Home რუბრიკები საზოგადოება ზარბეგ ბერიაშვილი: შეიძლება, 24 წლის განმავლობაში ასე სამათხოვროდ გვქონდეს საქმე? სირცხვილი არ...

ზარბეგ ბერიაშვილი: შეიძლება, 24 წლის განმავლობაში ასე სამათხოვროდ გვქონდეს საქმე? სირცხვილი არ არის, კაცო?

845

ზარბეგ ბერიაშვილი, «საქართველო და მსოფლიოს» დღევანდელი ნომრის სტუმარი, ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონია, ორგზის ოლიმპიური პრიზიორი (არც ერთხელ არ დამარცხებულა, ისე), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი, ლეგენდარული სპორტსმენი.  ამასთან ერთად, წარმოების შესანიშნავი ხელმძღვანელიც: წლების განმავლობაში სათავეში ედგა მესამე სატაქსომოტორო საწარმოს, რომელიც საბჭოთა კავშირში ყველაზე დიდი იყო, მოწინავედ და სამაგალითოდ ითვლებოდა. 2400 კაცი მუშაობდა ტაქსომოტორში, მათგან 1900 _ მძღოლი, ჰყავდათ ათასზე მეტი მანქანა. სკოლა და პოლიტექნიკური ინსტიტუტი (სახელგანთქმული «გეპეი») წარჩინებით დაამთავრა. საქართველოს დღევანდელობაზე ვსაუბრობთ:


_ გაგიმართლდათ იმედები, ბატონო ზარბეგ?

_ პირდაპირ გეტყვით: თავიდანვე ეჭვის თვალით ვუყურებდი მიტინგებზე დროშების ფრიალს და ლოზუნგების სკანდირებას, რომ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს «ბორჯომის» წყალი და ჩაი შეინახავდა. ჩემსა და ყველას სამწუხაროდ, გამართლდა ეს ეჭვი.

ყველას რაღაცა ეშველა. მაგალითად თუნდაც სომხებს დავასახელებ, რომლებიც, აგერ 24 წელიწადია, ბლოკადაში არიან მოქცეულნი და ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ. დავათვალიეროთ თბილისის სავაჭრო ობიექტები და ვნახავთ, რამდენი რამ არის სომხეთიდან შემოტანილი. ერთი ქართული მაჩვენეთ. სირცხვილი არ არის, ხალხო?!

ბევრი რამ მახსოვს ისეთი, რასაც მხოლოდ საქართველო აწარმოებდა, რისი მსგავსიც მსოფლიოში არ მოიპოვებოდა. მოვლილი მაქვს 50 ქვეყანა მაინც: იაპონიიდან დაწყებული, სამხრეთ ამერიკა, ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა თავისთავად და არსად შემხვედრია კვებისა და მსუბუქი მრეწველობის იმ ხარისხის ნაწარმი, როგორიც ჩვენთან მზადდებოდა. მაგალითად, თუნდაც აბრეშუმს დავასახელებ, რომელიც ჩვენი უთავობით საქართველოში გაქრა.

შეიძლება, დიდი არაფერი, მაგრამ ცნობილი ლაზიშვილების «არალეგალურ» საწარმოებში დამზადებული ქალის ხელჩანთები საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კავკასიაში იყო პოპულარული. ამ მიმართულების განსავითარებლად არავის უზრუნია.

1956 წელს ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ავჭალის კოლონიის გვერდზე ერთი ქარხანა იყო, რომლის დირექტორად ჭაჭიაშვილი მუშაობდა, გამანაწილეს  საზეინკლო-სამონტაჟო იარაღების საცდელ ქარხანაში, სადაც ისეთი მაღალი ხარისხის «ოტვიორტკებს» _ სახრახნისებს უშვებდნენ, რომ ინგლისში იყიდებოდა. უჟანგავი ფოლადის წვერი ჰქონდა. დღეს იმ საწარმოს სახსენებელიც აღარ არის, ისევე, როგორც ავჭალის შუშის ქარხანის, ცენტროლიტის მეტალურგიული ქარხანის, ამიერკავკასიაში ერთადერთი მეტალოკონსტრუქციების ქარხნის, აგურის ქარხნის.

