Home რუბრიკები საზოგადოება «ტკბილი დაავადება» მძიმე შედეგებით

«ტკბილი დაავადება» მძიმე შედეგებით

2584

ჩვენი სამედიცინო გვერდის დღევანდელი სტუმრის წოდებების ოდენობა საკმარზე მეტია, მაგრამ ღირს ჩამოთვლად: საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ენდოკრინოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, შპს «დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის» დირექტორი. მთელი ამ ტიტულატურის მატარებელია ბატონი დავით მეტრეველი. ასეთ პიროვნებასთან ინტერვიუზე მოუმზადებელი ვერ მიხვალ. ვიწყებ:


_ ბატონო დავით, თქვენთან მოსვლის წინ პოპულარული სამედიცინო ლიტერატურიდან ამოვიკითხე, რომ შაქრიანი დიაბეტი მიეკუთვნება ენდოკრინოგენულ დაავადებათა ჯგუფს, რომლებიც ვითარდება ინსულინის ჰორმონის აბსოლუტური ან შედარებითი უკმარისობის შემთხვევაში, რის შედეგადაც ვითარდება ჰიპერგლიკემია _ სისხლში გლუკოზის შემადგენლობის მდგრადი ზრდა. მიჩნეულია, რომ ეს დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად და იწვევს ნივთიერებათა ცვლის ყველა სახის დარღვევას.

სწორად ვლაპარაკობ?

(ეღიმება, თავს მიქნევს და იწყებს საინტერესო საუბარს, რომლის შინაარს კი გადმოგცემთ, მაგრამ იმ ემოციურ მუხტს, რომლითაც ეს ლექცია იყო გამსჭვალული, მაპატიეთ, ვერა, ვერ შევძლებ. სამწუხაროა, რადგან ამით ამ ინტერვიუს განუმეორებელი ხიბლი აკლდება).

_ სწორი არ იქნება, თუ ვიტყვით, _ იწყებს ბატონი დავითი, _ რომ შაქრიანი დიაბეტი იწვევს დარღვევას. იმ მდგომარეობას, როცა ეს დარღვევაა, ეწოდება შაქრიანი დიაბეტი, ანუ შაქრიანი დიაბეტი არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ავადმყოფობათა ჯგუფი, რომელთა საერთო დამახასიათებელი თვისებაა სისხლში გლუკოზის დოზის ქრონიკული სიჭარბე, მომატება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ან ინსულინის აბსოლუტური დეფიციტით (ასეთია, მაგალითად, ე. წ. პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი), ან ინსულინის ბიოლოგიური ეფექტიანობის შემცირებით, სხვანაირად რომ ვთქვათ, ორგანიზმის მგრძნობელობის დაქვეითებით ინსულინის მიმართ. ასეთია ე. წ. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი. ამ დროს ორგანიზმი კი გამოიმუშავებს ინსულინს, მაგრამ კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილები, აგრეთვე, ღვიძლი საკმარისად ეფექტიანად არ რეაგირებს ამ ინსულინზე და პანკრეასი, ანუ კუჭუკანა ჯირკვალი იძულებულია უფრო მეტი გამოყოს ინსულინი ნორმალური ეფექტის მოსახდენად.

უფრო გასაგები რომ იყოს, ასეთ შედარებას (შეიძლება, უხეშს) გავაკეთებ: მე თუ სმენა მაქვს დაქვეითებული, ჩემთან მოსაუბრე იძულებულია, ხმას აუწიოს, უფრო ხმამაღლა მელაპარაკოს, რათა გამაგებინოს ის, რისი გაგებინებაც სურს. თუ კიდევ უფრო დამიქვეითდება სმენა, იგი იძულებული იქნება ხმას კიდევ უფრო უწიოს. დაბოლოს (თუ უფრო დავყუვდები), ასეთ დიდ დაძაბვას რომ ვეღარ შეძლებს, შეიძლება ხმა ჩაუწყდება ხმის იოგების დაძაბვის გამო.

