Home რუბრიკები პოლიტიკა პეტრე მამრაძე: ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ პიროვნებები, რომლებიც სათოფეზეც არ იყვნენ მასთან გასაკარებლები

პეტრე მამრაძე: ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ პიროვნებები, რომლებიც სათოფეზეც არ იყვნენ მასთან გასაკარებლები

757

რამდენიმე თვეა, საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტისა და პრემიერის ღია თუ ჩუმი დაპირიპისრების მოწმეა. მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე ორივე ამბობს, კონკურენტები არ ვართ და ჩვენი საფიქრალი მხოლოდ ხალხის კეთილდღეობააო, რეალური სურათი სხვაა… გვესაუბრება ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე.


_ ბატონო პეტრე, უკვე კარგა ხანია, ქართველი საზოგადოება  პრემიერ ღარიბაშვილისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის დაპირისპირებას უყურებს. თქვენ წლების განმავლობაში ქვეყნის პირველ პირებთან გიწევდათ მუშაობა, თუ ყოფილხართ მსგავსი დავის მოწმე და რომელია მათგან მტყუანი და რომელი _ მართალი?

_ გიორგი მარგველაშვილი მინისტრად რომ დანიშნეს, ვინც მას იცნობდა, ყველა ამბობდა, “მარგველა” მინისტრი გახდა, ე. ი. საქართველოს დედა აღარ ჰყავსო…

შევეცდები, ყველაფერი თანმიმდევრობით გავიხსენო… 2013 წლის 3 მაისს განათლების იმჟამინდელი მინისტრი მარგველაშვილი თავისი უნივერსიტეტის _ ჯიპას სტუდენტებს შეხვდა და განუცხადა, რომ შრომის კოდექსი, რომელიც სახელმწიფომ ხელახლა შექმნა, არის როზა ლუქსემბურგის ოცნება და ამის შემდეგ ქვეყანაში ყველაფერი ჩაკვდება. მარგველაშვილი ამ მომენტში მინისტრი და ქვეყნის ვიცეპრემიერი გახლდათ…

ყველა კანონზე, რომელთაც მთავრობა განიხილავს, ცხარე კამათი მიმდინარეობს, მაგრამ, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, გარეთ ამბის გამოტანა აღარ შეიძლება, თუ ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და არ ეთანხმებოდა, მაშინ გარეთაც არ უნდა გამოეტანა ეს ამბავი, მაგრამ, თუ საჯაროდ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება, თანამდებობაც უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა

_ თუ შეცდომა ჰქონდა დაშვებული, პრეზიდენტობის კანდიდატად როგორ დასახელდა?

_ თუ შეიძლება, განვაგრძობ… იმხანად მას იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა გასცა პასუხი, რომ ეს კოდექსი “ოცნების” ოცნება იყო. ამის შემდეგ გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და განაცხადა, რომ მარგველაშვილის თვალსაზრისს სრულად იზიარებს, არადა, განკარგულებას ხელი სწორედ ივანიშვილმა მოაწერა.

11 მაისს ივანიშვილმა მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა, რასაც “ქოცები” აღფრთოვანებით შეხვდნენ და უკონკურენტო კანდიდატად გამოაცხადეს.

15 მაისს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა, მეტსახელად “ბოცომ”, ამოიღო ფურცელი და დაიწყო ასეთი ტექსტის კითხვა: “ვინ არის ივანიშვილი თუ არა რუსეთის მცდელობა _ რბილი ძალა გამოიყენოს საქართველოში? ვინ არის ივანიშვილი, თუ არა რუსეთის პროექტი, რომელიც რუსეთმა დასავლეთს შეუთანხმა და სრულიად ცივილიზებულ სამყაროს? ეს ადამიანი ჩემთვის სწორედ ამით არის საინტერესო…” “ბოცოს” ამ გამოსვლას ხმაური მოჰყვა. “ქოცები” აყვირდნენ, “ბოცომ” “ქოცებს” ყვირილი ადროვა და თქვა: “ეს პრეზიდენტობის კანდიდატის _ მარგველაშვილის გამონათქვამებია”. “ქოცები” დადუმდნენ.

ამ ამბების შემდეგ, ორიოდე დღეში შემხვდა “ოცნების” ერთ-ერთი სახე, რომელმაც მითხრა, რომ ბიძინამდე ასეთი ამბები არ მიდის…

_ თუ ეს ამბავი ყველამ ვიცით, ივანიშვილს ინფორმაცია არ აქვს?