უამრავი ასეთი ქარხანა ჯართად გავყიდეთ და დღეს ვწუწუნებთ, რომ მრეწველობა ქვეყანაში არ გვაქვს, რომ საქართველო თავის თავს ვერ შეინახავს და ა. შ.

საქართველო რომ ყველა სხვა ქვეყანაზე კარგი და უკეთესია, ჩემთვის და საქართველოს ყველა მცხოვრებისთვის ასეა და ასეც უნდა იყოს. თუ კაცური გული აქვს, ყველას თავისი ქვეყანა უნდა უყვარდეს. სხვანაირად არ მესმის, მაგრამ შეიძლება, 24 წლის განმავლობაში ასე სამათხოვროდ გვქონდეს საქმე? სირცხვილი არ არის, კაცო?

_ ვისი ბრალია?

_ ვისი ბრალია და, საზოგადოება რომ მაგრად იდგეს, ვერავითარი ხელისუფლება ვერ მოერეოდა, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას. მგონი, ყველაფერ მზამზარეულს ვიყავით მიჩვეულები. საბჭოთა კავშირმა (იმ დროს ბევრი კარგი იყო, ბევრიც ცუდი) მიგვაჩვია უზრუნველ ცხოვრებას, ყველაფერი გამზადებული მოდიოდა, ფიქრი არ გვჭირდებოდა. ასე ცხოვრებას ვაგრძელებთ დღესაც, შეცვლილ პირობებში.

მამაჩემს 130 მანეთი ჰქონდა პერსონალური პენსია. ვერ ხარჯავდა. ავჭალაში ცხოვრობდა, ოჯახისთვის საკმარისი საკუთარი მეურნეობა ჰქონდა, თანაც, სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა. რომ გარდაიცვალა, შემნახველი სალაროს წიგნაკზე 60 ათასი მანეთი აღმოაჩნდა შეტანილი. ეს იმ დროს უზარმაზარი ფული იყო.

ახლა პენსიონერს წამლისთვისაც არ ჰყოფნის 150 ლარი, სამარცხვინო პენსია.

_ თქვენი, როგორც ტაქსების სამმართველოს ხელმძღვანელის, ხელფასიც დიდი იქნებოდა

_ ხელფასი, რა თქმა უნდა, დიდი მქონდა, მაგრამ ტაქსების სამმართველო არ იყო ჩვენი საწარმო. სამმართველოს ხელმძღვანელობდა ბრწყინვალე პიროვნება და შესანიშნავი ორგანიზატორი რობერტ ნიკურაძე, ნიჭიერი და ვაჟკაცი ადამიანი, კარგი მოქეიფეც _ სიმღერაც იცოდა და დაკვრაც, საქმე ხომ იცოდა და იცოდა. მთელ კავშირში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მთხოვა რობერტ ნიკურაძემ, მესამე ტაქსებში გადავსულიყავი. ჯუნგლებს ეძახდნენ. გადავედი… ამყვა კოლექტივი. გამომივიდა: საბჭოთა კავშირში პირველი საწარმო იყო _ გარდამავალი დროშები და სხვა ჯილდოები უამრავი გვქონდა. ჯუნგლები კი არა, იქ ისეთი ვაჟკაცები მუშაობდნენ, გესიამოვნებოდა.

_ თქვენს პერიოდში ტაქსები საძებარი იყო მოსახლეობისთვის. ახლა ტაქსისტები ეძებენ კლიენტებს

_ რაც ახლა არის, ისაა სწორი. კომუნისტების პერიოდში ყველაფერი დაგეგმილი იყო. არ უნდა ყოფილიყო ზედმეტობა. ზედმეტიც კრიზისად ითვლებოდა, ნაკლებიც კრიზისი იყო. ეს ნაკლი ახასიათებდა იმ წყობილებას.

_ ამ ახალი ხელისუფლების პირობებში, თქვენი დაკვირვებით, მივდივართ სწორი გზით?

