Home რუბრიკები პოლიტიკა “მაპზე უკეთესი”, “ოქროს ბარათი” და წელიწადში მილიონი დოლარი

“მაპზე უკეთესი”, “ოქროს ბარათი” და წელიწადში მილიონი დოლარი

565

ებრაული ანდაზაა: “თუ პრობლემა ფულით შეიძლება მოაგვარო, ეს პრობლემა კი არა, ხარჯია”. როგორც ჩანს, ამერიკელებმა გადაწყვიტეს, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრობლემა ხარჯში გაეტარებინათ; სენატორებმა _ რობერტ მენდესმა და ბობ კორკერმა შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს კანონპროქტი შესთავაზეს _ “უკრაინის თავისუფლების მხარდასაჭერი აქტი 2014”. გარდა იმის დაპირებისა, რომ ნატოს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აშშ მთავარ პარტნიორებს უწოდებს, ამ სამ ქვეყანას რუსული  პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, შესაძლოა, სამი წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარი გამოუყოს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსულენოვანი “ამერიკის ხმისა” და “რადიო თავისუფლების” მაუწყებლობის პრიორიტეტულობას.


კანონპროექტმა, მართალია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გაიარა, მაგრამ ძალაში ჯერ არ შესულა. ამისათვის დოკუმენტი უნდა შევიდეს წარმომადგენლობით პალატაში, შემდეგ ისევ სენატში დაბრუნდეს, გაეგზავნოს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში გახდება მისი შესრულება სავალდებულო.

ამასობაში პრეზიდენტმა ობამამ, რომლის ხელმოწერამდე ჯერ კიდევ შორია, უკვე გააკეთა განცხადება, რომ უკრაინა, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყანა, აშშის მთავარი პარტნიორის განსაკუთრებულ სტატუსს არ მიიღებს. მიზეზი მარტივია: ობამას განცხადებით, უკრაინას უკვე აქვს აშშ-თან თანამშრომლობის მსგავსი სტატუსი. უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო კი აცხადებს: “აშშ-ის პრეზიდენტის უარი განპირობებულია იმით, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვით სფეროში თანამშრომლობა უფრო მეტია, ვიდრე ნატოს წევრობის გარეშე მთავარი პარტნიორის სტატუსი”, ანუ ერთი ჩვენი პრეზიდენტისა არ იყოს, პოროშენკო ამბობს, რომ უკრაინამ უფრო მეტი მიიღო, ვიდრე ითხოვდა. ხომ არაფერი გეცნოთ? ეს დაახლოებით იგივეა, ჩვენ რომ მივიღეთ “მაპზე უკეთესი”.

10 მილიონი, როგორც ჩანს, იმ “ოქროს ბარათზე” ჩაირიცხება, რომელიც “მაპზე უკეთესის უკეთეს” რაღაცის ნიშნავს. 10 მილიონი დოლარი სამ წელიწადში სამ ქვეყანაზე რა ფულიცაა, იმითაც მიხვდებით, თუ გაიხსენებთ, რომ მხოლოდ ერთ, ავად სახსენებელი კარლ ბილდტის ლობისტური კომპანია “კრეაბისთვის” მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთი წლის (2006-2007) განმავლობაში 4 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადარიცხული, ხოლო 2008 წელს კიდევ 2,5 მილიონი დოლარი. როგორ უნდა “მოერიოს” ეს თანხა “რუსულ პროპაგანდას”? ირკვევა, რომ ძალიან მარტივად.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე აცხადებს: “მთავარი მიმართულება იქნება რადიომაუწყებლობის დაფინანსება. ამ მიმართულებით იქნება პროპაგანდისტული ქმედებების მხრივ ნაბიჯები გადადგმული, რაც მისასალმებელია”. ერთი სიტყვით, ეს 10 მილიონი სამ წელიწადში სამ ქვეყანაშიამერიკის ხმისადარადიო თავისუფლებისდაფინანსებას მოხმარდება. როგორც იტყვიან, ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო! ვულოცავ კოლეგებს ამ გამარჯვებას _ როგორც ჩანს, მათ კარგად მოახერხეს სენატორების დარწმუნება, რომ ეს ორი რადიოსადგური, საბჭოთა წლების მსგავსად, უმკლავდება “რუსულ პროპაგანდას”! იმასაც გილოცავთ, რომ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი პროპაგანდის იარაღს გიწოდებთ, რაც საკუთარი თავის პატივისმცემელი ჟურნალისტისთვის შეგინებაზე უარესია!

სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ თავად რუსეთი პროპაგანდისთვის თავს მაინცდამაინც არ იწუხებს. ერთ-ერთ ტელეხიდზე ჩემს შეკითხვას, თუ რატომ არაფერი ვიცით საბაჟო კავშირის პრეფერენციებზე, როცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სრული ტექსტი გამოქვეყნდა, რუსმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათ არ სჭირდებათ ამ კავშირის პროპაგანდა, რადგან “ხალხი თავად დაინახავს ყველაფერს”! მოკლედ რომ ვთქვათ, 10 მილიონი გამოიყო იმის წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც რუსეთი არ აკეთებს! რაც შეეხება “ხალხი თვითონ დაინახავს”, ეს ფორმულა “ქართულმა ოცნებამაც” აითვისა და პიარზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ამიტომაცაა, ხალხმა იმის შესახებაც არ იცის, რაც ახალმა მთავრობამ ნამდვილად გააკეთა.

რაკი მთავრობა ვახსენე, ისიც გავიხსენოთ, როგორ ჭმუნავდა ამ საკითხზე თავდაცვის მინისტრი ალასანია: “მე ვერ ვხედავ სამხედრო საფრთხეს რუსეთის მხრიდანჩვენი მოწინააღმდეგეები შეეცდებიან, საზოგადოების შიგნით, საქართველოს შიგნით შექმნან ახალი განწყობები კრიტიკული, სკეპტიკური ევროპული ინტეგრაციისკენსაზოგადოებრივი განწყობის შექმნაზე გადავა აქცენტი ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან. ამიტომაც, ძირითადად, ასეთ საფრთხეებს ვხედავ, კონტრდაზვერვით საფრთხეებს და აქედან გამომდინარე, მთელი სახელმწიფო და სპეციალური სტრუქტურები იქნება მობილიზებული, რომ არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში ასეთი განწყობების კულტივაცია”.

რაკიღა “რუსულ პროპაგანდასთან” ბრძოლა ქართულმა კონტრდაზვერვამ ითავა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, აშშ-ის სენატს ისღა დარჩენია, “ამერიკის ხმისა” და “რადიო თავისუფლების” დაფინანსება გააძლიეროს და ქვეყანაც აშენდება!

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ფორ.გე-ს ესაუბრა.

ჟურნალისტის კითხვა: “კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსულენოვანიამერიკის ხმისადარადიო თავისუფლებისმაუწყებლობის პრიორიტეტულობას. 10 მილიონი დოლარი გამოიყოფა სამი წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. საქართველოს ოფიციალურად დეკლარირებული აქვს, რომ უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, ასევე გაცხადებული გვაქვს, რომ არ გვინდა დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან, რამდენად სწორი იქნება ამის ფონზე რუსულ პროპაგანდაში ჩართვა?”

პეტრიაშვილის პასუხი:  “ეს პრობლემა გაცილებით უფრო მწვავედ იდგა და აშკარად გამოჩნდა უკრაინაში, ძალიან მძაფრად იყო მოლდოვაში. მათი და ჩვენი წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოებამ მიიღოს სიმართლე და არ იკვებებოდეს მითებით, რომლებიც მიმართულია ევროკავშირის და ნატოს წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ჩვენი მიზნები განვახორციელოთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, რა არის ჩვენი მიზნები, საითკენ მიდის ჩვენი ქვეყანა და არ გახდეს იმ პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლი, რომელიც გაცილებით დახვეწილია, ვიდრე ეს იყო საბჭოური წლების “საუკეთესო” პერიოდში. ამიტომ ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარადაჭერა ჩვენთვის”.

