Home რუბრიკები პოლიტიკა ვახტანგ მაისაია: სჯობს, ალასანიამ თავის წარსულსა და ბიოგრაფიას მიხედოს, ქვეყნის თავდაცვის სისტემა...

ვახტანგ მაისაია: სჯობს, ალასანიამ თავის წარსულსა და ბიოგრაფიას მიხედოს, ქვეყნის თავდაცვის სისტემა კი კომპეტენტურ ადამიანებს მიანდოს

484

რამდენიმე დღის წინათ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ საქართველო მზად არის, სირიელი მეამბოხეები გაწვრთნას, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის _ ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბანაკები საქართველოს სამიზნედ აქცევს. ამის შესახებ მიტჩელმა “ამერიკის ხმის” ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ალასანიას ინიციატივამ გააოცა პრემიერი ღარიბაშვილიც. “საქართველო და მსოფლიოს” სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრა. მისი აზრით, ქვეყნის პრემიერიცა და თავდაცვის მინისტრიც არაადეკვატურად მოქმედებენ და ამის გამო ქვეყანა საფრთხის წინაშეა.


_ თავდაცვის მინისტრი ალასანია ბოლო პერიოდში სენსაციური და თანაც არცთუ სახარბიელო განცხადებებით გამოირჩევა. მისმა გადაწყვეტილებამ სირიელი ამბოხებულების საქართველოში მომზადების თაობაზე, რომელიც, უცნობია, მთავრობასთან იყო თუ არა შეთანხმებული, ამერიკელების გაკვირვებაც კი გამოიწვია

_ არ ვიცი, ალასანიას რა უნდა. თამარ ჩერგოლეიშვილის გადაცემაში ჩემზე თქვა, ქვეყნის მტერიაო; მისი ნება რომ იყოს, ალბათ, დიდი სიამოვნებით შეგვაბრუნებდა ციხეში 149-ვე პოლიტპატიმარს, მაგრამ მე მაინც შევეცდები, ობიექტური ვიყო.

ირაკლი ალასანია არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს და ყველა წინადადებას პიარისთვის ამბობს, ის პოლიტიკური ნარცისიზმით არის შეპყრობილი.

თავდაცვის სამინისტრო სექტად გადაიქცა, ამ უწყებასთან წვდომა აქვთ მხოლოდ “კარგად დამუშავებულ” ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, შიგნით შეღწევა რომ შევძლოთ, კატასტროფულ ფაქტებს აღმოვაჩენთ, არა ნაკლებს, ვიდრე ბაჩო ახალაიას და დავით კეზერაშვილის პერიოდში.

არაკომპეტენტური ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნამ, განსაკუთრებით _ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა ნულზე დაიყვანა.

ფორინ პოლისშიგამოქვეყნებული სტატია იმაზე, რომ საქართველო მზადაა, სირიელი ამბოხებულებისთვის სამხედრო წვრთნები ჩაატაროს, აღიქმება, როგორც სიგნალური დიპლომატია, რომელიც ამერიკელებმა გამოგვიგზავნეს, რათა პირობები შევასრულოთ. გამოვთქვამ ეჭვს: თავდაცვის მინისტრმა ალასანიამ მოვლენებს დაასწრო და, საკუთარი ინიციატივით, საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის თავდაცვის მინისტრ ჩაკ ჰეიგელს განუცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის სირიელი ამბოხებულების მოსამზადებლად. არ არის გამორიცხული, სხვა ბევრი რამეც შეეთავაზებინა.

იმთავითვე ვამბობდი, რომ ჰეიგელის ვიზიტი არ შეეხებოდა ნატოს სამიტის შედეგებს და მას გაცილებით დიდი მიზანი ჰქონდა, ეს მისი მოძრაობის გრაფიკიდანაც ნათელია. ჰეიგელი ჩამოვიდა თბილისში, მერე თურქეთში ჩავიდა და იქიდან _ სპარსეთის ყურეში, ანუ იმ ქვეყნებში, რომლებიც უნდა ყოფილიყო ბარაკ ობამას ინიციატივით შექმნილი “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მთავარი ქვეყნები.