_ რაც იყო, იმასთან შედარება არ შეიძლება. ხალხი ისეთ დაძაბულობამდე იყო მისული, რომ ერთი აფეთქებაღა აკლდა. რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა თავისი ქველმოქმედებით თუ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობით, საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება. როგორ შეიძლება, რომ ვიღაც ვიგინდარა და გარეწარი, რომელიც სააკაშვილმა თავზე დაგვასვა, აუგად მოიხსენიებდეს ბატონ ბიძინას.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისა ვთქვათ, სპორტსმენებს როგორ ეხმარება. 12 მარტო რაგბის მოედანი აქვს გაშენებული. მოედანს ხომ თავისი ინფრასტრუქტურა აქვს, ადამიანები დასაქმებული და ა. შ. ორ მილიარდამდე საკუთარი ფული აქვს დახარჯული ქვეყნისთვის. ეს ფული მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში რომ შეეტანა, უდიდეს მოგებას ნახავდა.

სააკაშვილმა და მისმა ბანდამ კი მილიარდობით ლარი წაჰგლიჯა საკუთარ ხალხს.

ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც შეეძლო უზრუნველად და თავისი სიამოვნებისთვის ეცხოვრა, თავი გადადო, ხალხმაც მხარი დაუჭირა და, მადლობა ღმერთს, რომ ეს ჭირი _ სააკაშვილის ხელისუფლება მოგვაცილა.

გამაგებინეთ, ეს ყველაფერი რომ ვიცით, ცუდი როგორ უნდა ვთქვათ ივანიშვილზე?!

_ ღირსეული ადამიანები რომ ვერ შემოიკრიბა ხელისუფლებაში, მთავრობაში?

_ (პაუზა). შესანიშნავი, სიმპათიური ახალგაზრდა კაცია ალასანია. ჩემი შვილები მასთან ერთად ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ცოტა წინ იყო… როგორ ლაპარაკობს ეს ალასანია, რომ ახლა ნატოში უნდა შევიდეთ და დაგვიყენეთ, თუ გინდა, ჰაერსაწინააღმდეგო, თუ გინდა, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებიო. გამაგებინეთ, თუ არ ესმის, რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ უნდა იყოს თავდაცვის მინისტრი?! თავდაცვის მინისტრმა ქვეყანა უნდა დაიცვას და არა ცხელი წერტილი შექმნას იქ, სადაც ჩვენ ვართ!

შეეშინდება რუსეთს?! თუ არ შეეშინდა, მერე სად მივდივართ?! თუ ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს დააყენებ, ის რა, ვარდებს გესვრის იქიდან?!

დაანებონ თავი ამ პატარა საქართველოს! თუ ამერიკას რუსეთთან ომი უნდა, კამჩატკაზე, ადგილია დიდი, წავიდნენ და იქ იომონ

ნუ გეცინებათ: აგერ ბურთი და აგერ მოედანი. იქ გაარკვიონ პრობლემები, ჩვენ თავი დაგვანებონ.

_ ალასანია ამერიკელების სიმღერას მღერის?

_ (იცინის) ბანს ეუბნება. თუ სხვანაირად მოქცევა არ შეგიძლია, რად გინდა ან თანამდებობა, ან კიდევ ფული?!

მშვენიერი ქალბატონია მაია ფანჯიკიძე, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს ისეთი თანამდებობაა, რომ საუბრით, ქცევით და ა. შ. მტერიც კი მოყვრად უნდა გაიხადო, მაგრამ გამოდის ეს ქალბატონი და ისეთ გამომწვევ განცხადებებს აკეთებს, არ ეკადრება ჯერ ქალს და შემდეგ _ მინისტრს. აბა, რანაირად შეიძლება მაგისი საგარეო საქმეთა მინისტრობა?!

სააკაშვილის დადგენილია _ ვაჟკაცია ის, ვინც რუსეთს უფრო მაგრად გალანძღავს. სააკაშვილის კვალს მიყვება

ჩემს ბავშვობაში, 7-8 წლისანი რომ ვიყავით, ვინც მაგრად შეიგინებოდა, ვაჟკაცი ის გვეგონა. აი, ასეა ახლა, მაგრამ უკვე სახელმწიფოს მართვის დონეზე.

