Home რუბრიკები საზოგადოება დემურ გიორხელიძე: ქვეყანაში შედეგი არის ნულოვანი და სიტუაცია არ არის შეცვლილი!

დემურ გიორხელიძე: ქვეყანაში შედეგი არის ნულოვანი და სიტუაცია არ არის შეცვლილი!

592

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში _ დემურ გიორხელიძე ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს და  მოუწოდებს მას, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის ნაცვლად, ხალხს მიხედოს…


_ პრემიები, სახელფასო დანამატები _ ეს ამჟამინდელი ხელისუფლების ყველაზე სულმოკლე ნაბიჯია. ნულოვანი შედეგების ფონზე დაიწყო მძლავრი ე. წ. საპრემიო მოძრაობა. მართალია, სახელმწიფო მოხელეს უნდა ჰქონდეს ნორმალური ხელფასი,  რათა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა საკუთარი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს. ასეთი სიხარბე გაუმართლებელი ნაბიჯია და უკვე ამით თავიანთ რეპუტაციას ძალიან ავნეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს დაურეგულირებელი საკითხი.

 ხელისუფლების მეორე დიდი შეცდომა და სიხარბის მაჩვენებელი  არის ის, რომ სახელმწიფო სამსახურებში  გაუმართლებელი დიფერენციაციაა. ეს წინა ხელისუფლების შემოღებული სტილია, როდესაც მათ მიერ გავლებულ წითელ ხაზს ზემოთ მოხვედრილი საჯარო მოხელეების ხელფასები უზარმაზარი იყო, ქვემოთ კი _ მიზერული. ეს ყველაფერი დღესაც შენარჩუნებულია, რაც დაუშვებელია სახელმწიფო სამსახურში. არ შეიძლება მინისტრისა და მისი დაბალი რანგის თანამშრომლის ხელფასი ასე რადიკალურად განსხვავდებოდეს.

მესამე და ასევე საშინელი შეცდომაა, არასამეურნეო ფუნქციის მქონე სახელმწიფო დაწესებულებებში, მათ შორის, სამინისტროებში, რომლებსაც არანაირი სამეურნეო მაჩვენებელი არ აქვს, ყოველთვიური პრემიების წერა, თანაც საკუთარი თავისთვის. ყველა ხელმძღვანელი საკუთარ თავს უწერდა მაღალ პრემიას, რაც გაუგონარია, რადგან, როგორც წესი, ზემდგომი პირი გარკვეული შედეგების საფუძველზე უნდა აფასებდეს სახელმწიფო მოხელის შრომას და დამსახურების მიხედვით პერიოდულად უწერდეს ფულად პრემიასჩვენთან კი პრემია გახდა შემოსავლის წყარო და დემაგოგიის საფუძველი. აკი ამბობენ, _ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და გვეკუთვნის პრემიებიო. თუ ხელისუფლება 24 საათის განმავლობაში მუშაობს, გამოდის, ძალიან ცუდად მუშაობს, რადგან ბოლო ორი წელია, საქართველოს არ ჰყავს ეფექტიანი მთავრობა. ასეთი მუშაობისთვის სამინისტროებში ნამდვილად არ ეკუთვნით პრემიები, რადგან ეს არის ხალხის, სახელმწიფო ბიუჯეტის ფული. არ არის განსაზღვრული, რაზე უნდა იყოს თითოეული სამინისტრო ორიენტირებული. ასევე არ არის ქვეყნის განვითარების სტრატეგია მიღებული. დამტკიცებული კი არა, მონახაზიც კი არ აქვს თითოეულ სამინისტროს, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში რა უნდა გააკეთოს, არც შედეგებია შეჯამებული და რას ეძახიან კარგად მუშაობას, ვერ ვხვდები. ეს არის სუბიექტური, საკმაოდ ხარბი საქციელის შედეგი.

_ როდესაც თავიდან გააპროტესტეს პრემიების ყოველთვიურად გაცემა, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ჩემი თანამშრომლები იმსახურებენ ამ პრემიებსო.

