Home რუბრიკები პოლიტიკა “თურქეთი გვეუბნება, აჭარა ჩემია, მაგრამ დროებით გითმობთ და, თუ რამე მოხდება და...

“თურქეთი გვეუბნება, აჭარა ჩემია, მაგრამ დროებით გითმობთ და, თუ რამე მოხდება და არ შეასრულებთ ყარსის ხელშეკრულების პუნქტებს, ჩემთან გექნებათ საქმეო”

2202

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” წინა, 35-ე ნომერში (1-7 ოქტომბერი, 2014წ) პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ თამარ კიკნაძეთან გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ, რომელშიც ქალბატონმა თამარმა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობასა და ყარსის ხელშეკრულებაზე ისაუბრა, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ამიტომ დღეს გთავაზობთ ყარსის ხელშეკრულების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. გვესაუბრებიან ქართული დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი სიმონ კილაძე და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე.


სიმონ კილაძე:

_ საქართველო-თურქეთის (ოსმალეთის) ურთიერთობა მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასთან, უფრო მეტიც, ხშირად ორი დიდი იმპერიის სამხედრო დაპირისპირება განსაზღვრავდა ხოლმე საქართველოს ბედს. ასე იყო XVIII (იასის სამშვიდობო ხელშეკრულება _1792 წელს) და XIX საუკუნეებში (ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება _1829 წელს; სან-სტეფანოს სამშვიდობო ხელშეკრულება _1878 წელს). საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო სანსტეფანოს ზავი, რომლის თანახმად, რუსეთის იმპერიამ დამარცხებული ოსმალეთისაგან ისტორიული ქართული ტერიტორიები (ტაოკლარჯეთი, ერუშეთი და სხვ.) მიიღო. 1878-79 წლების ომის შედეგების მიხედვით კი, რუსეთის იმპერიამ ბათუმი და ართვინ-არტაანი ოსმალეთისგან კონტრიბუციის სახით მიიღო. სან-სტეფანოს ხელშეკრულებითა და, მოგვიანებით, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, დადგენილი რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი უცვლელი იყო 37 წლის განმავლობაში. პირველი მსოფლიო ომის კავკასიის სამხედრო თეატრს კორექტივები შეჰქონდა სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხებში: ბათუმსა და ართვინს ჯერ ოსმალები (ბრესტის 1918 წლის ზავის შედეგად), მოგვიანებით კი, ოსმალეთის დამარცხების შემდგომ (მუდროსის 1918 წლის ზავით), ბრიტანელები დაეუფლნენ, არტაანი კი პროთურქული ელემენტებისაგან ჩამოყალიბებულმა თვითმარქვია .. ყარსის რესპუბლიკამ ჩაიგდო ხელში.

თურქეთის მთავრობა მოქმედებდა 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოსა და სომხეთთან დადებული კაბალური ხელშეკრულებებით და როგორც საქართველოს ისტორიულ აჭარატაოკლარჯეთს, ასევე სომხურ ყარსსა და ყაგიზმანს (ანუ აღმოსავლეთით და ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარე ვილაიეთებს) თავის ტერიტორიებად მიიჩნევდა. ქემალისტებმა თავიანთი ამბიცია იურიდიულადაც გამოხატეს სივასის კონგრესზე და იმხანად უკვე ინგლისელების მარიონეტად ქცეული ოსმალეთის პარლამენტი (მეჯლისი) აიძულეს, 1920 წლის იანვარში მიეღო ე.წ. ეროვნული აღთქმა _ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. ამ დადგენილებაში თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი ბათუმის ოლქი, რომელიც დედასამშობლოს 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა. ამასთანავე, პარლამენტმაეროვნულ აღთქმაშიმოსახლეობის ნების პლებისციტით გამოხატვის პრინციპიც შეიტანა. “აღთქმის” საფუძველზე პირველი პროტესტი ტერიტორიების გამო თურქეთმა საქართველოს ჯერ კიდევ 1920 წლის ივლისში გამოუცხადა, როცა დიდმა ბრიტანეთმა აჭარიდან ჯარები გაიყვანა და ბათუმი დაგვიბრუნდა, თუმცა ქემალისტების პროტესტისათვის თბილისს ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია. არადა, თითქმის იგივე განმეორდა 1921 წლის იანვარშიც, როცა საქართველოს დიპლომატიური მისია სიმონ მდივნის ხელმძღვანელობით ანკარაში ჩავიდა: საზღვრებზე საუბრისას მუსტაფა ქემალმაეროვნული აღთქმაშეგვახსენა და მისი ტექსტი გადმოგვცაო, _ ატყობინებდა ქართველი ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისში.