_ ბიძინამ მაკროამოცანა გადაწყვიტა _ სააკაშვილი მოგვაშორა.

გადავიდეთ ძირითად შეცდომებზე. ალბათ, გახსოვთ ვანიჩკა მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანის ამბავი. იმხანად პრეზიდენტს ან თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარეს რომ ემოქმედა, ყველაფერი უცებ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდებოდა. სადისტური სისტემის ხერხემალმა მერაბიშვილმა განაცხადა, პროკურორმა ციხიდან გამიყვანაო. ამ კადრებს იღებს ექვსი კამერა და ხელისუფლებიდან არავინ ითხოვს, რომ ამოიღონ ფირები და სიმართლე დაადგინონ. ვანიჩკა ტყუილს ვერ იტყოდა, რადგან სიმართლის დადგენა ადვილი იყო, ხელისუფლების ასეთმა საქციელმა მერაბიშვილი პოლიტიკურ ფიგურად აქცია.

მარგველაშვილის პირდაპირი მოვალეობა იყო, დაერეკა ღარიბაშვილთან და ეთქვა, _ სასწრაფოდ ამოიღეთ კადრები და ყველა დამნაშავე დასაჯეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უშიშროების საბჭოს მოვიწვევ და თავად დავადგენ ყველაფერსო! ვინმე გაუწევდა წინააღმდეგობას? თინა ხიდაშელმაც ხომ თქვა, სიმართლის დადგენას მხოლოდ 20 წუთი სჭირდებაო. ამ ამბავზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ დიდი სკანდალი მოხდა, გიგი უგულავამ პროკურორის ნასამართლეობის ფაქტები გაასაჯაროა და მთავრობა თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა, ვანიჩკა კი პოლიტიკური ფიგურა გახდა.

_ რასთან გვაქვს საქმე?

_ პროვინციალიზმთან, მარაზმთან, ანტისახელმწიფოებრივ მიდგომასთან. ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ პიროვნებები, რომლებიც სათოფეზეც არ იყვნენ მასთან გასაკარებლები. ტყუილად კი არ ამბობდნენ ის ადამიანები თავის დროზე, “მარგველათუ მინისტრია, დედა აღარ გვყავსოთალიბანი პიროვნება რომ ჰგონია შინაგან საქმეთა მინისტრს, “ჰაკიმ ფაშაკი ამბობს, ლექსოს დიდი პოტენციალი აქვს და სწრაფად იზრდებაო _ ეს პროვინციალიზმი არ არის? ამ ადამიანების, ამ გუნდის საქმესთან მიკარება არ შეიძლებოდა.

გიორგი მარგველაშვილმა დაივიწყა ფიცი, რომელიც ქვეყნის წინაშე დადო. ეს არის კაცი, რომელიც “კალიგულას” სასახლეში შევიდა იმიტომ, რომ “ნაცები” ამას კატეგორიულად მოითხოვდნენ და რაღაზე ვლაპარაკობთ?! “მარგველას” ბევრი მეგობარი ჰყავს “ნაცებში”, მისთვის ბავშვობის მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ის მათ სურვილებს ყოველთვის შეასრულებს, “მარგველამ” სასახლეში შესვლით მიშას სურვილი აასრულა. პრეზიდენტის სასახლეში შესვლა მხოლოდ იმიტომ არ შეიძლებოდა, რომ არშესვლით ახალი ხელისუფლება იმ დიდ დანაშაულებრივ ჯგუფს სიმბოლურად გაემიჯნებოდა.

გავიხსენოთ “გრიფ საიდუმლოს” მოხსნის ამბავიც: ეს იყო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ფაქტი, რომელზეც პრეზიდენტმა უსწრაფესი რეაგირება არ მოახდინა და პროკურატურა იძულებული შეიქნა, საჯარო მიმართვა გაეკეთებინა. მარგველაშვილმა კი განაცხადა, ვარჩევდი მომენტს, როდესაც გრიფის ახსნა ყველაზე ნაკლებად დააზიანებდა საქართველოსო. მე სკამიდან არ ჩამოვვარდი ამ გაცხადების მოსმენისას, რადგან ბევრის მომსწრე ვარ… ეს არის ერთი შეცდომა, რომელიც პრეზიდენტმა დაუშვა და მეორე ის, რომ, მაპატიეთ და, ამ დეგენერატებმა ნივთმტკიცება გააქრეს. სააკაშვილმა ნივთმტკიცება გადმოუყარა და ამათ უკან დაუბრუნეს, იმის ნაცვლად, რომ მსოფლიოსთვის დაენახვებინათ, ფაქტი ხელში გვიჭირავსო.

