოდა, ყურადღება იმისთვისაც მიგვექცია, რომ საქართველოს ხელისუფლება თვითონ, საკუთარი სურვილით, რამდენადმე სერიოზული ზეწოლის გარეშე, თმობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, დამოუკიდებელი (ან თუნდაც მეტნაკლებად დამოუკიდელი) საგარეო პოლიტიკის გატარებაზე, ფაქტობრივად, უარს ამბობს და რეალურად, დასავლელ პარტნიორებს სთხოვს, დიალოგი რუსეთთან ჩვენს ნაცვლად აწარმოონ. ეს ერთგვარი პოლიტიკური ხარაკირია, საკუთარი ხელით ჩატარებული დესუვერენიზაცია, რომელის შემდეგ შეუძლებელია ვინმეს მოსთხოვო ქვეყნის ინტერესებს პატივი სცეს ან მის ღირსებას გაუფრთხილდეს.

ურმის გადაბრუნების მოლოდინში

ზოგიერთ მიმომხილველს რუსეთსაქართველოს ურთიერთობის პერსპექტივა გამარტივებულ ფორმულამდე დაჰყავს: ან საქართველო უარს იტყვის ნატოზე და ფინური ტიპის ნეიტრალიტეტისკენ წავა ან კონფრონტაცია გაგრძელდება და კიდევ არაერთ უბედურებას მოგვიტანს. კრემლი კი, სავარუდოდ, შეეცდება, საბოლოო არჩევანისკენ რაც შეიძლება მალე გვიბიძგოს. ამ მიდგომას ებმის ერთი ფართოდ გავრცელებული, არსებითად კონსპიროლოგიური თეორია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ამის გაკეთება რომც დააპიროს, ამერიკელები ამის შესაძლებლობას არ მისცემენ და შეიძლება მყისიერადმაიდანიმოუწყონ. ამ თეორიის ფარგლებში ჩვენი პოლიტიკური ელიტა განიხილება როგორც ბანალური მძევალი. ყოველივე ეს მთლიანობაში ხელს უწყობს, ასე ვთქვათ “სტრატეგიული პესიმიზმის” თუ “გეოპოლიტიკური ფატალიზმის” გავრცელებას, რომლის ძირითადი იდეა დაახლოებით ასეთია: “ვერაფერს გავაკეთებთ, ჩვენზე დამოკიდებული არაფერია”.

ავიღოთ მარტივი მაგალითი _ ჩვენ გვყავს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელმაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში გააკეთა რამდენიმე სკანდალური, რუსეთთან კონფრონტაციაზე ორიენტირებული და, რაც მთავარია, რეალობასთან კავშირის არმქონე განცხადება. მან ნატოს მოუწოდა, ალიანსის არაწევრ საქართველოში ბაზები (სხვა ვერსიით, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტები) განელაგებინა, შემდეგ დაიწყო საუბარი ნატო-ს ბაზის გახსნაზე როგორც თითქმის შემდგარ ფაქტზე და ბოლოს (ამას არ აღიარებს, თუმცა კომენტატორების აბსოლუტური უმრავლესობა ამ განცხადებებს სწორედ ალასანიას უკავშირებს) ამერიკელებს საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბანაკის გახსნა შესთავაზა. ამავე დროს, ის საუბრობდა რუსეთზე, როგორც საფრთხეზე, რომელიც დასავლეთმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაანეიტრალოს. ბაზების თემაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლების თანმდევი კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი უყურებდნენ ალასანიას როგორც რაღაც საშუალოს წარჩინებულ მოწაფესა და სახიფათო გიჟს შორის, რადგან ნატო საქართველოში ბაზების გახსნისთვის მზად არ არის და ხელშესახებ პერსპექტივაში არც იქნება. შესაძლოა, მათ გულის სიღრმეში სიამოვნებდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ასეთი პოზიცია, მაგრამ მსგავსი თამამი და არარეალისტური განცხადება შეიძლება გაკეთდეს ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ, თანაც შესაბამისი შეფუთვით. ხოლო როდესაც ალასანიამ ის თავის ძირითად მესიჯად, ერთგვარ აკვიატებულ იდეად გახადა, ნატოელები ცოტა არ იყოს დაიძაბნენ და ნათლად დააფიქსირეს სურვილი ამ არასამეცნიერო ფანტასტიკას გაემიჯნონ (იხ. უილიამ ლაჰიუს ბოლო კომენტარი). დაიძაბა მოსკოვიც, რომელსაც მშვენივრად ახსოვს ირაკლი ოქრუაშვილის ომამდელი ეპოპეა და ვარიაციები ცხინვალის აღლუმის თუ ფეკალიების თემაზე. მან საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი განცხადებები უბრალოდ “გაატარა” და, შესაძლოა, საქართველოს ახალი ხელისუფლების “ორ სკამზე ჯდომის” პოლიტიკიდან გამომდინარე სიმბოლურ რევერანსად ჩათვალა, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ალასანიას გაჩერებას არავინ აპირებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განხილულ თემებზე ზედიზედ ორი ნეგატიური შინაარსის განცხადება გააკეთა, შემდეგ კი დაიწყო რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების ღია, ხმაურიანი, ლამის დემონსტრაციული განხილვა. ცხადია, პირადაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გავლება ამ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან რეგიონული პოლიტიკა ალასანიას გარშემო არ ტრიალებს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მისმა განცხადებებმა ვითარების დაძაბვაში სერიოზული როლი შეასრულეს. ან ვის სჭირდებოდა ეს განცხადებები, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა ან რატომ არ დაამუხრუჭებინეს მას ხელისუფლების პირველმა პირებმა? თუ ამის გაკეთებაც არ შეეძლოთ და მათზე მართლაც არაფერია დამოკიდებული?