დიდი ხანია, მე იმ ბავშვობიდან  გამოვედი. ესენი, მგონი, ახლა შედიან.

რომ ვუყურებ, მგონია, რომ ყველგან ამერიკისა და ევროპის ხელი ურევია.

_ რაც ერთი და იგივეა…

_ ჩვენი მოქმედებით ამას ვადასტურებთ, ყოველ შემთხვევაში, ასეთ ფიქრს იწვევს.

_ ახლახან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა. თქვენ, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორ აღიქვამთ ამ საერთაშორისო აქტს?

_ ბევრი რამ ვიცი, ბევრ რამეში კარგად ვარ გარკვეული. არავინ იფიქროს, რომ წიგნი არ მაქვს წაკითხული (ეცინება). მაგრამ რას ნიშნავს ასოცირება, რისი მომცემია ჩვენთვის, ვერ გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ტელევიზიით ჩაგვჩიჩინებენ _ სამოთხეში შევდივართო. ასოცირება, შერწყმა, ერთად მუშაობა… თუ ეს ვაჭრობის საკითხებს ეხება, ხომ ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი? _ ვართ. ეს ასოცირება თუ დამატებით რაღაცის საშუალებას გვაძლევს, ხომ კარგია. მაგრამ, რატი ამაღლობელი რომ გამოდის და იძახის (მგონი, «მაესტროში» იყო მიწვეული): ახლა გაგვეხსნა ხუთასმილიონიანი ბაზარიო! და (თუ არ ვცდები) თურმე 4 მილიონი მსხვილფეხა საქონლის გაყიდვის საშუალება მოგვეცემა. კი, მაგრამ, იქ რომ ზიხარ და ამას ისმენ (ჟურნალისტი მყავს მხედველობაში), რატომ არ გებადება შეკითხვა: ოთხი მილიონი ტონა იქ გასაგზავნი საქონლის და ქათმის ხორცი როდის გექნება? რამდენი ათეული წლის შემდეგ? მაშ, რატომ უნდა ვიყოთ დღეს აღფრთოვანებულები იმ შორეული პერსპექტივით, რომელიც დადგება თუ არა, არავინ იცის?

_ როგორიც იყო კომუნიზმის მრეწველობისკენ სწრაფვა.

_ გინდაც ასე იყოს. ევროპას დაუგროვდა ჭარბი საქონელი _ კვების პროდუქტები თუ ფართო მოხმარების საგნები, რომლებიც მათთვის ვადაგასულია, მაგრამ ჩვენთვის ჯერ კიდევ გამოდგება. გაასაღებენ კიდეც ჩვენზე.

მე ასეთი ევროპა არ მინდა.

მე ისეთი საქართველო მინდა, რომელიც გერმანიაზე უკეთეს «მერსედესს» გამოუშვებს და არ იქცევა ნახმარი უცხოური მარკის ავტომანქანების სასაფლაოდ.

კი, მინდა, მაგრამ რას ვაკეთებთ საამისოდ?

_ არაფერს!

_ ვერ ვაკეთებთ. გამოდიან სხვადასხვა პარტიის ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჭკუას გვარიგებენ. ჯერ ერთი, ვისი ფულით აქვთ გამაძღარი კუჭი მუდამ, გამაგებინეთ. მოდი და, თვითონ გააკეთონ, დაგვანახონ. რომელიმე დარგს მოჰკიდონ ხელი და მაგალითი მოგვცენ.

კარგი. ავაშენე ქარხანა. გამოვუშვი პროდუქცია, მაგრამ ვერ გავასაღე. სად წავიღო? რით გადავუხადო ხელფასი მუშებს? მთავარი ისაა, რომ, რასაც გააკეთებ, ვიღაცისთვის იყოს საჭირო, ვიღაც დაინტერესებული იყოს.

_ ევროპის ბაზარი დაინტერესებულია?

