Home რუბრიკები პოლიტიკა ბილდტი _ მიშას მეგობარი

ბილდტი _ მიშას მეგობარი

566

კადრი: “ევროპაზე ორიენტირებული” ორი მამაკაცი კახეთში, სააკაშვილიანთ მამულში ყურძენსა კრეფს: ერთი მასპინძელია _ მიხეილი, იმ დროს ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი; მეორე _ კარლ ბილდტი, ამ ორშაბათამდე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.


რთველია! კახეთის ზეიმი, თავისი წესებითა და მხიარული რიტუალით.

ამათაც უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ვინ დაიჩემებს, რომ საკუთარი თვალით ნახა, რა და როგორ იყო. მაგალითად, როგორ გააგორეს მიშას ჩასუქებულ სტუმართაგან ვინმე ვენახის რიგთა შორის, უფრო უხვმოსავლიანი საგაისო რთველის გარანტირების მიზნით:

“_ ბარაქა, გოგი!

_ წადი, შენი!..”

იმ, ლარივით გაჭიმულ რიგთა შორის, კახელები “პლანს” რომ ეძახიან, თუ რამეს გააგორებდნენ უფრო მსუქანი მოგების მისაღებად, კონტრაქტი უნდა ყოფილიყო, დოკუმენტი თანამშრომლობის, დიდფულიანი, იმ კადრში ვაზის ძირთან წაკუზულებისთვის არნახული სარგებლის მომტანი.

არა, რო?

მაგრამ უფრო სარწმუნოა, რომ მაინც და მაინც ვენახში, მაინც და მაინც სააკიანთ მამულში არ გაფორმებულა ეს სახელმწიფო აქტი: სახელისუფლო დერეფნებში ჩამოტარებით გაოფიციალურდა გრიფით “საიდუმლო”, დაიწერა ბილდტის კარნახით, იმდროინდელმა პრემიერმა ნოღაიდელმა ხელი მოაწერა და მიშამ ბეჭედი დაუსვა.

წავიდა მილიონები ქვეყნის სალაროდან ბილდტის შვედურ ჯიბეში, რომელსაც ამდენიც დაუტევია და ამაზე ბევრად მეტი ამერიკული დოლარი. ხოლო ვაზის ძირთან მეგობრულ ექსტაზში ჩაცუცქვა, რაც ასეთი მონდომებით აღბეჭდა პრეზიდენტყოფილის პირადი ფოტოგრაფის პროფესიულმა კამერამ და აიტაცა მედიამ, იყო ამ კონტრაქტით უზრუნველყოფილი პიარის ერთი შტრიხი, შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი.

“_ წადი, შენი!..”

საქართველო მიშას სურვილების ქვევრში ჩაკეტილი აღმოჩნდა. უკვე მერამდენედ…

რთველი ბარაქიანი, მტევნები დასკდომაზე და ორი, ევროპაზე ორიენტირებული კაცის თეთრი ვარდებივით თეთრი ფეხებით ჩელენტანოს ცეკვის რიტმში დაწურული საფერავი წარმოსახვაში თუ არსებობს მხოლოდ, რადგან ორივეს პედიკურიან ფეხებზე ეკიდა ვენახიც, კახეთიც და სრულიად საქართველოც.

ნა რეჩკე, ნა რეჩკე,

ნა ტომ ბერეგუუ,

მილა მარუსენკა

ბელიე ნოჟკი…”

მღეროდა ცხვირა ბიჭი გიორგი დანელიას და რეზო გაბრიაძის ფილმში “არ დაიდარდო!”, მაგრამ ის ნაპირი, სადაც მარუსენკა თეთრ ფეხებს იბანდა, ოკუპანტ რუსეთს ეკუთვნოდა და მიუწვდომელი იყო.

დადნა ამათი გული და ცრემლი მოსწყდა ევროპაზე ორიენტირებული ამ ორი კაცის თვალებს. ცრემლი, როგორც “ვაზის ნაჟური”. და ესეც, მგონი, კიდევ ერთი, კუმპალივით პატარა ციტატაა კიდევ ერთი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან “ღვინის ქურდები”, ელიბოს ნათქვამი კუპლეტი:

შენი ჭირიმე, შენია,

ჯამს წვეთიც არ შერჩენია,

შეგარგოს ვაზის ნაჟური,

ვაჟი ყოფილხარ, ვაჟური”.

გასამდა. და დათარსული თავსატეხი ახლა დაეწყო სააკაშვილ-ბილდტის იდილიურ ურთიერთობას.

შვედურმა გაზეთმა “Aftonbladetგამოაქვეყნა უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კორუფციის სურნელების მქონე სკანდალური წერილი, რომელიც ამ ორი ადამიანის ურთიერთობასთან არის დაკავშირებული.

