Home რუბრიკები საზოგადოება ღვაწლმოსილი პედაგოგი, მეცნიერი

ღვაწლმოსილი პედაგოგი, მეცნიერი

992

მეცნიერება ისეთი ფენომენია, რომელიც საყვარელ ადამიანს ძალიან დიდხანს არ დაგავიწყებს, ხოლო პიროვნების უკვდავყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩვენთვის, არამედ  მომავალი თაობის აღზრდისთვის. სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება სასიქადულო მამულიშვილი, ჭეშმარიტი პიროვნება, ცნობილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ ფრუიძე, რომელსაც დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. მან მთელი თავისი ცხოვრების შეგნებული ნაწილი განვლო მეცნიერული კვლევის, პედაგოგიური მოღვაწეობის, პრინციპულობისა და წესიერი ცხოვრების სულისკვეთებით.


გავიდა ტკივილიანი 17 წელი პროფესორ ვახტანგ ფრუიძის გარდაცვალებიდან. იგი დააკლდა ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, საზოგადოებას. პრინციპულმა, მომთხოვნმა და სამართლიანმა ნამუსიანი ცხოვრებით განვლო წუთისოფელი და დაგვიტოვა ლამაზი ფურცელი, რომელსაც მისი სახელი ჰქვია. ბატონი ვახტანგი ისეთი ადამიანი იყო, ღრმად მოხუცებულიც რომ წასულიყო ამ ქვეყნიდან, მაინც უდროო იქნებოდა მისი გარდაცვალება.

ბატონი ვახტანგ ფრუიძე დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს . ქუთაისში. იმ პერიოდში (დღესაც) ქალაქში ყველაზე განთქმული იყო კლასიკური გიმნაზია (I საჯარო სკოლა), რომელიც თავისი მოწინავე შეხედულებების მქონე პედაგოგებით გამოირჩეოდა. სწორედ ამ სკოლაში იწყებს სწავლას ბატონი ვახტანგი 1941 წელს. როცა მის ბიოგრაფიას ვეხებით, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ბავშვობის მძიმე პერიოდს. მამა ადრე გარდაეცვალა, ამიტომაც სავსებით გასაგებია მისი დამოკიდებულება დედისადმი, რომელსაც  აღმერთებდა და ზებუნებრივად უყვარდა. სწორედ დედამ აღზარდა ბიჭები ქვეყნისა და საზოგადოების სასარგებლო ადამიანებად. ვახტანგმა 1952 წელს, ხოლო გურამმა 1955 წელს დაამთავრეს სკოლა ოქროს მედალზე და სწავლა განაგრძეს ქუთაისის სასოფლოსამეურნეო  ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. თავისი შინაგანი ძალისხმევით, შრომისმოყვარეობით, მიზანსწრაფულობით, არა მარტო თვითონ, არამედ უმცროსი ძმაც გაიყვანა ცხოვრების დიდ სარბიელზე.

ბატონი გურამი გახდა ცნობილი მეცნიერი ჩაის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის დარგში და რაოდენ სამწუხაროა, ძმის გარდაცვალების შემდეგ ისიც მალე რომ წავიდა ამ ქვეყნიდან.

ბატონი ვახტანგი 1957 წელს, უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებით დამთავრებისთანავე ერთ-ერთი პირველი მიიწვიეს ინსტიტუტში, როგორც შრომისმოყვარე, ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდა “პროცესებისა და აპარატების~ კათედრაზე სამუშაოდ.

ბატონმა ვახტანგმა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც სოხუმში გადაიტანეს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სახელით, განვლო ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის გზა _ დაწყებული კათედრის ლაბორანტიდან მშობლიური ინსტიტუტის რექტორამდე. 1963-72წლებში იგი იყო ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 1972-77 წლებში _ მანქანათმცოდნეობის კათედრის გამგე, 1977 წლიდან 1990 წლამდე _ ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო ნაწილში, ხოლო 1990 წლის ნოემბრიდან გარდაცვალებამდე _ რექტორი.

ბატონი ვახტანგი 1973 წელს იცავს საკანდიდატო დისერტაციას ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, 1967 წელს ენიჭება დოცენტის წოდება;  1990 წელს კი მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიის ინსტიტუტში იცავს სადოქტორო დისერტაციას და 1991 წელს ეკუთვნება პროფესორის სამეცნიერო წოდება. ამ მონაპოვრების მიღმა იყო ტიტანური შრომა, კვლევა-ძიება, რომელთა შედეგები ასახულია 100-ზე მეტ სამეცნიერო პუბლიკაციაში, მათ შორისაა 8 სახელმძღვანელო და მონოგრაფია, საავტორო უფლებებით დაცულია 9 გამოგონება, რომელთა უმეტესობა დანერგილი იქნა წარმოებაში. ბატონი ვახტანგის სამეცნიერო შრომებს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ჩაის ქიმიის, ბიოქიმიისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების სფეროში. მის მიერ დამუშავებულია შემდეგი ძირითადი მიმართულებები:

