Home რუბრიკები პოლიტიკა რა საფრთხეს უქმნის საქართველოს მეამბოხეთა მიერ სლავიანსკის დატოვება

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს მეამბოხეთა მიერ სლავიანსკის დატოვება

672

თვეების განმავლობაში ბრძოლებით გატანჯულ დონბასურ ქალაქებში _ სლავიანსკსა და კრამატორსკში _ კვლავ უკრაინის სახელმწიფო დროშა ფრიალებს. დონბასელმა მებრძოლებმა ეს ქალაქები უმძიმესი ბრძოლების შემდეგ დატოვეს.  რას უნდა მოასწავებდეს უკრაინული ჯარის მიერ სლავიანსკისა და კრამატორსკის დაკავება? შეიძლება იმის თქმა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის ბედი უკვე გადაწყდა? ნუთუ რუსეთმა პოზიციები დათმო და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ნოვოროსიის მომხრეები მიატოვა? რა საფრთხეები შეიძლება გაჩნდეს საქართველოსთვის?


მე ჩემს ვერსიას გავაცნობ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, არსებული ფაქტების ანალიზიდან გამომდინარე. პირველი ფაქტი, რომელიც იქცევს ყურადღებას: სლავიანსკზე უკრაინული შენაერთების ტოტალურ საარტილერიო შეტევას, რომლის შემდეგაც იქნა დატოვებული ქალაქი, წინ უსწრებდა პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ისევ პოროშენკომ გააუქმა 30 ივნისს.  მანამდე «მემარჯვენე სექტორის» მიერ კიევში ორგანიზებულ იქნა საპროტესტო აქციები ცეცხლის შეწყვეტის გაუქმების მოთხოვნით. პოროშენკომ თავისი გადაწყვეტილება ამ აქციების შედეგად თუ არა, დროის თვალსაზრისით, მათ შემდეგ მიიღო. რაც შეეხება დონბასელი მებრძოლების მიერ სლავიანსკისა და კრამატორსკის დატოვებას, ყურადღებას იქცევს ის, რომ ამ ქალაქებიდან ევაკუაციისას მებრძოლებს თითქმის არ ჰქონიათ ცოცხალი ძალის დანაკარგი, მათ მინიმალური ზარალი განიცადეს საბრძოლო შეიარაღების თვალსაზრისითაც. მართალია, ამას თვითონ დონბასელები ამბობენ და რუსული მასმედია ავრცელებს, მაგრამ, სიმართლე რომ არ იყოს, უკრაინული მხარე სიამოვნებით გაავრცელებდა დახოცილი სეპარატისტების ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას, ეს კი არ მომხდარა.

ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ლოგიკურად ჩნდება ვერსია, რომ სლავიანსკისა და კრამატორსკის ჩაბარება შეგნებულად მოხდა. დონბასელი მებრძოლების ლიდერი იგორ სტრელკოვი (გირკინი) აცხადებს, რომ სლავიანსკიდან და კრამატორსკიდან უკან დახევა, სამხედრო თვალსაზრისით, მიზანშეწონილია ძალების რაციონალური გამოყენების მიზნით. მებრძოლები ახლა უკეთ გაამაგრებენ დონეცკსა და ლუგანსკს, გაცილებით უფრო დიდ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქებს, ვიდრე სლავიანსკი და კრამატორსკია. მაგრამ გარდა სამხედრო მიზანშეწონილობისა, პოლიტიკური გარიგების შესაძლებლობასაც ვვარაუდობ, კერძოდ: უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა პოროშენკომ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ მემარჯვენე ძალების მხრიდან დიდი ზემოქმედება განიცადა, ამიტომ ცდილობს, გამოვიდეს ოლიგარქის ამპლუიდან და დაიმკვიდროს ძლიერი სამხედროპოლიტიკური მმართველის იმიჯი, რომელიც ქვეყანას აერთიანებს და წესრიგს ამყარებს. ამ მიზეზით, პოროშენკოს ჰაერივით სჭირდებოდა საკუთარი თავის ასოცირება სამხედრო წარმატებებთან. სწორედ ეს მოხდა სლავიანსკში, პოროშენკომ საკუთარ თავს მიაწერა ეს გამარჯვება _ სლავიანსკში უკრაინული დროშა პოროშენკოს ბრძანებით აღიმართა და სწორედ ასე გაპიარდა მასმედიაში (პოროშენკოს ავადმყოფური მიდრეკილება აქვს თვითრეკლამისკენ).

მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს «გამარჯვება» პოროშენკოს რუსებმა აჩუქეს და სლავიანსკიდან მეამბოხეთა გაყვანა შეთანხმებით მოხდა. ეს მით უფრო საფიქრებელია, რომ პრესამ გაავრცელა ინფორმაცია მეამბოხეთათვის დერეფნის გაკეთების შესახებ. რუსეთს ეს პოლიტიკურად ხელს აძლევს, რადგან პოროშენკოს საშუალება ეძლევა, გაუძლოს მემარჯვენეების წნეხს და კვლავ შეწყვიტოს ცეცხლი სამშვიდობო პროცესის დაწყების მიზნით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის _ ლავროვისა და მისი გერმანელი კოლეგის, შტაინმაიერის ერთობლივი მოწოდება, აღდგეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, შემთხვევითი არ არის. გამოდის, რომ რუსეთმა პოროშენკოს მისცა შანსი, ღირსეულად გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან და «გამარჯვებულის» პოზიციიდან ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში, ყოველ შემთხვევაში, შეწყვიტოს ცეცხლი და გაითვალისწინოს არსებული რეალობა.

