Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: დავით ნარმანია მოქალაქეებს თვალში ნაცარს აყრის

ვაჟა ოთარაშვილი: დავით ნარმანია მოქალაქეებს თვალში ნაცარს აყრის

743

თბილისის ახალარჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ მოკლე ხანში მოახერხა თავის გარშემო ხმაურის ატეხვა. ჯერ იყო და “სითი პარკის” ამბავმა აღაშფოთა მოქალაქეები, შემდეგ _ ხელფასებზე დანამატების გაცემამ, რომელიც მომავალი წლიდან ისე გატარდება, როგორც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასი, ანუ ხელფასი გაორმაგდება. მას თანამშრომლების უკანონო განთავისუფლებაშიც სდებენ ბრალს.  


მოქალაქეები თბილისის მერს  დანაპირებს ახსენებენ და ამბობენ, რომ 3-4 თვე საკმარისი იყო უკანონო მშენებლობების აღსაკვეთად, მაგრამ თბილისელები კვლავ იმავე პრობლემების წინაშე დგანან, რომლებიც გიგი უგულავას პერიოდში იყო. პოეტი ვაჟა ოთარაშვილისაქართველო და მსოფლიოსთანდიღომში მიმდინარე ახლად დაწყებული მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის უკანონობაზე საუბრობს, მშენებლობაზე, რომლის ნებართვაც ამა წლის სექტემბერში გაიცა:

_ ავადსახსენებელმა სააკაშვილის რეჟიმმა ქალაქის მერიაში თავისი ბუნაგის წევრები დატოვა. ყველასთვის ცნობილია, რომ იმ დროს, არქიტექტურის, იურიდიული და ზედამხედველობის სამსახურები შეხმატკბილებულად მუშაობდნენ, უფრო ზუსტად, უგულავას დაკვეთებს ასრულებდნენ. არქიტექტურის სამსახური მშენებლობის ნებართვას გასცემდა, იურიდიული სამსახური უკანონო მშენებლობისთვის მომჩივან ხალხს აჩუმებდა, ზედამხედველობის სამსახური კი ადასტურებდა, რომ მშენებლობა კანონიერია. ამ სამსახურების გადამკიდე, დედაქალაქი მონსტრს დაემსგავსა, რომელშიც აღარ არის ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურა, არც ერთი მშენებლობის დროს არ არის გათვალისწინებული არქეოლოგიური, კულტურული მემკვიდრეობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ეკოლოგიური პრობლემა. პირადად ვესაუბრე მერაბ ბერძენიშვილს, რომელიც ძალიან გულნატკენია, რომ ჯერ ქუთაისში დაუნგრიეს უნიკალური ნამუშევარი. ამ მთავრობამ კი დღემდე ვერ მოახერხა, სამი კილომეტრი გამოატაროს და დიდგორის გმირი ქართველთა უდიდესი მეფე თავის ადგილას დააბრუნოს. ვესაუბრე ასევე ვახტანგ დავითაიას, იური სვანიძეს, მალხაზ ბედიაშვილს _ ეს ადამიანები სპეციალისტები არიან და მათ რეკომენდაციებს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ითვალისწინებენ, ჩვენთან კი მათ არავინ არაფერს ეკითხებოდა, მათი აზრი არავის აინტერესებდა.

ეს, რაც წარსულში იყო, მაგრამ რა ხდება დღეს? ქალაქ თბილისის მერიაში სტრუქტურულად არაფერი შეცვლილა _ კოაბიტაცია მერიაში დღესაც გრძელდება.

_ ბატონო ვაჟა, საკრებულოსა და მერიის ასობით თანამშრომელი უკმაყოფილებას გამოთქვამს დავით ნარმანიას მისამართით, რადგან მან, თავისი შეხედულებისამებრ, ბევრისაეჭვოთანამშრომელი გაათავისუფლა.

_ კი არ უნდა გაეთავისუფლებინა, ყველა საქმე უნდა გამოეძიებინა, რათა დამნაშავეები საკადრისად დასჯილიყვნენ. “ნაცბანდა”, რომელიც გიგი უგულავას დროს ქალაქის მერიაში იყო მოკალათებული, განსაკუთრებით კი იმ სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, ყველა დასასჯელია, ისინი კრიმინალები არიან. პროკურატურამ დეტალურად უნდა გამოიძიოს ამ ხალხის ნამოქმედარი, ხალხის, რომლებმაც თბილისი ასეთად აქციეს. შეხედეთ, რას ჰგავს ვაკე, რას დაამგავსეს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, დიღმის მასივი, დააკვირდით, რა ხდება მერიის შენობასთან _ სახლები ერთმანეთზეა მიწყობილი.