დაახლოებით ასეთი რამ ხდება იმ დროს, როცა ორგანიზმს დაქვეითებული აქვს მგრძნობელობა ინსულინის მიმართ და ამის საპასუხოდ, მძიმე დატვირთვით მუშაობაში გამოიფიტება ინსულინის გამომყოფი აპარატი კუჭუკანა ჯირკვალში. ამ დროს ინსულინის რაოდენობა ნორმალურზე მეტიც კი არის, მაგრამ ესეც კი არასაკმარისია გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. აი, სწორედ ამ დროიდან იწყება სისხლში გლუკოზის (ხალხი რომ «სისხლში შაქარს» უწოდებს) მოჭარბება და ამიტომ ვითარდება ე. წ. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი.

როცა მგრძნობელობა ინსულინის მიმართ ქვეითდება, პანკრეასი (ანუ კუჭუკანა ჯირკვალი) უპასუხებს ინსულინს სეკრეციის მომატებით: მოიმატებს ინსულინზე მოთხოვნილება მგრძნობელობის დაქვეითების ხარჯზე, მოიმატებს ინსულინის პროდუქცია.

სანამ ეს პროცესი პარალელურად მიმდინარეობს, სისხლში ინსულინის შემცველობა შეიძლება ნორმაზე მეტი იყოს, მაგრამ ეს მეტობა სჭირდება იმას, რომ დაქვეითებული მგრძნობელობის პირობებში სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებში შენარჩუნდეს. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სისხლის გლუკოზის დონე ჯერ კიდევ ნორმალური აქვს და ამიტომ ამ ეტაპზე მას ჯერ კიდევ არ სჭირს დიაბეტი. მაგრამ უკვე აქვს ნივთიერებათა ცვლის რეგულაციის მექანიზმების დარღვევა, თუნდაც იმიტომ, რომ ნორმასთან შედარებით ინსულინის ჭარბ რაოდენობას გამოიმუშავებს.

ეს მდგომარეობა განაწყობს სისხლძარღვებს დაზიანებისთვის.

_ ეს რას ნიშნავს?

_ გეტყვით. ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების სიჭარბე, ქოლესტერინის და მისი ფრაქციების, ტრიგლიცერიდების, არტერიული წნევის მატების ტენდენცია. როგორც წესი, ეს განსაკუთრებით გამოიკვეთება იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ზედმეტი წონა. ასეთ პირობებში, ადამიანებს უკვე აქვთ მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებზეც უკვე ვილაპარაკე და არ გავიმეორებ. ამის შემდეგ თუ კიდევ გაიზრდება ინსულინისადმი მოთხოვნილება, არადა, ეს განუხრელად მზარდი პროცესია, და მიაღწევს ისეთ მძიმე ფორმას, რომელსაც პანკრეასი ინსულინის საკმარისი სეკრეციით ვეღარ დააკმაყოფილებს, გამოჩნდება დისბალანსი. დიდია მოთხოვნილება, სისხლში ბევრია ინსულინის რაოდენობა, მაგრამ ეს სიბევრეც არასაკმარისი ხდება, ამას უკვე შედარებითი უკმარისობა ჰქვია.

_ ეს თუ შედარებითი უკმარისობაა, წარმომიდგენია, ამის შემდგომ რა ელის ადამიანს.

_ (ეღიმება). ამის შემდგომ განვითარებულ ეტაპს ზოგიერთი ავტორი «ინსულინის შედარებით აბსოლუტურ» უკმარისობასაც უწოდებს, რომლის განვითარების მექანიზმი საკმაოდ რთულია, მაგრამ დაიყვანება ინსულინის გამომყოფი ბეტა უჯრედების სხვადასხვა მიზეზით დაშლაში. ამ მოგვიანებით ეტაპზე ინსულინი ნორმასთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლები რაოდენობით წარმოიქმნება ორგანიზმში. შაქრიანი დიაბეტის დროს არსებულ ნივთიერებათა ცვლის მრავალმხრივი დარღვევები ბევრი გართულების მიზეზი ხდება.