აშკარაა, რომ საქართველო სირიის ომშიც არის ჩაბმული რაღაც ფორმით, რადგან პანკისელი ახალგაზრდა რამდენიმე დღის წინათ სწორედ სირიიდან ჩამოასვენეს, ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ უსაფრთხოების ზომები უნდა მიიღოს. ისლამურმა ხალიფატმა ბრძოლა გამოუცხადა არა მხოლოდ რეგიონულ მეზობლებს, არამედ საქართველოსაც, რადგან მათ რუკაზე საქართველო შავად არის აღნიშნული. საფრთხე გვემუქრება და მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენი მზადყოფნა ასეთი უსაფრთხოების, ასეთი თავდაცვის სისტემის პირობებში ორიანზეა შესაფასებელი.

ნატოს უელსის სამიტზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა შეჩერდა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ნატო-რუსეთის საბჭოს დიალოგის ფორმატი მაინც დატოვა და ეს მოხდა სწორედ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო. საქართველო იმავე ნატოს დეკლარაციის ფორმატით მოხვდა ახლო აღმოსავლეთის კალათაში, რომელშიც სამი ქვეყანა შევიდა _ საქართველო, მოლდოვა და იორდანია. შესაბამისად, ამ ქვეყნებში თავდაცვისა და უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს გაფართოებული და ამ მიმართულებით თანხებიც გამოიყოფა. ასეთი გადანაწილების გამო, მნიშვნელოვანია, რა წვლილს შეიტანს საქართველო კოალიციაში.

ირაკლი ალასანიამ, როგორც ყოველთვის, მოვლენებს დაასწრო და ისეთი შეთავაზებაც გააკეთა, რომელმაც პრემიერ ღარიბაშვილის გაკვირვება გამოიწვია ღარიბაშვილმა საკმაოდ მკაცრი ტონით განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესში საქართველოს ჩართვა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით გამოიხატება, მაგრამ ესეც გაურკვეველი ნათქვამია, რადგან სამხედრო კოალიციაა, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ჰუმანიტარულ დახმარებასთან მას საერთო არაფერი აქვს. ამ შემთხვევაში სიტყვა  ჰუმანიტარული არაადეკვატურია.

მთავრობის შიგნით, ხშირად იყო არაკოორდინირებული განცხადებები და გადაწყვეტილებები. უცხოურ პრესაში წერდნენ, რომ ისინი დაეყრდნენ თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებას, რომელიც ერთგვარი სიგნალია ვალდებულების შესახსენებლად. თავდაცვის მინისტრმა ინიციატივა გამოიჩინა, რადგან, როგორც კი ჩაკ ჰეიგელი წავიდა, ალასანიამ მეორე დღესვე განაცხადა, საკითხი კოალიციის შიგნით განვიხილეთ და ჰეიგელთან თანამშრომლობაზე შევთანხმდითო. იგივე პოზიცია არ შეიმჩნეოდა ჰეიგელისა და ღარიბაშვილის შეხვედრისას, რადგან, თუ ასეთი მნიშვნელოვანი და სერიოზული გადაწყვეტილება იყო მიღებული, ჰეიგელსა და ღარიბაშვილს ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა მოეწყოთ და ფართო მასებისთვის ეცნობებინათ, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა გადაწყვიტა, რომ ირაკლი ალასანიასთან ამ თემაზე საუბარი საკმარისი იყო და პრემიერისგან ფორმალურ დადასტურებას ელოდა. ასეც მოხდა, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მოგვიანებით დაადასტურა, რომ საქართველო კოალიციის მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ რა ფორმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. შემდეგ უკვე ამერიკულმა მხარემ საქართველოს სთხოვა, ჩამოყალიბებულიყვნენ მონაწილეობის ფორმაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გაურკვევლობა იყო.