საინტერესოა, ჩაეთვლება თუ არა “რუსულ პროპაგანდაში” საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს, გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ნათქვამი: “შეხედეთ რეალობას: სად არის საქართველო, როგორია მისი გეოპოლიტიკური სიტუაცია? თქვენ ყველაზე შორს ხართ იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ, ნატოს წევრები გახდნენ. თუმცა თქვენს საზღვართან უკვე არის წევრი ქვეყანა _ თურქეთი და ეს კარგია, რადგან ამით თქვენ ალიანსის გეოგრაფიულ მთლიანობას არ არღვევთ… თქვენ ყველაზე შორს ხართ. ისევ და ისევ რეალობას შეჰხედეთ: მაგალითად, ალბანეთის მეზობლებმა ბევრად მეტი იციან ალბანეთზე, ვიდრე  საქართველოზე. გაფართოების პროცესს წინ უნდა უძღოდეს ინფორმირებულობა და საქართველო აკეთებს ამას. მაგალითად, ISAF-ის მისიაში მონაწილეობით თქვენ წარმოდგენას უქმნით ნატოს წევრ ქვეყნებს, თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს საქართველომ საერთო უსაფრთხოებაში, ერგებით თუ არა არსებულ სტანდარტებს. რა თქმა უნდა, ბევრად ადვილი იქნებოდა, ევროპის ცენტრში რომ ყოფილიყავით, გარშემორტყმული ქვეყნებით, რომლებიც უკვე არიან ალიანსის წევრები”.

საქართველოს ბიუჯეტის მიერ ლობისტურ კომპანიებზე დახარჯულ მილიონებს სააკაშვილი სწორედ იმით ამართლებდა, რომ საქართველო გააცნო მსოფლიოს, ახლა კი ირკვევა, რომ დასავლეთში ალბანეთზე გაცილებით უკეთ არიან ინფორმირებულნი. იმასაც გვეუბნებიან, რომ ევროპის ცენტრში ყოფნა სჯობს კავკასიაში ყოფნას! სამაგიეროდ, ნატოს სამხედრო მისიებში მონაწილეობისთვის საკმარისად ახლოს ვყოფილვართ!

იქვე ბატონი ლაჰიუ სხვა პრობლემასაც ეხება, როგორიცაა ტერიტორიული კონფლიქტები: “ეს კონფლიქტები, მიუხედავად იმისა, რომ არ გამორიცხავს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, დაბრკოლებას ქმნის. ასევე საგულისხმოა საკითხი, თუ რა სტატუსი შეიძლება ჰქონდეთ აფხაზეთსა და ე. წ. სამხეთ ოსეთს ნატოს წევრობის შემთხვევაში, როგორ მოერგება მათ ნატოს მეხუთე მუხლი და ა. შ.”.

ეს უკვე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მეორე ხელმძღვანელია, რომელიც გარკვევით მიგვანიშნებს, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი (კოლექტიური თავდაცვის შესახებ) აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ვერ გავრცელდება და მათთვის “განსაკუთრებული” სტატუსია მოსაფიქრებელი. ერთი სიტყვით, ვისაც ჭკუა ეკითხება, ყველა გვაფრთხილებს, რომ ნატოში მხოლოდ ჩვენი სამხედროების ცხელ წერტილებში გაგზავნას ელიან და არა ჩვენს წევრობას, მაგრამ ძველი და ახალი ხელისუფლება ჯიუტად მიიწევს ნატოსღია კარისკენ”.

“მაპზე უკეთესი”, “ოქროს ბარათი”, ახლა კი წელიწადში მილიონი დოლარი (10-ს რომ სამზე და კიდევ სამზე გაყოფ, დაახლოებით ეგ დარჩება), რომელიც ორ ამერიკულ რადიოსადგურს მოხმარდება, რთულად წარმოსადგენია, რომ საქართველოს რომელიმე პრობლემის მოგვარებაში წაადგეს. თუმცა… “თუ პრობლემა ფულით შეიძლება მოაგვარო, ეს პრობლემა კი არა, ხარჯია”. ამ ლოგიკით, საქართველო ამერიკელებისთვის მხოლოდ ხარჯია, თანაც არც ისე დიდი…

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here