Home რუბრიკები საზოგადოება ფულს სუნი არ უდის?

ფულს სუნი არ უდის?

1185

2013-2014 წლებში საქართველოს ე. წ. ლგბტ საზოგადოების შეტევების ტალღამ გადაუარა და თუმცა გეებს, ლესბოსელებს, ბისექსუალებსა და ტრანსექსუალებს აქციების გამართვის საშუალება არ მიეცათ, დასავლეთის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის თავსმოხვეული ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას მაინც ვერ ავცდით _ ქართულ ტრადიციებსა და კულტურაზე, მართლმადიდებლობაზე «თავგადაკლულმა» დეპუტატებმა, საპატრიარქოს თხოვნის მიუხედავად, ეს კანონი, რომელიც სექსუალური უმცირესობის დისკრიმინაციას კრძალავს (ისე, საკითხავია, აღრიცხული თუა სექსუალური უმცირესობის დისკრიმინაციის ერთი შემთხვევაც კი საქართველოში) და რომელსაც შორსმიმავალი მიზნები აქვს, ერთხმად დაამტკიცეს _112 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი…


ახლა ჯერი მიდგა «კაზანტიპის» ფესტივალზე, რომლის ჩატარებასაც, ეკონომიკურ-ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუჭირა მხარი _ 20-30 აგვისტოს (მარხვის პერიოდში და მარიამობის დღესასწაულზე) ანაკლიაში გასამართი ფესტივალის ორგანიზატორი «კაზანტიპის რესპუბლიკის» პრეზიდენტ ნიკიტა მარშენოკთან ერთად არის საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა.

არადა, ვისაც «კაზანტიპის» ფესტივალის ამსახველი ინტერნეტში გავრცელებული ფოტო და ვიდეოკადრები უნახავს, გაოგნებულია გარყვნილების მასშტაბით. მამათმავლობა, დედათმავლობა, ნუდიზმი, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი _ აი, ამით არიან დაკავებული ფესტივალის სტუმრები.

«ორი ფესტივალის ჩატარებას ვგეგმავთ. ერთი იქნება ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში, მეორე კი _ სიმღერის ფესტივალი, რომელიც ბათუმში ჩატარდება და მასში მონაწილეობას ცნობილი ევროპელი მომღერლები მიიღებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყირიმში 4 მილიონი უკრაინელი ტურისტი ჩადიოდა (აქ «ცოტა» გადააჭარბა ბატონმა სიგუამ _ თვითონ «კაზანტიპის რესპუბლიკის» თავკაცები ამბობენ, რომ ფესტივალს 150 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა ხოლმე, ისიც ბოლო წელს _ ნ. მ.), რომლებიც, სავარაუდოდ, წელს იქ ვეღარ წავლენ, ჩვენ ამ ტურისტების საქართველოში ჩამოყვანაზე სერიოზულად ვმუშაობთ. გვინდა, საქართველოში მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი გვქონდეს. ეს, ერთი მხრივ, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ, მეტ ტურისტს მოიზიდავს და შესაბამისად _ ინვესტორსაც…

ნარკოტიკები _ ჩვენგან შორს! ჩვენთან იქნება მხოლოდ ელექტრონული მუსიკაჩვენი ეკლესია ძალიან სწორად და ძალიან კარგად რეაგირებს იმაზე, რაზეც საჭიროა და, თუ ეკლესია თავისუფალი სექსის საკითხზე გამოთქვამს შენიშვნას, ჩემთვის, როგორც მორწმუნისთვის, ეს მისაღები იქნება და აუცილებლად გავითვალისწინებ», _ განაცხადა გიორგი სიგუამ.

აქ ბატონი გიორგი სიგუას მიმართ ჩნდება კითხვები:

1. საინტერესოა, როგორ შეუწყობს ხელს საქართველოს «ცნობადობის» ამაღლებას ფესტივალი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს?