შაბათს კი ირაკლი ალასანიამ სრულიად უპრეცედენტო განცხადება გააკეთა: “ჩვენ დავიწყებთ ძალიან აგრესიული საგარეოპოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას”. უახლეს, ან თუნდაც ძველ ისტორიაში პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი მაგალითის პოვნა, როდესაც პოლიტიკოსი საკუთარი ქვეყნის პოლიტიკას ახასიათებდა როგორც “აგრესიულს” _ ეს აბსოლუტური ნონსენსია. ამ რეპლიკით, ალასანიამ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ის ან თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლონ, ან (როგორც მინიმუმი) მასმედიასთან ურთიერთობა აუკრძალონ.

ჩვენ შეგვიძლია პრობლემის კიდევ ერთ ასპექტს შევეხოთ. რუსეთის (ისევე როგორც აშშ-ს და ნებისმიერი დიდი სახელმწიფოს) საგარეო პოლიტიკის ფორმირება, რთული და წინააღმდეგობრივი პროცესია. ერთმანეთს სხვადასხვა სახელისუფლებო და ლობისტური ჯგუფები ებრძვიან, მათი დაპირისპირება ძირითადი და სათადარიგო სტრატეგიების ჩამოყალიბებაზე არცთუ უმნიშვნელო გავლენას ახდენს. მარგამ ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების ლობისტური ძალისხმევა მოსკოვში პრაქტიკულად ნულის ტოლია, მიუხედავად იმისა, რომ რესურსები სერიოზული მუშაობისთვის ნამდვილად არსებობს და ამ ვითარების შეცვლის სურვილი ჯერჯერობით არ შეინიშნება. მერე რატომღაც გვიკვირს, როდესაც რუსეთთან ურთიერთობაში მწვავე კრიზისი იწყება და მოვლენები საქართველოსთვის ყველაზე არასასურველი სცენარით ვითარდება.

თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საქართველოს მთავრობა მართლაც მოკლებულია თამამი სტრატეგიული მანევრის შესაძლებლობას (ასე არ არის, მაგრამ მაინც), ეს არ ნიშნავს, რომ ტაქტიკურ მანევრებზე, ქვეყნის მდგომარეობის თუნდაც მცირე გაუმჯობესების გამუდმებულ მცდელობებზე უარი უნდა ვთქვათ. ამ მომენტისთვის, რუსეთის საპასუხო რეაქციამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების “ევროასოცირებაზე” საქართველოს შედარებით ნაკლები ზიანი (როგორც რეალური, ისე სიმბოლური) მიაყენა, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას. ამმხრივ ქართულმა დიპლომატიამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებამ შეიძლება “გამოტოვოს” და არ გაითვალისწინოს არსებითი ცვლილებები ზოგად კონტექსტში, ის გამოწვევები, რომელსაც დღის წესრიგში “ახალი ცივი ომი” აყენებს. ზურაბ აბაშიძის და თედო ჯაფარიძის (ძალზე სამწუხაროა, რომ გასულ კვირას მათ შორის გაუგებრობა მოხდა; მარტივად რომ ვთქვათ, ახლა ამის დრო არ არის) ძალისხმევა და უფლებამოსილება ამ გამოწვევებთან გამკლავებისთვის საკმარისი არაა. მაია ფანჯიკიძე კი, ალბათ, არ არის მზად იმისთვის, რომ მოახლოებული (ფაქტობრივად, დაწყებული) კრიზისის პირობებში ადეკვატურად იმოქმედოს. ამიტომ სასურველია, ახალი, ბოლოდროინედელი ცვლილებების მიმართ ადაპტირებული პოლიტიკის შემუშავება ხელისუფლების პირველი პირების უშუალო მონაწილეობთ მოხდეს და მასში ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთოს. კარგი იქნება, თუ ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე ძველი საგარეო პოლიტიკის არაეფეტურობა ყველასათვის ცხადი გახდება და ის ქვეყნის ინტერესებისთვის გაცილებით მასშტაბური ზიანის მოტანას დაიწყებს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here