ეროვნული აღთქმათურქეთისთვის დღესაც მოქმედი იურიდიული დოკუმენტია, რადგან სწორედ მასშია ასახული თანამედროვე თურქეთის ტერიტორია.

1921 წლის 19 თებერვალს თურქები მოსკოვში ჩავიდნენ, ხოლო რუსეთ-თურქეთის კონფერენცია 26-ში დაიწყო. ხელშეკრულების პროექტის შემუშავებისას მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულება უნდა ყოფილიყო თურქეთის ტერიტორიისა და მისი აღმოსავლეთის საზღვრის აღიარება რუსეთის მიერ.

მარტის დასაწყისში, ანკარიდან მიღებული დირექტივების საფუძველზე, იუსუფ ქემალმა რუსეთის მთავრობას მოსთხოვა, რომ ბათუმი, ართვინი და არტაანი, აგრეთვე, ყარსი თურქეთის შემადგენლობაში ეღიარებინა. ამით მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს ქალაქები მხოლოდ და მხოლოდ თურქეთს ეკუთვნის

 და აი, საქართველოსათვის ასეთ დრამატულ ჟამს არენაზე გამოჩნდა კავკასიის პრობლემათა მცოდნე, რუსეთის ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარი იოსებ სტალინი. როგორც თურქი მკვლევარები ამტკიცებენ, მოლაპარაკებისას წარმოქმნილი უთანხმოების გადაჭრაში მთავარი როლი სწორედ სტალინს შეუსრულებია. 9 მარტს, გვიან ღამით, ლენინმა თურქებთან საკითხის გარკვევა იოსებ სტალინს დაავალა, 10 მარტს იუსუფ ქემალმა თავისი მოთხოვნები თურქეთის შემადგენლობაში ბათუმართვინისა და ყარსის აღიარებაზე უკან წაიღო, ორიოდე დღის შემდეგ კი ხელშეკრულების პროექტზე საზეიმო ხელმოწერის თარიღად 16 მარტი დაინიშნა.

_ მაინც რა მოხდა 9 მარტის ღამეს ისეთი, რამაც თურქების პრეტენზიები დააცხრო?

_ ზუსტად თქმა ძნელია, მაგრამ შედეგი გვაფიქრებინებს, რომ სტალინმა პრიორიტეტი მიანიჭა ბათუმის, როგორც შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანესი ნავსადგურისა და ბაქოს ნავთობსადენის ბოლო მონაკვეთის შენარჩუნებას. თურქებს თითქოს უთქვამთ, ბათუმი ჩვენია, მისი სიუზერენები ჩვენ ვართ, მაგრამ გითმობთ, ოღონდ აჭარას ავტონომიის სტატუსი უნდა მიანიჭოთო.

რასაკვირველია, სტალინმა კარგად იცოდა, რომ ისტორიული ტაო-კლარჯეთი ქართული ცივილიზაციის აკვანი იყო, მას ხომ სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული და ისიც იცოდა, რომ თურქეთისათვის გადაცემულ ტერიტორიაზე უამრავი ქართული ქრისტიანული ძეგლი იყო შემორჩენილი. მაშ, რატომ მოხდა, რომ შატბერდი, ბერთა, ანჩი, პარხალი და იშხანი მუსლიმანებს დარჩათ? პასუხის გაცემა ძნელია. შეიძლება სტალინი ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ დროებითია, იმჟამად აუცილებელი იყო თურქეთთან მეგობრობის შენარჩუნება, ვითარებას კი მომავალში გამოასწორებდა.

