Home რუბრიკები საზოგადოება ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, მაგრამ სად და როგორ?

ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, მაგრამ სად და როგორ?

832

«საქართველო და მსოფლიოს» დაკვირვებული მკითხველი უთუოდ შეამჩნევდა, რომ ჩვენს გაზეთში სისტემატურად ქვეყნდება თვალსაჩინო მეცნიერების, პრაქტიკოსი სპეციალისტების სტატიები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად გაძლიერება-ამოქმედებისკენ.


საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, როგორც საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია, არის ისტორიული «აბრეშუმის გზის» _ აზია ევროპის სატრანსპორტო დერეფნის _ თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე აღდგენა-განვითარება.

ამ კომპლექსური ამოცანის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საზღვაო და მშრალი პორტების დაგეგმვა-აშენების საკითხები. მათ შორისაა ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობაც.

ვოლუნტარისტ სააკაშვილის პერიოდის დილეტანტურ-პიარული ნეოსტახანოვური მშენებლობის კამპანიის («რვა საუკუნის მანძილზე ასეთი მშენებლობა საქართველოში არ ყოფილა») მოძალებით ჭკუანასწავლი სამეცნიერო საზოგადოება, რომელსაც საშუალება მიეცა, კომპეტენტური აზრი და რჩევა მიაწოდოს ახალ ხელისუფლებას, მაქსიმალური საჯაროობის პირობების დაცვით ამოქმედდა, ამას თუნდაც ჩვენი გაზეთის პუბლიკაციები მოწმობს.

8 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილებაში განიხილეს პრობლემები, რომლებიც ანაკლიაში პორტის მშენებლობას უკავშირდება.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოში უამრავი შესაძლებლობა და პერსპექტიული პროექტი არსებობს შავი ზღვის რესურსების ასათვისებლად. მაგრამ, ამასთან, სანაპირო ზონა დღევანდელ რეალობაში უზარმაზარ ანთროპოგენულ დატვირთვას განიცდის, განსაკუთრებით, ნავსადგურების მშენებლობისას, «რომელიც ხშირად დაკავშირებულია ზღვის ფართო აკვატორიის დაკავებასთან, მოლებისა (სპეციალური ჰიდროტექნიკური ნაგებობების) და ტალღასატეხების აგებასთან, რაც სანაპირო ზონის რეჟიმის დარღვევას იწვევს და ნეგატიურ შედეგებს იძლევა». ამ შედეგებიდან ყველაზე უფრო პრობლემური ძირითადი ნაპირების ნგრევა და დეგრადაციაა.

ყველა პროექტი დაკავშირებულია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ საკითხებთან, მოქმედებს მათ ყოველდღიურ ყოფასა თუ ცხოვრების ტრადიციულ წესზე, არცთუ იშვიათად, მკვეთრად უარყოფითი თვალსაზრისით. მაგალითად, სამეგრელოს დაბლობ ზონაში მდინარე ენგურის აუზში არც ერთმა ხელისუფლებამ, დაპირების მიუხედავად, დღემდე არ გაიყვანა არხი, რომლის არქონა უკიდურესად ართულებს იმ ზონაში მცხოვრებთა არსებობას.

ნავსადგურების მთავარი დანიშნულება ტვირთბრუნვის ზრდაზე ზრუნვაა. ეს თავისთავად. მაგრამ განხილვაზე გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით მომავლის პორტებში მთავარი აქცენტი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე გაკეთდება, ეკონომიკური განვითარების ცენტრად უნდა იქცეს ისინი. სწორედ მაშინ იქნება დაკავშირებული სანავსადგურო მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან.

ამ რთულ სამშენებლო პროგრამაში ჩართული არიან იაპონელი მეცნიერები და სპეციალისტები, რომლებიც საინტერესო წინადადებებს სთავაზობენ ქართველ კოლეგებს. მათი აზრით, გამოსაკვეთია ორი ოპტიმალური ლოკაცია _ ანაკლიისა და სუფსის.

