Home რუბრიკები საზოგადოება აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ სიმართლის აღიარებითაა შესაძლებელი!

აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ სიმართლის აღიარებითაა შესაძლებელი!

991

რეგიონში არსებული რეალობა, აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება, ახლო თუ შორეული პერსპექტივები ახლებურ ხედვასა და გააზრებას მოითხოვს. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ დაშვებული შეცდომებიდან, რათა თავი ავარიდოთ მორიგ გართულებებსა და უკუჩვენებებს. განზე უნდა გადავდოთ პირადი ინტერესები და ამბიციები, თუ ერთიანი საქართველო გვინდა, თუკი ერის გამთლიანება და გადარჩენა გვწადია. ამისათვის ხელისუფლებისა და ერის პროგრესული ძალების (არა ფსევდოპატრიოტებისა და დანიშნული ოპოზიციის) ერთიანობაა საჭირო. აი, მაშინ მივიქცევთ განაწყენებული და განდგომილი ხალხების ყურადღებას.


ამასთანავე, საჭიროა თანმიმდევრული სოციალურეკონომიკური პოლიტიკის გატარება კონფლიქტის ზონასთან მიმდებარე ტერიტორიებზე, რათა აფხაზებს, რუსეთის მხრიდან გამუდმებული ეკონომიკური და სხვა სახის ექსპანსიის ფონზე, გაუჩნდეთ პერსპექტივა და მიეცეთ არჩევანის საშუალება, გაარკვიონ, საით აჯობებს სვლა _ ჩრდილოდასავლეთისკენ თუ სამხრეთაღმოსავლეთისკენ. ეს უთუოდ შეუწყობს ხელს აფხაზების შემობრუნების პროცესს, შეახსენებს მათ თავიანთ საწყისს, შორეულ წარსულს, აღუდგენთ ისტორიულ მეხსიერებას და შთააგონებს მათ, რომ მხოლოდ ქართველებთან თანაარსებობაა ერთადერთი სწორი გზა, მათი, როგორც ეთნოსის, გადარჩენისა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ არსებულ ვითარებაში ყოველივე ამას დიდი და სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.

კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიებზე სპეციალური პროექტების, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სოციალური სფეროს ინფრაქსტრუქტურის აღდგენითა და აღორძინებით აფხაზი ხალხი დაინახავს, რომ ჩვენ მოვდივართ არა ტანკებზე ამხედრებულნი და მუშტმოღერებულნი, არამედ გვსურს, სულ სხვა დონის რეინტეგრაცია. ესეც ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია აფხაზი ხალხის შემობრუნებისა და შერიგების საქმეში, მაგრამ ამისთვის დღემდე მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა. აღარც საპარლამენტო არჩევნებამდე დეკლარირებული მრავალმილიონიანი ინვენსტიციები ჩანს რეალური. ყოველ შემთხვევაში, კონფლიქტის ზონაში ჯერჯერობით სასიკეთოს ვერაფერს შენიშნავთ, თუ არ ჩავთვლით ახლახან სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობის დაწყებას. ძნელი სათქმელია, მიიპყრობს თუ არა ასეთი სამედიცინო ცენტრი აფხაზი მოსახლეობის ყურადღებას, რადგან ისინი, მარტივი ქირურგიული ჩარევებისთვის იქ არ მივლენ, რადგან სოხუმში (და არამხოლოდ იქ) აქვთ კომპიუტერებით აღჭურვილი და უცხოეთში მომზადებული სამედიცინო კადრებით დაკომპლექტებული თანამედროვე სამედიცინო სამსახურები. ასე რომ, ტრადიციული პროფილშეზღუდული სამედიცინო დარგებით ყურადღებას ვერ მივიქცევთ. მათი დაინტერესება შეიძლება მხოლოდ ისეთი სამედიცინო კომპლექსით, სადაც, ტრადიციულ დარგებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება ურგენტული და კატასტროფული მედიცინის ისეთი დარგები, როგორებიცაა: ტრანსაბდომინალური ინტრასისხლძარღვოვანი კარდიო და ნეიროქირურგიული სამსახურები, სპინალური მძიმე ტრავმის, სეფსისისა და დამწვრობის ცენტრები, წერტილოვანი გამათერაპია, არატრადიციული უსისხლო პროსტატექტომია, ლიტოტრიპსია და სხვ. მაშინ ეს კომპლექსი არა მარტო ჩვენში, არამედ სრულიად კავკასიაში გადაიქცევა უნიკალურ, უპრეცედენტო სამედიცინო ცენტრად და ის უეჭველად მიიქცევს აფხაზების, ოსებისა და რეგიონის მოსახლეობის ყურადღებას. ამ საკითხზე არაერთხელ მქონდა საუბარი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ბატონ დავით სერგეენკოსთან, რომელსაც, როგორც პროფესიონალსა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მაღალჩინოსანს, სიღრმისეულად აქვს გათვითცნობიერებული ასეთი პროექტის პოლიტიკური მნიშვნელობა და როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში. სწორედ ამიტომ ხვდებოდა იგი გაგებით ჩემს აქტიურობას. ბატონი სერგეენკო ითვალისწინებდა, რომ კონფლიქტის ზონის განაპირას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი და უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე მედპერსონალით დაკომპლექტებული მრავალპროფილიანი სამედიცინო კომპლექსის აშენების იდეის სათავესთან ვიდექი. ახლა კი ამ იდეის გახორციელებას თვითონ ცდილობს და დარწმუნებული ვარ, მისი ძალისხმევა ახლო მომავალში გამოიღებს პოზიტიურ შედეგებს.