_ რის საფუძველზე შეაფასა თავისი თანამშრომლები  წულუკიანმა? _ ეს, რა თქმა უნდა, არავინ იცის. როდესაც ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა და ვერ შეიქმნა სამუშაო ადგილები, როცა ადამიანების შემოსავლები იკლებს, როდესაც სახელმწიფოში დიფერენციაცია უზარმაზარია, მთავრობას არ აქვს უფლება, თქვას, რომ შედეგს მიაღწია! ქვეყანაში შედეგი არის ნულოვანი და სიტუაცია არ არის შეცვლილი.

_ რამ გამოიწვია საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონე?

_ ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგი. ბოლო ოცი წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლების დღის წესრიგში არ იდგა ხალხის დასაქმების საკითხი. წინა ხელისუფლებამ კი, საერთოდ, ბოლო მოუღო ამ პოლიტიკას. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, მართალია, მძიმე მემკვიდრეობა მიიღო, მაგრამ მაინც ვერაფერი შეცვალა _ ბოლო 20 წლის განმავლობაში უმუშევართა რიცხვი, ფაქტობრივად, არ შემცირებულა.

_ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ხელისუფლება ამბობს, რომ ამით საქართველოს ეკონომიკას ეშველება. საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს ხელშეკრულება არაფრის მომცემია და ჩვენი ეკონომიკის გასავითარებლად რუსეთის ბაზარზე შესვლაა აუცილებელი

_ უახლოესი 7-10 წელი მაინც დასჭირდება საფუძვლიან გარდაქმნებს ქვეყანაში, ამ ხელშეკრულებიდან სარგებლის მიღება რომ შევძლოთ. დღეს ქვეყანა მოუმზადებელია დიდი მოცულობის, კარგ ბაზარზე შესასვლელად, რადგან არაფერი გაგვაჩნია, გარდა პრიმიტიული პროდუქციისა, რომლის იქ გატანაც არ ღირს. არადა, ევროპულ ბაზარზე საქართველო მაღალხარისხიანი პროდუქციით უნდა შევიდეს, სარგებელი რომ ვნახოთ. როდესაც ევროკავშირისკენ მიდიხარ, პირობებიც უნდა გათანაბრდეს ბიზნესმენებისთვის, მოქალაქეებისთვის. თუ პირობები არ გათანაბრდა, თუ მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესს არ შეექმნა ისეთი გარემო, როგორიც ევროპაშია, როგორ უნდა გახვიდე ევრობაზრზე?!

ჩვენი კი მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში უამრავი დანართი, ანალიზი და პროგნოზია 2019 წლის ჩათვლით. 2018 წლისთვის ექსპორტის წილი იქნება 20,3 პროცენტი, ესე იგი დღევანდელი 17,2 პროცენტი 4 წელიწადში გაიზრდება 20,3 პროცენტამდე, ანუ, საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული პროგნოზით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. ეს ჩემი სუბიექტური აზრი კი არა, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტია.

_ ხელისუფლება იმედს ამყარებს ინვესტორებზე

_ რომლებიც ჯერ არც აპირებენ შემოსვლას… ინვესტიციების შემოდინებამდე საკმაო მანძილია გასავლელი, რადგან ქვეყანაში არაფერი ხდება  თავისუფალი ინვესტირების განსახორციელებლად, უცხოელებმა რომ კანონის ფარგლებში იმოქმედონ ქართველ პარტნიორებთან. ყველა უცხოელს უნდა ხელისუფლების მხარდაჭერა, რადგან კარგად იციან, რა მდგომარეობაც არის საქართველოში, რომ სრული ქაოსია საკუთრების უფლებების დაცვის თვალსაზრისით; არის ლობირებული ბიზნესები, რომლებიც არ ექვემდებარება საბაზრო ეკონომიკაში ფუნდამენტური მნიშვნელობის კონკურენციულ პირობებს; არ არის თანასწორი პირობები მეწარმეობის თვალსაზრისით; სამართალი კვლავ შერჩევთია და ა. შ. ეს ყველაფერი ინვესტორებმა შესანიშნავად იციან და ამიტომაც არ ჩქარობენ საქართველოში შემოსვლას. ის ინვესტიციები, რომლებიც ამჯამად არის საქართველოში, მიზერულია და სიტუაციას ვერ შეცვლის.

