Home რუბრიკები პოლიტიკა უგულავას საქმე: მძიმე სტარტი

უგულავას საქმე: მძიმე სტარტი

493

თბილისის ახალი მერის არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად გიგი უგულავას დაპატიმრება იქცა. ის უდავოდ მოახდენს გავლენას როგორც მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობაზე, ისე პოლიტიკურ პროცესზე მთლიანობაში. პრემიერმინისტრმა უგულავას დაპატიმრებას მართლმსაჯულების ზეიმი უწოდა. არსებობს თუ არა საფუძველი ასეთი ხმამაღალი განცხადებებისთვის და რა შედეგს მოუტანს ყოველივე მომხდარი «ქართულ ოცნებას» და «ნაციონალურ მოძრაობას»?


აუტსაიდერების თამაში

ხელისუფლებამ, ტრადიციისამებრ, ისევ იხმარა ნაჯახი იქ, სადაც სკალპელი უნდა გამოეყენებინა. ეს მართალაც რაღაც ნონსენსია _ ამდენ ხანს აგროვებდე მტკიცებულებებს და ემზადებოდე პიროვნების დასაპატიმრებლად, ითვალისწინებდე საქმის პოლიტიკურ რეზონანსს და შესაძლო ნეგატიურ რეაქციას დასავლეთში, ბოლოს კი დაკავება მაინც ისე მოახდინო, რომ ოპონენტებს უკანონობაზე საუბრის საბაბი მისცე. მართალია, უგულავას აეროპორტში დაკავება არც ერთ ასპექტში არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ცალსახად უკანონო, მაგრამ, «სუფთა იურიდიული თვალსაზრისით», სამართალდამცავების ზოგიერთი მოქმედება დამატებით განმარტებებს საჭიროებს და, რაც მთავარია, ქმნის ნიადაგს მათთვის არასასურველი ინტერპრეტაციებისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უგულავა «წინასაარჩევნო მორატორიუმის» დასრულებამდე დააკავეს და ხელისუფლებისთვის ნეგატიურ კონტექსტში ამას ხაზი გაუსვა თითქმის ყველა უცხოელმა კომენტატორმა. მიუხედავად იმისა, რომ მორატორიუმის გამოცხადება არსებითად მხოლოდ მთავრობის კეთილი ნების დეკლარირებას წარმოადგენს და ის არანაირ იურიდიულ წინაღობას არ ქმნის. საუბრები იმაზე, რომ მთავრობამ დაპირება არ შეასრულა, მისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ უნდა იყოს. არგუმენტმა «უგულავა ქვეყნიდან გარბოდა და ამიტომ დავიჭირეთ» შეიძლება კარგად იმუშაოს საქართველოში, მაგრამ არა მის ფარგლებს გარეთ. ეს ეპიზოდი გვაბრუნებს კითხვასთან, რომელიც არაერთგზის დაისვა და პასუხგაუცემელი დარჩა: რამდენად გონივრულია მორატორიუმის გამოცხადება საერთოდ თუ ის პროკურატურის მუშაობას პოლიტიკურ კონიუნქტურას უქვემდებარებს?  

