Home რუბრიკები საზოგადოება C ჰეპატიტი _ “ალერსიანი მკვლელი”

C ჰეპატიტი _ “ალერსიანი მკვლელი”

1296

1987 წლის დეკემბერში ავღანეთის დემოკრატიულ რეპუბლიკაში რომ ჩავედი, ქაბულის აეროპორტში  ჩემი ყურადღება მიიპყრო რუსულ ენაზე დაწერილმა განცხადებამ, რომელიც ისეთ თვალსაჩინო ადგილზე იყო გამოკრული, რომ არ შეიძლებოდა, არ წაგეკითხა. სანკულტურის ასამაღლებლად გამიზნული ეს თვალსაჩინო აგიტაცია მეორმოცე არმიის, იმავე “საბჭოთა შეიარაღებული ძალების შეზღუდული კონტინგენტის” ჯარისკაცებისთვის იყო მოწოდებული და ჰეპატიტისგან თავდაცვის წესებს მარტივი წინადადებებით კარნახობდა მათ.


ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა ამ ბობოქარ ცხელ წერტილში პირველად მოხვედრილ ადამიანს, რომ ავღანეთში მთავარი საშიშროება ყოველ მოსახვევაში ჩასაფრებული “დუშმანების” მიერ წარმოებული ნაღმების ომი კი არ იყო, არამედ მაინცდამაინც ჰეპატიტი!

სამხედრო ექიმებმა ამისხნეს კარგა ხნის შემდეგ, რომ ეს ვირუსული დაავადება ავღანეთში მართლაც არ იყო “მეორადი საშიშროება”, რადგან ავღანეთი ჰეპატიტის რელიქტურ კერას წარმოადგენდა, რომ ამასთან, იგი მსოფლიოს არის მოდებული: 170 მილიონი (ცოტა მეტი ან ნაკლები) დაავადებულია ჰეპატიტის რომელიმე ვირუსით; რომ ყოველწლიურად ინფიცირდება 3-4 მილიონი ადამიანი; დაბოლოს, ყოველწლიურად 350 000-მდე ადამიანი იღუპებოდა (დღევანდელ მსოფლიოშიც ასეა) ჰეპატიტით გამოწვეული  გართულებით.

 მაშასადამე, აეროპორტში გამოკრული ის განცხადება არამარტო იქაური პირობებისთვის იყო ყურადსაღები და გასათვალისწინებელი, არამედ დღესაც აქტუალურია უთუოდ. მართლაც ასეა თუ არა, ამის გასარკვევად დიდი გამოცდილების მქონე, აღიარებულ  ექიმ ინფექციონისტ მანანა ლომიძეს მივმართე. იგი 27 წლის განმავლობაში იყო ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების გამგე ინფექციური პათოლოგიის ცენტრში.

 ყოფილ პავლოვის ქუჩაზე, ამჟამად ყაზბეგის გამზირი რომაა, გაშლილ ტერიტორიაზე ერთ დროს ინფექციური საავადმყოფოს ერთერთი კორპუსის პირველ სართულზე, თაგვი კუდს რომ ვერ მოიქნევს ისეთ ოთახშიქალბატონ  მანანას კაბინეტია. ცოტაც და ყველასგან  მიტოვებული დიდებული ფერმწერის _ ნიკალა ფიროსმანის კიბის ქვეშა უკანასკნელ სადგომს დაემსგავსებოდა აქაურობა. ეტყობა, განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანების შემოქმედებითი პოტენციალი საყოფაცხოვრებო კომფორტთან რადიკალურად განსხვავებული უნდა რჩებოდეს ყოველ ეპოქაში.

ყველაფერი C ჰეპატიტის შესახებ

_ ქალბატონო მანანა, სპეციალურ ლიტერატურაშიჰეპატიტი ანტროპონოზული ვირუსული დაავადებაა, რომელიც გადადის პარენტერული მექანიზმით, უფრო ხშირად მიდინარეობს  სიყვითლის ფორმის გარეშე და ქრონიზაციისადმი არის მიდრეკილი”. თუ შეიძლება, გაგვიშიფრეთადამიანურენაზე.