_ თქვენ ახსენეთ აშკარა დიაბეტის ჩამოყალიბების წინა პერიოდი. იქნებ გაშიფროთ, რა თავისებურებით ხასიათდება ეს პერიოდი?

_ ჯერ ის უნდა ვთქვათ, რომ აშკარა ფორმის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ადამიანებთან ერთად საკმაოდ ბევრია დიაბეტით ავადმყოფ ისეთ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც არ იციან, რომ აქვთ შაქრიანი დიაბეტი. ასეთ დროს საქმე გვაქვს «ფარულად» მიმდინარე დიაბეტთან. ამ დროს უნდა განვასხვავოთ ის შემთხვევები, როდესაც ადამიანს უკვე აქვს დარღვევები ნივთიერებათა ცვლის მხრივ, მაგრამ არა იმდენად მძიმე ფორმით, როგორც ეს აშკარა შაქრიანი დიაბეტის დროს ხდება. მას უწოდებენ დიაბეტის წინამორბედ მდგომარეობას, ანუ პრედიაბეტს. პრედიაბეტის გამოაშკარავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ასეთ ადამიანებს შეიძლება თავიდან ავაცილოთ შაქრიანი დიაბეტის აშკარა ფორმით დაავადება სათანადო პროფილაქტიკურ ღონისძიებათა დახმარებით. პრედიაბეტის გამოსავლენად ტარდება სისხლში გლუკოზის რაოდენობის გამოკვლევა, როგორც უზმოზე, ისე გლუკოზის სტანდარტული რაოდენობით მიღების შემდგომ 2 საათში.

_ ანუ ჭამის შემდეგ 2 საათში?

_ არა, მე მოგახსენებთ ისეთ დიაგნოსტიკურ ტესტზე, რომელსაც ეწოდება «გლუკოზისადმი ტოლერანტობის სტანდარტული ორალური ტესტი». ეს შეიძლება გაუგებრად ჟღერს, მაგრამ მისი შინაარსი საკმაოდ მარტივია: საანალიზოდ აუცილებლად ვენური სისხლის აღება არის საჭირო ჯერ უზმოდ და შემდეგ გლუკოზის წყალხსნარის სტანდარტული რაოდენობის დალევიდან ორ საათში. ასეთი დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება საკმარისად იაფია, სახელმწიფო დაზღვევით კი პაციენტს არაფერი უჯდება. ეს ტესტი ჩვენ, ექიმებს მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის დიაბეტის მხრივ მდგომარეობის დროული შეფასებისა და პროფილაქტიკის ჩასატარებლად.

პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 10-15 პროცენტია, იშვიათად (სკანდინავიის ქვეყნებში, ისრაელში) 20 პროცენტსაც შეიძლება აღწევდეს.

მეორე ტიპის დიაბეტიანთა რაოდენობა დომინირებს. დიაბეტის გავრცელებას ეპიდემიის სახე აქვს მრავალ ეკონომიკურად განვითარებად ქვეყნებში. განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზთა შორის დიაბეტი მეოთხე-მეხუთე ადგილზეა.

შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში ყველაზე უფრო გავრცელებული არაგადამდები ავადმყოფობაა.

_ მემკვიდრეობით არ გადადის?

_ აქ მეტად თავისებური ვითარებაა. გენეტიკური განწყობა ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა, მაგრამ ეს მზა დიაბეტის გადაცემას კი არ ნიშნავს (ვლაპარაკობთ მეორე ტიპის დიაბეტზე), არამედ _ ინსულინისადმი არანორმალურად დაქვეითებული მგრძნობელობისადმი განწყობას, რომელიც დაბადებიდანვე, ახალგაზრდული ასაკიდანვე იჩენს თავს და ნელ-ნელა, ზოგან კი სწრაფად ძლიერდება. ეს ერთი. მეორე კომპონენტი კი არის ინსულინის გამოყოფის უნარის შეზღუდულობა, რომელიც ვერ უპასუხებს გაზრდილ მოთხოვნილებას.