ყოველივე ჩამოთვლილის შედეგად, «ნაციონალებს» და მათ დასავლელ გულშემატკივრებს მიეცათ შესაძლებლობა «უკანონო დაკავებაზე» და «მორატორიუმის დარღვევაზე» ესაუბრათ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის რეაქცია მთლიანობაში გაცილებით ზომიერი იყო, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების დაპატიმრება-გასამართლების საწყის ეტაპზე, დასავლურ მედიაში მაინც დაფიქსირდა «ქართული ოცნებისთვის» არასასურველი პასაჟები, სადაც ხაზგასმული იყო ის გარემოება, რომ უგულავა ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის უფროსი გახლდათ და ის უშუალოდ არჩევნების წინ დააპატიმრეს. ეს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაუხედავი მკითხველისთვის საკმაოდ საეჭვო მომენტია. რა თქმა უნდა, ამას არ ჰქონდა რამდენადმე მასშტაბური კამპანიის ხასიათი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გიგი უგულავა ნელსონ მანდელა არ არის, თუმცა ეს პუბლიკაციები, სავარაუდოდ, მოახდენს გარკვეულ გავლენას მმართველი კოალიციის იმ ნაწილზე (თავის მხარდამჭერებიანად), რომელთათვის დასავლურ პრესაში დაბეჭდილი ერთი ფრაზა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია სისხლის სამართლის კოდექსთან ერთად. შესაძლოა, ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებიან, დააარწმუნონ ირაკლი ღარიბაშვილი, რომ ხელისუფლებამ უნდა დაამუხრუჭოს, როგორც ეს ადრე არაერთგზის გაუკეთებიათ. არადა, სამართალდამცავებს შეეძლოთ, გაცილებით კარგად, ასე ვთქვათ, ტექნიკურად ემოქმედათ, ბრაზილიის თუ არა, ურუგვაის და კოსტარიკის საფეხბურთო ნაკრებების სტილში. მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, ეს საქართველოა, სადაც პროკურატურაც და საფეხბურთო ნაკრებიც საკუთარ მოედანზეც კი უნიჭოდ და უთავბოლოდ მოქმედებენ.

შემდეგ დრამატული მოვლენების ეპიცენტრმა საქალაქო სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლა, სადაც უგულავას გულშემატკივრები პროტესტს ახალგაზრდა ბაბუინების ენერგიულობით გამოხატავდნენ, რის გამოც პროკურორები შენობიდან საგანგებო დაცვის თანხლებით გამოიყვანეს. როგორ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში ცბიერი და გულღრძო ლათინოამერიკული რეჟიმი, ასე 50 წლის წინ? ის, სავარაუდოდ, პოლიციელებს რამდენიმე წუთით «დააგვიანებინებდა», მისცემდა «ნაციონალებს» საშუალებას, ალყაში მოექციათ პროკურორები და ხელითაც შეხებოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დასჯიდა მათ არა «წვრილმანი ხულიგნობისთვის» (როგორც ეს გასულ კვირას თბილისში მოხდა), არამედ ისეთი მძიმე ქმედებისთვის, როგორიცაა პროკურორზე თავდასხმა. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მსგავსი მაკიაველისტური კომბინაციებისგან თავი შეიკავა და დებოშის მომწყობთა მხოლოდ მსუბუქი, თითქმის სიმბოლური დასჯით შემოიფარგლა (სასამართლომ ზოგიერთ მათგანს ასლარიანი ჯარიმა დააკისრა). ეს ლმობიერი დამოკიდებულება, ალბათ, მაინც გამართლებული იყო, რადგან გადამეტებული სიმკაცრის გამოვლენა წინასაარჩევნოდ მიზანშეწონილი არ არის. მაგრამ სამართალდამცავებმა ამ შემთხვევაშიც დაუშვეს შეცდომა _ მათ დააკავეს «ნაციონალი» დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი იმ სიტუაციაში, როდესაც ამის გაკეთების უფლება, სტატუსიდან გამომდინარე, არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ «ქართული ოცნების» ზოგიერთ ამომრჩეველს, დიდი ალბათობით, სურს, რომ ბეჟაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, არათუ დააკავონ, არამედ სარზე გასვან, მისი დაკავება მაინც არ შეიძლებოდა. აგრეთვე, იყო მცირე გაუგებრობა გიგი უგულავას სასჯელაღსულების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანასთან დაკავშირებით, რომელზეც სახალხო დამცველმა მოგვითხრო. შესაბამის სახელმწიფო მოხელეებს მცირედი წინდახედულობა რომ გამოევლინათ, უგულავას ეს პრობლემური გადაყვანა საჭირო საერთოდ არ გახდებოდა.

როდის დადგება სააკაშვილის ჯერი?