_ ევროპა რითიც არის დაინტერესებული, უკვე გითხარით. ჩვენი პროდუქცია მისთვის საჭირო არ არის. თავისივე საქონლით არის გაჯერებული. ევროპა-ამერიკა გაცილებით წინ არის თავისი ტექნოლოგიებით, თანამედროვე დანადგარებით, დასაქმებული პერსონალის ცოდნით, შრომის უნარით. დილის 7 საათზე იწყებენ საქმიანობას. ჩვენთან კერძო მაღაზიები 10-11 საათამდე დაკეტილია. აქ, თბილისში, რა უნდა ივაჭროს იმან, ამიხსენი, გამაგებინე.

მდგომარეობა ჩვენთან გაცილებით რთულია, ვიდრე გვგონია. არავისზე ნაკლები ჭკუა არ აქვს ქართველს; ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს, იმათ. მაგრამ სისტემა ვერ ავაწყვეთ, მეურნეობრიობისთვის, ყაირათიანი საქმიანობისთვის აუცილებელი განწყობა ვერ შევქმენით. პოლიტიკაში გადავვარდით.

_ რუსეთის პრობლემაზე აზრი უნდა გკითხოთ.

_ მსოფლიო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ცდილობდა რუსეთთან საქმიანი კავშირის დამყარებას. ყველამ იცის, რატომაც. და აქ მხოლოდ ბუნებრივი სიმდიდრეები და სამხედრო ძლიერება არ იგულისხმება. მოკლედ, რუსეთს ანგარიშს უწევენ. სულ ახლახან მოწმენი გავხდით, რომ ამერიკის დაჟინებული მოთხოვნით მიღებულმა სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ ევროპის დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა. ეს სანქციები, შეიძლება ითქვას, ერთგვარ ფორმალობადაც კი იქცა, რადგან თვით რუსეთზე მაინცდამაინც სერიოზულად ვერ იმოქმედებდა და ევროპაშიც უკვე ალაპარაკდნენ ამ შეზღუდვების განვრცობის წინააღმდეგ.

რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. ჩვენ ამ რთული მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა ვეძებოთ.

დაახლოებით 15 წლის წინათ ველისციხეში ვიყავი, გიორგაძეების ოჯახში. ორი კაცი მოვიდა ტრალერით. 40 ტონა ვაშლატამა იყიდეს.

_ ტიტველ ატამსაც ეძახიან.

_ დიახ. 80 ათასი ლარი ჩაუთვალეს და წავიდნენ. აი, ეს არის რუსეთის ბაზარი ჩვენთვის ერთ კონკრეტულ მაგალითზე. სანამ უვიზო რეჟიმი არ დამყარდება, იქამდე ეს ბაზარი ჩვენთვის ბოლომდე არ გაიხსნება.

ჩვენ აქ რუსებს ვაგინოთ და იქ შეღავათები მოვთხოვოთ, არ გამოვა. ეროვნული თავმოყვარეობა მათ ახლა განსაკუთრებით გაძლიერებული აქვთ.

ეს ის რუსეთია, რომელმაც 900 დღე-ღამე ლენინგრადი არ დათმო, სტალინგრადთან პაულიუსის არმია დააჩოქა და მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნა.

სხვა რამესაც გეტყვით: თუკი დღეს მონათმფლობელობა იყო შემორჩენილი, ვერ წარმოვიდგენდით. მაგრამ სწორედ ამას ვხედავ ამერიკაევროპის ჩვენდამი დამოკიდებულებაში. ვიღაცას კუჭი გასკდომაზე რომ ჰქონდეს, ჩვენ რატომ უნდა შევეწიროთ?

ზოგიერთი ჟურნალისტი კი საქმის ვითარებას ისე წარმოგვიდგენს, თითქოს ჩვენზე ბედნიერი ერი არ არსებობს. კი, მაგრამ სინამდვილე რომ განსხვავებულია? ჟურნალისტი ხომ «სიმართლეს უნდა მსახურებდეს». «მე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს ემსახურებდეს», _ თქვა ჩვენმა დიდმა პოეტმა აკაკი წერეთელმა.