ასევე, ძალზე მნიშვნელოვანი შედეგი ექნება ქართულაფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში ინფრასტრუქტურულ პროექტებსსასაზღვრო ზონაში საბითუმო სავაჭრო ცენტრის გახსნა, მოსაზღვრე რეგიონების ოფშორულ ზონებად გამოცხადება და სხვა ასეთი ღონისძიება ხელს შეუწყობს ხალხებს შორის კომუნიკაციის აღდგენას, გაუცხოების პროცესის შენელებას. აქედან გამომდინარე, ასეთი პროექტები აუცილებელია ნდობის აღდგენის, აფხაზი და ოსი ხალხების ჩვენკენ შემობრუნებაშერიგების საქმეში. ეს ისეთივე აქტუალური და მნიშვნელოვანია, როგორიც სახალხო დიპლომატია _ კონფლიქტის მოგვარებაში.

სახალხო დიპლომატია საგრძნობლად გაზრდის ხელისუფლების ლიდერის ძალისხმევის ეფექტიანობას პოლიტიკური დიალოგის აღდგენაში. ამიტომ საჭიროა მისი წინა პლანზე წამოწევა, სახელმწიფო დონეზე აყვანა და ხელისუფლების მხარდაჭერა. ის უნდა იქცეს ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად და, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებასთან ერთად, წამყვანი როლი მიენიჭოს, რადგან აფხაზებსა და ჩვენ შორის არსებული პრობლემების მოგვარების გასაღები აფხაზეთიდან დევნილი თუ იქ დარჩენილი მოსახლეობის ინტერესთა გადაკვეთაზე დევს. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია აფხაზებისა და სამეგრელოს მოსახლეობის ისტორიული კეთილმეზობლობა, ნათესაური კავშირები და ურთიერთობა ისევე, როგორც მათი მენტალური სიახლოვე და ადათწესები. სამეგრელოს უნდა დაუბრუნდეს მისი ისტორიული როლი და მისია _ საქართველოსთვის აფხაზეთის შენარჩუნების მისია. მხარეებს შორის კომუნიკაციის აღდგენისა და შერიგების პროცესში სამეგრელოს მოსახლეობის აქტიური ჩართვაა საჭირო. მხოლოდ აფხაზების შემორიგებითაა შესაძლებელი კონფლიქტის დაძლევა და პრობლემების მოგვარება.

ერთიან სამართლებრივ სივრცეში აფხაზეთის დაბრუნება მხოლოდ ეთნიკურ აფხაზებთან დიალოგით, მხოლოდ მათთან შეთანხმებული მოქმედებებითაა შესაძლებელი. სხვა მიდგომა კონტრპროდუქტიულია და დაუშვებელი. ხალხთა შერიგების გზა ერთადერთი სწორი გზაა, ამიტომ მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობა და დიალოგი აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს ხელისუფლების ძალისხმევის პარალელურად.

სახალხო დიპლომატიის აქტიურად წარსამართავად საჭიროა აფხაზურ მხარესთან, მის ლიდერებთან კონტაქტების დამყარება, დიალოგის წარმართვა და მუშაობა, აფხაზური და ქართული მხარეების წარმომადგენლებთა უწყვეტი შეხვედრებისა და დიალოგისთვის სათანადო ნიადაგის შემზადება. გასაგებია, რომ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც მიღწეული იქნება შეთანხმება რუსეთთან და მისგან საქართველოსადმი ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბების შემთხვევაში. აფხაზებსა და ქართველებს შორის აქტიური დიალოგისა და შერიგების პროცესის ფართოდ გასაშლელად, მისთვის სასურველი ნიადაგის, ხელსაყრელი ვითარების შესამზადებლად და ჩამოსაყალიბებლად საჭიროა ქვეყნის ლიდერის პირადი წარმომადგენლის ან საგანგებო დავალებათა დესპანის სტატუსის შემოღება სათანადო უფლებებითა და პასუხისმგებლობით. ეს ადამიანი დღენიადაგ უნდა საქმიანობდეს მხარეებს შორის ლოიალური ურთიერთობის ატმოსფეროს ჩამოსაყალიბებლად. აქ ძალზე მნიშვნელოვანია ასეთი დესპანის პირადი თვისებები. მას უნდა ჰქონდეს ცხოვრებისეული გამოცდილება და ავტორიტეტი მოპირისპირეთა შორის. სასურველია, თუ ის გამორჩეული იქნება ინტელექტით, ტაქტითა და დიპლომატიის უნარით. ის უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნოდარ დუმბაძის მსგავსად, შეეძლება, “ფრთხილად შეეხოს აფხაზთა გულების სიმებს”, რაც მეტად მნიშვნელოვანია, დიალოგის წარმატებით წარმართვისთვის. აქ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რა საჭიროა ასეთი ლირიკული გადახვევაო, მაგრამ, გამოცდილებიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნევ ამაზე საუბარს.

