Home რუბრიკები პოლიტიკა კათხა ლუდი, გიორგი მარგველაშვილი და პოლონელი სანტექნიკოსი

კათხა ლუდი, გიორგი მარგველაშვილი და პოლონელი სანტექნიკოსი

500

იმისათვის, რომ ერთი კათხა ლუდი შეუკვეთოს, საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა 15 საათი და 6 წუთი უნდა იმუშაოს. ამ მონაცემებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკაზე დაყრდნობით, პოლონური “ონეტ ბიზნესი” აქვეყნებს და იქვე სხვა ქვეყნების მაჩვენებლები მოჰყავს: გერმანია _ 24 წუთი, პოლონეთი _ 48 წუთი, უკრაინა _ 1 საათი და 12 წუთი, ეგვიპტე _ 4 საათი და 6 წუთი და ა. შ. პოლონელი მკითხველების კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი შეძრწუნებულნი არიან ლუდის ქართველი მოყვარულების მძიმე ხვედრით, რომელსაც პირამიდების მშენებელი მონების  ხვედრს თუ შევადარებთ. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში პარალელების გავლება არ გამოგვივა, რადგან პირამიდების მშენებლობაზე დასაქმებულ მონებს ყოველდღე, სრულიად უფასოდ ერთ დოქ ლუდს აძლევდნენ.


რა თქმა უნდა, პოლონელმა ჟურნალისტებმა “ალკო-რეიტინგი” ლუდისა და სარესტორნო მომსახურების ევროპულ ფასებზე დააფუძნეს და მათ წარმოდგენა არ აქვთ იმ ჩამოსასხმელ კოშმარზე (და სერვისზე), რომელიც ქართველებს შედარებით იაფი უჯდება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, საქართველოს სიღარიბე სხვა ქვეყნების ფონზე ნებისმიერ შემთხვევაში ამაზრზენად გამოიყურება.

ლუდს დროებით თავი დავანებოთ, მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები კედლებზე წერდნენ: “არ დაიღუპო თავი, როდესაც ლუდხანში ზიხარ, უგონოდ არ დათვრე და ფიცი არ დაივიწყო”. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9%-ით გაძვირდა და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასი კლებულობს. არც წამლები გაიაფებულა (უფრო პირიქით), საწვავზე რომ არაფერი ვთქვათ. ქართულ ეკონომიკაში კვლავინდებურად სრული ხიროსიმაა (კი, ბატონო, ფუკუსიმა) და ხელისუფლება, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს, რომ ასეთ სიტუაციაში მოსახლეობის გაღიზიანება არ შეიძლება. არავინ მოითხოვს მყისიერ ეკონომიკურ სასწაულს, მაგრამ ხარის თვალწინ წითელი ნაჭრის აფრიალება მაინც და მაინც არ ღირს. სწორედ ეს გააკეთა დავით ნარმანიამ, როდესაც თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს სახელფასო დანამატები დაუნიშნა, რომელიც არათუ ხარისხიანი ლუდის დალევას, არამედ კოხტა პერსონალური პირამიდების აშენებასაც ეყოფა.

წელიწად-ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა საზოგადოების ომი ახალ ხელისუფლებასთან სახელმწიფო მოხელეების ების მაღალი პრემიების გამო. ბოლოს, ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, მივიდა დასკვნამდე, რომ ეს თემა მის გუნდს ბევრ ქულას აკარგვინებს, ერთ-ერთ ინტერვიუში უკმაყოფილება გამოთქვა და მთავრობამ დაუყოვნებლივ მოამზადა დადგენილების პროექტი, რომელიც სრულყოფილი ნამდვილად არ იყო, თუმცა მეტ-ნაკლებად მისაღებ ახალ ნორმებს შეიცავდა. პრემიამ დაკარგა “მეორე ხელფასის” დატვირთვა, რომელიც მას ჯერ კიდევ “ნაციონალებმა” შესძინეს. საზოგადოება მეტნაკლებად დამშვიდდა და ამ დროს ავანსცენაზე გამოვიდა დავით ნარმანია თავისი ბრძანებით, რომლითაც დედაქალაქის ვიცემერს _ 3540, მერის მოადგილეს _ 3360, მერიის ადმინისტრაციის უფროსს _ 3180, მის პირველ მოადგილეს – 2000, “უბრალომოადგილეს _ 1800, საქალაქო სამსახურის უფროსს _ 2600, რაიონის გამგებელს _ 2600, რაიონის გამგებლის მოადგილეს _ 1800, მერიის აპარატის (სამსახურის) მრჩეველს _ 1300 ლარის ყოველთვიური სახელფასო დანამატი დაუნიშნა.