პატარა შეცდომები ხშირად დიდი, სისტემური პრობლემების არსებობაზე მიუთითებს. მერაბიშვილისა და ახალაიას პროცესების დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს იყო როგორც საკმაოდ სერიოზული მტკიცებულებები, ისე საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა, პროკურატურა საკმაოდ მოუქნელად, ზოგიერთ ეპიზოდში კი ფრიად არადამაჯერებლად მოქმედებდა. უგულავას საქმეც ცუდად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების სასტარტო პოზიციები, შესაძლოა, უფრო დამაჯერებლად გამოიყურება ვიდრე მერაბიშვილის ან ახალაიას შემთხვევაში (შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამ ზოგადი შეფასებით, რადგან დეტალებში ჩაღრმავება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის მაღალ რისკს უკავშირდება). ამას დაემატა პოლიციის ტაქტიკური შეცდომაც ბეჟაშვილთან დაკავშირებით, რომელიც, ერთი შეხედვით, ძალზე უმნიშვნელო ეპიზოდია, მაგრამ ისიც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ვერ მოქმედებს იუველირული სიზუსტით, რომელიც აუცილებელია მაშინ, როდესაც საქმე სამართალდამცავებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ურთიერთობას ეხება (რამდენად ნეგატიური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს «ნაცმოძრაობის» და მისი ამაზრზენი წარსულის მიმართ, ფორმალური თვალსაზრისით, ის ოპოზიციური პარტიაა).

საქართველო ჯერ კიდევ ძალიან შორსაა იმ სტანდარტებისგან, რომელიც (მაგალითად) პერუში ყოფილი დიქტატორის _ ალბერტო ფუხიმორისა და მისი ხელქვეითების გასამართლების დროს დაამკვიდრეს. არადა, დამნაშავე მოხელეების დასჯა ყოველგვარ აზრს კარგავს, თუ პროცედურასთან დაკავშირებით ეჭვნარევი კითხვები ჩნდება. ასე იყო ტაივანში, რომლის პრეზიდენტი ჩენ შუიბიანი, როგორც ჩანს, მართლაც იყო ჩართული კორუფციაში და იქაური პროკურორების არგუმენტები საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. მაგრამ სწორედ მსგავსი «პატარა შეცდომების» და ორაზროვანი ეპიზოდების გამო, მთავრობამ ვერ მოახერხა სრულად გათავისუფლებულიყო ბრალდებებისგან პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. ასეა თუ ისე, საუბარი «მართლმსაჯულების ზეიმზე», რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ახსენა, ერთობ ნაადრევი ჩანს. ეს, ალბათ, უფრო ქართული მართლმსაჯულების ყოველდღიურობაა თავისი შეცდომებითა და გადაცდომებით, აშკარა სისულელით თუ ფარული საბოტაჟით.

ხელისუფლების გააქტიურებას უგულავას საქმესთან (უფრო სწორად, საქმეებთან დაკავშირებით), სავარაუდოდ, დადებითად აღიქვამენ ის ამომრჩევლები, რომლებიც აკრიტიკებდნენ მას იმის გამო, რომ სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსანთა დასჯის საქმეში არასაკმარისად მონდომებულია. ადგილობრივი არჩევნების პირველმა ტურმა ნათლად აჩვენა, რომ «ქართული ოცნების» ამომრჩევლების ნაწილი გადადის იმ ოპოზიციური პარტიების ბანაკში, რომელნიც «ნაცმოძრაობის» მიმართ გაცილებით რადიკალური  პოლიტიკის გატარებას ემხრობიან. ეს არ არის «ამომრჩეველთა მიგრაციის» ერთადერთი მიზეზი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ნამდილად არის. უგულავას დაპატიმრებამ (და სავარაუდო მოქმედებამ სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ) შეიძლება დააფიქროს ეს ამომრჩევლები, რომ «ქართული ოცნება» მათთვის უმნიშვნელოვანეს საკითხში «მთლად უიმედო არ არის», თუმცა არსებობს ერთი ნიუანსი, რომელიც, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ _ უგულავას ეპოპეა (სხვადასხვა ეპიზოდის განხილვა საზოგადოებაში, დაკითხვები და ა. შ.) იმდენ ხანს გაგრძელდა, საზოგადოებრივი აზრი შეეგუა იმას, რომ ადრე თუ გვიან მას დააპატიმრებდნენ (თუ გაქცევას ვერ მოასწრებდა). შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების აღქმაში მისი დაპატიმრება «წინასწარ ანონსირებული» იყო და ნამდვილად არ იყო ისეთივე (თუნდაც ნაწილობრივ) მოულოდნელი, როგორც მერაბიშვილის დაპატიმრება. რომ ხელისუფლება დამნაშავეთა დასჯის დაპირებას არ ივიწყებს, ძნელი სათქმელია, რა დაარწმუნებდა უფრო მეტად «ოცნების» ამომრჩეველს ამაში _ უგულავას დაპატიმრება თუ სააკაშვილის ძებნილად გამოცხადება, იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებულია ეჭვი, ხელისუფლება ამას დასავლეთის მწვავე რეაქციის შიშით არ აკეთებს.