პუბლიკაციაში ლაპარაკია ამბავზე, რომელმაც ააფორიაქა ნაცკრაზანების ბუდე და ეს კვირაა, განსჯა-განხილვის საგნად იქცა ქართულ ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში.

ჩვენთან აქცენტი სააკაშვილზე კეთდება, შვედეთში _ ბილდტზე, რომელიც ამგვარ სკანდალებში სხვა დროსაც ყოფილა გარეული.

გაიხსენეს, რომ კონსალტინგურ კომპანიაკრეაბს”, რომელსაც სააკაშვილი მილიონებს უხდიდა, ერთ დროს ბილდტი ედგა სათავეში და მას შემდეგაც არ გაუწყვეტია მასთან კავშირი, რაც აქედან პირდაპირ საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელში გადაბრძანდა.

კონკრეტიკა ასეთია:

2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ სააგენტოს (“კრეაბს”) 14-ჯერ გადაურიცხა საერთო ჯამში 4,5 მილიონი ლარი. ამგვარად განაყოფიერებულ ნიადაგზე აღმოცენებული მეგობრობა, როგორც ექსპერტები აფასებენ, კორუფციული გარიგების ნაირსახეობად წარმოგვიდგა.

საქართველოს პარლამენტის ნაცდეპუტატ დავით დარჩიაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა შეკითხვები რომ დაუსვეს, მწყაზარ სახეზე ერთდროულად ისეთი გაოცება და აღშფოთება აღებეჭდა, ისეთ ცინიზმთან შეზავებული, რომელიც ნაცუმცირესობის საერთო თვისება იყო ყოველთვის, ხოლო  ერთი ხანია, განსაკუთრებით გაუმძაფრდა.

სხვა რა დარჩენია?

_ შვედეთის საგარეო მინისტრისთვის კორუფციაში ბრალის დადება “ოცნების” პოლიტიკური ხრიკია. შვედეთი კორუფციისგან სრულად განწმენდილი ქვეყანაა და კორუფციონერი მინისტრის არსებობა ბოროტი ჭორია, _ დაახლოებით ასეთი იყო მისი ცინიკური ტირადის დედააზრი.

სააკაშვილი იმავეს აცხადებდა, ოღონდ საქართველოს შესახებ და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ წმინდა მიხეილად გვასაღებდა თავს.

მაგრამ, როგორც ვნახეთ, ამ “ანტიკორუფციონერსა” და მისი, ასევე “კორუფციასთან მებრძოლი” გუნდის წევრებს მთავარი პროკურატურის გამოძიების მასალებით მამალ კორუფციაში დაედოთ ბრალი.

გაიშიფრა ელიტური კორუფცია.

ბილდტი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად 14-ჯერ ჩამოვიდა. რა დარჩენოდა, რას ეძებდა?

კალთას აფარებდა გულუხვ კლიენტს, პიარის მტლად ედებოდა და რჩევებს აძლევდა განსაკუთრებით ისეთ კრიზისულ სიტუაციებში, როგორიც 2007 წლის ოპოზიციური აქციების უმოწყალო დარბევის, ტელეკომპანია “იმედის” აწიოკება-დახურვისა და 2008 წლის გაყალბებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა.

ეხმარებოდა არა სიტყვითა ხოლო, საქმითაც; მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებით: როცა 2008 წლის არჩევნების არალეგიტიმურობაზე საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად საქართველოში შვედეთის ელჩიც ალაპარაკდა, ბილდტმა ეს პატიოსანი დიპლომატი სასწრაფოდ გაიწვია _ მოაცილა საქართველოს, ხოლო არჩევნები დემოკრატიის დიდ გამარჯვებად გამოაცხადა.

უცხოურ მედიაში აღნიშნავენ, რომ მოვლენათა ამ ერთობლიობამ, რომლებიც თვითმხილველთა მიერ და დოკუმენტებით არის დადასტურებული, უფლება მისცა შვედ ჟურნალისტებს, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის გამანადგურებელი ბრალი წაეყენებინათ ბილდტისთვის _ კორუფციაში მონაწილეობის ბრალი.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ იმ პიარში, რომელსაც ბილდტი სააკაშვილის გასამართლებლად და განსადიდებლად აწარმოებდა, მიღებული გასამრჯელო არის ქრთამი და არა ჰონორარი, გაცემულ და მიღებულ თანხას ოფიციალურად რომ უწოდებენ.

ასეთივე “ჰონორარი”, ოღონდ გაცილებით მეტი _ რვა მილიონი დოლარი, სააკაშვილს გადახდილი აქვს ამერიკული კომპანიისთვის, რომლის დამფუძნებელია სენატორ მაკკეინის ერთ-ერთი ასისტენტი.

