Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი ქვემო ქართლის გუბერნატორს, ბატონ გიორგი მღებრიშვილს

ღია წერილი ქვემო ქართლის გუბერნატორს, ბატონ გიორგი მღებრიშვილს

924

ბატონო გიორგი,

ექვსი წლის წინათ აღვადგინეთ «მარაბდობის» მივიწყებული სახალხო დღესასწაული თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მარაბდაში მდებარე «ცხრა ძმა ხერხეულიძის» მემორიალთან და ის ტრადიციულ დღესასწაულად ვაქციეთ, რათა ღირსეულად გავიხსენოთ მამულისთვის თავდადების სიმბოლოდ ქცეული ჩვენი სახელოვანი წინაპრები: ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი და გუნდი და გუნდი სახელოვან რაინდთა _ ეს არის სწორედ მარაბდის ბრძოლის უმთავრესი ზნეობრივი მონაპოვარი.


რაოდენ სამწუხაროა, ბატონო გუბერნატორო, რომ თქვენ ყოველივე ამას ყურადღებას არ აქცევთ, თითქოს რეგიონში არც არსებობდეს ასეთი ისტორიული ადგილი, სადაც 1625 წლის 1 ივლისს დაღუპული 10 000 ქართველი, გმირი ქართველები, რომლებიც ლეგენდარულ ცხრა ძმა ხერხეულიძესთან, მათ დედასა და უმცროს დასთან ერთად, ყველანი, ვიმეორებ, 10 000 გმირი, დედაეკლესიამ წმიდანად შერაცხა, მაგრამ თქვენ, დღეს რეგიონის პირველ პირს, არც კი გინახავთ გმირთა ეს სავანე, არ გინახავთმეთქი, იმიტომ გეუბნებით ასე კატეგორიულად, რომ ლოგიკურია _ თუ ნახავდით, ასე იავარქმნილი აღარ იქნებოდა იქაურობა. სირცხვილით, ბავშვები, მოსწავლეები, სტუდენტები, სტუმრები ვერ წაგვიყვანია ოდესღაც ამ მართლაც აყვავებულ ბაღნარში, დღეს რომ ოთხფეხა და «ორფეხა» საქონლის ბოსლად ქცეულა და, ჩვენი ძალებით, მხოლოდ დღესასწაულის წინა დღეებში თუ მოვაწესრიგებთ ცოტაოდენარა ჭიშკარი, არა წყალი, არა სინათლე, არა სკამი და . და .. აქ არ არის, სრულიად გაპარტახებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი ეს დიდებული და საამაყო ძეგლი.

შარშან რომ არ მობრძანდით ღონისძიებაზე არც რაიონის გამგებელი და არც გამგეობის წარმომადგენელი ვინმე, ფრიად გაგვიკვირდა და ამიტომაც წლეულს, ჯერ კიდევ 27 ივნისს დილით გამოგიგზავნეთ ჩვენს ოფიციალურ ბლანკზე მოწვევის წერილი _ ღმერთმა ხომ იცის, არაფერს გთხოვდით, მობრძანების გარდა. ეს ჩვენი რაინდული პატივისცემის გამოხატვა იყო ოდენ. სხვა თუ არაფერი, უხერხულია, გუბერნიის ხელმძღვანელობას არ შეატყობინო, ასეთ დიდ სახალხო დღესასწაულს რომ ატარებ მის რეგიონში _ სტუმრები მოდიან არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან. წლეულს, მაგალითად, მარტო ხაშურიდან ჩამოვიდა 50-კაციანი დელეგაცია და უდიდესი წარმატებით წარმოადგინა ნახევარსაათიანი პროგრამა…

რა უნდა გვექნა მეტი, როგორც კი ოფიციალური წერილი გამოგიგზავნეთ, უმალ თქვენს მდივანს, ქალბატონ ანას ორჯერ, დიახ, ორჯერ ველაპარაკე პირადად, რაც თავადაც განუცხადა თქვენს პირველ მოადგილეს, მაგრამ რა? თქვენი პირველი მოადგილე გვარწმუნებდა, 2 ივლისს მივიღე თქვენი წერილი და მარაბდობა 1-ში ყოფილაო (. . მასაც არ სცოდნია, როდისაა მარაბდობა (ვაი, სირცხვილო!).