ჩემი უსაზღვრო შეშფოთება დიღომში, “ტოიოტას” ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულმა მშენებლობამ გამოიწვია, სადაც კერძო დასახლებებია. იქ არის თიხნარი, მოძრავი ქანები, გრუნტის წყლები დედამიწის ზედაპირიდან ერთ მეტრზე, არც ერთი სეისმური დასკვნა არ დევს, რომ იქ შესაძლებელია მრავალსართულიანი სახლის აშენება.

_ ეს მშენებლობა ახალი დაწყებულია?

_ დიახ, “ნაცბანდის” დროს შექმნილმა სამშენებლო კომპანიამ “ველასეტმა” დაიწყო, ფირმის დირექტორია ვინმე მერაბ ტალახაძე, რომელიც ახლა ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატია.

_ რომელი პარტიიდან?

_ რა მნიშვნელობა აქვს, მერაბ ტალახაძე ადრე “ნაცებში” იყო, ახლა, ალბათ, “ოცნებაშია”, ამ ორ პარტიას შორის რაიმე განსხვავებას ხედავთ? სტრატეგია შეიცვალა?

მერაბ ტალახაძეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, იცით, რამდენი მიწის ნაკვეთი აქვს ხელში ჩაგდებული? 1 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის მესაკუთრეა. თბილისში მის სახელზეა 11 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი. ტალახაძის ფირმა შეიქმნა 2007 წელს, სწორედ იმ დროს, როდესაც სააკაშვილის ღორ-ხბო ბიზნესმენებს არ ახარებდა, ტალახაძე კი მათ რატომღაც გადაურჩა. “ვილასეტი” ის ფირმაა, რომელმაც პირველმა დაარტყა ბარი და მრავალსართულიანი სახლების უკანონო მშენებლობები დაიწყო.

ყველაზე მთავარი, რასაც გენერალური პროკურატურა ყურადღებას არ აქცევს და გიგი უგულავას ამ მხრივ ბრალს არ უყენებს, არის ის, რომ უგულავამ გააუქმა ყველა კანონი და საჭიროებისამებრ ანიჭებდა საცხოვრებელ ზონებს კოეფიციენტებს _ კ-2-სა და კ-5-ს, რაც ნიშნავს, სად როგორი მშენებლობებია დასაშვები. ზონა, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა ნიშანი კ-2, იმ ადგილას დასაშვები იყო მხოლოდ 1-2-სართულიანი ბინების მშენებლობა, ანუ ინდივიდუალური. უგულავამ კი ამ ტერიტორიებს სტატუსები შეუცვალა.

დედაქალაქმა სახე დაკარგა, ალბათ, ყველა დამეთანხმება, მაგრამ სხვა საშიშოებაც არის: მიჯრით მიყოლებული შენობები ერთმანეთს საფრთხეს უქმნის, ერთ სადარბაზოში გაზის გაჟონვა რომ მოხდეს, მეორესაც საფრთხე დაემუქრება, ასევე იქნება ხანძრის შემთხვევაშიც. ზუსტად ასეთი საფრთხის წინაშე დადგა დიღომში “ტოიოტას” ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. კერძო სახლების გვერდით “ვილასეტი” უშველებელ სახლებს აშენებს. ადგილობრივმა მოსახლეობამ საჩივარი შეიტანა თბილისი მერიაში, პირადად ჩავუდექი ამ საქმეს სათავეში და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს _ გიორგი ნიჟარაძეს და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელ გურანდა რომანაძეს შევხვდი, ადამიანებს, რომლებსაც აღნიშნული პრობლემის მოგვარება ევალებათ. ესენი დავით ნარმანიას დანიშნულები არიან, მაგრამ რად გინდა? პასუხი ვერ მივიღე. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს #261 დადგენილების მე-3 მუხლის II პუნქტის თანახმად, “მიწის ნაკვეთის ნორმატიული ზომების დადგენისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების, მფლობელების, მოსარგებლეებისა და ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მფლობელთა უფლებები და ნორმალური საცხოვრებელი პირობები”, თუმცა ეს არავის აინტერესებდა არც მაშინ და არც დღეს.

თუ დავით ნარმანია ზუსტად იმ საქმის გაგრძელებას აპირებს, რომელსაც უგულავა აკეთებდა, დედაქალაქი აღარ იარსებებს. უცხოელი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ საქართველო არის, სულ ცოტა, რვა ბალიანი მიწისძვრის რისკის ზონაში, ამიტომ ჩვენთან ასეთი მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, თანაც, ასე ახლოახლო არ შეიძლება. უკვე დიდი ხანია, თბილისში აღარავინ კითხულობს, რა მასალით შენდება სახლები, რამდენად გამძლეა და რადიაციული სამშენებლო მასალა. თბილისი ნადგურდება და საინტერესოა, ამასაც რუსეთს დააბრალებენ? ესეც კრემლის გადაწყვეტილებაა? ცირკის პირდაპირ, კლდეზე რომ დიდი სახლები ააშენეს, იმ კლდეს ბზარი აქვს.

