Home რუბრიკები პოლიტიკა დაიღუპა ფრონტის ხაზზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას

დაიღუპა ფრონტის ხაზზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას

498

მინსკში გამართულმა ევრაზიის კავშირის ქვეყნებისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრამ ეუთოს მონაწილეობით შედეგი გამოიღო: უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში დაპირისპირებული ძალები დაზავდნენ. შეწყვიტეს ცეცხლი. დროებით. მშვიდობა მყიფეა. პირველი დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის რეგიონში დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 10-ზე მეტი შემთხვევა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ. შეშფოთების საფუძველს იძლევა ის ფაქტიც, რომ შემჩნეულია უკრაინის ჯარის სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობით სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაადგილება. მაგრამ უკვე გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, რომ მოლაპარაკების გზით შეიძლება ამ ცხელი წერტილის პრობლემების მოგვარება. ან _ ისე, ან _ ასე.


არც _ ომი, არც _ მშვიდობა, _ ასე შეიძლება დახასიათდეს უკრაინაში დღეს ჩამოყალიბებული ვითარება. ჭრილობას სისხლი სდის. ოდესმე განიკურნება. მაგრამ დავიწყებას არ მიეცემა ის, რაც გადაიტანა ამ ქვეყანამ, განსაკუთრებით, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების უდანაშაულო, მშვიდობიანმა მოსახლეობამ ჯოჯოხეთის ზეობის რამდენიმე თვის განმავლობაში. ისტორია განსჯის, უახლესი.

ჩვენ კი, ჟურნალისტების ამქრის წევრები, მდუმარედ ვდგავართ ამ სამოქალაქო ომის ბოლო მსხვერპლის (ღმერთმა ქნას, ბოლო იყოს!) _ ფოტორეპორტიორ ანდრეი სტენინის საფლავთან, რომელიც მოსკოვის ტროეკურის სასაფლაოზე ტელეჟურნალისტების _ იგორ კორნელიუკის, ანტონ ვოლოშინისა და ანატოლი კლიანის საფლავების გვერდით გაითხარა, და მწუხარებით ვხრით თავს მათი ხსოვნის წინაშე.

5 სექტემბერს მიაბარეს მიწას ანდრეი სტენინი, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მიერ მოწყობილი სადამსჯელო ექსპედიციის მონაწილე სამხედრო დანაყოფის ჯარისკაცებმა ჩაცხრილეს ავტომანქანაში. მოკლეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ეს უდავოდ არის გარკვეული.

«თურმე დღესაც არსებობს კადრები, რომლებიც სიცოცხლედ ღირს. და რაგინდ პარადოქსული იყოს, ასეთი კადრების გადაღება უკრაინაში შეიძლება», _ განაცხადა სამგლოვიარო ცერემონიის დროს «რუსეთი დღეს» გენერალურმა დირექტორმა, ცნობილმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა დიმიტრი კისელევმა.

ტრაგიკული აღმოჩნდა ბევრი ჩვენი კოლეგის ბედი უკრაინაში. მათ შორის _ ანდრეი სტენინისაც. კარგა ხანს უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი. 5 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც იგი აღარ გამოდიოდა კავშირზე, არა ერთი ვერსია გავრცელდა, არა ერთი მიზეზი დასახელდა მისი გაუჩინარების. აბობოქრდა ჟურნალისტთა ამქარი, აფორიაქდა ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანება და უკრაინის ხელისუფლებას მოსთხოვა პასუხი კოლეგის გაუჩინარებაზე.

ხელისუფლებას მოსთხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რადგან არსებობდა ამის საფუძველი.

უკრაინის შს მინისტრის _ არსენ ავაქოვის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ თავდაპირველად განაცხადა, რომ სტენინი უკრაინელმა ძალოვანებმა დააპატიმრეს ტერორიზმისთვის ხელშეწყობის ბრალდებით, მაგრამ შემდეგ გაემიჯნა თავის ნათქვამს და განაცხადა, რომ მან «მხოლოდ ივარაუდა» ჟურნალისტის დაპატიმრება უკრაინელი ძალოვნების მიერ. ხოლო რუსმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ინტერვიუ ჩამოართვეს, დაუმახინჯეს ნათქვამი.

იტყუებოდა გერაშჩენკო.

ჯერ ერთი, მას ინტერვიუ ჩამოართვეს არა რუსმა, არამედ ლატვიელმა, რადიოსადგურ «Baltkom»-ის ჟურნალისტებმა, მასალა გადაიცა რადიოთი და «წინადადების ამოგლეჯა კონტექსტიდან» ძნელი წარმოსადგენია.

