Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-მა ბოლო 6 წელიწადში 7 ქვეყანა ომის გამოუცხადებლად დაბომბა

აშშ-მა ბოლო 6 წელიწადში 7 ქვეყანა ომის გამოუცხადებლად დაბომბა

560

მიუხედავად იმისა, რომ 1942 წლიდან დღემდე აშშ-ს ომი არც ერთი სახელმწიფოსთვის არ გამოუცხადებია, ხოლო პრეზიდენტი ბარაკ ობამა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატია, ბოლო 6 წლის განმავლობაში აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა 7 სახელმწიფოს ტერიტორია დაბომბეს. სიაში იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც აშშ-მა ამ ქვეყნების მთავრობებთან შეუთანხმებლად დაბომბა, სირია ბოლოა.


სირია

აშშ-მა პირველი სარაკეტო დარტყმა სირიის ტერიტორიაზე მოქმედი “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების პოზიციებზე ამა წლის 23 სექტემბერს განახორციელა. დაბომბვამ მსხვერპლი გამოიწვია მშვიდობიან მოქალაქეებში. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. გაერთიანებული შტატების ხელმძღვანელთა კომიტეტის წევრმა, გენერალ-ლეიტენანტმა უილიამ მეივილმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ექსტრემისტების განადგურების ოპერაცია შეიძლება რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს.

მეივილის ნათქვამში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს: სირიამდე ამერიკის ხელისუფლებამ 6 ქვეყანაში ჩაატარა სამხედრო ოპერაციები _ და ეს ოპერაციები წლობით გაჭიანურდა.

ავღანეთი

2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტის შემდეგ დაბომბვა ავღანეთისა, სადაც, სავარაუდოდ, იმყოფებოდა “ალ ქაიდას” ლიდერი უსამა ბენ ლადენი, მხოლოდ დროის საკითხი იყო. ავღანეთის დიდი ქალაქების _ ქაბულის, ყანდაგარისა და ჯელალაბადის _ დაბომბვამ გამოიწვია ის, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ჩათრეულნი აღმოჩნდნენ სამხედრო კონფლიქტში, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ავღანეთიდან ჯარისკაცების გამოყვანა 2011 წელს დაიწყო და დღესაც არ დასრულებულა.

ავღანეთის სამხედრო კამპანიაზე ვაშინგტონმა 100 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ამ თანხაში ჩართულია დანახარჯები ადგილობრივი შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცავი ორგანოების ეკიპირებაზე. Associated Press-ის მიერ გავრცელებული მონაცემებით, 13 წლის განმავლობაში ავღანეთში დაიღუპა 2200 ამერიკელი ჯარისკაცი, 20 ათასი კი დაიჭრა.

ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეობა კი დღესაც იღუპება; 10 დღის წინათ ამერიკულმა რაკეტამ 11 ადამიანი იმსხვერპლა. ავღანეთის პრეზიდენტის პოსტიდან მიმავალმა ჰამილ კარზაიმ მწვავედ გააკრიტიკა აშშ-სა და პაკისტანის საგარეო პოლიტიკა. “სწორედ ვაშინგტონსა და ისლამაბადს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა ავღანეთში ომის გაჭიანურებისთვის. ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ აშშ-ის ხელისუფლებას არ სურს, ბოლო მოუღოს ძალადობას ავღანეთის მიწაზე”, _ განაცხადა კარზაიმ.

იემენი

2000 წელს ადენის ყურეში აშშ-ის სამხედრო ხომალდ “კოულზე” “ალ ქაიდას” ტერორისტების თავდასხმა და შედეგად 17 ამერიკელი საზღვაო ქვეითის დაღუპვა იემენის ხელისუფლების კრიტიკის საბაბი გახდა. მას დასავლეთი რელიგიურ ექსტრემიზმთან უეფექტო ბრძოლაში ადანაშაულებდა.

2002 წლის ნოემბერში აშშ-მა იემენის ტერიტორიას დაარტყა.

პირადად პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უმცროსი) გასცა განკარგულება ამ ქვეყანაში ტერორისტების განადგურების თაობაზე. ამერიკელთა სამიზნეში აღმოჩნდა “ალ ქაიდას” იემენის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელზეც ვაშინგტონი ეჭვობდა, რომ ხომალდზე თავდასხმაში მონაწილეობდა. ტერორისტი უპილოტო თვითმფრინავის მეშვეობით გაანადგურეს.

თუ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში იემენის ტერიტორიაზე ავიადარტყმების ერთეული შემთხვევები იყო, ხელისუფლების სათავეში ბარაკ ობამას მოსვლის შემდეგ შეტევები გახშირდა. დარტყმები, ძირითადად, უპილოტო საფრენი აპარატებით ხორციელდებოდა. ამან უფლებათა დამცველების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც თვლიდნენ, რომ ე.წ. ტერორიზმთან ომს ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე ეწირებოდა.

Human Rights Watch-ის 2013 წლის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2009 წელს აშშ-მა იემენი 6-ჯერ დაბომბა და 82 დაღუპულიდან 57 მშვიდობიანი მოსახლე იყო.

ერაყი

2003 წელს ერაყში შეჭრის საბაბი გახდა ის, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმს ჰქონდა (როგორც იუწყებოდა აშშ-ის დაზვერვა) მასობრივი განადგურების იარაღი, რომელიც შემდეგ ვერსად იპოვეს.