მოვლენებს თუ გავუსწრებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სტალინმა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიების საკითხი მართლაც გაიხსენა და ჯერ პოტსდამის კონფერენციაზე, შემდეგ კი გაეროს გენასამბლეის სესიაზე თურქეთს ქართული და სომხური მიწების დაბრუნება ოფიციალურად მოსთხოვა

1921 წლის 16 მარტს მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში ხელი უნდა მოეწერათ რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებაზე. სხდომათა დარბაზში შევიდა თურქეთის დელეგაცია: ეკონომიკის მინისტრი იუსუფ ქემალ თენგირშენქი (მეთაური), თურქეთის ელჩი რუსეთში, გენერალი ალი ფუად ჯებესოი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რიზა ნური-ბეი…

სსრკ-ის საგარეო საქმეთა კომისარმა ჩიჩერინმა თურქი დიპლომატები მიიწვია მაგიდასთან, რომელზეც ხელშეკრულების პარაფირებული ტექსტი იდო. დოკუმენტს ხელი ჯერ ჩიჩერინმა და სრულიად რუსეთის ცკ-ის წარმომადგენელმა ჯელალ კორკმასოვმა მოაწერეს, შემდეგ კი _ იუსუფ ქემალმა, რიზა ნურიმ და ალი ფუადიმ.

სწორედ მოსკოვის ხელშეკრულებითაა “დაბადებული” ყარსის ხელშეკრულებაც.

მოსკოვში ხელმოწერილი 16-მუხლიანი დოკუმენტის მთავარი მარცვალი პირველ მუხლშია, რომელშიც თურქეთის ჩრდილოდასავლეთი საზღვარია მოცემული. “ცნებაშითურქეთიიგულისხმება ის ტერიტორიები, რომლებიც განისაზღვრა ოსმალეთის დეპუტატთა პალატის მიერ შემუშავებული 1336 (1920) წლის 28 იანვრისეროვნული აღთქმით”. შემდეგ აღწერილია თურქეთის ამჟამინდელი საზღვარი _ სარფიდან ნახიჭევანამდე. რაც შეეხება ბათუმის ოლქს, მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტის მეორე მუხლში ვკითხულობთ: “თურქეთი თანახმაა, დაუთმოს თავისი სიუზერენიტეტი საქართველოს ბათუმის პორტზე, ქალაქსა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ: 1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო ავტონომიით ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და მიიღებს ისეთ საადგილმამულო კანონს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება; 2) თურქეთს მიეცემა ბათუმის პორტით სხვადასხვა საქონლის თავისუფალი ტრანზიტის უფლება, ბაჟისა და დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების დაუბეგრავად”.

1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში თურქეთისა და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს მეგობრობის ხელშეკრულებას, რომელიც მოსკოვური დოკუმენტის დებულებებს იმეორებდა. მეორე მუხლად უცვლელად იქნა შეტანილი მოსკოვის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ბათუმის ოლქს ეხებოდა: თითქოს ყველაფერი ნათელი იყო: თურქეთმა საქართველოს ბათუმზე თავისი სიუზერენიტეტი დაუთმო, საზღვარიც სარფზე გავიდა, საშიში არაფერია, მაგრამ გავიხსენოთ “ეროვნული აღთქმა”, რომელიც დღემდე არ შეცვლილა და თურქეთის ხელისუფლება მას მოქმედ კანონად მიიჩნევს.

თურქულმა მხარემ 1922 წლის 16 მარტს ანკარაში დიდი ეროვნული კრების დადგენილებით (კანონი #207) ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

_ როგორ განვითარდა მოვლენები ყარსის ხელშეკრულების დადების შემდეგ?