_ C ჰეპატიტი, ანუ ვირუსული ჰეპატიტი C, ანტროპონოზული ე. ი. მხოლოდ ადამინის დაავადებაა. მას იწვევს ვირუსი, რომელიც 1989 წელს აღმოაჩინეს ამერიკაში (იგი ღვიძლის ქსოვილის ანთებას იწვევს) და უწოდეს ჩ ვირუსი. მანამდე ცნობილი იყო A, B, D ვირუსები, რომლებიც ჰეპატიტს იწვევს. ამჟამად ცნობილია 12-მდე სახეობა ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსების. ამათგან მძიმე მიმდინარეობა, გაქრონიკულება, გართულება ღვიძლის ციროზით ან ღვიძლის პირველადი კიბოთი  B, D და Cვირუსებს შეუძლია. ავადმყოფიდან ჯანმრთელ ადამიანზე მათი გადაცემა პარენტერული მექანიზმით ხდება, ე.ი სისხლის თუნდაც უმცირესი ნაწილაკი უნდა მოხვდეს რეციპიენტის _ ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში _ ნემსით, საპარსით, კბილის ჯაგრისით, მაკრატლით და სხვა საგნებით, შესაძლებელია, სქესობრივი კონტაქტით, ნერწყვით, პერინატალური გზით (დედისგან შვილზე) გადაცემა 5 პროცენტზე ნაკლებია. ჰაერწვეთოვანი გზით არ გადაეცემა.

ვფიქრობ, იმ განცხადებაში, რომელიც ავღანეთში წაიკითხეთ, იგულისხმებოდა, ალბათ, უპირატესად  A ჰეპატიტი.  A ვირუსი გამოიყოფა დაავადებული ადამიანის შარდთან და განავალთან ერთად და ომის პირობებში ადვილად ბინძურდება წყალი ან საკვები, შედეგად  A ჰეპატიტის ეპიდემია შეიძლება მივიღოთ.

_ ხალხის დაკვირვებით, ჰეპატიტის უპირველესი გარეგნული ნიშანი ადამიანის კანის სიყვითლეა.

_ არა ყოველთვის, თავისთავად სიყვითლე შეიძლება განვითარდეს ნაღვლის სადინარზე ზეწოლით (სიმსივნე, კენჭი…), ეს მექანიკური სიყვითლეა. იგი შეიძლება განვითარდეს ერითროციტების ჭარბი დაშლით (ჰემოლიზური სიყვითლე). ვირუსული ჰეპატიტი სიყვითლით მიმდინარეობს 15-დან 30 პროცენტამდე შემთხვევაში.

_ მაშ, რა არის ჰეპატიტი?

_ ჰეპატიტი არის ღვიძლის ქსოვილის ანთება. იგი შეიძლება იყოს ვირუსული ეტიოლოგიის, ტოქსიკური, ალკოჰოლური წამლის მიერი და სხვC ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტი ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ამჟამად მსოფლიოში 500 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული. დაახლოებით 85 პროცენტი ქრონიკულად მიმდინარეობს და ნელი ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება, ანუ უსიმპტომოდ, ჩივილების გარეშე მომდინარეობს წლების განმავლობაში. ქრონიკული ჰეპატიტების 40 პროცენტი ქრონიკულ  C ჰეპატიტზე მოდის. ამერიკაში 4 მილიონამდე ადამინია დაავადებული და წელიწადში 8-10 ათასი ადამიანი კვდება C ჰეპატიტის გართულებით.

_ საქართველოში გვაქვს ამ დაავადების სტატისტიკა?

_ ზუსტი მონაცემები არ არის, თუმცა 2002-2003 წლებში ჩატარებული გამოკვლევებით მოსახლეობის დაახლოებით 7 პროცენტია დაინფიცირებული.

ამჟამად საზოგადოებრივი ჯანმრთლობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში  იწყებს კვლევებს  C ჰეპატიტის პრევალენტობის დასადგენად საქართველოში.

საქართველოში დაახლოებით 200-300  ათასი ადამიანი უნდა იყოს დაინფიცირებული.

_ რატომაა ასე გავრცელებული ამ ვირუსებით გამოწვული დაავადება?