_ მწვანე ჩაის წარმოების სამეცნიერო კონცეფცია ელექტროფიზიკური მეთოდების გამოყენებით და მისი ეფექტური და პერსპექტიული განვითარება;

_ მწვანე ბაიხაოსა და მწვანე ჩაის მიღების ტექნიკურ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა ელექროფიზიკური მეთოდების გამოყენებით;

_ დამუშავდა ელექტროფიზიკური მეთოდების გამოყენებით ოპტიმალური რეჟიმები და დამზადდა ინფრაწითელ სხივებზე და ზემაღალ სიხშირულ ელველზე მომუშავე უწყვეტი ქმედების აპარატები;

_ შეიქმნა ელექტროფიზიკურ მეთოდებზე მომუშავე გამარტივებული კონსტრუქციის კომბინირებული საშრობი მანქანა;

_ დამუშავდა კომპლექსური ტექნოლოგია ელექტროფიზიკური მეთოდების გამოყენებით მწვანე ბაიხაოსა და მწვანე ხსნადი ჩაის მისაღებად, რომლითაც გაუმჯობესდა ჩაის შემადგენლობა და ხარისხი;

_ დამზადდა და დაინერგა წარმოებაში ინფრაწითელ სხივებზე მომუშავე, მწვანე ჩაის საშრობ-საფიქსაციო მანქანა;

_  დამზადდა და წარმოებაში დაინერგა ზემაღალ სიხშირულ ველზე მომუშავე მწვანე ჩაის საფიქსაციო მანქანა.

ბატონ ვახტანგის დაუღალავი შრომისა და აღიარებული  ავტორიტეტის დასტურია ის წოდებები და ჯილდოები, რომლებიც მას დამსახურებულად შემოქმედებით აღსავსე ცხოვრების მანძილზე ჰქონდა მიღებული: 1992 წელს ის აირჩიეს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (1995წელს), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად (1996წელს). 1984 წელს ბატონ ვახტანგს მიენიჭა საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება.

ბატონი ვახტანგი იყო შესანიშნავი ლექტორი, ახალგაზრდობის გულისხმიერი აღმზრდელი, ზედმიწევნით თავაზიანი, უპრეტენზიო ადამიანი. მისთვის ყველაზე მთავარი და წამყვანი სასწავლო ფორმა უმაღლეს სკოლაში ლექციაა; მისი ხასიათი, ხარისხი და მიმართულება ბევრად განსაზღვრავს სტუდენტის აკადემიურ წარმატებას. ლექტორის მიზან-დანიშნულებაა, სტუდენტი მეცნიერულ ცოდნას აზიაროს, ჩაუნერგოს მას განზოგადების უნარ-ჩვევები, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, მიაჩვიოს საკუთარ თავზე დამოუკიდებელ მუშაობას.

ბატონი ვახტანგი დიდი გულისყურით ეკიდებოდა სასწავლო -ტექნიკურ საშუალებათა ფართო გამოყენებას ლექციაზე. მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა დღეს უდიდესი კორექტივი შეიტანა უმაღლესი სკოლის მუშაობაში. მისი აზრით, ლექციაზე მთავარი ლექტორის ცოცხალი სიტყვაა, როგორც შემეცნებითი,  საკომუნიკაციო, საზემოქმედო და სააღმზრდელო ძალა. ყოველი რიგითი ლექტორ-მასწავლებელი ციცერონი ვერ იქნება, ამბობდა იგი, მაგრამ ბეჯითი შრომითა და შეუპოვარი ვარჯიშით, ლტოლვა მას მაინც იქით უნდა ჰქონდეს მიმართული.

ბატონი ვახტანგი მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც სიყმაწვილეშივე იქცევენ საზოგადოების ყურადღებას, სიცოცხლეშივე (რაც გინდ მოკლე იყოს იგი) იმსახურებენ მეგობრების, ახლობლების, თანამოსაქმეების სიყვარულსა და თანადგომას და ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ტოვებენ შთამბეჭდავ მოგონებებს. ამიტომ დასანანია, რომ მან, სამწუხაროდ, მხოლოდ ნახევარი სიცოცხლის გავლა შეძლო და თან წაიღო ბევრი აუხდენელი ოცნება.

ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ტკივილი არასდროს ყუჩდება, ტკივილი, რომელსაც ახლობელი ადამიანის მონატრება ჰქვია, ამიტომაც არის, რომ დრო ხშირად უძლურია ხსოვნის წინაშე, რადგან ხსოვნა მეორე სიცოცხლეა. გულმა უმტყუნა ბატონ ვახტანგს, გულმა, რომელსაც უამრავი სიკეთის გაკეთება შეეძლო. წავიდა უსიტყვოდ, სიკვდილზე არ ფიქრობდა, რადგან სიცოცხლე უხაროდა. მაგრამ კარგი ადამიანი სიკვდილთან ერთად არ კვდება, ის სიცოცხლეს ცოცხლებთან ერთად აგრძელებს.