როგორც კი მოვიდა სააკაშვილი, მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტრო გააუქმა, ასეულობით ბრწყინვალე კადრი უმუშევარი დარჩა. სპეციალისტები მშენებლობის საქმეში აღარ ჩარიეს. მეტსაც გეტყვით: თუ საქართველოში ირანელი აშენებს რამეს, ის თავისი ქვეყნის სტანდარტით აშენებს, ასევე _ თურქებიც. მოკლედ, ყველა, ვისაც ფული აქვს და საქართველოში მშენებლობის ნებართვა მიიღო, საკუთარი ქვეყნის სტანდარტით ხელმძღვანელობს, ჩვენ სტანდარტები არ გაგვაჩნია. არავინ კითხულობს, გაუძლებს თუ არა თბილისის საკანალიზაციო, წყალმომარაგების, ელექტრო სისტემები ამხელა დატვირთვას.

მოსახლეობა არ მრავლდება, სახლები კი უამრავი შენდება. ამას თავი დავანებოთ, რამდენი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახია და მათი ბინებით დაკმაყოფილებაზე არავინ ზრუნავს, აზრადაც არ მოსვლია მსგავსი რამ მერიას, კუთვნილსაც არავის აძლევენ. არადა, ევროპის უამრავ ქვეყანაში, იქ, საითკენაც თვალი უჭირავთ, უსახსრო ოჯახებს ბინებით აკმაყოფილებენ, აქ ამას საბჭოთა გადმონაშთად თვლიან.

მინდა, მეზღაპრე დავით ნარმანიას ვკითხო: იცავს თუ არა კანონებს, რომლებიც ბინების მშენებლობას ეხება? იცის თუ არა მოსახლეობის აზრი იქ, სადაც მრავალსართულიანი სახლები შენდება? მათემატიკის ინსტიტუტის გასხვისების შეჩერება შეეძლოთ, მაგრამ არ გააკეთეს და იმ ადგილას მრავალსართულიან სახლს აშენებენ, იცის ნარმანიამ იქ მცხოვრებთა აზრი?

თბილისი 21- საუკუნისბუღა თურქებმა” _ სააკაშვილმა და უგულავამ გაანადგურეს, 853 წელს სწორედ ასე მოიქცა ბუღა თურქი _ ყველა ლამაზი შენობა გადაწვა და დაანგრია. სამწუხაროდ, ასე იქცევიან დღესაც. არავინ კითხულობს, რა ხდება დიღმის ტყეპარკში, მშენებლობები დროებით შეაჩერეს, ბალახი მოერია ტერიტორიას და აღარ ჩანს, თორემ შესაფერის მომენტს ელოდებიან და ისევ დაიწყებენ შენებას. ნარმანიას ეს არ აინტერესებს, ხმას არ იღებს; ხმას არ იღებს იმაზეც, რომ “ივერიის” გვერდით 40-სართულიან შენობას აშენებენ, ქვემოთ კი მეტროს ხაზი გადის. დეველოპერული კომპანიების ნდობა არ შეიძლება _ ისინი პასუხს შენობის არც სიმყარეზე, არც ხარისხზე, არც სილამაზეზე არ აგებენ. დიღომში უშველებელი მაღაზიები რომ ააშენეს, ყველგან, სადაც ბარი დაარტყეს, უძველესი ნივთები აღმოაჩინეს, ფოტოები გადაუღეს და ამით შემოიფარგლნენ.

იმას, რასაც დღეს დავით ნარმანია აკეთებს, თვალში ნაცრის შეყრაა. ვითომ მოქალაქეებს ხვდებიან, მაგრამ ვის უნდა ასეთი შეხვედრა თუ პრობლემა პრობლემად დარჩება?! აუცილებელია, რომ ნარმანიამ გადახედოს ნიადაგისა და ზონების კოეფიციენტებს, მან უნდა შეცვალოს უგულავასდროინდელი კანონები, ხოლო პროკურატურამ ყოფილ მერს ბრალი ამ კუთხითაც უნდა წაუყენოს. არქიტექტორული პროექტი საკმარისი არ უნდა იყოს მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის დასაწყებად. დედაქალაქის მცხოვრებთა უფლებების დაცვა მერს ევალება, არჩეულ მერს, ასევე _ თანამშრომლებს, რომლებიც დიდი ზარზეიმით ინიშნებიან და ძალიან მოუცლელები არიან. ვეკითხები დავით ნარმანიას: არსებობს დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა? თუ ასეთი გეგმა არ არსებობს, მაშინ რით განსხვავდებაოცნება” “ნაციონალური ხროვისგან”?!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here