ტელეეკრანზე ვნახე, უგულავა რომ დააპატიმრეს. კომენტარმა გამაოცა _ უგულავა ბრალდებას არ აღიარებსო, და იქვე _ ბრალდება არ წაუყენებიათო: ხაზგასმით თქვა, როგორც ამ მთავრობის მინუსი. თუ არ წაუყენებიათ, შე დალოცვილო, რას არ აღიარებს?! მაპატიეთ, მაგრამ თქვენი კოლეგები სისულელეებს ამბობენ ხშირად.

ეს ერთი კერძო შემთხვევაა, მაგრამ, როცა ასე ზედაპირულად განიხილავენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს, ეს ქვეყნისთვისაა დამღუპველი.

_ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური წინ გვაქვს. თბილისელებმა თავი არ შევიწუხეთ, ცოტანი მივედით არჩევნებზე და მეორე ადგილზე «ნაციონალები» წამოგვისკუპდნენ. სააკაშვილი კი საქართველოში დასაბრუნებლად არის განწყობილი.

ამერიკა და ევროპა სააკაშვილს არიან ჩაფრენილები, ხელს არ უშვებენ. ხალხს არაფერს გვეკითხებიან. ასეთი ამერიკის და ასეთი ევროპის უნდა გვჯეროდეს? გვინდა ასეთი «მეგობრები»?! სააკაშვილი თუ დაბრუნდა, ყველას, ვისაც მის წინააღმდეგ სიტყვა უთქვამს, ციხეებში ამოალპობს.

სახელმწიფო დამნაშავე დაუსჯელი როცა დადის, ხალხს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერია დასაშვები. რომ ეს ყბადაღებული კოაბიტაცია და ჰუმანურობა ყველაფერს ჩაფარცხავს. გული უცრუვდება ხალხს, სიტუაციის შეცვლის იმედი ეკარგება და არ მიდის არჩევნებზე: ყველაფერი მაინც ძველებურად დარჩებაო.

თანაც ჩვენმა მინისტრებმა გაიგეს, რომ კარგი ყოფილა მინისტრის სავარძელი, ძვირად ღირებული მანქანები. სახელმწიფო ფული მიახარჯეს! თორემ საკუთარი ფულით, გინდა, ვერტმფრენი იყიდონ და იმით იარონ, გინდა _ დირიჟაბლით.

ჩვენს ხალხს გული უცრუვდება იმიტომაც, რომ ელექტროენერგიის, გაზის, წყლის მოხმარების ტარიფები კვლავ ყოფილი ხელისუფლების დროინდელი რჩება. არ იაფდება.

ჩვენი პარლამენტი კი, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას ადამიანის დასაქმებისთვის აუცილებელი სამართლებრივი სივრცე. უმუშევრობის შემცირებას პირი არ უჩანს. სამუშაო ადგილები ისევე არ არის, როგორც არ იყო.

ბატონმა უსუფაშვილმა ერთხელ თქვა, რომ ჩვენი ამოცანაა «ნაციონალური მოძრაობის» გადარჩენა. ამისთვის აირჩია ხალხმა?!

სპორტსმენები არ დამანახოთო პარლამენტში, ესეც თქვა. ვინ ჰყავს იმ პარლამენტში ლერი ხაბელოვზე, შოთა ხაბარელზე, ზვიადაურზე, ხუბულურზე უკეთესები?

ყველას თავი რომ დავანებოთ, არ გაამართლა კახი კალაძემ ვიცეპრემიერად, ენერგეტიკის მინისტრად რომ დაინიშნა? პარტიის ლიდერად რომ აირჩიეს?

ამ და კიდევ ბევრი სხვა სპორტსმენის სახელი მსოფლიოშია ცნობილი. მისი რომელი პარლამენტარი შეედრება ამათ და იმდენ სიკეთეს საქართველოს რომელი დეპუტატი მოუტანს? ჩვენი სპორტსმენები საზღვარგარეთ მყოფი ძალების პირში შემყურენი რომ ყოფილიყვნენ _ აბა, ახლა როგორ მოვიქცეთ, რას გვიბრძანებთო, გამარჯვებულების მედლებს ვერ ჩამოიტანდნენ საქართველოში.