ბატონ ვახტანგ ფრუიძეს შესაშური თვისება ჰქონდა _ ადამიანის სიყვარული, ყველა მათგანში სიკეთის მარცვალს ხედავდა; სიტყვის ძალას და მადლს მთელი არსებით გრძნობდა და განიცდიდა, კარგს არავის დაუკარგავდა, ხელს უყოყმანოდ წააშველებდა თანამშრომლებს, მეგობრებს, სტუდენტებს; თავს არ მოიწონებდა, სხვისი სიხარული უხაროდა, სხვისი ტკივილი ტკიოდა, უღალატო ადამიანი იყო. ყველა საქმეში ზომიერი, თავაზიანი, გახსნილი, უზომოდ მოსიყვარულე მეუღლე, მამა, ბაბუა, მეგობარი. პროფესორ ვახტანგ ფრუიძის 6- წლიანი ცხოვრების გზა კარგი მაგალითია, თუ როგორი პასუხისმგებლობით უნდა ემსახურო საზოგადოებას და ქვეყანას. იგი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთაც ყოველგვარი ხმაურის, პომპეზურობისა და ზედმეტი რეკლამირების გარეშე უყვართ საქმის კეთება. ის იყო პიროვნება, რომელიც ბუნებისგან უხვად იყო დაჯილდოებული დიდსულოვნებით, კეთილშობილებით, სათნოებითა და გულმოწყალებით, ადამიანობის განსაკუთრებული ხიბლითა, ხელმძღვანელისა და ორგანიზატორის, პედაგოგის, მეცნიერისა და მკვლევარის უბადლო ნიჭითა და ქარიზმით.

ბატონი ვახტანგის გარდაცვალებიდან განვლილმა წლებმა გვიჩვენა, თუ რაოდენ დიდი პიროვნება და მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, გულანთებული მამულიშვილი დააკლდა ოჯახს, ქვეყანას, საზოგადოებას, სამეგობროს. მისი მაღალი მოქალაქეობრივი და ზნეობრივი თვისებები მკაფიოდ გამომჟღავნდა აფხაზეთის ტრაგიკულ დღეებში. მას არც ერთი დღით არ მიუტოვებია სამსახური, თანამშრომლები და სტუდენტები. ის ყველაზე ბოლოს წამოვიდა სოხუმიდან, სანამ არ დარწმუნდა, რომ ინსტიტუტის მთელი კოლექტივი სამშვიდობოს იყო გასული. აფხაზეთის ტრაგედიის ბოლო დღეებმა ბატონი ვახტანგის მხრებზე გადაიარა, რამეთუ მას კარგად ესმოდა მოსალოდნელი განსაცდელი, რაც ქართველ ახალგაზრდობას ელოდა აფხაზეთში. როგორც ჩანს, ამ ტრაგედიის შედეგების მსხვერპლია ბატონი ვახტანგი, მას ხომ გულმა უმტყუნა 1997 წლის 27 სექტემბერს, ტელევიზორთან, სოხუმის დაცემის კადრების ყურებისას.

რექტორის, პროფესორ ვახტანგ ფრუიძის პირადი ინიციატივა და დამსახურებაა დროებით ადგილნაცვალი ინსტიტუტის ქუთაისში განთავსება. მან შეძლო შეენარჩუნებინა ინსტიტუტის თანამშრომელთა და სტუდენტთა კონტიგენტი და აღადგინა მისი სახელოვანი და აღიარებული სტატუსი. მისი დამსახურებაა ინსტიტუტში ასპირანტურისა და სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი, სადისერტაციო ხარისხის მიმნიჭებელლი სადისერტაციო საბჭოს აღდგენა, რომლის თავმჯდომარე თვითონ გახლდათ. შედეგად ქუთაისში ქალაქის ისტორიაში პირველად ჩატარდა დისერტაციის დაცვა. რაოდენ სამწუხაროა, რომ ეს წერილი იწერება მაშინ, როცა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დამოუკიდებლად არსებობის სტატუსი არ გააჩნია.

ბატონი ვახტანგ ფრუიძე იყო ნიმუში, თუ როგორ უნდა ეღვაწა ქართველ ადამიანს. ასეთი ადამიანის ხსოვნა კი დიდხანს დარჩება მისი ახლობლების, კოლეგებისა და მოწაფეების მეხსიერებაში.

პროფესორები:

. ცანავა,

 . ჭაბუკიანი,

 . ებანოიძე,

. კოპალიანი,

 . ბენდელიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here