Home რუბრიკები პოლიტიკა თურქეთი საქართველოზე გავლენას აძლიერებს

თურქეთი საქართველოზე გავლენას აძლიერებს

1550

თურქეთი ჩვენი დიდი მეზობელი რომ არის, ცნობილია, მაგრამ ზედმეტი არ იქნება, გავიხსენოთ მისი ამ უპირატესობის მასშტაბები: ტერიტორიით ჩვენზე 11,4-ჯერ მეტია, მოსახლეობის რაოდენობით _ 16,5-ჯერ, ეკონომიკური პოტენციალი 44,3-ჯერ მეტი აქვს. ცნობილია ისიც, რომ 2006 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან ვაჭრობის მოცულობა მინიმუმამდე შეამცირა, სწორედ თურქეთი გახდა ჩვენი უდიდესი სავაჭრო პარტნიორი: თურქეთიდან იმპორტის დღევანდელი დონე ბევრად აჭარბებს 2003 წლის საერთო იმპორტის მოცულობას.


ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია დიდ მეზობელთან მნიშვნელოვნად მაღალი და ზრდადია, მაგრამ გარკვეულწილად _ ცალმხრივი: 2006 წლიდან მოყოლებული თურქეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა საქართველოდან თურქეთში ექსპორტის მოცულობაზე 4-ჯერ მეტი იყო. შედეგად, იმავე 2003 წელთან შედარებით თურქეთის წილი საქართველოდან ექსპორტში თითქმის განახევრდა, ხოლო თურქეთის წილი ჩვენს ქვეყანაში საერთო იმპორტის მოცულობაში გაორმაგდა.

2000 წლიდან დღემდე თურქეთმა საქართველოში განახორციელა 1,4 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რომელიც საქართველოში საერთოდ შემოტანილი ინვესტიციების დაახლოებით 16 პროცენტია. თუმცა ჯერჯერობით სავაჭრო ექსპანსია აჭარბებს კაპიტალის ექსპანსიას, რის გამოც თურქეთიდან საქონლის იმპორტის მოცულობა ინვესტიციების სრულ მოცულობაზე 10-ჯერ უფრო მეტია.

საქართველო-თურქეთის ეკონომიკურ ურთიერთობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამუშაო ძალის მიგრაცია ორივე მიმართულებით. საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ გადასულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ოფიციალური აღრიცხვა არასოდეს ჩატარებულა, მაგრამ ფაქტია, რომ შრომითი მიგრანტების გამომუშავებული ფულით საქართველოში თავს ინახავს ათიათასობით ოჯახი.

თურქეთის სავაჭრო და ეკონომიკური ექსპანსია ჩვენს ქვეყანას სამხრეთის მეზობელზე სულ უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის.

ამ ფონზე ბუნებრივად იბადება შეკითხვა _ არსებობს თუ არა საქართველოში თურქული ლობი, რომელიც ამ სახელმწიფოს ინტერესებს იცავს და განახორციელებს?

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი ლობი საქართველოში არ არსებობს, მაგრამ საქართველოს მთავრობასა და ბიზნესწრეებში მოქმედებენ ადამიანები, რომლებიც განახორციელებენ ეკონომიკურ, სოციალურ და ჰუმანიტარულ პროექტებს. სწორედ ისინი შეიძლება მივიჩნიოთ ასეთი ლობის ნაირსახეობად.

მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ მდინარე ჭოროხზე თურქეთის მიერ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც სერიოზულად აზიანებს აჭარის ეკოლოგიას. უფლებადამცველებსა და სპეციალისტ-ეკოლოგებს განგაში აქვთ ამის გამო ატეხილი, მაგრამ ხელისუფლებას ეს პრობლემა აბსოლუტურად არ აწუხებს. ხელშეკრულება დადებულია და _ ბასტა! შემცვლელი არავინაა, რადგან, როგორც ჩანს, ვიღაცამ, ვინც თავის დროზე ეს ხელშეკრულება დადო და პროექტის აშკარად ნეგატიურ მხარეზე თვალი დახუჭა, კარგად მოითბო ხელი. ხელმა კი ხელი დაბანა და ორივემ, მოგეხსენებათ, პირი. მაგრამ, ვინაა ის პირი, ახლა ძნელი გასარკვევია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ასეთი ლობისტი მაინც და მაინც პოლიტიკოსი იყოს.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა თურქი მეწარმენი პირველად გამოჩნდნენ საქართველოში, ჩვენი მთავრობის ზოგიერთმა წევრმა მწვანე შუქი აუნთო მას, რაც დღეს საქართველოში ხდება.