_  ჰეპატოტროპული ვირუსებით გამოწვეული დაავადების მატება განპირობებულია საყოფაცხოვრებო პირობების დაბალი დონით, ნარკომანია, ტოქსომანია ხელს უწყობს გავრცელებას მოსახლეობის ფართო ფენებში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, B, C და  D ჰეპატიტის, ძირითადად, სისხლით, სისხლის გადასხმითაც შეიძლება გადაეცეს, თუმცა სისხლის გამოკვლევის პროგრამის ამუშავების შემდეგ მკვეთრად შემცირებულია.

_ რამდენად მნიშვნელოვანი ორგანოა ღვიძლი?

_ ღვიძლს “ბიოქიმიურ ქარხანას” ეძახიან, იგი იწონის 1,5 კილოგრამს, ასრულებს ორგანიზმში 500-მდე სასიცოცხლო ფუნქციას. ყველაფერს, რასაც ორგანიზმი საკვებითა და სასმელით იღებს, გარდაქმნის ენერგიად კუნთებისთვის, ჰორმონების, სისხლის შედედებისა და იმუნური სისტემის ფაქტორებისთვის. ღვიძლში ინახება ვიტამინები, მონერალოიდები, აქ ხდება ცილის სინთეზი, შაქრის დეპონირება, გამომუშავდება ნაღველი საკვების მონელებისთვის, კონტროლდება შარდის გამოყოფა და, რაც მთავარია, ორგანიზმში მოხვედრილი მავნე ნივთიერების ბიოქიმიური რეაქციით გაუვნებელყოფა. ღვიძლის უკმარისობისას ვითარდება ენცეფალოპათია, ანუ ზიანდება თავის ტვინის ქერქი. ცხადია, რომ ღვიძლი უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანოა.

_ რატომ არის საზოგადოებაში შიში C ჰეპატიტის მიმართ?

_ C ჰეპატიტი მართლაც საშიში დაავადებაა. მას “ალერსიან მკვლელსაც” ეძახიან. იგი ხშირად (70-80 პროცენტი) ქრონიკულად მიმდინარეობს და შეიძლება გართულდეს ღვიძლის ციროზით ან ციროზ-კიბოთი. C ჰეპატიტი ქრონიკული ჰეპატიტიებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზად მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ალკოჰოლური ჰეპატიტის შემდეგ.

ჩვენთან, სამწუხაროდ, ხშირია ალკოჰოლურ ან ტოქსიკურ ჰეპატიტთან შერწყმული ვირუსული ჰეპატიტი, რომელიც ღვიძლის პირველადი კიბოსა და ღვიძლის ციროზის განვითარებას აჩქარებს, ამიტომ მოიმატა ციროზ-კიბომ და გაახალგაზრდავდა კიდეც.

_ ახალგაზრდების უფრო ხშირი დაავადება უთუოდ ცხოვრების წესითაა გამოწვეული

_ დიახ, ჩვენს თაობას, სამწუხაროდ, მძიმე პირობებში მოუწია ცხოვრება: ომი, უმუშევრობა,  ნარკომანია…

_ ცნობილია, რომ რიგ ქვეყნებში C ჰეპატიტის მკურნალობის სტანდარტად გამოიყენება კომბინირებული მკურნალობა.

_ ჩვენც იმავე მკურნალობას ვატარებთ. 1996 წლიდან დავიწყე C ჰეპატიტის ინტერფერონით (ინტრონი) მკურნალობა. ეს პრეპარატი კოლეგებმა მომაწოდეს უცხოეთიდან, საქართველოში ჯერ არ იყო შემოსული. 1998 წლიდან რამდენიმე პაციენტს უფასოდაც ჩავუტარე მკურნალობა როფერონითა და რიბავირინით. შედეგი ძალიან კარგი იყო. პაციენტები განიკურნენ (ნაშრომებიც გამოვაქვეყნე ამის შესახებ, 30-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია მაქვს). მოგვიანებით შემოვიდა გახანგრძლივებული მოქმედების ინტერფერონი (პეგასისი; პეგინტრონი, რიბავირინთან ერთად კომბინაციაში). 2000 წელს ანტივირუსული მკურნალობა ჩავუტარე ავადმყოფს დიაგნოზით ქრონიკული C ჰეპატიტი-ღვიძლის ციროზი. სამკურნალო რეკომენდაციებში ცოროზის მკურნალობა ინტერფერონ-რიბავირინით, 2003-2004 წლებში შემოვიდა.  