შვედ ჟურნალისტებს არა ერთხელ უცდიათ, გაერკვიათ, როგორ ახერხებდა იგი ყველა “ბნელი” საქმიდან თავის დაძვრენას. მას ადარებდნენ ცნობილ ფირმა “ტეფალის” ტაფას, რომელიც ცხიმს არ იკარებს.

“ტეფალის” კაციაო.

გარკვეულია, რომ ეს კაცი მულტიმილიონერი გახდა ჯერ კიდევ 2003 წელს იმის წყალობით, რომ წევრი იყო ამერიკული კომპანიის, რომელიც იარაღის მწარმოებელ კომპანიალოკჰიდ მარტინთანიყო დაკავშირებული. ამას გარდა, ბილდტმა დიდი ფული იშოვა კომპანიალუნდინ ოლდშიდირექტორითა  საბჭოს წევრად მუშაობისას, რომლის (კომპანიის) წინააღმდეგ დღესაც გრძელდება გამოძიება სუდანში სამოქალაქო ომის სპონსორობის ბრალდებით. ეს ძმათამკვლელი დაპირისპირება დაინტერესებულმა ძალებმა წამოიწყეს ნავთობის საბადოებზე კონტროლის დაწესების მიზნით. არეულობას შეეწირა 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე, სამხრეთ სუდანიდან დეპორტირებული იქნა 200 ათასი მოქალაქე.

ასეთ “ბნელ” საქმეებში მონაწილეობის მიუხედავად, ამერიკაში იგი მიღებული კაცია. 70-იან წლებში სწავლობდა შტატებში და პერსპექტიულ პოლიტიკოსად ითვლებოდა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, სწორედ ამ ხანებში დაუმეგობრდა ბილდტი აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებს. რას ნიშნავს ასეთი დამეგობრება, განმარტებას არ საჭიროებს.

“მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი, და გეტყვი, ვინ ხარ შენ”.

ბილდტსა და სააკაშვილსაც ასეთი “მეგობრობა” აკავშირებდათ, მიიჩნევენ ექსპერტები. 90-იან წლებში იგი (ბილდტი), როგორც ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი, კურირებდა იუგოსლავიის დანაწევრებისა და სერბეთიდან კოსოვოს გამოყოფის საკითხებს. ასეთ გზაგავლილ და გამოცდილებადაგროვილ მოღვაწეს არ შეეძლო, აქტიური მონაწილეობა არ მიეღო უკრაინის ამჟამინდელ კრიზისში. ექსპერტები ამბობენ, რომ კიევში იგი იმდენად შვედეთის ინტერესების დამცველად არ გამოდიოდა, რამდენადაც ამერიკის ინტერესების გამტარებლად.

ამ მოღვაწის სრული პორტრეტის წარმოსადგენად “ვიკილიქსის” მიერ განსაიდუმლოებული დიპლომატიური დოკუმენტები მოვიხმოთ.

ამერიკელი დიპლომატები მიიჩნევდნენ, რომ ბილდტი “ჯიუტი”, “თავდაჯერებული” და “შეზღუდული დიპლომატიური შესაძლებლობების” მქონეა. დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წონა და გავლენა აქვს, და ამ ყველაფრისა გამო ადარებენ “საშუალო სიდიდის ძაღლს დიდი ძაღლის ჩვეულებით”.

არმაზ სანებლიძე

უცხოური მედიის მიხედვით

P.S. “საქართველო და მსოფლიობევრს წერდა და ღიად მიუთითებდა ბილდტისსაგმირო საქმეებზე”. მაშინ დასავლური მედია და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ ფაქტებით არ დაინტერესებულან, რაც ნათლად მოწმობს, რომ მათ ინტერესს წარმოადგენს არა სიმართლე, არამედ მომენტი. ბილდტის მიმართ წაყრუებას ისინი დღემდე გააგრძელებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილის მეგობარმა პატრონები გაანაწყენა

შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ კვირას რომ გაიმართა, წინასწარი მონაცემებით, მმართველმა ალიანსმა, რომელშიც ბილდტის პარტია შედიოდა, მანდატების უმრავლესობა ვერ მოიპოვა. გაიმარჯვა შვედეთის სოციალდემოკრატიულმა მუშათა პარტიამ, მემარცხენე პარტიამ და გარემოს დაცვის პარტიამ.

პრემიერმინისტრმა ფრედერიკ რეინფელდმა აღიარა დამარცხება და თავისი და მთავრობის გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. ვარაუდობენ, რომ მთავრობის მეთაურის პოსტს დაიკავებს სტეფან ლევენი, სოციალდემოკრატიული მუშათა პარტიის ლიდერი.

გუდ ბაი, ბატონო ბილდტ, რომელიც იმდენს ეცადა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რომ თავისი მინისტრობაც დაკარგა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here