გადის დრო და უარესი სანახაობა ვიხილეთ, ვიდრე შალახოს თანხლებით ხელმოწერილი დოკუმენტი იყო. ეს არის დავა და კამათი ხელს ვინ და რაზე მოაწერს და ვინ საით წავა. ასე ბაზრის ქალებიც არ იქცევიან. უცხოელები, ამ ყველაფრის შემყურე უცხოელები მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებენ _ “ინქრედიბელ”, ანუ დაუჯერებელიაო.

_ მარგველაშვილი ამბობს და მართალიც არის, რომ ის არჩეული პრეზიდენტია, ხოლო ღარიბაშვილს ეს თანამდებობა მემკვიდრეობით თუ საჩუქრად ერგო

_კი, მარგველაშვილი არჩეულია, თუმცა  ვიცით, რომ სინამდვილეში ის ივანიშვილის ხათრით აირჩიეს, ტყუილად კი არ შეარქვეს მას ბიძინა მარგველაშვილი. ღარიბაშვილიცა და მარგველაშვილიც _ ორივე დანიშნულია.

ახლა გაეროში წასვლაზე ხოცავენ ერთმანეთს. სასურველია, ასეთ შეხვედრაზე  ქვეყნიდან ერთი დელეგაცია წავიდეს და ერთი ხელმძღვანელი ჰყავდეს. გაერო ქვეყნებს არ ზღუდავს. ჩვენ გაეროში გვყავს შესანიშნავი დიპლომატი _ კახა იმნაძე, მასაც შეუძლია, ქვეყანა წარადგინოს, გააჩნია დელეგირებას. ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას აქვს პერსონალური მიწვევა კლიმატის სამიტზე გაეროს გენმდივნისგან და მას უპასუხა დასტურით, რომ ჩადის. ამის შემდეგ უკეთესი იქნებოდა, მთავრობას ეს ჩვეულებრივ ამბად მიეღო, გაეროში იტყოდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი კლიმატის სპეციალისტია…

გაცილებით უარესი გააკეთეს იმით, რომ პრეზიდენტთან დავა დაიწყეს, ნაცვლად იმისა, რომ მისთვის დაეთმოთ _ გუნდის შიგნით რა ხდებოდა, ამას ვერავინ გაიგებდა. ამ კამათით, ამაზრზენი დავით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ პროვინციულ ჭაობში ვიძირებით. ამ დავა-კამათით ბევრი დავკარგეთ, იმიჯი ძალიან შეგველახა. იცით, რა მაინტერესებს? რატომ არ სვამენ კითხვას ჟურნალისტები _ თუ მარგველაშვილმა მოწვევა ნამდვილად მიიღო, შემდეგ ვინ ჩაუშალა შეხვედრა? გაეროს გენმდივანს ხომ უკვე დაჰპირდა, რომ აუცილებლად ჩამოვალო? უცხოეთში ასეთი განცხადების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს თავს ვერავინ აარიდებდა. აქ კი არავინ იკითხა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე უარი რატომ განაცხადა, მაშინ, როდესაც დასტური გაგზავნილი ჰქონდა.

ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ის პიროვნება, რომელიც განუხრელად შეასრულებდა ქვეყნის წინაშე დადებულ ფიცს, მაგრამ მას, თავისი ფსიქიკიდან გამომდინარე, ამის გაკეთება არ შეუძლია. საქართველო დღეს იმართება, როგორც სააქციო საზოგადოება, რომლის პაკეტიც ერთი ადამიანის ხელშია. ასეთი მმართველობის შემოღების მცდელობა ქვეყნის პარალიზებას იწვევს. პრეზიდენტი თავის სიმაღლეზე რომ მდგარიყო, ამ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდით, დეპორტირებული კანონიერი ქურდის _ რომან ბარბაქაძის  ტრაპიდან გაყვანას ვერავინ მოახერხებდაასეთ დიდ დანაშაულს ის ქვეყანა სჩადის, რომელსაც პრეზიდენტი არ ჰყავს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here