_ რახან ასაკს შეეხეთ, ბატონო დავით, იქნებ, ისიც გაგვანდოთ, რომელი ასაკია ყველაზე უფრო «დაზიანებული»?

_ შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანთა უდიდესი ნაწილის ასაკი 40-დან 59 წლამდეა. ასე ჩანს დიაბეტის მსოფლიო ფედერაციის მიერ 2014 წელს გამოქვეყნებული მასალებიდან. ამავე პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ მსოფლიოში 2013 წელს 79 ათასი ბავშვი გახდა ავად პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტით. საგანგაშო მდგომარეობაა. თუმცა საერთო ფონზე შეიძლება არცთუ მნიშვნელოვან რაოდენობად მოგვეჩვენოს. 2013 წელს მსოფლიოში ყოველ 6 წამში ერთი დიაბეტიანი ავადმყოფი გარდაიცვლებოდა.

განსაკუთრებული კატეგორიაა დიაბეტიანი ორსულები, რადგან ამ შემთხვევაში ნივთიერებათა ცვლის თუნდაც ძალიან ნატიფმა დარღვევამ შეიძლება კატასტროფული შედეგი გამოიწვიოს ორსულობის მიმდინარეობის, ნაყოფის განვითარების თვალსაზრისით.

როდესაც შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტი დაორსულდება, თანამედროვე პირობებში მას დიდი ყურადღება არ მოაკლდება, რადგან დიაბეტის დიაგნოზი, ანუ ორსულობის დამამძიმებელი გარემოება უკვე წინასწარ არის ცნობილი. ბევრად უფრო სპეციფიკური მდგომარეობა იქმნება მაშინ, როდესაც შაქრიანი დიაბეტი პირველად ვითარდება ორსულობის დროს. მის კლასიფიკაციაში სწორედ ამიტომ გამოიყო ცალკე ტიპად ორსულთა დიაბეტი, რომელიც სპეციალური გამოკვლევით საჭიროებს დადგენას, გამოაშკარავებას. მე ახლაც მყავს პაციენტი, ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც სრულიად მოულოდნელად დაუდგინდა შაქრიანი დიაბეტი, თანაც ისეთი მძიმე ფორმით, რომ იმავე დღიდან დასჭირდა ინსულინით მკურნალობის დაწყება. ასეთი ფორმა იშვიათია. უფრო ხშირია ორსულთა ისეთი დიაბეტი, რომლის გამოაშკარავებას სპეციალური გამოკვლევა სჭირდება. გლუკოზის ტოლერანტობის ტესტზე მოგახსენებთ. ექიმს, უპირველესად, გინეკოლოგს,  ყველას, ვისაც საქმე აქვს ორსულებთან, უნდა ახსოვდეს, რომ აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ორსულთა დიაბეტის რისკის ფაქტორებს. ასეთებია:  ასაკი (27 წელიწადი და მეტი), სხეულის მასის სიჭარბე, მით უმეტეს, სიმსუქნე, ასევე, დიაბეტით დამძიმებული მემკვიდრეობითობა; უნდა გაირკვეს, წინა ორსულობის დროს ხომ არ დაუდგინდა ორსულთა დიაბეტი, ხომ არ ჰქონია ადრე მშობიარობა დიდი მასის (განსაკუთრებით, 4500 გრამზე მეტი) ნაყოფით მშობიარობა  და ა. შ.

ობივატელს, ამ საკითხებში არასაკმარისად ინფორმირებულ ადამიანს ხშირად ის უხარია, რამდენად დიდწონიანი ბავშვი შეეძინება. მახსენდება 90-იან წლებში ტელევიზიით გადაცემული ერთი სიუჟეტი, რომლის ავტორი ჟურნალისტი მთელი ქვეყნის გასაგონად აცხადებდა: მართალია, ახლა ქართველებს გვიჭირს, მაგრამ გადაშენება არ გვიწერია, რადგან დღეს შვიდკილოგრამიანი ბიჭი დაიბადაო!