სააკაშვილის პრობლემა დღის წესრიგიდან ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ამოვარდება. შეუძლებელია, გაასამართლო მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა ისე, რომ სააკაშვილი არც კი დაკითხო. ეს, უბრალოდ, არანორმალურია _ ისინი ერთი სისტემის წარმომადგენლები იყვნენ, რომლის მწვერვალზეც მიხეილ სააკაშვილი იჯდა. სავარაუდოდ, სწორედ (და მხოლოდ) პროკურატურის გააქტიურება იმ საქმეებში, რომლებშიც სააკაშვილი ფიგურირებს, საბოლოოდ დაარწმუნებს «ქართული ოცნების» ამომრჩევლებს, რომ ხელისუფლება აღარ ხუმრობს და საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებას არ ცდილობს. ამ კონტექსტში შეიძლება ითქვას, რომ უგულავას დაპატიმრება მხოლოდ ნაბიჯია რუბიკონისკენ მიმავალ გზაზე, მის გადალახვად საზოგადოების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ძებნილ მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებას ჩათვლის.

დაიცავით დისტანცია!

გიგი უგულავას მაღალი პოსტი ეკავა, მაგრამ «ნაცმოძრაობის» შიგა სამზარეულოში ის დამოუკიდებელი ფიგურა არ გახლდათ. ის ვერ ჩამოყალიბდა სრულფასოვან პოლიტიკურ მოთამაშედ; მის აზრს ითვალისწინებდნენ, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. კრიტიკული მნიშვნელობა მისმა ფიგურამ ყოფილი მმართველი პარტიისთვის საპარლამენტო არჩევნების წაგების შემდეგ შეიძინა, როდესაც თბილისის მერიაში ერთგვარი დაცული პლაცდარმის შექმნა დასჭირდათ, მაგრამ ეს ეტაპი დასარულდა და მკვეთრად დაკნინდა ის როლიც, რომელიც უგულავას შეეძლო შეესრულებინა პარტიული ყულაბის შევსების საქმეში. მისი დაპატიმრება «ნაციონალურ მოძრაობას» კრიტიკულ ზიანს, სავარაუდოდ, არ მიაყენებს, თუ უგულავა აღიარებითი ჩვენებების მიცემას და თანაპარტიელების ჩაძირვას არ დაიწყებს. თუმცა «ნაციონალებმა» ჩვენზე უკეთ იციან, შეიძლება ჰქონდეთ თუ არა უგულავას სიმტკიცის იმედი და, საბოლოო ჯამში, ეს მათი პრობლემაა და არა (მადლობა ღმერთს!) ჩვენი.