2. ინტერნეტში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელ გოგონებს უკვე გადაეცათ საჩუქრად უფასო ვიზები ანაკლიაში გასამართ ფესტივალზე ჩამოსასვლელად. გარდა ამისა, «კაზანტიპი» უფასო იქნება რუსი და ქართველი გოგონებისთვისაც. როგორ აპირებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის «შენიშვნის გათვალისწინებას თავისუფალი სექსის საკითხზე» ბატონი სიგუა _ ათასობით მრუშ ქალს, «პლაჟზე სექსი» რომ არ ჰქონდეს, . . ერთგულების სარტყელს შემოარტყამს?

ახლა კი გაეცანით «კაზანტიპის» ფესტივალის ერთერთი მონაწილის მონათხრობს:

რა არის «კაზანტიპი»?

ყირიმის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთში, ქერჩთან ახლოს, არის კონცხი კაზანტიპი, რომელიც სერფინგის მოყვარულ ტურისტებს იზიდავს. კაზანტიპი თავდაპირველად 1990-იან წლებში სწორედ ტალღებზე ხის დაფებით ცურვის მოყვარულთა საყვარელი ადგილი იყო. მოგვიანებით კი, როცა სერფინგის პოპულარობა დაეცა, კონცხი ელექტრონული მუსიკის მოყვარულთა თავშეყრის ადგილად იქცა. ფესტივალი ყირიმის სხვადასხვა ადგილას იმართებოდა, თუმცა სახელწოდებას არ იცვლიდა. მისი განვითარებისთვის კი ყოველწლიურად დიდძალი თანხა იხარჯებოდა.

დახურულ ტერიტორიაზე გაჩნდა ბრები, საცეკვაო მოედნები, გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობები, ლაზერული შოუ და სხვ.

«კაზანტიპის რესპუბლიკას» აქვს კონსტიტუცია, ჰყავს პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი, მისი მოქალაქეები კი იწოდებიან დიდ ხალხად. ეს ყველაფერი კაზანტიპის რესპუბლიკის ვებგვერდზე იუმორით არის გადმოცემული, მაგრამ მიზნები მკაფიოდ ჩანს. აი, რამდენიმე მუხლი მათი კონსტიტუციიდან:

«პლაჟი, ზღვა, მზე, პალმები და არამიწიერი სილამაზის გოგონები ნაციონალური ღირებულებაა, იცავს და იყენებს სახელმწიფო» (მე-9 მუხლი);

«დაე, ყველაფერი იყოს ისე, როგორც ჩვენ გვსურს, რადგან ჩვენ ცუდი არაფერი გვინდა! ეს დედამიწაც ჩვენი იქნება და ყველანი წავიდნენ ში» (მე-14 მუხლი);

«რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიესალმებიან სიყვარულს, მისი ყველანაირი გამოვლინებითამისთვის არსებობს მოქალაქეების ურთიერთობის დაკანონების ინსტიტუტი FAST MARRIED. მოქალაქეებს, რომლებსაც უცებ შეუყვარდებათ ერთმანეთი, შეუძლიათ, სასწრაფოდ შეკრან კავშირი ცაში, ანუ გაიარონ ცერემონია FAST MARRIED-, ციური კავშირების რაოდენობა შეზღუდული არ არის (მე-15 მუხლი)».

«კაზანტიპის» მინისტრთა კაბინეტის სამინისტროების სახელწოდებები კი ასეთია:

_ აბსოლუტური თავისუფლებისა და ტკბობის სამინისტრო;

_ გამო…ბის სამინისტრო;

_ სამინისტრო ვადებთ საქართველოს

_ პოხუიზმის (ანუ ფეხებზე დაკიდების _ რედ.) სამინისტრო _ გააკეთე ის, რაც გეკაიფება, დანარჩენი დაიკიდე;

_ მანანების ორგიის სამინისტრო;

_ კაიფში ცხოვრების სამინისტრო _ იცხოვრე კაიფში. აკეთე ის, რასაც საჭიროდ თვლი;

_ ინკვიზიციისა და ინდულგენციების სამინისტრო;

_ საკუთარი თავის სიყვარულის სამინისტრო;

_ ჰალუცინაციების, «მომეჩვენას» სამინისტრო;

_ საქართველოს ჩემოდნების სამინისტრო და ა. შ.