ერთხელ, აფხაზურ მხარესთან სამთავრობო დონის შეხვედრისას, ჩვენი დელეგაციის ერთ-ერთმა ლიდერმა (კონფლიქტის დარეგულირების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე რეზო ადამიამ) ბანკეტზე შეზარხოშებულმა მიმართა აფხაზებს ყველას გასაგონად: “რა, აფხაზო მეგობრებო, ხომ ხართ ცუდად! უარესად იქნებით, თუ გონს არ მოეგებით და ჭკუას არ მოუხმობთ!” ხოლო ჩვენი მეორე წარმომადგენელი _ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ცანავა უხეშად მიუჯდა მოლაპარაკების მაგიდას, ფეხი ფეხზე გადაიდო და ყოველგვარი წინასიტყვაობის გარეშე თქვა: „Ну, что, абхазские друзья, будем мириться, или будем воевать?!“ აფხაზეთის დელეგაციის წევრები ადგნენ და უსიტყვოდ გავიდნენ ოთახიდან. იმავე საღამოს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღების წინ, აფხაზეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ბაგაფშმა გამიხმო განზე და მეუბნება: „Ты видишь, мой дорогой, что происходит?! Вот, как к нам обращаются, как с нами разговаривают! Они нас за людей не считают! О каком перемирии и о каком доверии может идти речь!? Нет, нет! С этим все покончено! Хватит!~.ჩემს სიტყვებს აქ ფასი არ ჰქონდა, მან ჩემი მოსმენაც არ მოისურვა და ასე დავშორდით ერთმანეთს.

ასეთი შემთხვევების შემდეგ რომელ შერიგებაზე შეიძლებოდა საუბარი?! ეს ხდებოდა ათენში ქართულ-აფხაზური მხარეების შეხვედრისას. ჩვენი მხარის ასეთი ამპარტავანი და ქედმაღლური გამოხდომებისა და საქციელის გამო, ვერც ათენში მივიღეთ გაეროს მიერ შემოთავაზებული რეზოლუცია კონფლიქტის ზონაში სწრაფი რეაგირების ოთხმხრივი მოქმედი ჯგუფების შექმნის შესახებ და ვერც სტამბოლში. ეს ხდებოდა 1998-1999 წლებში. იმავე 1999 წლის ბოლოს სწორედ ასეთი საგანგებო დავალებათა დესპანის რანგში ვეწვიე სოხუმს აღნიშნული რეზოლუციით, რომლის შვიდი პუნქტი იმხანად არ იქნა მხარდაჭერილი მხარეების მიერ, და ახლა ბატონ ანრი ჯერგენიასთან, ვლადისლავ არძინბას მთავარ მრჩეველთან, სულ ნახევარი საათი დაგვჭირდა იმისათვის, რომ გამოგვენახა კონსენსუსი. მან დოკუმენტის ჩემეული ვარიანტი შეათანხმა ვლადისლავ არძინბასთან და ერთი კვირის თავზე ამ დოკუმენტს მხარეებმა ხელი მოაწერეს თბილისში.

პიროვნულ თვისებებთან ერთად ზოგჯერ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება იმასაც, რაზე და როგორ ისაუბრებს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან ასეთი საგანგებო დავალებათა დესპანი თუ ელჩი. რასაკვირველია, დიალოგის მთავარი და ძირითადი თემა იყო და რჩება დევნილების დაბრუნება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და . ., მაგრამ არის თემები და საკითხები ამ ძირითადი და გლობალური პრობლემის შიგნით, რომლებიც საუბრის მიღმა რჩება ხოლმე, არადა, მათი გამოყენება, მოშველიება ძალზე მომგებიანი და მნიშვნელოვანია, ზოგჯერ გადამწყვეტიც კი.