ეს შვიდკილოგრამიანი ბიჭი კი დედის ავადმყოფობის მიზეზით გაჩნდა ამხელა. ამ დროს იმას უნდა ვტიროდეთ, რომ დედის ჯანმრთელობას თავის დროზე არავინ მიაქცია ყურადღება. ამიტომაა აუცილებელი მეან-გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის საქმიანი კონტაქტები რისკის მქონე მომავალი დედების ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

_ თქვენი კოლეგების მონაცემებით, შაქრიანი დიაბეტი ყველაზე მეტად გავრცელებულია მონღოლოიდურ რასაში. ქართველებში რა მდგომარეობაა?

_ მე ახლა მოგაწვდით ცნობებს, რომლებიც დაფიქსირებულია დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის «დიაბეტურ ატლასში».

მიკრონეზიაში მოსახლეობის 35 პროცენტია დაავადებული შაქრიანი დიაბეტით, ვანუატუში _ 24 პროცენტი; საუდის არაბეთშიც ამდენივეა; ნაურუში, კუვეიტში _ 23 პროცენტი; ყატარში _ 22,9 და ა. შ.

საინტერესოა რაოდენობრივი მაჩვენებლებიც: ჩინეთში 93,4 მილიონ ადამიანს აწუხებს ეს დაავადება, ინდოეთში _ 65,1 მილიონს, აშშ-ში _ 24,4 მილიონს, ბრაზილიაში _ 11,9 მილიონს, რუსეთის ფედერაციაში _ 10,9 მილიონს, მექსიკასა და ინდონეზიაში, შესაბამისად, _ 8,7 და 8.5 მილიონს, გერმანიაში, ეგვიპტეში, იაპონიაში _ 7-7 მილიონზე ცოტა მეტს.

თქვენ გაინტერესებთ შაქრიანი დიაბეტის გავრცელების სურათი საქართველოში?

_ დიახ.

_ სამწუხაროდ, შაქრიანი დიაბეტის გავრცელების შესახებ საქართველოში ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. აღრიცხულია მხოლოდ იმ ავადმყოფთა რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოსგან უფასოდ იღებენ ინსულინის პრეპარატს. დიაბეტიანების რეალური რაოდენობა ბევრად აღემატება ინსულინის მომხმარებელი პაციენტების აღრიცხულ რაოდენობას.

პირდაპირ გეტყვით, შაქრიანი დიაბეტის გავრცელება საქართველოში შესწავლილი არ არის, რადგან ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარებისთვის საჭირო დაფინანსება ვერც ერთი ხელისუფლების დროს ვერ გამოინახა.

ჩვენ დაწესებულებაში («დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი») შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომლის ძირითადი ამოცანაა, ჩაატაროს დიაბეტისა და სხვა ენდოკრინოლოგიურ ავადმყოფობათა ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები. ამისთვის საჭირო ინტელექტუალური პოტენციალი ჩვენთან არის. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული საკუთარი რესურსებით ვცდილობდით, შეგვესწავლა შაქრიანი დიაბეტის გავრცელება საქართველოში და ამით, ნაწილობრივ მაინც, შეგვევსო ინფორმაციული ვაკუუმი. ჩვენი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია ქვეყნის დაბლობ რაიონებში და შედარებით ნაკლებია მაღალმთიანეთში. საქართველოს მოსახლეობაში შაქრიანი დიაბეტის გავრცელება საშუალოდ 7-10 პროცენტის დონეზე უნდა იყოს.

ცალკე შესწავლა სჭირდება ე. წ. ორსულთა დიაბეტის გავრცელების საკითხს. დიაბეტის ეს განსაკუთრებული ფორმა, ჩვენი გამოკვლევების მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 5-7 პროცენტის ფარგლებშია.

