Home რუბრიკები საზოგადოება ავთანდილ უნგიაძე: თურქეთი არის რელიგიური ოკუპანტი

ავთანდილ უნგიაძე: თურქეთი არის რელიგიური ოკუპანტი

637

ბოლო დროს გახშირებულ ანტიმართლმადიდებლურ კამპანიაზე, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძე.


_ ბატობო ავთანდილ, ბოლო პერიოდში ეკლესიის დისკრედიტების მცდელობამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო. კონკრეტული პირები თუ ორგანიზაციები გამოდიან და უკვე პირდაპირ აცხადებენ, რომ საპატრიარქო ბოროტების ბუდეა, რომ პატრიარქი უნდა დაიჭირონ და .. წინა კვირას ქობულეთში, ისლამურ პანსიონთან მომხდარმა ინცინდენტმა ეს პროპაგანდა კიდევ უფრო გაამძაფრა. თქვენ რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?

_ ქობულეთში მომხდარ ინცინდენტს პირდაპირ შეიძლება პროვოკაცია ვუწოდოთ. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ეს ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა თურქეთის რელიგიური ლიდერის ვიზიტს საქართველოში. საერთოდ ასეთი ვიზიტების დროს ხდება ხოლმე მსგავსი საკითხების გამწვავება და მე ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევითი არ არის. ამის უკან დგანან გარკვეული ძალები და მათ აქვთ კონკრეტული ამოცანა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტებას, მის საბოლოოდ განადგურებას.

ახლა რაც შეეხება თურქეთის რელიგიური ლიდერის ჩამოსვლას, იგი პრეტენზიებით მიბრძანდა საპატრიარქოში, რომ თურმე საქართველოში მუსლიმანური მოსახლეობის უფლებები ვერ არის მთლად კარგად დაცული, მაგრამ მიიღო საკადრისი პასუხი. საერთოდ, საპატრიარქო იყო და ყოველთვის იქნება პრინციპული ისეთ საკითხებზე, რომელიც ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ ვერანაირი დისკრედიტების მცდელობა და ბინძური კამპანია მას ზიანს ვერ მიაყენებს, პირიქით, ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეკლესიას და მის მრევლს, რომელიც მუდმივად არის ამ ბნელი ძალების სამიზნე.

_ უფლებადამცველები ხშირად აცხადებენ ხოლმე, რომ აჭარის მუსლიმანური მოსახლეობა განიცდის დისკრიმინაციას, თუმცა ქრისტიანი ქართველების დისკრიმინაციაზე არავინ საუბრობს. მაგალითად თურქეთში ერთდერთი ეკლესიაა ქართლი ეკლესია, რომელსაც იურიდიული სტატუსი არ გააჩნია. თქვენ რა აზრის ხართ ამ საკითხზე?

_ ეს თემა ორი კუთხით უნდა განვიხილოთ, _ ერთი, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემა და მეორე, როგორც გლობალური პრობლემა, რომელიც საქართველოს ფარგლებს სცილდება. პირველი აშკარად იკვეთება ისლამიზაციის სახით, რაც გამოიხატება მეჩეთების მომრავლებაში, ხოლო მეორე, _ გლობალური პრობლემა ჩანს უკვე მსოფლიო მასშტაბით. ანუ, ფაქტობრივად აქ სახეზეა რელიგიური ექსპანსია და საინტერესოა, ვინ ახორციელებს ამას. დღეს ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამის უკან დგას თურქეთი…

_ თურქეთის მცდელობა გასაგებია, მაგრამ მას რომ ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებაში არ ყავდეს დასაყრდენი, ასე იოლად ხომ ვერ შეძლებდა გეგმის განხორციელებას?

_ კიდევ ვიმეორებ, თურქეთი არის რელიგიური ოკუპანტი, მას აქვს კონკრეტული გეგმები აჭარასთან, ახალციხესთან დაკავშირებით და ა.შ. რაც შეეხება მის დასაყრდენს, ადრეც არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, აჭარის მუსულმანური მოსახლეობის ნაწილი არის თურქეთის პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებაში არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ პროცესს. ეს არის რესპუბლიკური პარტია, რომელიც აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაწყებულ ანტიეროვნულ პოლიტიკას და მიზანმიმართულად ანგრევს, აკნინებს ყველაფერ ქართულს.

_ არასამთავრობო ორგანიზაციებზე რა აზრის ხართ? ქობულეთის ინცინდენტის შემდეგ მათ საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული ევროკომისიის რეკომენდაცია ისლამოფობიის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპის გამოყენებასთან დაკავშირებით

_ ეს ე.წ. რეკომენდაციები ხომ სასაცილოა?! ნახეთ რა ხდება, ამერიკის შეერთებული შტატები ვითომ შეშფოთებულია იმით, რომ ისლამისტი ფუნდამენტალისტები ხოცავენ მსვიდობიან მოსახლეობას, რის გამოც ომი გამოუცხადა მათ, ამ დროს საქართველოში ხელს უწყობს ისლამის გავრცელებას. ბუნებრივია ყველას უჩნდება შეკითხვა, რაშია საქმე? ცალსახად ეს არის მართლმადიდებლობისა და ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომელიც დაგეგმილია და ხორციელდება ნელნელა, იმისდა მიხედვით, თუ სად რა ვითარებაა, კონკრეტულად რა სახის კამპანიის ჩატარებაა საჭირო.

_ კონკრეტულად რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ებრძვის მართლმადიდებლობას?