არსებობს მოსაზრება, რომ სოფელ განმუხურთან აიგოს პორტი, მაგრამ ამ წინადადების განხორციელებაზე ფიქრი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთთან მოგვარდება ურთიერთობა.

დადებით შედეგს მოიტანს ენგურისთვის ახალი კალაპოტის გაჭრა. ამით შეჩერდება მოლამვის ინტენსიურობა, გარანტირებული იქნება პორტისკენ მიმავალი არხის დაცვა. სპეციალისტების აზრით, ეს დაგვიცავს ყულევის არხის უარყოფითი მომენტის გამეორებისგან.

ხაზგასმით ითქვა, რომ ქართველი სპეციალისტების გამოცდილებისა და იაპონური ტექნოლოგიების სიმბიოზი მოგვცემს სასურველ შედეგს, მაგრამ საბოლოო დასკვნის გამოტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საჭირო მოდელირების განხორციელების შემდეგ, რადგან ის არის უმაღლესი მსაჯული.

აკადემიკოსმა ერეკლე გამყრელიძემ, მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოსმა მდივანმა «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში განაცხადა, რომ განყოფილების გაფართოებულ სხდომას ესწრებოდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.

_ მოხსენება ანაკლიის პორტის მშენებლობის ადგილების ვარიანტების შესახებ, _ თქვა მან, _ წარმოადგინეს ამ საქმის პროფესიონალებმა ლომინაძემ და ძიძიკაშვილმა. მათ გაითვალისწინეს ადრინდელი კვლევების მასალები, რომლებიც თავის დროზე შეისწავლა და გააანალიზა აკადემიკოსმა არჩილ კიკნაძემ. მეცნიერის ეს კვლევები, რატომ ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან მკვეთრად გააკრიტიკეს. არგუმენტები, რომლებიც მის წინააღმდეგ წარმოადგინეს, ჩემთვის სრულიად არასაკმარისი იყო, მით უმეტეს, რომ, ჯერ ერთი, კარგად ვიცნობდი ბატონ არჩილს, როგორც ბრწყინვალე პიროვნებას, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, საერთაშორისო აღიარების მქონე სპეციალისტს. მეორეც იმიტომ, რომ მისი კვლევები უმაღლეს მეცნიერულ დონეზე იყო შესრულებული.

განხილვამ გვაჩვენა, რომ საკითხი გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რადგან ბევრ ასპექტს მოიცავს. პორტის მშენებლობისთვის უნდა შეირჩეს ისეთი ადგილი, რომელიც ეკოლოგიურად უსაფრთხო იქნება, არ დასჭირდება დიდი რაოდენობით დამცავი ნაგებობების აშენება და ა. შ.

იყო ლაპარაკი ხელოვნურ არხზე, რომელიც დაცული იქნება მდინარეთა დანატანით შევსებისგან. ჩვენ წინ გვაქვს ყულევის არხის გაყვანის დროს დაშვებული უმძიმესი შეცდომები, რომელთა გამოც აუცილებელი ხდება არხის სისტემატური ამოწმენდა, ეს კი უდიდეს მატერიალურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

გასათვალისწინებელი იქნება ისიც, რომ პორტი შეიძლება სრულად ვერ დაიტვირთოს. ცნობილია, რომ რკინიგზა იმდენად გამტარუნარიანი არ არის, რომ საჭირო რაოდენობის ტვირთი მიიტანოს სანაპიროსთან, ამიტომ საინტერესო ჩანს წინადადება ისეთი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის თაობაზე, რომლებიც ინოვაციური განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს, ე. ი. არა მხოლოდ გავიტანოთ ტვირთები პორტების მეშვეობით, არამედ მივცეთ მათ სამეცნიერო-ტექნიკური სიახლეების პოლიგონების დატვირთვაც.

შევეცდებით, შევაჯამოთ დღევანდელი განხილვის შედეგები და ანალიტიკური მოხსენებით წარვდგეთ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომაზე, განვიხილოთ და გარკვეული რეკომენდაციებით მივმართოთ ჩვენი ქვეყნის მთავრობას.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here