ალკოჰოლი, ნარკოტიკები დატუალეტები

ფესტივალის ხელმძღვანელობა თავის ყველაზე დიდ დამსახურებად მიიჩნევს საზოგადოების შექმნას, რომელიც ფანატიკურად ერთგულია კაზანტიპური ცხოვრების. ისინი არიან სხვადასხვა შეძლებისა და პროფესიის ადამიანები, რომლებიც ყოველწლიურად სტუმრობენ ფესტივალს მზეზე გასარუჯად, ზღვაში საბანაოდ, ახალი ურთიერთობების დასამყარებლად, საცეკვაოდ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მისაღებად და თავისუფალი სექსისთვის

ფესტივალის გახსნის წინ ჩამოსული ადამიანები ადგილობრივი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებიდან პირდაპირ იტაცებდნენ ჭრელა-ჭრულა მაისურებს, იღებავდნენ თმას მწვანედ, წითლად და თეთრად, იკეთებდნენ უცნაურ ჰალსტუხებს და ცდილობდნენ, თავდავიწყებას მისცემოდნენ. «რესპუბლიკის» ტერიტორიაზე შესული ადამიანი ძალიან სწრაფად აცნობიერებდა, რომ სხვა სამყაროში მოხვდა. ბარები და საცეკვაო მოედნები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. შეგიძლია დაიძინო იქ, სადაც მოისურვებ, შეგიძლია გააკეთო ის, რაც მოგინდება _ ყველაფერი ეს იაფფასიანი ალკოჰოლის თანხლებით, აგრეთვე, ნებისმიერი სახეობის ნარკოტიკით. «კაზანტიპი» დიდძალ ფულს იღებდა ტურისტების ჯიბიდან.

მთავარი შემოსავალი კი, როგორც ფესტივალის ხელმძღვანელობა ხუმრობით ამბობს, ტუალეტებია, სადაც შესვლა 3 გრივნა (10 უკრაინული გრივნა უდრის 1,4912 ლარს) ღირს და სადაც ყოველთვის რიგი დგას. ტუალეტებიდან შემოსავალი უზარმაზარია. მათზე მუშაობს ყველა და ყველაფერი _ ბარები, რომლებიც სასმელებს ყიდიან, დაცვა, რომელიც ადამიანებს ნებისმიერ ადგილას მოშარდვის საშუალებას არ აძლევს. «ტუალეტების მაფიის» წარმომადგენლები ყველაზე პრივილეგიური ბიზნესმენები არიან ფესტივალის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ფესტივალის ხელმძღვანელობა ჯარიმებითაც დიდძალ ფულს გამოიმუშავებს _ აკრძალულ ადგილას მოშარდვა 2000 გრივნა ღირს.

2013 წელს «კაზანტიპის» ტერიტორიაზე გაჩნდა დუქანი სახელწოდებით «ბოტანიკოსი», რომლის დახლებზეც ნახავდით ქილებს უცნაური წარწერით: «ბომბეი», «ოლიმპი», «ჯარაში»… გამყიდველები დაინტერესებულ კლიენტებს უხსნიდნენ, რომ ისინი ყიდიან «უკრაინაში ნებადართულ ნარკოტიკებს» _ ამფეტამინის, ექსტაზის, მარიხუანის, ელესდეს შემცვლელებს. და ცოტა ხნის შემდეგ პლაჟზე გამოჩნდნენ მობარბაცე ადამიანები. უჩვეულო აღარ იყო ქვიშაში გართხმული უგონოდ მყოფი ქალებისა და მამაკაცების ხილვაც _ მათ ნარკოტიკებს ალკოჰოლიც მიაყოლეს.

შემდეგ კი, როცა გონს მოეგებოდნენ, უკვე გულარეულები, თვალებდასიებულები და ფაღარათიანები იფიცებდნენ, რომ «აღარასოდეს მიეკარებოდნენ არაფერს, «ნამდვილი» ნარკოტიკის გარდა».