რამდენად რეალურია რუსეთის მოლოდინი, რომ პოროშენკო ამ სიგნალს მიიღებს და სწორად აღიქვამს, ძნელი სათქმელია. შესაძლოა, რუსები შეცდნენ და არ უნდა დაეშვათ დონბასელი მებრძოლების უკან დახევა, თუმცა ჯერჯერობით ამის მტკიცება არ შეიძლება.

ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ირიბ მოქმედებებს როგორც უკრაინაში, ისე სხვა რეგიონებში, მათ შორის, კავკასიაში. აშშ-ის მთავარი ამოცანაა, საქართველოში არ დაუშვას რუსეთთან პოლიტიკური დაახლოების სულ უფრო მზარდი საზოგადოებრივი განწყობების რეალიზება. აშშ ტრადიციულად არც ისლამისტების მხარდაჭერაზე იტყვის უარს, რადგან ისლამისტები, რომლებიც ებრძვიან რუსეთს, «კარგი ისლამისტები» არიან. ანუ, ამერიკა ლოიალურად ან, სულ ცოტა, ნეიტრალურად არის განწყობილი იმ ისლამისტების მიმართ, რომლებიც ვაშინგტონისთვის არასასურველ სახელმწიფოებსა და მთავრობებს ებრძვიან. რასაკვირველია, ამერიკელებმა იციან, რომ ისლამისტების ნაწილი, ადრე თუ გვიან, მათაც დაუპირისპირდება, მაგრამ ამას უფრო ეგუებიან, ვიდრე მსოფლიოზე ჰეგემონობის მოჩვენებით წარმოდგენაზე უარის თქმას. შესაბამისად, ისლამისტურ ფაქტორს აშშ პოლიტიკურ იარაღად იყენებს კავკასიის რეგიონში, რათა რუსეთის პოზიციები შეასუსტოს.

წესითა და რიგით, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს, რომ ისლამისტური საფრთხე ცალკე, როგორც ასეთი, ან მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ვერ იარსებებს. იგი, პირველ რიგში, საქართველოს უქმნის საფრთხეს, მაგრამ შეერთებულ შტატებს ეს, რა თქმა უნდა, არ აღელვებს. ამიტომ ისევ და ისევ ჩვენ, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა, უნდა გავამახვილოთ ყურადღება მოცემულ საფრთხეებსა და რისკებზე. სწორედ ამ მიზნით, ევრაზიის ინსტიტუტმა 4 ივლისს, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტთან ერთად, თბილისში, სასტუმრო «ამბასადორში», გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე _ «ისლამისტური იდეოლოგია და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემები». კონფერენციის მონაწილე ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა, საქართველოში მცხოვრები ტრადიციული რელიგიური უმცირესობის (კერძოდ, ისლამის) წარმომადგენლებმა, ხაზგასმით აღნიშნეს ისლამის აგრესიული ვერსიის გააქტიურება რეგიონში, რომელსაც გარე ძალები კვებავენ. რუსეთის სტრატეგიული ინსტიტუტი ისლამიზმის პრობლემებს სკრუპულოზურად შეისწავლის. ამ ინსტიტუტის (რომელიც სტრუქტურულად რუსეთის პრეზიდენტს ექვემდებარება) წარმომადგენელმა ა. ატაევმა ქართველ საზოგადოებას გააცნო ჩატარებული კვლევების ნაწილი, რომელიც ისლამისტების მხრიდან სოციალურ ქსელებში გაშლილ აქტიურობებს მოიცავდა. სამწუხაროდ, საქართველოში არათუ მსგავი კვლევები, საერთოდ, არანაირი პოლიტოლოგიური კვლევა არ ტარდება სახელმწიფოს მხარდაჭერით, მხოლოდ ის ინსტიტუტები მუშაობენ, რომლებსაც აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები აფინანსებენ და თავიანთ ჭკუაზე ამუშავებენ კიდეც, ამიტომ ევრაზიის ინსტიტუტი შეეცდება, რუს კოლეგებთან თანამშრომლობის გზით, ასეთი ტიპის კვლევები საქართველოშიც განახორციელოს. ეს მით უფრო საშური საქმეა, რომ მრგვალ მაგიდაში მონაწილე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა, რუსთავისა და მარნეულის ეპისკოპოსმა, შესანიშნავმა და ღრმად განსწავლულმა სასულიერო მოღვაწემ, უსათნოესმა პიროვნებამ _ მეუფე იოანემ (გამრეკელი) განაცხადა: «დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ამგვარი პრობლემების მოგვარება ჩვენ, ქართველებს, არ გვიწევდა, ამას ჩვენს ნაცვლად აგვარებდნენ. დღეს ჩვენ, საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს, საკუთარი ინტერესები გვაქვს, დამოუკიდებელი სახელმწიფოები ვართ, მაგრამ ერთმანეთის გარეშე მაინც არ შეგვიძლია ცხოვრება».

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here