_ სულ რაღაც სამიოდე წლის წინათ ბევრ პოლიტიკოსსა და ექსპერტპოლიტოლოგს მიაჩნდა, რომ ყარსის ხელშეკრულება ისტორიის კუთვნილება იყო, რომ ის უიმედოდ მოძველდა და 90 წლის წინანდელი დიპლომატიური დოკუმენტის პირობები მხოლოდ მკვლევარებსღა თუ აინტერესებდათ, მაგრამხშირად წარსულის შეცდომები თავს გვახსენებს: 2008 წლის აგვისტოში თურქეთის დიპლომატიურმა აქტიურობამ, მისი ლიდერის მოსკოვურმა ვიზიტებმა და, როგორც ამბობენ, კრემლში განხილულმა აჭარის საკითხმა (თურქეთი ბათუმში ჯარების შეყვანას გეგმავდაო) კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ პრობლემა არსებობს.

საქართველომ არც ის უნდა დაივიწყოს, რომ ყარსის ხელშეკრულება, შეიძლება ითქვას, “უკვდავია”: ა) ცალმხრივად მისი დენონსაცია შეუძლებელია, რადგან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი დოკუმენტში ერთი მხარის სტატუსით სარგებლობენ. მართალია, დღევანდელი სომხეთი ყარსის დებულებებს სასაზღვრო საკითხებში არ აღიარებს, მაგრამ აზერბაიჯანისათვის ყარსის ხელშეკრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს _ ნახიჭევანის კუთვნილების გამო; ბ) ვიდრე არსებობს მოსკოვის ხელშეკრულება, იარსებებს ყარსის დოკუმენტის პირობებიც, რადგან რუსეთი და თურქეთი მოსკოვის ხელშეკრულებას ურთიერთობის მომწესრიგებელ უმთავრეს სამართლებრივ აქტად მიიჩნევენ, მას დღესაც უვადოდ თვლიან, ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავენ მისი ხელმოწერის დღეს და შესაბამისად, გინდაც გავაუქმოთ, ამით საქმე მაინც არ გამოსწორდება.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, როგორც კი დამოუკიდებლობა გმოაცხადეს საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ყარსის ხელშეკრულებამ შეიძინა ავტონომიურობის გაცლებით მაღალი ხარისხი და გადაიქცა დამოუკიდებელ ხელშეკრულებად. ყარსის ხელშეკრულების ბევრი მუხლი მოძველებულია, ბევრიც შესაცვლელია მაგრამ მთავარი არის ის, რომ ყარსის ხელშეკრულება საზღვრების მომწესრიგებელი დოკუმენტია.

_ ბოლო ხანს ბევრს საუბრობენ აჭარაში თურქების ფეხის მოკიდებაზე. დაიცავს კი ეს ქვეყანა ყარსის ხელშეკრულებას და არ დაარღვევს საზღვრებს?

_ თურქეთი გვეუბნება, აჭარა ჩემია, მაგრამ დროებით გითმობთ და თუ რამე მოხდება და არ შეასრულებთ ყარსის ხელშეკრულების პუნქტებს, ჩემთან გექნებათ საქმეო. დღეს თურქეთი მართლაც დიდი დოზით არის აჭარაში შემოსული, მუშაობენ თურქული კომპანიები და, ცხადია, რომ, რასაც ომით და იარაღით არ გააკეთებს, დიპლომატიური გზით შეეცდება. დღეს ბათუმში ქართულზე მეტად თურქულს გაიგონებსთ, ბათუმის აეროპორტიც კი მათია. უკვე ყველაფერი ხელში აქვთ და რაღაზე ვსაუბრობთ? იქ შექმნილ ვითარებას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და ზომები წინასწარ მივიღოთ.

_ ბევრს დავობენ ყარსის ხელშეკრულების ვადაზე

_ ამ ხელშეკრულებაში ისევე, როგორც მოსკოვის ხელშეკრულებაში ვადა არ არის მითითებული. ასე რომ, ორივე ხელშეკრულება შეიძლება, მუდმივ ხელშეკრულებად განვიხილოთ. თუმცა სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია აქვს. შესაძლოა, საიდუმლო მუხლებში იყოს ვადა მითითებული, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერავინ დაამტკიცა.