აქ, ალბათ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ერთ ნიუანსს: საქართველოში, ზოგადი სიღარიბის მიუხედავად, მაღალჩინოსნების მაღალ ხელფასებს გაცილებით ლიბერალურად უყურებენ, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. ასე მაგალითად, არავინ დასდევს მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელებს, რომელთაც საკმაოდ შთამბეჭდავი ხელფასები აქვთ, მაგრამ აქ საუბარია არა ხელფასზე, არამედ დანამატზე, რომელიც საზოგადოების უმრავლესობამ ამ შემთხვევაში აღიქვა, როგორც შენიღბული პრემია იმ მნიშვნელობით, რომელიც ამ სიტყვამ ბოლო წლებში შეიძინა (ბიუჯეტიდან დამატებითი შემოსავლის უპრობლემო მიღება) და ჩათვალა, რომ ხელისუფალნი ისევ მის მოტყუებას ცდილობენ. აქ მთავარია არა იმდენად ფული, რამდენადაც პრინციპი და დავით ნარმანიამ, როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ გააანალიზა ფრიად დელიკატური პრობლემის ეს ასპექტი.

საბოლოოდ, მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოების დიდი ნაწილი შემდეგ ფორმულამდე მივიდა: მხოლოდ ხელფასი (პლუს პრემია განსაკუთრებულ შემთხვევებში); არანაირი უცნაური დანამატები და ფსევდოპრემიები. თუ ხელისუფლება ამ მიდგომას გაიზიარებს, პრობლემა, სავარაუდოდ, მოიხსნება, წინააღმდეგ შემთხვევაში 2016 წლის არჩევნებში შეიძლება მოულოდნელი და საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზი მიიღოს.

რამდენად მაღალი უნდა იყოს მაღალჩინოსნების ანაზღაურება, ცალკე საუბრის თემაა. როგორც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა: “მე ხელზე მაქვს 5 ათასი ლარი… ვთვლი, ეს ის ხელფასია, რომელიც ღირს, რომ ვემსახურო სამშობლოს”. ძნელი სათქმელია, უღირს თუ არა სამშობლოს, წულუკიანს 5 ათასი გადაუხადოს; სამშობლოს ამასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. მაგრამ, ალბათ, აჯობებს ისევ “ონეტ ბიზნესის” “ლუდის ინდექსს” დავეყრდნოთ, რომლის თანახმად, 2013 წელს პოლონეთის საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს, თუნდაც იმავე “პოლონელ სანტექნიკოსს”, თავისი ხელფასით 903 (ნახევარლიტრიან ბოთლებში) ლუდის ყიდვა შეეძლო, მაშინ, როდესაც 2003-ში მხოლოდ 296-ის. ერთი შეხედვით, ქვეყნის პრესტიჟი მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პოლონელ სანტექნიკოსზე მეტი ლუდის ყიდვა შეძლოს. მაგრამ, მეორე მხრივ, ის სანტექნიკოსი ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს, ხოლო რას გვიკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, ჯერჯერობით გაუგებარია. ზის ავლაბრის რეზიდენციაში, როგორც ხეოფსი პირამიდაში და დროგამოშვებით უცნაურ კომენტარებს აკეთებს, რომელთა შინაარსმა და ზოგადმა სულისკვეთებამ შეიძლება დაგვაფიქროს იმაზე, რომ არათუ 903 ან 296, არამედ თუნდაც ათი ბოთლი თვეში ფიგურანტს ჭკუიდან გადაიყვანს. გავიხსენოთ თუნდაც მისი ბოლო ეპიკური დიალოგი აშშის ელჩთან.

ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რიჩარდ ნორლანდი გამოცდილი დიპლომატია, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესებს ძალიან კარგად იცავს. კითხვაში, რომელიც მან მარგველაშვილს დაუსვა, კომენტატორებმა არაერთი ქვეტექსტი აღმოაჩინეს. “როდესაც დაიგეგმება პრეზიდენტის რანგში თქვენი პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, რომელიც, ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში მოხდება, მაინტერესებს, როგორ მიიღებთ ზოგიერთი სკეპტიკოსის მოსაზრებას, რომლებიც კვლავ არიან ვაშინგტონში, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უფრო წარსულით არის შეპყრობილი, ვიდრე მომავლით?”. ზოგმა ამ სიტყვების უკან დაინახა მხარდაჭერის შეთავაზება სასურველი პოზიციის დაკავების სანაცვლოდ, თუმცა შესაძლოა, უფრო საინტერესო აქ მარგველაშვილის ახსნა-განმარტების, ლამის თავის მართლების რეჟიმში გადაყვანაა, რომელიც ნორლანდს, ნებსით თუ უნებლიეთ, შესანიშნავად გამოუვიდა.