თურქეთის ჩრდილოეთი რაიონები, რომლებიც საქართველოს ესაზღვრება, გასული საუკუნის 80-იან წლებში ჯერ კიდევ ღარიბი იყო, მათ შორის, ხოფა და რიზე. ორივე ეს რაიონი წელში გაიმართა და გამდიდრდა საქართველოდან და აზერბაიჯანიდან შეტანილი პროდუქციის წყალობით. უნიკალური დაზგები, დანადგარები, სამრეწველო მოწყობილობა საქართველოდან ჯართად გაჰქონდათ. მაშინ თურქებმა ძალიან დიდი ფული იშოვეს, შემდეგ კი დაიწყო საქართველოში მათი შემოსვლის პროცესი.

თურქეთის მთავრობისთვის აჭარა თურქეთის ნაწილია. ყარსის ცნობილ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ აჭარა თურქეთის დროებით დაკარგული ტერიტორიაა, რომ აჭარისადმი თურქეთს განსაკუთრებული მიდგომა აქვს და იგი (თურქეთი) გარკვეულწილად აჭარაში მცხოვრები მუსლიმების მფარველია.

იგივე დამოკიდებულება აქვს თურქეთს სამცხე-ჯავახეთისადმი, მაგრამ ამაზე ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი და ამიტომ ამ რეგიონისადმი თურქეთის დამოკიდებულება უფრო დელიკატურია.

აჭარელი კაცი თურქეთში აღიქმება, როგორც “ადამიანი, რომელიც დროებით მოწყვეტილია მშობლიურ მიწას”, მაგრამ ადრე თუ გვიან უნდა დაბრუნდეს თურქეთში (რუსეთმა თურქეთს აჭარა 1877 წელს გამოჰგლიჯა).

მას შემდეგ, რაც ქემალ ათათურქის პანთურქიზმის პოლიტიკა პრემიერ-მინისტრ ახმედ დავუთოღლუს პანისლამიზმის პოლიტიკით შეიცვალა, თურქეთის თემა აჭარაში გაცილებით უფრო ინტენსიური გახდა.

თურქეთის ეკონომიკური ექსპანსიის თემა უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს გაცილებით საშიში გახდა საგანმანათლებლო ექსპანსია, რომელსაც აშშ-ში მცხოვრები თურქი მილიარდერი და რელიგიური მოღვაწე ფედჰულახ გიულენი განახორციელებს. მის მიერ შექმნილი სისტემა საქართველოშიც ფეხმოკიდებულია. ჩვენთან მის პროექტს “ჩანგალა” ეწოდება, რომელშიც გაერთიანებულია შავი ზღვის უნივერსიტეტი, დემირელის სახელობის სკოლა და სხვა სასწავლო დაწესებულებები.

ქრისტიანულ რაიონებში ისინი ჩვეულებრივ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან, მაგრამ მუსლიმებით დასახლებულ სოფლებში ამ სკოლებს აშკარად თურქული პროპაგანდის დაღი ადევს. ქალაქ რუსთავში ასეთი სკოლის სასწავლო პროგრამა ერთია, მარნეულის რაიონის სოფლებში _ სხვა. თურქები ცდილობენ მაქსიმალურად ყველა აჭარელის, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვების თავიანთ საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვას, როგორც ადგილებზე, ასევე, თურქეთში სასწავლებლად წაყვანის გზით. ქრისტიან ბავშვებს არაფერ თურქულს თავს არ ახვევენ, პირიქით, არწმუნებენ, რომ ეს ქვეყანა კეთილია, კარგია. თუ ამ ბავშვთაგან ვინმე მომავალში წარმატებას მიაღწევს, ისინი ამ პროექტისა და თურქეთის პოპულარიზატორები გახდებიან.

მაგალითად, ცნობილმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ დაამთავრა დემირელის სახელობის კოლეჯი. თურქებმა მიიწვიეს იგი სტამბოლის უძლიერეს გუნდში, საიდანაც ამერიკაში _ ენბიაიში გადავიდა.

ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში დროდადრო, უკანასკნელ პერიოდში კი სისტემატურად წარმოიქმნება წინააღმდეგობანი რელიგიურ ნიადაგზე. ტენდენციად ეს კონფლიქტები ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ რელიგიური დაპირისპირება გამწვავდეს და დიდ პრობლემად იქცეს. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ რელიგიური კონფლიქტების გაღვივება თურქეთის ინტერესებში არ შედის. ამ შემთხვევაში მას მშვიდობა და სტაბილურობა აძლევს ხელს.