ლატვიელი ჟურნალისტები გააოცა გერაშჩენკოს ამ განცხადებამ და თავიანთ საიტზე დადეს ეს ინტერვიუ. ჩანაწერში გარკვევით ისმის, რომ შეკითხვაზე: «ცნობილია თუ არა თქვენთვის, სად იმყოფება ანდრეი სტენინი?», გერაშჩენკო საუბრის დასაწყისშივე უპასუხებს: «დიახ, ცნობილია».

პარალელურად ინტერნეტში გამოჩნდა სტენინის გამამართლებელი ვიდეოკადრები. ბრალდება, რომ რეპორტიორი თითქოს ესწრებოდა უკრაინელი მედესანტის წამებასა და დახვრეტას, სრულიად უსაფუძვლო გამოდგა: დამბრალებელთა სავალალოდ და სამარცხვინოდ, ეს მედესანტე ცოცხალი აღმოჩნდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საგარეო უწყებას რამდენჯერმე გაუგზავნა ოფიციალური შეკითხვა ჟურნალისტის ბედთან დაკავშირებით.

შედეგი _ არავითარი.

ან რა უნდა ეპასუხათ, როცა უკრაინაში სამოქალაქო ომთან დაკავშირებით ისეთი არეულობა იყო, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა.

უკრაინის «სისხლიანი ქაოსის» მორევში დაიღუპნენ ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ პროფესიულ სამუშაოს ასრულებდნენ _ ცდილობდნენ ობიექტურად გადმოეცათ იმ ტრაგედიისა და ღვთის რისხვის პერიპეტიები, რომლებიც «ზალეჟნაიაში» ტრიალებდა.

მშრალი ჩამონათვალიც კი შეძრავს ადამიანს.

2014 წლის 24 მაისს სლავიანსკის მახლობლად, სოფელ ანდრეევკაში მოკლეს იტალიელი ჟურნალისტი ანდრეა როკელი და მისი თარჯიმანი ანდრეი მირონოვი; აფეთქებული ჭურვის ნამსხვრევით დაიჭრა ფრანგი ფოტოკორესპონდენტი ვილიამ როგულონი.

2014 წლის 17 ივნისს უკრაინელი ძალოვანების მიერ გახსნილ ცეცხლს ლუგანსკის მახლობლად შეეწირნენ რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიის საინფორმაციო პროგრამა «ვესტის» კორესპონდენტი იგორ კორნელიუკი და ხმის ოპერატორი ანტონ ვოლოშინი.

ამ ორი ადამიანით გაიხსნა რუსეთის დაღუპული ჟურნალისტების სია. რეპორტიორები იღებდნენ სიუჟეტს, თუ როგორ გამოჰყავდათ სახალხო თავდაცვის მოხალისეებს ლტოლვილები სახიფათო ზონიდან. ჟურნალისტებს ეკეთათ მასმედიის განმასხვავებელი ნიშნები. ჭურვი გადამღებ ჯგუფთან ახლოს აფეთქდა. ანტონ ვოლოშინი ადგილზე გარდაიცვალა, იგორ კორნელიუკი _ ადგილობრივ საავადმყოფოში მიყვანისთანავე.

2014 წლის 30 ივნისს დონეცკში, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილთან კიეველმა სამხედროებმა მოკლეს რუსეთის პირველი არხის ოპერატორი ანატოლი კლიანი. ამ ნაწილის შესასვლელთან ჯარში გაწვეულთა დედებმა გამართეს აქცია და მოითხოვეს თავიანთი შვილების გათავისუფლება. სამხედროებმა ცეცხლით უპასუხეს. სასიკვდილოდ დაიჭრა ანატოლ კლიანი.

რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც უკრაინაში მსახურობდნენ, გაიტაცეს.

2014 წლის 21 აპრილს Vice News ჟურნალისტი საიმონ ოსტროვსკი დაიკარგა. სლავიანსკის «სახალხო მერმა» ვიაჩესლავ პონომარიოვმა განაცხადა, რომ ოსტროვსკი დაკავებული ჰყავთ სლავიანსკის მოხალისეთა აქტივისტებს, როგორც «მარჯვენა სექტორის» ინფორმატორი. სამი დღის შემდეგ ამერიკელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს.

2014 წლის 18 მაისს «ლაიფ ნიუსის» თანამშრომლები _ მარატ საიჩენკო და ოლეგ სიდიაკინი უკრაინელმა ძალოვანებმა დააპატიმრეს იარაღის ტრანსპორტირების ბრალდებით. თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ისინი დატყვევებული ჰყავდათ და გაათავისუფლეს ჩეჩნეთის პრეზიდენტის _ რამზან კადიროვის შუამავლობით. ჟურნალისტებმა კოლეგებს უამბეს, როგორ არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ: შეუკრეს ხელ-ფეხი, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ხაროში ჩააგდეს.