_ ავიღოთ თუნდაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონს აშფოთებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული, პრივილეგირებული მდგომარეობა სხვა რელიგიურ კონფესიებთან მიმართებაში. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მათ აღელვებთ ეკლესიის გავლენა საზოგადოებაზე, მისი როლი და ავტორიტეტი.

ახლა გაიხსენეთ რა თქვა ნატოს გენერალურმა მდივნმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, როდის უნდა დაიმსხვრეს მითი, რომელიც ორიათასი წლის შეიქმნაო. გულისხმობდა მაცხოვრის განკაცებას. ან იგივე კარლ ბილდტის (შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) განცხადება ავიღოთ: “მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშია. იგი წარმოადგენს მთავარ მუქარას დასავლური ცივილიზაციისთვის, რადგან ცდილობს ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას და არ ცნობს გეებსა და ტრანსგენდერებს.”

მოკლედ, მე რის თქმა მინდა, დემონიზებულ მსოფლიოს აშფოთებს ის, რომ მართლმადიდებლობა არსებობს და ყველაფერს აკეთებენ, რათა იგი გაქრეს, დაკნინდეს ადამიანების ცნობიერებაში… აი ეს არის მათი მთავარი ამოცანა, როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბებით, მაგრამ საბედნიეროდ ბევრისთვის ეს გეგმა უკვე გაშიფრულია და სააშკარაოზე დევს ყველაფერი.

_ მიუხედავად ამისა, დღესდღეობით ამ ძალებს მონოპოლიზებული აქვთ პოლიტიკური სპექტრი. მათ ხელშია საინფორმაციო სივრცე და შესაბამისად პროპაგანდისტულ ველსაც ისინი აკონტროლებენ.

_ გეთანხმებით, მათ იყიდეს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, სახელისუფლო თუ ოპოზიციური, რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ისინი არიან დასავლეთის აგენტურული ქსელის წარმომადგენლები საქართველოში.

…ვის უფლებებს იცავენ ესენი, ასე თუ ადარდებთ უფლებები, ფერიის მთაზე ტაძარი რომ დაანგრიეს, სად იყვნენ, რატომ არ ამოიღეს ხმა?! აბა ერთი კენჭი გამოუვარდეს მეჩეთს, რა ამბავი ატეჰხონ… კიდევ ვიმეორებ და ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ, ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან დასავლეთის აგენტები და მათი დაკვეთის შემსრულებლები; ხოლო აჭარის მუსულმანურ მოსახლეობას რაც შეეხება, რომ გამოდიან და იძახიან, ჩვენც ქართველები ვართ, თქვენი ძმები ვართო, რის ქართველები არიან ეს ადამიანები, როცა პირდაპირ თურქეთის ექსპანსიურ პლიტიკას ატარებენ?!

_ სხვა კუთხით შევხედოთ ამ ყველაფერს, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ცალსახად დასავლური, ანუ ევროატლანტიკურია. ეს კი თავისთავად გულისხმობს მათი რეკომენდაციებისა და დირექტივების შესრულებას. თუ კი დღეს ჩვენ აშკარად ნაციონალისტური პოლიტიკის გატარებას დავიწყებთ და ეს აისახება რელიგიური უმცირესობების მდგომარეობაზეც, როგორ ფიქრობთ, შეუქმნის თუ არა ეს საფრთხეს ჩვენიისტორიული არჩევანის,” ევროინტეგრაციის განხორციელებას და კონკრეტულად რა სახის დაბრკოლებებს უნდა ველოდეთ?

_ ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ ნაციონალისტური პოლიტიკა არ ნიშნავს თავისთავად ცუდს და რაღაც ექსტრემისტულ გამოვლინებებს. ზომიერების ფარგლებში ეს არის ეროვნული იდეოლოგია და ყველა ნორმალური სახელმწიფოს მეთაური სწორედ ამ გზას ირჩევს. ახლა რაც შეეხება ევროატლანტიკურ სწრაფვას, მიმაჩნია და ეს არა მარტო ჩემი აზრია, ასეთი დაუფიქრებელი ლტოლვა ევროკავშირისკენ ან იგივე ნატოსკენ არის უგუნური ქმედება. ამას რუსეთი არ დაუშვებს და ფაქტობრივად საქართველო იქნება მუდმივი დაპირისპირების არეალი. ეს აწყობს ამერიკას, იმიტომ რომ მის ინტერესებშია მართვადი ქაოსი. აგერ შეხედეთ რა ხდება უკრაინაში… ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ დღესდღეობით ამერიკისთვის საშველია ომი. აი, ასეთი დაპირისპირების არეალში ვექცევით ჩვენც და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდეს ამის თავიდან ასაცილებლად, ესენი გამოდიან და საქართველოში ნატოს ბაზების შექმნაზე საუბრობენ.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რის დაპირისპირება შეგვიძლია ჩვენ ამ იდეოლოგიისთვის, რომელიც დღესდღეობით აშკარად დომინანტია?

_ გამოსავალი არის ის, რასაც დასავლეთის ბნელი ძალები გამალებით ებრძვიან, _ ესაა მართლმადიდებლური რელიგია. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ამ სარწმუნოებაში და მაშინ ვერცერთი იდეოლოგია, ვერანაირი პროპაგანდა ვერ აგვირევს თავ-გზას. სწორედ ამას გულისხმობს ხოლმე პატრიარქი, როცა გვეუბნება, ლოცვა გავაძლიეროთო. ასე რომ, აქ არჩევანი არც არის, აქ არის მხოლოდ ერთი გზა, რომ მივენდოთ უფალს და უფლის რწმენით, მისი იმედით შევხვდეთ ნებისმიერ განსაცდელს, რომელიც მომავალში გველის…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here