კი, მაგრამ, ბატონო გუბერნატორო, თქვენს ელექტროფოსტაში რომ ჯერ კიდევ 27 ივნისს, 12:07 სთ-ზე, მიღებული ჩვენი წერილი თქვენს პირველ მოადგილეს თუ მართლა 6 დღის შემდეგ _ 2 ივლისს მიუტანეს, ეს ვისი ბრალია _ ჩვენი დასის თუ თქვენი ადმინისტრაციის? მე რომ ვიცოდი თანამედროვე მაღალჩინოსნების დაუდევრობა, ამიტომაც ორჯერ ვთხოვე თქვენს მდივანს 27 ივნისს, რომ როგორმე იმ დღესვე მოეწოდებინა თქვენთვის ეს წერილი, მაგრამ ხომ ხედავთ, ამაოდ. 4 ივლისს თავად ჩამოვედი რუსთავში პროფესორ ჰენრი კუპრაშვილთან ერთად, რათა შეგვემოწმებინა ჩვენი წერილის ბედი… თქვენი პირველი მოადგილე სულ იმას იმეორებდა, მხოლოდ 2 ივლისს მივიღეთ თქვენი წერილიო. თუ მართლაც 2 ივლისს მოვიდა ეს წერილი, რატომ მაშინვე არ გაარკვიეს, რა მოხდა _ თქვენმა ადმინისტრაციამ თქვენივე ელექტროფოსტიდან ადრესატამდე  წერილის მიწოდებას რატომ მოანდომა 6 დღე?! ან იმ 2 ივლისს მაინც დაგერეკათ ჩვენს ნომრებზე და რაღაც სინანული გამოგეთქვათ _ ჩვენს ოფიციალურ წერილში ხომ ყველა კოორდინატია ზუსტად მითითებული?!

მაგრამ, როგორც უნდა ვივარაუდოთ, თქვენს ადმინისტრაციაში არც არავინ იცის მარაბდობის თარიღი და, რაც მთავარია, თვით არსი ამ ისტორიულ ბრძოლისა

აი, ეგ არის, ბატონო გუბერნატორო, უბედურება _ წინა მთავრობა ისე გვექცეოდა, როგორც ოპოზიციონერებს და ეს მარაზმი იქამდეც კი მივიდა, რომ ჩვენი პირველი მასპინძელი, თეთრიწყაროს რესურსცენტრის იმჟამინდელი დირექტორი, ქალბატონი გულნაზ აფციაური, არც მეტი, არც ნაკლები, სამსახურიდან გააგდეს ჩვენთან შეხვედრის გამო! თქვენ რა, ბატონო გუბერნატორო, წინამორბედის  გზას განაგრძობთ?

სულაც არ ვაპირებთ თქვენთვის ჭკუის სწავლებას, გარემოცვას მიხედე-მეთქი და ა. შ. მაგრამ ერთ რამეს კი გპირდებით _ ჩვენი დასი აღარასდროს შეგაწუხებთ…

საქართველოს ეროვნული გმირის – ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხოსან რაინდთა დასში გაერთიანებულია თანამედროვე ქართული ინტელექტუალური ძალის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი და ძალიანაც კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ღირსეულად დავაფასოთ ჩვენი გმირი წინაპრები და ავაღორძინოთ «ცხრა ძმა ხერხეულიძის მემორიალი». ისიც კარგად ვიცით, როგორ გავხსნათ მარაბდის აკადემია, ცხადია, საზოგადოებრივ საწყისებზე და ეს იქნება ჩვენი მოზარდი თაობის შეხვედრების მეტად საინტერესო ცენტრი. იმასაც გაგიმხელთ, რომ  სწავლის დაწყებისთანავე ჩავატარებთ (უკვე მომზადებულიც გვაქვს) პირველ  მეცადინეობას, სხვათა შორის, რუსთავის ერთ-ერთი სკოლის მონაწილეობით (ამ სკოლას ვერ დაგისახელებთ, ვინძლო, არ დატუქსოთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის), თემასაც აქვე წარმოგიდგენთ: «რაინდის სახე ქართულ ლიტერატურაში», მას საფუძვლად დაედება შესანიშნავი ქართველი მწერლის _ რევაზ ინანიშვილის ნაწარმოები. ერთი სიტყვით, ღირსეულად აღვადგენთ «ცხრა ძმა ხერხეულიძის მემორიალს», მაგრამ ეს მოხდება უთქვენოდ, ბატონო გუბერნატორო, რაკი თქვენი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომ იტყვიან, ცივ ნიავსაც არ გაკარებენ და ახლა ისღა აკლიათ, ჩოხოსანთა  წერილებით გადაგღალონ…

ნუთუ ყმაწვილკაცობაში ლადო ასათიანის  მგზნებარე სიტყვები მაინც არ წაგიკითხავთ: «მტერს ისიც კი შეაშინებს, ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ _ მარაბდა!».

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ბატონო გუბერნატორო, თქვენს გზაზე, რომელიც თქვენი ადმინისტრაციის პატრონს, სამწუხაროდ, ვერანაირ ტაძართან ვერ მიგიყვანთ.

პატივისცემით,

საქართველოს ეროვნული გმირის _ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად   

საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის დარბაზის მეთაური,

აკ. წერეთლის პრემიის   ლაურეატი, პროფესორი

გოგი დოლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here