დაბომბვა დაიწყო 20 მარტს, სამი კვირის შემდეგ კი ერაყის ხელისუფლება დაემხო; სხვათა შორის, ისევე, როგორც ავღანეთში. ერაყზე სრული კონტროლის დაწესება ამერიკელებისთვის არც ისე იოლი აღმოჩნდა. ისინი წააწყდნენ გააფთრებულ წინააღმდეგობას როგორც სადამ ჰუსეინის არმიის, ისე სხვადასხვა შიიტური და სუნიტური დაჯგუფის მხრიდან, ბოლოს კი მათ ტერორისტული დაჯგუფებებიც დაუპირისპირდნენ, მათ შორის, “ალ ქაიდაც”.

ერაყის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ამერიკული ავიადარტყმები ნამდვილი კოშმარი იყო. France Press Agency-ის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ერაყში კონფლიქტის მიმდინარეობისას 500 ათასი ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა _ ბომბების აფეთქების მომენტში.

პაკისტანი

პაკისტანზე უპილოტო აპარატებით შეტევები, რომლებიც ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას დაიწყო, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში მნიშვნელოვნად გახშირდა.

ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო ბიუროს მონაცემებით, 2004 წლიდან დღემდე ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პაკისტანი 390-ჯერ დაბომბეს, რომლებიც 4 ათასი ადამიანის სიკვდილით დასრულდა, მათ შორის, 1000 მშვიდობიანი მცხოვრების.

“ამერიკელების მიერ შემოღებული უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბვის პრაქტიკა “ღრმად აშფოთებს და აღელვებს პაკისტანელ ხალხს”, _ განაცხადა 2013 წელს პაკისტანის პრემიერმა ნავაზ შარიფმა და დასძინა, რომ “უპილოტო თვითმფრიავების შეტევებს ბოლო უნდა მოეღოს”.

პაკისტანის გავლენიანი პოლიტიკური პარტიების განცხადებით კი, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, აშშ პაკისტანის ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს.

2013 წლის დეკემბერში პაკისტანში აშშ-ის სამხედრო მანქანის საწინააღმდეგო ხალხმრავალი მანიფესტაცია გაიმართა.

სომალი

2007 წლის იანვარში აშშ-მა სომალელი ტერორისტების სავარაუდო პოზიციები დაბომბა. ვაშინგტონი ეჭვობდა, რომ სომალელი ტერორისტები კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. ამ დაბომბვამ მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება ვერ მიიპყრო, თუმცა რამდენიმე ასეული სომალელის, მათ შორის, ჯიჰადისტური დაჯგუფება “აშ-შაბაბის” ლიდერის სიკვდილით დასრულდა. ექსტრემისტებმა განაცხადეს, რომ შურს იძიებენ.

ლიბია

2011 წელს მუამარ კადაფის ხელისუფლება, პირველ რიგში, აშშ-ის ძალისხმევით დაემხო. ბარაკ ობამამ პოლკოვნიკ კადაფის წაუყენა ულტიმატუმი: ან გადადგები, ან დავიწყებთ თქვენს დაბომბვას! კადაფიმ უარი თქვა ვაშინგტონთან გარიგებაზე და აშშ-მა ძალა გამოიყენა. ახლა ლიბიას ღრღნის სამოქალაქო ომი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

რაზე მიუთითებს გაეროს წესდება

მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისა და აღდგენის მიზნით სამხედრო და უსაფრთხოების ძალების გამოყენება რეგულირდება გაეროს წესდების VII თავის მიხედვით. გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის _ კოფი ანანის განცხადებით, “მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად გაეროს წესდება უშიშროების საბჭოს აძლევს უფლებამოსილებას, გამოიყენოს სამხედრო ძალა, მათ შორის, პრევენციულად”. მეორე მხრივ, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, “პრევენციული მოქმედება _ ეს არის მოქმედება, რომელიც ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც სარწმუნოა, რომ სამხედრო კონფლიქტი ახლოს არ არის, მაგრამ უეჭველად დაიწყება და მოქმედების გადადება მხოლოდ გაზრდის საფრთხეს”. ამრიგად, აშშ-ის მიერ ძალის პრევენციულად გამოყენებას საფუძვლად უდევს სუბიექტური შეფასებები, რომლებიც სხვა სახელმწიფოებმა შეიძლება მცდარ შეფასებებად ჩათვალოს. ამის მაგალითად სპეციალისტებს მოჰყავთ 2003 წელს ერაყში განხორციელებული ოპერაცია, რომლის შედეგადაც ამერიკელებმა სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხეს.

აღსანიშნავია, რომ ნატოც ხშირად მიმართავს ამგვარ ხერხებს. ამის მაგალითია კონფლიქტი იუგოსლავიაში. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა იუგოსლავიაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო 1999 წელს ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან კოსოვოსა და მეტოხიის შესახებ წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ _ იუგოსლავიის ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა თავისი სამხედრო ძალების გამოყვანაზე კოსოვოდან, სადაც მიმდინარეობდა ბრძოლები ალბანელი სეპარატისტების წინააღმდეგ და იქ ნატოს “სამშვიდობო” ძალების შეყვანაზე.

იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე _ მხოლოდ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მტკიცების საფუძველზე, რომ იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლება კოსოვოელ ალბანელებს გენოციდს უწყობდა. ოპერაციის მიმდინარეობისას, რომელიც 1999 წლის 24 მარტიდან 10 ივნისამდე გაგრძელდა, ნატოს ძალებმა 2300 რაკეტით დაბომბეს მცირე ტერიტორია.

ამ სამხედრო ოპერაციამ 2 ათასი მშვიდობიანი მცხოვრების სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის _ 88  ბავშვის, 8 ათასი დაიჭრა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here