_ . . ვირუსული C ჰეპატიტი განკურნებადია?

_ დიახ, ჩ ჰეპატიტი განკურნებადია. მკურნალობის სტანდარტები დაიხვეწა, ახალი პრეპარატები დაემატა, დროულად დაწყებული მკურნალობა გარანტიაა სრული განკურნებისა, თუმცა ეს ახალი პრეპარატები (სოფოს ბუვირი, დაკლატასვირი…) ძვირადღირებულია. იმედი მაქვს, გაიაფდება. ამჟამად სახელმწიფომ შემოიტანა 3-ჯერ გაიაფებული ინტერფერონი, პეგფერონის სახელწოდებით კოპეგუსთან ერთად.

თუ ღვიძლი დაზიანებულია ისე, რომ დეკომპენსირებულ ციროზთან ან ციროზ-კიბოსთან გვაქვს საქმე, საკითხი დგება ღვიძლის გადანერგვის საჭიროებაზე. გარდა ამისა, C ვირუსის 6-მდე გენოტიპია ცნობილი და კიდევ _ ფენოტიპები. მკურნალობის დადებითი შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ გენოტიპთან გვაქვს საქმე, თუმცა ახლადშექმნილმა პრეპარატებმა, როგორც კვლევის შედეგები გვიჩვენებს, პრობლემა თითქმის მოხსნა.

_ საუბრის დასაწყისში თქვით, რომ C ჰეპატიტი 90-იან წლებში აღმოაჩინეს. საინტერესოა, არსებობდა თუ არა ეს ვირუსი მანამდე?

_ დიახ, არსებოდა, მაგრამ არც A, არც B ჰეპატიტის სახელით და ასეთი გავრცელება და მიმდინარეობა არ ჰქონდა. ადამიანი სამყაროს ნაწილია, მის ორგანიზმში (უჯრედებში თუ ქსოვილში) ისეთივე პროცესები მიმდინარეობს, როგორიც სამყაროში. კაცობრიობის ისტორიაში იყო ომები  და იხოცებოდა ასიათასობით ადამიანი. იყო ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიები და პანდემიები.  მიკროორგანიზმსა (ვირუსი ბაქტერია) და ადამიანს შორის  გამართულ ბრძოლაში იღუპებოდა უამრავი ადამიანი (შავი ჭირი, ქოლერა, გრიპის ეპიდემია ე. წ. ისპანკა…)

_ ახლა ებოლა მოდის

_ ღმერთმა ნუ მოიყვანოს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ, ჩვენი კლინიკა ყოფილმა მთავრობამ გაყიდა. ჯერ ბენდუქიძეზე უნდოდათ გაეფორმებინათ, შემდეგ _ კურტანიძეს გადასცეს. აუდიტის მიერ შეფასებული თანხის ნახევრად გაიყიდა. ძალიან საეჭვოდ ამ საქმეში ფიგურირებდა ყოფილი ე. წ. პირველი ლედი. ეს ობიექტი სტრატეგიული დანიშნულებისაა და იგი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში უნდა იყოს.

ჰეპატიტების კორპუსი სავალალო მდგომარეობაშია. გარემონტების უფლებას მისი ე. წ. მფლობელი არ გვაძლევს, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, რომ სახელმწიფო ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დეოკუპაციას მოახდენს. ჩვენს კლინიკაში მაღალი დონის ექიმები არიან, ხშირად ვმონაწილეობთ საერთაშორისო კონფერენციებში, ჩვენი ლაბორატორიული გამოკვლევები და მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. აი ასე, ყოფილების მიერ გაპიარებული ოქროს ხანა მხოლოდ სააკაშვილისთვის და მასთან დაახლოებულებისთვის იყო ედემის ბაღი და ქერის ორმო. საქართველო განწირული ყავდათ _ ქვეყანა გაყიდული, მოსახლეობა სიკვდილის პირამდე მიყვანილი. მათი დანატოვარი მეტასტაზების მოცილება საშური საქმეა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here