ხელისუფლებას ხშირად უკვირს და, შეიძლება ითქვას, იბუტება, როდესაც მას არ აქებენ უდავოდ სწორი პოლიტიკური ან ეკონომიკური გადაწყვეტილებისთვის, არ იზიარებენ მის პათოსს «მართლმსაჯულების ზეიმთან» დაკავშირებით და . . საქმე ისაა, რომ თითქმის ყველაფერი დადებითი, რასაც ახალი მთავრობა აკეთებს, საზოგადოებას დიდი ხანი განხილული აქვს და ხშირად უკვირს, თუ რატომ მივიდა მთავრობა ასე გვიან შესაბამის გადაწყვეტილებამდე და რატომ იყო მისი ნაბიჯები არასაკმარისად თამამი. მთავრობას შეუძლია დიდხანს უხსნას აუდიტორიას, რატომ დასჭირდა ამდენი დრო, მაგალითად, სახელმწიფო მოხელეების პრემიების შემცირებისთვის, რომ გიგი უგულავას დაპატიმრების წინ უამრავი ნეგატიური ფაქტორის გათვალისწინება მოუხდა და, დაშვებული შეცდომების მიუხედავად, ამის გაკეთება მაინც მოახერხა, მაგრამ საზოგადოების ნაწილისგან მაინც მიიღებს კრიტიკას და არა ქებას. აქ «დამნაშავე», ალბათ, ორივე მხარეა _ ყველას როდი ესმის იმ შემაფერხებელი ბარიერების მნიშვნელობა, რომელთა დაძლევა სამართლიანობის აღდგენის პროცესში ხელისუფლებას უწევს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავის მხრივ, არ ესმით, რომ ამ ბარიერების დაძლევა ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება აღქმული საზოგადოების მიერ, როგორც გმირობა, თუნდაც მან გმირული ძალისხმევა მოითხოვს _ საზოგადოების თვალში ყოველივე ეს დარჩება სახელმწიფო მანქანის ჩვეულებრივ, რუტინულ მუშაობად, რომელიც ხშირ შემთხვევაში ნელი და არაეფექტურია. ასე რომ, ეს არ არის ზეიმი ან ბერლინის აღების ტოლფასი მოვლენა, ეს ყოველდღიური სამუშაოა, რომელიც ხელისუფლების ყველა შტომ «ისედაც» უნდა შეასრულოს.

ხელისუფლებისთვის სასურველია, რომ სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების დაპატიმრება-გასამართლების პროცესი მაქსიმალურად გათავისუფლდეს პოლიტიკური შოუს ელემენტებისგან, ის უნდა განიხილებოდეს არა პოლიტიკური ბრძოლის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის გამართული (თუ გაუმართავი) ფუნქციონირების კონტექსტში. რა მოიგო ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადებით «მართლმსაჯულების ზეიმზე»? პრინციპში, განსაკუთრებული არაფერი. მაგრამ თუ ხელისუფლება მოახდენდა საკუთარი თავის იმგვარ პოზიციონირებას, რომ ის სამართალდამცავების და (სავარაუდო) კრიმინალების ჭიდილზე ოდნავ მაღლა დგას, უფრო მეტად დისტანცირებულია მისგან, რომ მას დიდად არ აინტერესებს ჭუჭყი, რომელიც ამ საქმეებს უკავშირდება, მის ოპონენტებს გაცილებით ნაკლები საბაბი ექნებოდათ იმისთვის, რომ ის ამ პროცესებში ერთ-ერთ მხარედ წარმოეჩინათ და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაედანაშაულებინათ. კრიმინალს სამართალდამცავებმა უნდა მიხედონ, მთავრობის წევრებისთვის არასასურველია, ყოველდღე დააფიქსირონ, რომ ამ პროცესით დიდად დაინტერესებულნი და მასში 100%-ით ჩართულნი არიან. სავარაუდოდ, სწორედ ეს მიდგომა მისცემს მმართველ კოალიციას შესაძლებლობას, «ნაცმოძრაობის», საბოლოო მარგინალიზება და მისი კრიმინალურ ბანდასთან გაიგივება მოახდინოს; ანუ გააკეთოს სწორედ ის, რასაც მისგან ამომრჩევლების დიდი ნაწილი მოითხოვს; სურს თუ არა მას ამის გაკეთება, ცალკე საუბრის თემაა.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here