ამ «აპოკალიფსური» ვითარებიდან თავის დაღწევის ყველაზე პოპულარული და იოლი გამოსავალი ბატონმა დავითმა ასეთი შემოგვთავაზა:

_ განა არ შეიძლება, რომ კვების სწორ რეჟიმზე გადავიდეთ?! არ შეგვიძლია, რომ ვარეგულიროთ ჩვენი სხეულის მასა?! უარი ვთქვათ თამბაქოს გამოყენებაზე?! არ შეიძლება, რომ ალკოჰოლი ისე გონივრულად დავლიოთ, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ჯანმრთელობა?!

ცხოვრების სტილის მოწესრიგება, ნორმალურ კალაპოტში ჩაყენება საშუალებას მოგვცემს, ძალიან ბევრ შემთხვევაში თავიდან ავიცილოთ შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი.

_ ამბობენ, რომ ეს ავადმყოფობა კატებშიც არის გავრცელებული.

_ არის, ცხოველებშიც არის გავრცელებული. რა თქმა უნდა, ისეთი კატასტროფული მასშტაბებით არა, როგორც ადამიანთა შორის, მაგრამ _ არის.

ძაღლი კი მნიშვნელოვანი ფიგურაა დიაბეტის ისტორიაში. კანადელმა მეცნიერებმა _ ფრედერიკ ბანტინგმა და ჩარლზ ბესტმა ინსულინის პირველი პრეპარატი გამოსცადეს ძაღლზე, რომელსაც სახელად ერქვა მარჯორი. მას ჯერ ექსპერიმენტული დიაბეტი დამართეს, ანუ პანკრიასი ამოკვეთეს, შემდეგ ახლადმიღებული პრეპარატი ინსულინი გაუკეთეს და ამით დაადასტურეს ამ პრეპარატის ეფექტიანობა. კარგა ხანს გაუხანგრძლივეს სიცოცხლე.

_ ძაღლი ადამიანის მეგობარია

_ ხოლო ადამიანი, ბავშვი, რომელზეც მსოფლიოში პირველად გამოსცადეს ინსულინი 1922 წელს, იყო ლეონარდ ტომპსონი, რომელსაც სულ ორიოდ კვირის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. მშობლების თანხმობით, მას ახალაღმოჩენილი პრეპარატი _ ინსულინი გაუკეთეს. 15 წელიწადი იცოცხლა ამ პაციენტმა. იმ დროს ეს გენიალური მიღწევა იყო.

_ თქვენს კლინიკაში მომსვლელთა რაოდენობა მატულობს თუ კლებულობს?

_ მატულობს… წელიწადში 7 ათასამდე პაციენტს ვღებულობთ. მათგან 30 პროცენტი პირველადია, _ მიპასუხებს ჩამქრალი ხმით. რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალი, უპირველესად, თავად განიცდის პაციენტების მდგომარეობას. ალბათ, ძნელია ოპტიმიზმის შენარჩუნება ავადმყოფთან ურთიერთობისას, მაგრამ ექიმები ახერხებენ. და მადლობა ამის გამო მათ, რადგან სხვა შემთხვევაში იმ იმედსა და რწმენას დავკარგავდით, რომელიც გამოჯანმრთელების უპირველესი პირობაა.

_ რეალურად დიაბეტიანი პაციენტების რაოდენობა გაცილებთი მეტია. ბევრი მათგანი ან ვერ ახერხებს, მატერიალური მდგომარეობის გამო, მიხედოს თავის ჯანმრთელობას, ან არ იცის, რომ დაავადებულია. სახელმწიფო პროგრამებს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს ამ შემოთავაზებას პაციენტის მონდომებაც უნდა ახლდეს… აკლია ხალხს ცოდნა და აკლია მონდომება.

არმაზ სანებლიძე

P.S. ბატონი დავით მეტრეველი საქართველოში ესესაა დაბრუნდა საფრანგეთიდან, სადაც  მიწვეული იყო  იქაური წამყვანი კლინიკების საქმიანობის გასაცნობად და გამოცდილების გასაზიარებლად.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here