2014 წლის 6 ივნისს დაიკარგნენ ტელეარხ «ზვეზდას» ოპერატორი ანდრეი სუშენკოვი და ხმის რეჟისორი ანტონ მალიშევი. უკჰრაინის ნაცგვარდიაში განაცხადეს, რომ რუსი ჟურნალისტები დააკავეს და გადასცეს უკრაინის უშიშროების სამსახურს. მათ ბრალად წაუყენეს სლავიანსკის მახლობლად უკრაინის ბლოკსაგუშაგოების შესახებ ცნობების შეგროვება. ჟურნალისტები 9 ივნისს გაათავისუფლეს.

2014 წლის 14 ივნისს რუსეთის ტელეარხ «ზვეზდას» ორი ჟურნალისტი _ კორესპონდენტი ევგენი დავიდოვი და ხმის ინჟინერი ნიკიტა კონაშენკოვი უკრაინის ნაცგვარდიის თანამშრომლებმა დნეპროპეტროვსკის შემოგარენში დააკავეს. ისინი რედაქციის დავალების შესრულების შემდეგ რუსეთში ბრუნდებოდნენ. ნაცგვარდიის ტყვეობაში სამი დღე დაჰყვეს. მათ დაუნდობლად ეპყრობოდნენ: სცემდნენ, ემუქრებოდნენ, რომ დახოცავდნენ. გათავისუფლებულებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ, ექიმებმა დაუფიქსირეს ძლიერი სტრესი და უამრავი გემატომა სხეულზე. დავიდოვი საავადმყოფოში დააწვინეს დიაგნოზით «ყურის აპკის გაგლეჯა».

2014 წლის 22 ივლისს უკრაინელმა სამხედროებმა ხელთ იგდეს ბრიტანელი ჟურნალისტი, რტ-ის უშტატო კორესპონდენტი გრემ ფილიპსი. იგი დააკავეს მაშინ, როცა ადგილობრივ ჟურნალისტ ვადიმთან ერთად გაემართა დონეცკის აეროპორტისკენ. ფილიპსის თქმით, მისი კოლეგა სცემეს, თავად იგი კი მრავალგზის დაჰკითხეს, წაართვეს პირადი ნივთები, მანქანა, ფული და 26 ივლისს პოლონეთში გადაიყვანეს და აუკრძალეს 3 წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩენა. საინტერესოა, რომ ფილიპსი უკრაინის ხელისუფლებას პირველად არ დაუკავებია. წლეულს მაისში უკრაინის ნაცგვარდიამ იგი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დააკავა და უკრაინის სპეცსამსახურებს გადასცა.

2014 წლის 22 ივლისს СNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ არხის შტატგარეშე კორესპონდენტი ანტონ სკიბა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში დააკავეს და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართეს. ტელეკომპანიის მონაცემებით, შეიარაღებულმა ადამიანებმა სკიბა დონეცკის სასტუმროსთან დააკავეს. მოხალისეთა დაეჭვება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ჟურნალისტს ჰქონდა რამდენიმე დოკუმენტი სხვადასხვა გვარზე. 26 ივლისს სკიბა გაათავისუფლეს.

ეს სია სრული არ არის. ბევრ ჟურნალისტს, რომლებიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აშუქებენ, ცეცხლი გაუხსნეს, ბედად ისინი გადარჩნენ. უკრაინელი ძალოვანები უყოყმანოდ ესვრიან ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ ჯავშანჟილეტები წარწერით «პრესა», უჭირავთ ვიდეოკამერები და მიკროფონები.

ბევრ რუს რეპორტიორს აუკრძალეს უკრაინის საზღვრის გადაკვეთა.

2014 წლის 1 აგვისტოს «რაშა თუდეის» ჟურნალისტი, აშშ-ის მოქალაქე ალინა ემპრიმიანი უკრაინიდან გააძევეს. რეპორტიორს ბრალად დასდეს სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა მაშინ, როცა იმიერკარპატებში გამართულ ერთ-ერთ მიტინგს იღებდა.

უკრაინაში მიზანმიმართულად დევნიან ჟურნალისტებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მფრინავი ქალი ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავეა რეპორტიორების _ კორნელიუკისა და ვოლოშინის მკვლელობის ხელშეწყობაში: მან გადასცა უკრაინელ არტილერისტებს ჟურნალისტების ზუსტი კოორდინატები. ბატალიონ «აიდარის» მეთაური სერგეი მელნიჩიუკი მონაწილეობდა ნაღმსარტყორცნების დაშენაში, რის შედეგადაც დაიღუპნენ რუსი რეპორტიორები. «აიდარი» ერთ-ერთია იმ სახელობითი ბატალიონებიდან, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში არიან ჩართულნი.