ელჩის კითხვას ამ ჩვენმა სანტექნიკოსმა (უკაცრავად, ფილოსოფოსმა) დაუვიწყარი მონოლოგით უპასუხა: “ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენ ვდგავართ რამდენიმე გამოწვევის წინაშე და ვაღიარებთ ამ გამოწვევას. ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობრები ევროპასა და აშშ-ში, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან, რომელთაც მართლაც ბევრი გააკეთეს ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის (ვგულისხმობ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, უელსის სამიტს), შეწუხებული არიან იმით, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში; შეწუხებული არიან, ასევე, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სამართლებრივი დევნის კონკრეტული შემთხვევებით. ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, არის ის, რომ მეც მაღელვებს ეს და ყურადღებით ვუსმენ დასავლელ კოლეგებს. მეორე, ვფიქრობ, უნდა მივცეთ ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა, ეს ღია დისკუსიის გზით დაძლიოს და გავაუმჯობესოთ ჩვენი დემოკრატიულობის სტანდარტები. თუ გვექნება სასამართლოსთვის, პროკურატურისთვის კარნახის მცდელობა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ჩვენ ვერ მივალთ დემოკრატიის მაღალ დონემდე. ეს შიგნით უნდა გაკეთდეს და ამ დისკუსიებში სამოქალაქო საზოგადოებას უფრო დიდი როლი უნდა ჰქონდეს. პოლიტიკური ვერდიქტი არჩევნების დღეს სრულდება. პოლიტიკური ვერდიქტი დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულდება, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი მიდის ხელისუფლებიდან, მეორე კი მოდის. ჩვენ ამას თვალს ვადევნებდით სამი არჩევნების განმავლობაში. ეს არის, როდესაც პოლიტიკური ვენდეტა სრულდება. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას” (ინტერპრესნიუსი).

პირველი და მთავარი _ ის, ვინც პირდაპირ ან ირიბად ეჭვქვეშ აყენებს კანონის უზენაესობის პრინციპს, არ შეიძლება საქართველოს მეგობრად იწოდებოდეს. მეტიც, ასეთი ადამიანი (ან ჯგუფი) ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს მტერია. ბრალდებული მაღალჩინოსნების ბედს სასამართლო პროკურორებისა და ადვოკატების დისკუსიის კვალობაზე გადაწყვეტს. ნებისმიერი სხვა დისკუსია საზოგადოებაში თუ არასამთავრობოთა ვიწრო წრეში მასზე გავლენას ვერ მოახდენს. კანონი კანონია და მასზე მაღლა არავინ დგას.

მარგველაშვილს სრული უფლება აქვს, ყურადღებით მოუსმინოს დასავლელ კოლეგებს ან, სულაც, მონტე-კარლოს რადიოს და წარმოთქვას ბუნდოვანი მონოლოგები, რომელთაც არათუ პლატონი და სოკრატე, არამედ ცხონებული ავლიპიც ვერ გაშიფრავდა, მაგრამ საზოგადოებამ, ალბათ, მკაფიოდ უნდა განუმარტოს მას, რომ პოლიტიკური კონიუნქტურის მიმართ მართლმსაჯულების დაქვემდებარების ნებისმიერი მცდელობა, ორმაგი თამაში უცხოელებთან ამომრჩეველთა ზურგს უკან მას კატასტროფამდე მიიყვანს.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ძებნილად გამოაცხადეს, საზოგადოების ნაწილმა ყურადღება მოადუნა, ჩათვალა, რომ ყველაფერი რიგზეა და არანაირ “არაფორმალურ ხელშეუხებლობას” ადგილი არ ექნება. თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება პარლამენტის ვიცესპიკერ ზვიად ძიძიგურის განცხადებას (შესაძლოა, ეს იყო თავისებური წინმსწრები ტესტი საზოგადოებისთვის): “თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს გაამტყუნებს და მისი დაპატიმრება, როგორც ყოფილი პრეზიდენტისა, ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზარალებელი იქნება, არსებობს შეწყალების მექანიზმი. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ეს მექანიზმი უნდა იქნას ამოქმედებული და პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს”. აქ პრობლემა ის როდია, რომ მარგველაშვილმა შეიძლება სააკაშვილი შეიწყალოს _ მოგვწონს ეს თუ არა, მას შესაბამისი უფლება აქვს და, ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ამას აუცილებლად გააკეთებს. აქ მნიშვნელოვანია სულ სხვა იდეა _ შეწყალება წარმოსახვითი პოლიტიკური ზარალის საფუძველზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს. აგრეთვე, (ისევ და ისევ) მართლმსაჯულების დაქვემდებარება პოლიტიკის მიმართ, რომელიც აბსოლუტურად შეუწყნარებელია სამართლებრივ სახელმწიფოში. უცნაურია, მაგრამ დაინტერესებული კომენტატორების უმრავლესობამ ძიძიგურის ეს რეპლიკა “გაატარა”.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, “საუკუნის პროცესისდაწყებამდე არც ისე ბევრი დრო რჩება. მანამდე კი, ალბათ, იმასთან დაკავშირებით ჩამოყალიბება მოგვიწევს, რამდენად იმსახურებს მარგველაშვილი პოლონელი სანტექნიკოსის ხელფასს და სჭირდება თუ არა მას 903 ბოთლი ლუდი თვეში.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here