_ დავუშვათ, მართლაც მოხდა ასეთი რამ და საქართველომ დაიწყო სირიელ ამბოხებულთა წვრთნა, რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ?

_ ნატოს უელსის სამიტის დეკლარაციის თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ჩვენს ქვეყანაში გაიხსნას ნატოს საწვრთნელი ბაზა. ამ ბაზაზე შესაძლებელია, გაწვრთნან ერაყის ეროვნული არმიის ოფიცრები. უკვე ჩამოვიდნენ ნატოს წარმომადგენლები, სამხედრო ოფიცრები და შეიქმნება საწვრთნელი ბაზები, პროცესი სამ-ოთხ თვეს გასტანს. ცენტრში, შესაძლოა, ერაყის ოფიცრები გაწვრთნან და საკითხი ამით ამოიწუროს, მაგრამ, რაც შეეხება სირიელ ამბოხებულებს, ანუ სირიის თავისუფალი არმიის წარმომადგენლების გაწვრთნას, რომლისთვისაც ამერიკამ უკვე გამოყო ფული, ამ დრომდე არ ვიცით, რას აპირებს საქართველო. საუდის არაბეთმა უკვე იკისრა 5 ათასი ასეთი ადამიანის მომზადება, მაგრამ, თუ მსგავს გადაწყვეტილებას საქართველოც მიიღებს, ურთიერთობა გაგვიფუჭდება ირანთან, რუსეთთან. ჩვენ ვიცით რუსეთის პოზიცია სირიაში მიმდინარე პროცესების მიმართ.

საქართველოსთვის საუკეთესო გამოსავალია, რომ ბაზებზე ერაყელი ოფიცრები გაიწვთნან, რადგან ასეთ შემთხვევაში პრეტენზია არ ექნება არც ირანს და არც რუსეთს.

_ და მაინც, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ხელისუფლება?

_ არ ვიცი, რამდენად შეძლებს ჩვენი მთავრობა ოპტიმალური გამოსავლის პოვნას, რადგან პრემიერი და თავდაცვის მინიტრი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ღარიბაშვილის განცხადებიდან ჩანს, რომ ბარაკ ობამას ინიციატივით შექმნილ კოალიციაში მონაწილეობაზე უარი განვაცხადეთ, რადგან ჰუმანიტარულ დახმარებაზე საუბრობს, ალასანია კი სირიელი მეამბოხეების გაწვრთნას სთავაზობს. ლოგიკური იქნება, თუ ვიტყვით, რომ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. ასეთ შემთხვევაში ჯობია, ქუდი დაიხურონ და შინ წავიდნენ; ჯობია, დაუთმონ პოსტები იმ ადამიანებს, რომლებმაც საქმე იციან, ან მრჩევლები მაინც აიყვანონ და საუბარი ისწავლონ, საქართველო მრავალმხრივი დარტყმის ობიექტად რომ არ აქციონ.

_ ირაკლი ალასანიას მრჩევლები ჰყავს?

_ არ ვიცი, ეჭვი მეპარება, რომ კომპეტენტურ ადამიანებთან ჰქონდეს საქმე, თანაც ხომ გითხარით, თავდაცვის სამინისტრო სექტასავითაა. ალასანიას მოქმედებებით, მისი გამოსვლებით თუ ვიმსჯელებთ, მას ჰყავს მრჩევლები და ისინი  “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები არიან.

მინისტრი მტრებს ჩვენ გვიწოდებს და სრული უფლება მაქვს, რომ მეც  ვუწოდო მათ ქვეყნის მტრები, უფრო მეტიც, გასარკვევია, ჩვენ შორის რომელი უფრო წარმოადგენს საფრთხეს. სჯობს, ალასანიამ თავის წარსულსა და ბიოგრაფიას მიხედოს, ქვეყნის თავდაცვის სისტემა კი კომპეტენტურ ადამიანებს მიანდოს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here