თუმცა ისინი თავს თავისუფალ ადამიანებად მიიჩნევდნენ. ალბათ, მაშინაც, როცა დაცვა მცირე დარღვევის გამოც კი გისოსებში ამწყვდევდა ან ტუალეტის გაწმენდას აიძულებდა, ალბათ, მაშინაც, როცა ფულს იხდიან და რჩებიან ტერიტორიაზე, რომელსაც მხოლდო ერთი, გულმოდგინედ დაცული გასასვლელი აქვს, ალბათ, მაშინაც, როცა ნარკოტიკებით გათიშვის შემდეგ მათ სხეულებს ექიმები სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკებში მიათრევდნენ…»

«კაზანტიპს» ზოგიერთი ადარებს ნიუ იორკის შტატის დასახლებულ პუნქტ ბეტელში 1969 წელს გამართულ ვუდსტოკის ცნობილ მუსიკალურ ფესტივალს, რომელსაც დაახლოებით 500 ათასი ადამიანი დაესწრო. ვუდსტოკის ფესტივალზე, რომლიდანაც დაიწყო . . სექსუალური რევოლუცია, 3 ადამიანი დაიღუპა ჰეროინის გადაჭარბებული დოზის მიღების გამო, თუმცა მან საფუძველი დაუდო დღეს უკვე მსოფლიოში აღიარებული ისეთი მუსიკოსების წარმატებულ კარიერას, როგორებიც არიან ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი, «ქრიდენსი», კარლოს სანტანა და სხვ.

«კაზანტიპის» ფესტივალი კი საქართველოში ალკოჰოლის, ნარკოტიკების და მრუშობის მოყვარულთა ბუდე იქნება, რადგან «კაზანტიპის» სტუმრებს სწორედ თავისუფალი ცხოვრება, ანუ აღვირახსნილობა _ ორგიები და ნარკოტიკები იზიდავთ და არა _ ელექტრონული მუსიკა…

სწორედ ამის გამო მიმართა მოსახლეობას საქართველოს საპატრიარქომ გამაფრთხილებელი განცხადებით, რომლის ტექსტსაც სრულად გთავაზობთ:

«გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყდა, რომ გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ ე. წ. კაზანტიპი მიმდინარე წლის 20-30 აგვისტოს ჩატარდება საქართველოში, მაცხოვრის კვართისა და ღვთისმშობლის სამოსლის მცველ ჩვენს კურთხეულ ქვეყანაში და თანაც მარიამობის მარხვაში.

«კაზანტიპის» მომწვევის, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის _ გიორგი სიგუასა და უკრაინაში ამ «ფესტივალის» დამაარსებლის _ ნიკიტა მარშუნოკის თქმით, «წელს ანაკლიაში არ იქნება ნარკოტიკები და თავისუფალი სექსი, მაგრამ იქნება ხმა, განათება, კარგი განწყობა და სიყვარული». ღონისძიებას სახელიც შეუცვალეს («რეალობის ანტირეალობა» დაარქვეს) და, ალბათ, კიდევ სხვა საშუალებებითაც შეალამაზებენ, მაგრამ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მსგავსად, არსით იგი მაინც უცვლელი დარჩება და ეს ლოგიკურიცაა (უკრაინაშიც თავდაპირველად ეს საქმიანობა შედარებით რბილი ფორმებით დაიწყეს და შემდეგ მიიღეს ის, რაც დღეს აქვთ).

«კაზანტიპს» სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრობს ამდენი «ტურისტი» მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ცოდვა ყველა დროში არსებობდა, მაგრამ დღეს მისი არა თუ ლეგალიზება, შეიძლება ითქვას, იძულებითი დანერგვა ხდება როგორც სარწმუნოების, ისე ზნეობისა და ეროვნული ფასეულობის დამცირების ფონზე; ამგვარ ვითარებაშიც კი «რეალობის ანტირეალობა _ კაზანტიპი» მკვეთრად განსხვავებული მოვლენაა, რადგან გარყვნილების ასეთი მასშტაბური ფორმა არასდროს მოუფიქრებიათ. ასეთი უზნეობა ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანისთვის.