უსუფაშვილს კი სპორტსმენების დანახვაც არ უნდა პარლამენტში.

ასეთი დამოკიდებულება იწვევს გულის აცრუებას.

თბილისის მერის არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეთ ყველა, თუნდაც იმიტომ, რომ «ნაცებს» დავანახოთ, როგორია ხალხის ძალა და ნება.

_ ამ არჩევნების პროცესში ახალი პარტიებიც გამოჩნდა, მაგალითად, «საქართველოს პატრიოტთა ალიანსი».

_ ამ პარტიამ, ჩემი აზრით, ძალა უნდა მოიკრიბოს. სულ ახალი შექმნილია და, რასაც მიაღწია, წარმატების მაჩვენებელია. სწორ გზაზე დგას. მისმა ერთმა ლიდერმა განაცხადა, საქართველოდან ამერიკაში მივდივარო. სულ არ მაინტერესებს, ვინ სად აპირებს წასვლას. ამ შემთხვევაში თარხან-მოურავზე ვლაპარაკობ. დიდი პატივისმცემელი ვარ მისი და «ობიექტივის», რომელიც სხვებზე გაცილებით ობიექტურია, გულახდილია და ხალხს სიმართლეს ეუბნება. ამ ბოლო დროს სულ მაგ არხს ვუყურებ. შესანიშნავი ჟურნალისტია ქალბატონი ირმა ინაშვილი.

მე ის მაინტერესებს, რას აკეთებენ პარტიები საქართველოსთვის.

ისიც მაინტერესებს, ვინ და როგორ ფინანსდება საზღვარგარეთიდან _ არასამთავრობო იქნება, პარტია, მოძრაობა თუ ორგანიზაცია. ყველა მათგანი სხვების დავალებას ასრულებს, რასაც, ჩემი აზრით, მოღალატეობა ჰქვია.

თუ რამე შეუძლიათ, ჭკუა და სურვილი აქვთ, აგერ რამდენი დარგია ასაღორძინებელი. მოჰკიდონ ხელი! ლაპარაკი დღეს ყველას შეუძლია.

_ რამე ხომ არ დაგრჩათ უთქმელი, ბატონო ზარბეგ?

_ ორი სიტყვა რასმუსენზე მინდა ვთქვა, ნატოს გენერალური მდივანი რომ არის ჯერ კიდევ.

1 ოქტომბრის არჩევნები რომ დამთავრდა, ამ ბატონმა პირდაპირ განაცხადა _ თუ საქართველო გადაუხვევს აღებულ კურსს, ძალიან ძვირად დაუჯდებაო. დაგვემუქრა.

ერთი ამიხსენით, რატომ ის არ აინტერესებს რასმუსენს, როგორ ცხოვრობს ხალხი, რატომაა, რომ მის ქვეყანაში, დანიაში, პენსია ლარის კურსით 4700-ია, ჩვენთან კი 150 ლარი? რა მოგვცა ნატოსკენ სწრაფვის იმ კურსმა, რომლიდანაც შესაძლო გადახვევის გამო დაგვემუქრა გენერალური მდივანი? ნატოს წევრ რომელ ქვეყანაშია ასეთი მიზერული პენსია?

მაგათ მხოლოდ ის აინტერესებთ, რომ ქართველი ჯარისკაცები წაიყვანონ ავღანეთში თავიანთი ჩაფლავებული საქმის გასაგრძელებლად.

ნატოს, მაშასადამე, აშშ-ს აინტერესებს, განავრცოს თავისი საცეცები რუსეთის საზღვრებთან რაც შეიძლება ახლოს, ფაქტობრივად, ბლოკადაში მოაქციოს. სულ ფეხებზე ჰკიდია, საქართველოს ხარჯზე გააკეთებს ამას, უკრაინის თუ რომელიმე სხვა ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებით. თუ რამე მოხდება, ღმერთმა ნუ ქნას, ამ ქვეყნების სახსენებელიც კი მოისპობა. ნატოს უნდა შევწიროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი?

ამიხსენით, გამაგებინეთ!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here