ახლახან, როცა თურქეთის მთავრობის წარმომადგენელი ქობულეთში ჩავიდა და ადგილობრივმა მუსლიმებმა შესჩივლეს, რომ მედრესეს კარზე ქრისტიანებმა ღორის თავი ჩამოუკიდეს, თურქმა მოხელემ უპასუხა: მერე რა, ევროპაშიც იგივე ხდება.

საქართველოში მცდარი წარმოდგენა აქვთ თურქეთზე, როგორც მაჰმადიანურ ქვეყანაზე, რომელიც სხვა სახელმწიფოებთან ალიანსში ერთი მთლიანობაა. ეს ასე არ არის. მაჰმადიანური, მათ შორის, არაბული ქვეყნები რელიგიას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ. გასაკვირია, მაგრამ ზემოთ ნახსენები გიულენი, რომელიც ასეთი პოლიტიკის გამტარებელია, დღეს უკიდურესად დაპირისპირებული აღმოჩნდა თავის ყოფილ მოკავშირესთან და პარტნიორთან _ თურქეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან.

მაგრამ ეს ქვეყნის საშინაო პოლიტიკას ეხება, თურქეთის საზღვრებს მიღმა კი ერდოღანის გუნდი არათუ არ ეწინააღმდეგება გიულენს, არამედ ხელს უწყობს პანთურქიზმის მისეული პოლიტიკის განხორციელებას.

ამას გარდა, თურქეთში არსებული რადიკალური ისლამური დაჯგუფებებისთვის დამახასიათებელია სხვა მიდგომები: მიიჩნევენ, რომ ყველა აჭარელი მაჰმადიანი “მიბმული” უნდა იყოს თურქეთთან და ყველაფერს აკეთებენ ამ მიზნის მისაღწევად.

ქვემო ქართლში ერთმანეთს უპირისპირდება ოთხი მუსლიმური ძალა: არაბეთი, ირანი, თურქეთი და აზერბაიჯანი. ყველანი რელიგიის ძალით იბრძვიან.

სანამ ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან, საქართველოს ამ მხრიდან საშიშროება არ ემუქრება, მაგრამ, თუ ერთ-ერთი მათგანი გაიმარჯვებს, მაშინ ამ რეგიონში საქართველოს მწვავე პრობლემები შეექმნება. ცნობილია, რომ მრავალი არაბული ორგანიზაცია დიდ ფულს ხარჯავს, რათა სწორედ ამ გზით მართოს მიმდინარე პროცესები.

სარწმუნოების თვალსაზრისით, თურქი მაჰმადიანები ირანელი მაჰმადიანებისგან განსხვავებულები არიან. პირველნი შიიტები არიან, მეორენი _ სუნიტები. რელიგიური დაპირისპირება მათ შორის შეიძლება გამწვავდეს იმ შემთხვევაში, როცა მავანი მოინდომებს ამ განსხვავებულობის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

ნიშანდობლივი ფაქტია: თურქეთის განათლების სამინისტრომ შეიმუშავა ფორმატი, რომელშიც თურქეთის სკოლაში ქართული ენის სწავლება იქნება შემოღებული. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ თურქეთის ხუთ უნივერსიტეტში სწავლობენ ქართულ ენას.

კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც თურქებმა ქურთებს უფლება მისცეს, გაეხსნათ თავიანთ ენაზე ტელევიზია და რადიო. ახლა ქართველებსაც მოგვხედეს. ეს, ერთი მხრივ, გვიკმაყოფილებს თავმოყვარეობას, მეორე მხრივ კი, ეჭვს ბადებს, რომ ამ პროგრამის ამოქმედება პირდაპირ უკავშირდება საქართველოში შესაგზავნი აგენტურის საფუძვლიან მომზადებას. არსებული ინფორმაციით, ყარსის უნივერსიტეტში უკვე ჩამოყალიბებულია ასეთი ჯგუფი 12 მსმენელის შემადგენლობით, რიზეში 7-8-კაციანი ჯგუფია, ხოფაში _ 40 და ა.შ.

საქართველოსაც შეუძლია, თურქეთში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გამოყენებით განახორციელოს საკუთარი სახელმწიფო პოლიტიკა ჩვენი ინტერესების სასარგებლოდ. სახელმწიფოს ნებისა და სურვილის შემთხვევაში, სიტუაცია არც ისე უიმედო ჩანს.

politrus.com

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here