თავისთავად ცხადია, რომ ასეთ ვითარებაში უკრაინაში პრესის თავისუფლებაზე ლაპარაკი სრულიად ზედმეტია. ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა, Revizor-ua-ს შეფრედაქტორმა ალექსანდრ ჩალენკომ «კავპოლიტისთვის» მიცემულ ინტერვიუში თქვა: «(უკრაინაში) რაც არის, იმას მასმედიას ვერ უწოდებ. მათი ნახევარი პროპაგანდისტული წვრილფეხობაა, რომლებიც ხშირად სიცრუეს აქვეყნებენ. მაგალითად, ყირიმზე წერენ, რომ «ნახევარკუნძული ავტომატების ლულების მუქარით გამოეყო (უკრაინას), ყველგან ლტოლვილებია ყირიმიდან, იქ ყველაფერი დაქცეულია, მოსახლეობა თავზარდაცემულია, თათრებს ხოცავენ, ხოლო რუსი სამხედროები ყველას და ყველაფერს აუპატიურებენ. განა ეს ბოდვა არ არის?!»

«ცხენს ვერ შეწვდნენ, უნაგირს დაუწყეს მტვრევაო».

ეს სენტენცია ზედგამოჭრილია უკრაინის სასამართლო ხელისუფლებაზე, რომელმაც მიზეზ-მიზეზ ჯერ რუსეთის ტელეარხ «ТВ Центр-Internacional»-ის, მოგვიანებით კი რუსეთის პირველი არხის, «რტრ-პლანეტის», «როსია-24»-ის, «ვესტის» და «ნტვ მირის» გადაცემების ტრანსლაცია აკრძალა.

ჟურნალისტების დაღუპვაზე საზოგადოებრიობის რეაქცია, რა თქმა უნდა, მწვავეა.

შოკირებულები არიან «რეპორტიორები საზღვრებს გარეშე»; ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა, რომელიც აშშ-ში არის განთავსებული, კრიტიკულად შეაფასა სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში თავისუფალი პრეჰსის მდგომარეობა. ექსპერტების აზრით, ჟურნალისტების უფლებების დაცვისა და თავისუფალი პრესის ფუნქციონირების კუთხით მდგომარეობა მხოლოდ უარესდება.

აღშფოთებულია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროც, მაგრამ, როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტთან არსებული საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ ფედოტოვი აცხადებს, აღნიშნულ პრობლემასთან, ანუ ჟურნალისტების დაცვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კანონპროექტის «დუმის» განსახილველად წარდგენას არავინ ჩქარობს. დეპუტატები იმიზეზებენ, რომ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით არიან დაკავებული. საბჭოს კი პარლამენტში კანონპროექტების შეტანის უფლებამოსილება არ გააჩნია.

კოლეგა ჟურნალისტები შეიძლება დაინტერესდნენ, რას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომლის მიღებას საშველი არ დაადგა.

პროექტში ჩაწერილია: დაევალოს დამსაქმებელს, უზრუნველყოს ცხელ წერტილში მომუშავე ჟურნალისტი ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით, სპეციალური აღჭურვილობით და მისცეს მას შესაძლებლობა, გაიაროს სპეცმომზადება. ჟურნალისტმა აუცილებლად უნდა მიიღოს, აგრეთვე, განმასხვავებელი ნიშანი «პრესა» და საერთაშორისო ჟურნალისტის პირადობის მოწმობა საშიშ ზონაში მისი მივლინების შესახებ (ეს გათვალისწინებულია 1949 წლის ჟენევის კონვენციებზე დამატებული ოქმით). შესწორებების თანახმად, დამსაქმებელმა ჟურნალისტს უნდა გაუფორმოს დამატებითი დაზღვევა და გაატაროს ნებაყოფლობით გენომურ რეგისტრაციაში (დაღუპვის შემთხვევაში ამოსაცნობად).

არ იქნება ეს უკან მიდევნებულდი ლამპარი, რადგან სამოქალაქო ომს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.

დავუმატოთ ამას, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ რამდენიმე დღის წინათ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს უფლება მიეცათ, «გაუფრთხილებლად გამოიყენონ ფიზიკური ზემოქმედების ღონისძიებები», მათ შორის, იარაღი იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც «ტერორისტებად მიიჩნევიან და ტერორიზმით არიან დაკავებულნი.

ესროლეთ, კანონი დაგიცავთ!

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here