თამარ კიკნაძე:

_ პარიზში ანტანტის სახელმწიფოების უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა, ოსმალეთთან საზავო ხელშეკრულების პირობების შემუშავებასთან ერთად, განხილულიყო სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საზღვრის დადგენის საკითხიც. ამ მიზნით, კონფერენციის უმაღლესმა საბჭომ ინგლისის, საფრანგეთის, იტალიისა და იაპონიის წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნა კომისია, რომელსაც ინგლისელი ბ. კამერერი ხელმძღვანელობდა.

სომხეთის დელეგაცია პარიზის კონფერენციაზე დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მხარდაჭერით სარგებლობდა. სომხეთის ინტერესების დამცველად გამოვიდა აშშის პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი. მისი გეგმით, სომხეთის ტერიტორია უნდა გაფართოებულიყო ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთის ვილაიეთების ხარჯზე და სომხეთს უნდა მისცემოდა ზღვაზე გასასვლელი.

სომხეთის დელეგაციის აზრით, სომხეთს უნდა მიეღო გასასვლელი ტრაპზონის ვილაეთში და მას უნდა მიმატებოდა საზღვაო სანაპირო ტირებოლუდან ხოფამდე. მას უნდა მისცემოდა, აგრეთვე, ბათუმში გასასვლელი.

მოგვიანებით, 1919 წლის 20 აპრილს, სენ-რემოში სამი რესპუბლიკის განახლებულ მოლაპარაკებაზე, სომხეთის დელეგაციამ მოითხოვა, სომხეთს მინიჭებოდასაკუთრების უფლება ბათუმის ოლქში გასაყვან რკინიგზაზე, ლიანდაგზე, მოწყობილობაზე”. სომხეთი, აგრეთვე, ითხოვდა რკინიგზის გაყვანის შეღავათიან პირობებს საქართველოს ტერიტორიაზე ლაზისტანის სანაპირომდე _ რიზემდე, სადაც ექნებოდა საკუთარი ნავსადგური. შეთანხმება ვერ შედგა საქართველოს დელეგაციის პოზიციის გამო, რადგან მხოლოდ საქართველო მიდიოდა დათმობაზე და სანაცვლოდ არაფერს იღებდა.

ყარსის ხელშეკრულების შედეგად დაკარგული ქართული და სომხური მიწების დაბრუნებაზე ლაპარაკი იყო პოტსდამის კონფერენციასა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. შემონახულია სიმონ ჯანაშიას, ნიკო ბერძენიშვილის, საქართველოს კათალიკოსპატრიარქის _ კალისტრატე ცინცაძის წერილი გაეროს მიმართ თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე; ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ მომზადდა სამხრეთდასავლეთ საქართველოს ისტორიულგეოგრაფიული მიმოხილვა (ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით) და სხვ. არქივებში შემონახულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის მიერ შემუშავებული გეგმა ტრაპიზონის, არტაანის, ართვინისა და ყარსის დაბრუნებისა და ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური პროექტების განხორციელების თაობაზე; 45 წლის წინანდელ პრესაში შემონახულია ქართველი მეცნიერების წერილი: “თურქეთმა უნდა დაგვიბრუნოს მიტაცებული ქართული მიწაწყალი”; შემონახულია, აგრეთვე, საქართველოს კომპარტიის მიერ შემუშავებული ტრაპიზონისა და ართვინის ქალაქკომებისა თუ აღმასკომების წევრობის კანდიდატთა სია. ეს ისტორიული ფაქტები სათანადოდ არ არის შესწავლილი. როგორც ჩანს, სტალინს გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ტერიტორიების დაბრუნება და ზემოთ აღნიშნული მასალებიც ამ პროცესის მომზადებას ემსახურებოდა.

უახლოეს წარსულამდე ყარსის ხელშეკრულებას არავინ იხსენებდა. ზოგიერთი პოპულისტი პოლიტიკოსი აჭარის ავტონომიის გაუქმებასაც კი მოითხოვდა. ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება, სამწუხაროდ, დამახასიათებელია ქართველი პოლიტიკოსებისთვის. მათ არც კი იცოდნენ, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთი მხარის სტატუსით სარგებლობენ და რომ ცალმხრივად მისი დენონსაცია შეუძლებელია.

როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, თურქული მხარის მოთხოვნით, ყარსის ხელშეკრულება 1992 წელს ედუარდ შევარდნაძისა და სულეიმან დემირელის მიერ ხელმოწერილ “ჩარჩო ხელშეკრულებაში” იქნა გამეორებული. ამ ხელშეკრულებამ თავის დროზე მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ამბობენ, რომ თურქეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ დე იურე აღიარა დღეს თურქეთის მფლობელობაში არსებული ქართული ტერიტორიები.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აქტიურად ხორციელდება რუსეთის გავლენის ჩანაცვლება თურქული გავლენით. ამას დაუმატეთ ეკონომიკური ექსპანსია და თურქი მოსახლეობის შემოსვლის ტენდენციები. ადგილს ეკონომიკურად გაჩანაგებული ქართველი მოსახლეობისა, რომელიც სარჩოსაბადებლის საძიებლად მასობრივად გადის ქვეყნიდან, ეკონომიკურად მომძლავრებული მეზობელი ქვეყნიდან (და არა მხოლოდ) ჩამოსული ბიზნესმენები იკავებენ. მომრავლდა მათი ბენზინგასამართი სადგურები, მაღაზიები, სხვადასხვა დაწესებულებები. მუსლიმანი აჭარლებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ რელიგიური ფაქტორი გარკვეული ძალების მიერ არის ინსპირირებული. ოდესღაც ზნეობის მაგალითის მიმცემი ქართველი ქალი ყველაზე უფრო იაფფასიან მეძავად არის ქცეული. თუ ამას თურქეთის პემიერმინისტრის მიერ გამოცხადებულ დოქტრინას დავუმატებთ, ნამდვილად გვაქვს შეშფოთებისა და დაფიქრების მიზეზი. მით უმეტეს, როდესაც ვიცით კვიპროსის მაგალითი.

_ ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვაზეც არის საუბარი

_ ამ ხელშეკრულებაში ვადაზე არაფერი წერია, მაგრამ, თურქეთის პოზიციას თუ გავითვალისწინებთ, მათ ხელს აძლევთ ამ ხელშეკრულების მოქმედება, რადგან ისინი ვალდებულად თვლიან თავს, ჩაერიონ აჭარაში მიმდინარე პროცესებში, ეს ძალიან კარგად დაგვანახვა 2008 წლის ომმა, როდესაც რუსეთში გაიქცნენ მოსალაპარაკებლად. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ თურქეთმა გამოაჩინა თავისი ინტერესი და აჭარას განიხილავს თავის პოტენციურ ტერიტორიად, რომელიც დროებით არის საქართველოში.

დღეს აჭარა კვლავ რჩება რუსეთთურქეთის გარჩევის საგნად, ამიტომ საქართველომ ძალიან ფრთხილი პოლიტიკა უნდა აწარმოოს. დასავლეთი ცდილობს, რუსეთი თურქეთით ჩაანაცვლოს, რაც საქართველოსთვის დიდი საფრთხის შემცველია. რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება კი ნამდვილად არ წაადგება ჩვენს ქვეყანას.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. რუსეთმა თვითონ გაამწვავა და ამწვავებს ურთიერთობას საქართველოსთან. აქ არც ამერიკა და არც ევროპა არაფერშუაშია. არის რუსული იმპერიალიზმი, რომელიც სახელმწიფო სტრატეგიად არის ქცეული და ზუსტად ესარის დღესდღეობით პირველი საფრთხე. თურქეთის ოფიციალური სახელმჭიფო სტრატეგია არარის საქარტველოს ტერიტორიის მიტაცება. თურქეთი არიარებს საქართველოს თავის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში განსხვავებით რუსეთისა. ხოდა ამ სტატიის ავტორი ჩვეულებრივი რუსეთუმე პროვოკატორია, რომელიც "ბუა თურქეტით" დაშინებით ცდილობს რუსეტის პროპაგანდას.