_ ეკონომიკის სამინისტროს მუშაობას როგორ შეაფასებთ?

_ არ მგონია, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციაში რაიმე ბრალი მიუძღოდეს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რადგან დღევანდელი კონსტიტუციური წყობა ისეთია, რომ ყველგან მთავრობა ფიგურირებს. აღმასრულებელ რგოლში სწორედ მთავრობაა დომინანტი. სისტემაა მოუქნელი _ ცალკეულ ხელმძღვანელებს არ აძლევს დამოუკიდებლად მოქმედების სტიმულს და სამინისტროებიც ამიტომ არიან პასიურნი, რაც სამთავრობო პოლიტიკის ნაკლია. განსაზღვრული არ არის მიმართულებები, შეფასების კრიტერიუმი, ანუ მიაღწიეს თუ არა მიზანს, ამიტომაც მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება ეპიზოდურად.

_ რამდენიმე დღის წინათ პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნებმა შეავსეს ქონებრივი დეკლარაციები, თუმცა ბევრმა მათგანმა დამალა ქონება. მაგალითად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა არ მიუთითა ის პრემიები, რომლებზე თქვენ ზემოთ ილაპარაკეთ.

_ როგორც ვიცი, აქ საუბარია დიდ პრემიებზე. ეს არის სისტემის შედეგი და არა დარბაიელის ბრალი. მაღალჩინოსნებს რის უფლებასაც აძლევდა არასწორი სისტემა, ისე იქცეოდა ბატონი დარბაისელიც და სხვა დარბაისლებიც.

_ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ახალი მთავრობის ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ამ პრემიების გამოწერა იყოო

_ არ ვფიქრობ, რომ ეს პრემიები ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ეს მთავრობის ერთ-ერთი ცუდი საქციელია. რაც შეეხება შეცდომებს, ამ მთავრობამ 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ის, რომ დღეს არაფერი კეთდება სამუშაო ადგილების შესაქმნელად; ის, რომ ვერც ერთი მძლავრი სახელმწიფო პროგრამა ვერ ამუშავდა, რომელიც დასაქმების მაჩვენებელს ოდნავ მაინც გააუმჯობესებდა; ის, რომ ვერ გაჩნდა ეკონომიკური ზრდის ახალი ფაქტორები, არის ყველაზე დიდი შეცდომა! თუ ასე გაგრძელდა, იმის მიხვედრას, რა მოელის ჯერ ქვეყანას და შემდეგ ამ მთავრობას, დიდი ანალიტიკური უნარი არ სჭირდება. დააკვირდით მარკეტებს, რომლებშიც პირველადი სასიცოცხლო პროდუქცია იყიდება _ შემცირდა საქონელბრუნვა, შემცირდა შემოსავლები, ბანკებში გაიზარდა სესხების გადაუხდელობის შემთხვევები. ეს ყველაფერი მიანიშნებს, საით მიექანება საქართველო. ამიტომაც ვამბობ: დროა, დაასრულოს ხელისუფლებამ თავის კეთილდღეობაზე ზრუნვა და ხალხს მიხედოს!

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. Существуют прописные истины! Для того чтобы иностранные инвестиции входили бы в страну необходимо совсем немного:
    1.Цивилизованная,спокойная политическая среда;
    2.Наличие дешевой и желательно квалифицированной рабочей
    силы.
    3.Оптимальная,в рамках здравого смысла, налоговая система.
    4.Наличие права у иностранных граждан приобретать недвижимость и земельные наделы.
    Существуют конечно разные нюансы,но вышеперечисленное
    является основным условием притока инвестиций.Все иные
    разговоры, ест пустая болтовня!
    А теперь давайте задумаемся,что из перечисленного может предложить Грузия потенциальному инвестору?НИЧЕГО!
    Делового человека интересует потенциальная прибыль, не сациви и лобио!
    Делайте выводы!

  2. 100% გეთანხმებით ბატონო დემურ.ქვეყანას ასეთი დონის სპეციალისტი ყავდეს და არ იყენებდეს სახელმწიფო,ეკონომიკური პოლიტიკის განვითარებისთვის,ესეც შეცდომაა,ამ მთავრობის!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here