Home რუბრიკები საზოგადოება შოთა გლურჯიძე: თითქოს აუსტერლიცი მოიგეს, ისე იზეიმეს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა

შოთა გლურჯიძე: თითქოს აუსტერლიცი მოიგეს, ისე იზეიმეს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა

1178

დიდი ხანია, არქიტექტორი და თეატრის მხატვარი შოთა გლურჯიძე მედიაში არ გამოჩენილა. როგორც ბატონმა შოთამ გვითხრა, ამ პერიოდში ახალი მთავრობის ქმედებებზე ერთგვარ მონიტორინგს აწარმოებდა, რადგან «ნაციონალური» რეჟიმის დასრულების შემდეგ იმედი ჰქონდა, რომ «ქართული ოცნება» ქვეყნის სასიკეთოდ იმოქმედებდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა… ინტერვიუ შოთა გლურჯიძესთან თბილისის ყოფილი მერის _ გიგი უგულავას დაპატიმრების თემით დავიწყეთ.


ეს ყველაფერი თამაში და წინასაარჩვენო მანიპულაცია მგონია, ხალხმა რომ დაიჯეროს, თითქოს ქვეყანაში დაიწყო სამართლიანობის აღდგენა. უგულავა კრიმინალი რომ არის, ეჭვი არავის ეპარება და მისი დაჭერა გაცილებით ადრე შეიძლებოდა. «ოცნების» წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ ხალხმა მათდამი ნდობა დაკარგა და ამიტომ ცდილობენ «ნაცმოძრაობა» და «ოცნება» ერთობლივი სპექტაკლების დადგმას. საზღვარზე შავ ფულს რომ დააკავებენ და, შემომტანების დაპატიმრების ნაცვლად, ვიცეპრემიერი რომ დარეკავს და მათ აზერბაიჯანის მთავრობას გამოაშვებინებს, ამას ერთობლივი სპექტაკლი არ ჰქვია? ნათელია, რომ «ნაცები» და «ოცნება» ერთმანეთს გაურიგდნენ. თუ ასე არ არის, გამცეს კალაძემ პასუხი, რატომ გამოაშვებინა ორი ბანდიტი _ ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე, რომლებსაც ქვეყანაში შავი ფული, მილიონი დოლარი შემოჰქონდათ? საზღვარზე ვინმეს რომ დავეჭირე ათი ათასი დოლარით, მყისვე ციხეში გამამწესებდნენ, მაგათ რატომ აქვთ ინდულგენცია, გამაგებინეთ! ვინ არიან, ჩემზე მეტი აქვთ ქვეყნისთვის გაკეთებული? რას წარმოადგენენ, საერთოდ? ამიტომ ვამბობ, რომ ესენი ერთმანეთს გაურიგდნენ. ხალხი კი უნდა დაფიქრდეს და მიხვდება, რომ ეს ყველაფერი სპექტაკლია.

_ ხელისუფლება თავს იწონებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით

_ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამ, არ მგონია, სასურველი შედეგი გამოიღოს. არც ამ ხელისუფლებას აქვს ამ ხელშეკრულებით ქვეყნის აყვავების მოლოდინი, უბრალოდ, თავს იტყუებენ, თითქოს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გახდნენ. თვითონ ევროპაში აღარ არის ევროპული ცივილიზაცია და საით მივისწრაფვით, ვერ ვხვდები. არ მგონია, რომ ევროპა ევროპისკენ მიდიოდეს. მართალია, იმაში, რაც უკრაინაში ხდება, ამერიკას მიუძღვის ლომის წილი, მაგრამ ევროპა ხომ ამერიკის მარიონეტია?! დიახ, ევროკავშირის 28-ვე ქვეყანა ამერიკის მარიონეტია, ამიტომ მიჩნდება შეკითხვა _ თუ საქართველო თავისუფლებისკენ, ანუ ევროპისკენ მიისწრაფვის, ევროპა არის კი თავისუფალი? ან რა ბედი ელის ევროპულ ცივილიზაციას? გერმანელმა ფილოსოფოსმა ოსვალდ შპენგლერმა 1918 წელს დაწერა ნაშრომი «ევროპის მზის ჩასვლა» და ზუსტად ისე განვითარდა მოვლენები, ბოლო წლებში გამძაფრდა კიდეც. დღეს ჩვენთვის ევროპა სინონიმია განათლებულობის, კულტურის, ქრისტიანობის, ურთიერთობების, ადამიანის მიმართ ლოიალობისა და ჰუმანურობის, მაგრამ ამ  ყველაფერს ევროპა ნელ-ნელა კარგავს. მიმაჩნია, რომ საქართველო ყველაზე დიდი ევროპაა და აწი ევროპა აქეთ თუ დაგვეწევა.

_ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო ათასი წლის წინათ ევროპის შუაგულს წარმოადგენდაო

_ ამათ არეული აქვთ ცნებები, რადგან თვითონ ევროპაშია ყველაფერი არეული, არ იციან, საით მიდიან. ჰოლანდიელ მხატვარს _ პიტერ ბრეიგელს  აქვს გენიალური ფერწერული ტილო «ბრმები»,  ერთმანეთზე ჩაბმულ ბრმებს ბრმა რომ მიუძღვებათ. მათ, ყველას ერთად, უფსკრულში გადაჩეხვა ელით. აი, სწორედ ეს ტილო ასახავს დღევანდელ რეალობას _ ევროკავშირის და ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ, მას ფეხი აუწყონ.

_ ამბობთ, რომ ევროპის საქმე უკან მიდის. რა არის ამის მიზეზი?

_ ეს არის ცივილიზაციური კატასტროფა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციამ მოიტანა. რაციონალიზმის გამეფებამ ევროპა ზნეობრივ კატასტროფამდე მიიყვანა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხალხს ეკონომიურად ძალიან უჭირდა, მაგრამ ზნეობა არ დაუკარგავს გენიალური წერილი დაწერა ფილოსოფოსმა სერგეი ავერინცევმა ქრისტიანულ ევროპაზე, წერილში ხსნის, რომ ევროპა არის საქრისტიანო, ეს სეკულარული ქვეყნები გადიან ზნეობიდან და გონებას ვითომ ეკონომიკით ანაცვლებენ. დააკვირდით ევროპულ მოწოდებებს, როდესაც ეკონომიკა კარგად იქნება, კულტურაც კარგად იქნებაო! ევროპა ამტკიცებს, კულტურა ზნეობის გარეშეც არსებობსო, არადა, პირიქითაა _ კულტურა ზნეობის გარეშე არ არსებობს!

_ ხელისუფლების მოქმედებას როგორ შეაფასებთ?

_ სხვადასხვა პერიოდის საქართველოს მთავრობაში, განათლების მხრივ, საკმაოდ განუვითარებელი ადამიანები იყვნენ და არიან თავმოყრილნი, რადგან მთავრობაში განათლებული და წესიერი ადამიანები არ მიდიან, მაგრამ შედარებით კარგ მთავრობას აქვს გონიერი ხალხის მოსმენის უნარი. ამჟამინდელ მთავრობაში საკმაოდ თავდაჯერებულები არიან, სჯერათ თავიანთი შესაძლებლობების, თუმცა ძალიან ახლო ხედვა აქვთ. სწორედ ამ მთავრობის წარმომადგენლებმა თქვეს, ხალხი არჩევნებზე რომ არ მივიდა, ჩვენი გამარჯვებაა, რადგან ისეთი ნდობა აქვთ ჩვენდამი, არჩევნებზეც აღარ დადიანო. აი, ასეთ მარაზმამდეა ეს ყველაფერი მისული. მაქვს იდეა, ჩვენ, ხალხმა თავი დავანებოთ პოლიტიკოსებს, იარსებონ ცალკე, პარალელურ სამყაროში და უნდათ, ევროპასთან შევიდნენ ალიანსში, უნდათ _ ამერიკასთან, ხალხი კი ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვრებთ. უკვე აქეთ მიდის ეს ყველაფერი. ბევრი ამბობს, ეს მთავრობა «ნაციონალებივით» არ ერჩის ხალხსო, მაგრამ ძალიან მალე ასეთი ფაქტის წინაშეც დავდგებთ, რადგან სწორედ ასეთი თავდაჯერებით დაიწყო სააკაშვილმაც პრეზიდენტობა. არ მომწონს მათი თავდაჯერებულობა, თითქოს აუსტერლიცი მოიგეს, ისე იზეიმეს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. მაინტერესებს, რა წერია ამ დოკუმენტში ისეთი, უკეთესს რომ გახდის ჩვენს ქვეყანას. ევრობაზარზე შესვლა საქართველოს ეკონომიკურად არ დაანგრევს, რადგან ეკონომიკა ისედაც არ გვაქვს, რასაც უკრაინაზე ვერ ვიტყვით, ეს მათთვის დამღუპველი აღმოჩნდება.

_ როგორ უნდა მოიქცეს ქართველი ხალხი?