  2. ჩვეულებრივი გრუზინი პროვოკატორების პრორუსული პროპაგანდაა დასავლეთისა და თურქეთის წინააღმდეგ. ყველასთვის დღესავით ნათელია, ვინ არის დღესდღეობით საქართველოს პირველი მტერი…

  3. ღამდენადაც მივხვდი, ე. ი სერიოზული საფრთხე გველოდება?! არ ვიცი როდემდე უნდა ვიცხოვროთ ამ ბუმბერაზი ტერიტორიების მქონე ქვეყნების შიშის ქვეშ? ის თუ გაგვიბრაზდა, მგელი შეგვჭამს, ეს თუ გაგვიბრაზდა, ტურა?! თუ ასე იყო, თქვე მამაცხონებულებო, რაღას ვაძლევით თურქებს ამ ქვეყანაში პარპაშის ნებას?! ხომ შეიძლებოდა შეგვემუშავებინა ისეთი კანონი, რომელიც უცხოელებზე ჩვენს უძრავ თუ მოძრავ ქონებას არ გაყიდიდა?! ბიძნესის აყვავება თუ სურდათ დაგვედო მათთან იჯარის ხელშეკრულებები და ასე ეწარმოებინათ თავისი საქმე. ახლა რა გვიჭირავს ხელში? თბილისი და რაიონები, თურქული სკოლებით გაივსო და ყველა მათგანი თურქის საკუთრებაა. შესყიდული აქვთ მიწაც და შენობაც. იგივე ხდება მარჯანიშვილზე, გახვალ და თურქეთსი მგონია თავი. მაჩვენეთ თუნდაც ერთი ქართული სკოლა თურქეთში და გავჩუმდები. ახლა ბათუმის დაკარგვაღა გვაკლია და ავშენდით. ამას მართლაც არ უდის კარგი სუნი, სერიოზული პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.რაღაც ჩვენთვის სასარგებლო კანონის მოფიქრებაა საჭირო და ეს ისე ნელნელა უნდა მოხდეს რომ ჩასაფრებულმა მტერმა გონს მოსვლა ვერ ოასწროს. ფრთები დროზე თუ არ წავაჭერით ყორნებს, მოგვწვდებიან და ნისკარტით დაგვიწყებენ ხორცის ჯიჯგვნას. მაც იგივე ვიძახი , მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც დიპლომატი, მაგრამ ჩემი ჟურნალისტური ინტუიცია, მაგრძნობინებს რომ რაღაც ზომები სასწრაფოდ მისაღებია,ხმააურით კი არა მშვიდად და უხმაუროდ

  4. ნუ აბრალებთ ვინმეს რუსების ან თურქების აგენტობას,ფაქტია და გაახილეთ თვალები არსებობს ხელშეკრულება და არსებობს ბათუმის წართმევის საფრთხე

  5. არხეინა,უპასუხისმგებლო და ახლო მხედველი ხალხი გავხდით ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით!
    თურქების შემოშვება როგორ შეიძლებოდა ბათუმში?
    ისტორიულ გამოცდილებიდანაც ვერაფერი ვისწავლეთ!
    თურქი მტერია დაუძინებელი!2008 წლის ომის Dროს რუსებს შესტავაზეს აჭარის გაყოფა და რუსებმა უარი Uთხრეს!
    თურქეთი დიდ ფულს ხარჯავს რომ ფეხი მოიკიდონ საქართVELOში და კერძძოდ აჭარაში ეს Uბრალო ადამიანმაც იცის Dა ამ ქვეყანა თუ ყავს უშიშროება რატომ არ ახდენს რეაგირებას?თუ ერთმანეთის ფეხის დადებისთ არიან დაკავებულები?

  6. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეორე კვირაში გავარდა ერდოღანი რუსეთში – სამ ოთხ ჯერ იყო რუსეთში–და იქედან გამოუშვეს უპასუხოდ–ხელშეკრულების თანახმად თუ რუსეთთან არ ვიქნებით აგერაა თურქეთი –იცით რას ასწავლიან თურქ ბავშვებს სკოლაში აჭარა საქართველოს მიერ არის ოკუპირებულიო—ხელშეკრულება კი 2021წლამდე აქვს ვადაო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here