ჩვენი აზრით, ჩვენს საზოგადოებას ხმა არ მიუცია საქართველოს სახელმწიფოს ამ მიმართულებით განვითარებისთვის. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და იგი არ შეიძლება გახდეს აღვირახსნილობის ხელშემწყობი.

რა თქმა უნდა, გვესმის ისიც, რომ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას ლამის სიცოცხლის ფასად უღირს ის შემოსავალი, რომელიც მათ ბინების ან ტერიტორიის გაქირავების ფასად შეიძლება აიღონ; გვესმის, რომ ახალგაზრდებს, შეიძლება მოუნდეთ რეკლამირებულ სანახაობებზე მისვლა, ხელისუფალთ, ალბათ, ინფრასტრუქტურის განვითარებაც სურთ… მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც.

ეკლესია, სულიერ შვილებზე ზრუნვიდან გამომდინარე, ვალდებულია, ამის შესახებ საქართველოს მოსახლეობა გააფრთხილოს!»

ცნობისათვის:

კაზანტიპი (KaZantip) _კაზანტიპის რესპუბლიკა, ნარინჯისფერი რესპუბლიკა ან რესპუბლიკა Z _ ყოველწლიური ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ფესტივალი, რომელიც 1992 წლიდან 2013 წლის ჩათვლით უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა. თუმცა, რუსეთის ფედერაციასთან ყირიმის მიერთების შემდეგ, გადაწყდა, რომ 2014 წელს ფესტივალი საქართველოში, ანაკლიაში გაიმართება. დასასწრებ ბილეთებს ეწოდება viZa. ფესტივალი გრძელდება 5-6 კვირას, ზაფხულში მას ყოველწლიურად 150 000 ადამიანი, .. paradiZers სტუმრობდა.

ფესტივალის სახელი კაზანტიპის კონცხს უკავშირდება, რომელზეც ის 1995-1999 წლებში ტარდებოდა. ამ პერიოდში ფესტივალი იმართებოდა ქალაქ შჩიოლკინოს მახლობლად; 2001 წლიდან კი ტარდებოდა ყირიმის პატარა ქალაქ პოპივკაში. ფესტივალის შემქმნელი და პრეზიდენტია ნიკიტა I (ნიკიტა მარშუნოკი). ადრე კაზანტიპს სერფინგის მოყვარულები სტუმრობდნენ, მოგვიანებით ფესტივალს შეემატა ტრანს და ტექნომუსიკა. სწორედ ამ პერიოდში იშვა ფესტივალი თანამედროვე სახით.

ნიკა მაისურაძე

P.S. I საუკუნეში რომის იმპერატორმა ვესპასიანემ საზოგადოებრივი ტუალეტებით სარგებლობისთვის გადასახადი დააწესა. როდესაც მისმა ვაჟმა _ ტიტუსმა ამ გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება ვერ დამალა, ვესპასიანემ მას ცხვირთან ფული მიუტანა და ჰკითხა:

 _ ეს ფული ყარს, სუნი ასდის?

_ არა, _ უპასუხა ტიტუსმა.

_ არადა, ეს მოშარდვის შედეგად მიღებული ფულია, _ უთხრა ვესპასიანემ, ანუ ფულს სუნი არ უდისო.

გასაგებია ფესტივალისგან ეკონომიკურფინანსური სარგებლის მიღებით მთავრობის დაინტერესება, მაგრამ განა შეიძლება ყველაფერი ფულზე გავყიდოთ?

როგორც ჩანს, ვესპასიანეს პრინციპით მოქმედებს და სააკაშვილის რეჟიმის გზას განაგრძობს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელმაც კიდევ ერთხელ არ გაითვალისწინა (უკვე მერამდენედ) საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა, საქართველოში არ ჩატარდეს «კაზანტიპის» ფესტივალი

P.P.S. 4 აგვისტოს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here