_ ჩვენი მთავარი პრობლემა აღზრდა-განათლებაშია. მთავრობა ამაში ვერ დაგვეხმარება, მაგრამ, თუ განათლების სისტემას მოაწესრიგებს, მადლობას ვეტყვით. მაგრამ მგონია, რომ ამ მთავრობას თავი უნდა დავანებოთ. იმაზეც თანახმა ვარ, პრემიები და ხელფასები სამუდამოდ ჰქონდეთ და არჩევნებზეც აღარ მიგვიყვანონ. «ნაციონალები» და «ოცნება» იყვნენ ჩახუტებული პარლამენტში, შეუძლიათ, შინიდანაც არ გამოვიდნენ, უბრალოდ, მეტ კანონს ნუღარ გამოსცემენ, რადგან ჭკვიანურს ვერაფერს წერენ. ჰქონდეთ ხელფასები, პრემიები, გოჭი, ციკანი და ჩვენ თავი დაგვანებონ. ხალხმა კი ვიმოქმედოთ, მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ადამიანი იმისთვისაა გაჩენილი, რომ რაღაც ღირებული შექმნას და ჩვენც უნდა შევქმნათ, აბა, ეს ხელისუფლება უნიტაზისთვის შრომობს! ეს ხელისუფლება ქვეყნისკენ არ გამოიხედავს, ტყუილია ეს ამბავი!

_ ბიძინა ივანიშვილზე უკვე ხუმრობენ, რომ საქართველო ერთი ოლიგარქის თეატრად აქციაო

_ ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილი ამ ხელისუფლების საქმიანობაში ერევა. ამაში ეჭვი არ მეპარება. მან გააკეთა ის, რაც სურდა, ახლა მისთვის კომფორტულია, რომ ხელისუფლებაში ის ადამიანები დატოვა, რომელთა უმრავლესობასაც მისი სკოლა აქვს გავლილი. ეს ყველაფერი, ალბათ, ჩაფიქრებული ჰქონდა. აკი, ამბობდა კიდეც, მოვალ ხელისუფლებაში და ძალიან მალე წავალო. რომ ამბობენ, თითქოს ამერიკამ აიძულა ხელისუფლებიდან წასვლაო, აბსურდია. როგორც ვიცი, ივანიშვილს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ამერიკის ელჩთან, რომელიც საქართველოში მეფისნაცვლად გვიზის და არ მგონია, რომ მილიარდერი განზე «გაეწიათ». ივანიშვილი ყოველთვის პროამერიკული იყო, რუსეთშიც კი. ივანიშვილი ხომ იმ ბიზნესმენთა წარმომადგენელია, რომლებმაც ამერიკის ხელმძღვანელობით უცბად იშოვეს ფული რუსეთში. ასე რომ, არ მგონია, ივანიშვილს ამერიკასთან რაიმე პრობლემა ჰქონდეს. დღეს საქართველოში პოლიტიკური სფერო დაკეტეს და ერთგვარ კლუბს დაამსგავსეს, რომელში შეღწევაც ურთულესია. ამ კლუბში ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს, ერთი პარტიიდან მეორეში გადახტებიან ხოლმე, ამიტომ ხალხმა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ, ჩვენ კი ჩვენს თავს უნდა მივხედოთ. ხომ ხედავთ, არაფერს იკლებენ. რა ვქნა, ამათ ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვთ _ არც ზნეობრივი და არც ემოციური!

_ «ვაკის სარდაფი» წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში წაგართვეს

_ ახლაც ვერ ვიბრუნებ, რადგან ამ თეატრში ისევ ის ხალხია, კერძოდ, გიგი თევზაძის «შნირი» ზედანია. მაგრამ ამ თეატრს მთავრობის ჩარევის გარეშეც დავიბრუნებ. ამ ხელისუფლებას თავისი კანტორა აქვს: კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია გამოწერს თანხას, ეგ და მანანა ბერიკაშვილი ამ თანხის ნახევარზე «ატკატს» მიიღებენ და ასე ხოშიანად ცხოვრობენ. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, რაც უნდა ის გააკეთონ, მაგათ საქმეში არ ჩავერევი, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ გადასახადები მაინც შევამცირებინოთ; შევეცადოთ, რომ ნაკლები ხარკი გადავუხადოთ. ყველას, ბიზნესმენი იქნება თუ რიგითი მოქალაქე, უნდა მოვუწოდოთ, რომ სახელმწიფოს ნაკლები გადასახადი გადავუხადოთ, რადგან ჩვენ მაინც არაფერი გვიბრუნდება. ხალხი ცალკე სახელმწიფოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რადგან ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან და თავი დავანებოთ.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here