აფხაზური მხარის სრულუფლებიან წარმომადგენელთან, ბატონ კონსტანტინე ოზგანთან, ედუარდ შევარდნაძესთან შეთანხმებით, ჩემი არაერთხელ შეხვედრისას (ადლერში, ბამბორაში და ა. შ.), როდესაც ვიხილავდით ომის შეწყვეტისა და ღირსეულად გამოსვლის საკითხს, ჩამოვარდა საუბარი აფხაზეთის ორ ნაწილად გაყოფაზე. იმხანად ისინი უყოყმანოდ თმობდნენ გალისა და ნაწილობრივ ოჩამჩირის რაიონების ტერიტორიებს ღალიძგამდე _ ძველი სამურზაყანოს ტერიტორიას, იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე აღიარებდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კონსტანტინე ოზგანის მოსაზრება არ იყო. ასეთი თვალსაზრისი არაოფიციალურ საუბრებში ბევრჯერ გამოუთქვამთ აფხაზური მხარის წარმომადგენლებს, მათ შორის, დეპუტატებსაც. მაგრამ ახჰლა ეს საუბარი ოფიციალურ სახეს იძენდა და საკითხი იხილებოდა ჩვენ მიერ. ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო, თუმცა, რადგან საუბარი ჩამოვარდა აფხაზეთის დანაწევრებაზე, შევახსენე ჩემს ოპონენტს, რომ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლისას აფხაზეთს არ ეკავა ის ტერიტორია, რომელიც აქვს დღეს. იმჟამინდელ აფხაზეთს გაცილებით მცირე ტერიტორია ჰქონდა, რადგან, არა მხოლოდ “სამურზაყანო”, არამედ ძველი საბედიანო, სადაც განისვენებს საქართველოს გამაერთიანებელი მეფე ბაგრატ მესამე, დალის (კოდორის) ხეობად წოდებული ტერიტორია, სამეგრელოს პროტექტორატით, გაცილებით ადრე შევიდა რუსეთის შემადგენლობაში. მოკლედ, დაწვრილებით მოვახსენე ბატონ ოზგანს, რომ აფხაზეთი, გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის (ქვემო სვანეთითა და ტყვარჩელით) რაიონების ტერიტორიების გარეშე შევიდა რუსეთის შემადგენლობაში შორეულ 1810 წელს. აფხაზებს უპირველეს არგუმენტად მოჰყავდათ რუსეთთან მათი შეერთება საქართველოსგან დამოუკიდებლად, ჩვენი საუბრის შემდეგ კი ბატონი ოზგანი გაცილებით კომპრომისული აღმოჩნდა და დიალოგმა მიიღო მშვიდი, კონსტრუქციული ხასიათი. საუბარი უკვე დაიწყო გუმისთის იქით (სოხუმის გამოკლებით) მდებარე ტერიტორიების გამოყოფასა და ამ ტერიტორიებში აფხაზეთის დამოუკიდებლად გამოცხადებაზე. ამ საკითხის განხილვისას გამოიკვეთა აფხაზეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი მოწყობის ორი კომპრომისული ვარიანტი, რომლებზეც კონფიდენციალურად მოვახსენე ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, მაგრამ მან ეს ინფორმაცია, სამწუხაროდ, უკომენტაროდ დატოვა _ როგორც იტყვიან, ერთ ყურში შეუშვა, მეორიდან გამოუშვა. არადა, ჩვენ მიერ ოზგანთან ერთად შემუშავებული პროექტები აფხაზეთის პოლიტიკური მოწყობისა, მათ შორის, ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, მეტად საინტერესო და ყურადსაღები იყო.

რადგან ეს პროექტები თავის დროზე არ იქნა მიღებული, აღნიშნულის შესახებ არსად მითქვამს. ინფანტილურ სააკაშვილთან ამ საკითხზე საუბარი კი, რაღა თქმა უნდა, უაზრობა იყო!

გადავწყვიტე, აფხაზეთის პრობლემების მოგვარების ჩემეული ხედვა, სხვა მოსაზრებებთან ერთად, გამეზიარებინა ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის, მაგრამ, დაპირების მიუხედავად, უკვე მეორე წელია, აუდენციას ვერაფრით მივაღწიე ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად.

ასეთია ჩემი მიდგომა და გამოცდილება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში. შეიძლება აქ ბევრი რამ საკამათო და მიუღებელი იყოს ურა-პატრიოტებისთვის, მაგრამ მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ არსებულ პრობლემებს მოაგვარებს მხოლოდ დაშვებული შეცდომების აღიარება, მათი გონივრული ანალიზი და პერსპექტივის ახლებურად დანახვა.

საღი აზროვნება და გონივრული კომპრომისები პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზაა!

ნაპო მესხია,

ნეიროქირურგი,

საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here