Home რუბრიკები პოლიტიკა ვისი მოკავშირე ვის ალიანსშია?

ვისი მოკავშირე ვის ალიანსშია?

521

იმედი ბოლოს კვდება, ქართველი ატლანტისტების ილუზიები კი, როგორც ჩანს, არ კვდება საერთოდ. საზოგადოების ეს ნაწილი, ასე თუ ისე, შეეგუა იმას, რომ ნატოს უელსის სამიტზე მაპს ვერ მივიღებთ, მაგრამ როგორც კი გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ აშშ-მა შეიძლება მოგვანიჭოს სტატუსი «ძირითადი მოკავშირე ნატოს ფარგლებს გარეთ», სოციალური ქსელების შესაბამის სეგმენტში დაიწყო აღტკინებული მსჯელობა, რამდენად კარგია ეს და რამდენად «უკეთესია მაპზე». აქედან გამომდინარე, ალბათ, უნდა გავარკვიოთ, რა ხდება ჩვენს თავს და რომელ მოკავშირეობაზე ვსაუბრობთ.


საქმე ისაა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა ტენესიდან _ ბობ კორკერმა შეიმუშავა კანონპროექტი სახელწოდებით «რუსეთის აგრესიის პრევენციის აქტი 2014» (#2277), რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, 303-ე მუხლში უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის «ნატოს ფარგლებს გარეთ ძირითადი მოკავშირის» სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

ეს სტატუსი ვაშინგტონმა 1989 წლიდან (როდესაც მოხდა მისი არსის განსაზღვრა აშშ-ის კანონმდებლობაში) 15 სახელმწიფოს მიანიჭა. ესენია: ავსტრალია, ეგვიპტე, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა (ყველა 1989-ში), იორდანია (1996-ში), ახალი ზელანდია (1997-ში), არგენტინა (1998-ში), ბაჰრეინი (2002-ში), ფილიპინები, ტაილანდი (ორივე 2003-ში), ქუვეიტი, მაროკო, პაკისტანი (ყველა 2004-ში), ავღანეთი (2012-ში). პირველი და, ალბათ, მთავარი, რაც ამ კონტექსტში უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოსთვის ამ სტატუსის მინიჭებით აშშ საკუთარ თავზე მისი დაცვის ვალდებულებას არ იღებს. მსგავსი ვალდებულებები (მაგალითად, სამხრეთ კორეის წინაშე) სხვა შეთანხმებებშია გაწერილი. ეს სტატუსი კი აფიქსირებს მჭიდრო სტრატეგიულ თანამშრომლობას ჩამოთვლილ სახელმწიფოებთან _ «ძირითად მოკავშირეებს» შეუძლიათ მიიღონ ამერიკული შეიარაღება თითქმის იმავე პირობებით, რომლებითაც ნატოს წევრებმა, მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ თავდაცვით ინიციატივებში, კონტრტერორისტულ ღონისძიებებში, პენტაგონის სხვადასხვა კვლევით პროექტში და ა. შ. (ბონუსების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია). ამ სტატუსის შედარება ნატოს წევრობასთან არ შეიძლება, მაგრამ მას გარკვეული პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. მარტივად რომ ვთვათ, თუ ვინმე თავს დაესხმება (სიტყვაზე) მაროკოსა და მავრიტანიას, პირველს, განხილული სტატუსიდან გამომდინარე, ამერიკელების სერიოზული დახმარების მიღების გაცილებით დიდი შანსი ექნება.

საქართველოსთვის ეს სტატუსი, უპირველეს ყოვლისა, დაუკავშირდება «არაფორმალური ემბარგოს» გაუქმებას, რომელიც ობამას ადმინისტრაციამ შეიარაღების მიწოდებაზე (ფაქტობრივად) დააწესა. ეს, აგრეთვეშესაძლებლობას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას, გადაწყვიტოს პროპაგანდისტული ხასიათის პრობლემები და საზეიმოდ ამცნოს ერს, რომ დაახლოებას აშშთან საქართველოს უსაფრთხოებისთვის რეალური შედეგი მოაქვს. ამავე დროს, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გამოიწვევს რუსეთის ძალიან მკვეთრ რეაქციას. «ძირითადი მოკავშირის» სტატუსის ხსენება ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან დაკავშირებით მოსკოვს ზუსტად ისე აღიზიანებს, როგორც საუბარი მათ გაწევრიანებაზე ნატოში. ძნელი სათქმელია, გადადგამს თუ არა რუსეთი ძალისმიერ საპასუხო ნაბიჯებს, მაგრამ ამ თემაზე მსჯელობას აზრი არ აქვს _ არაფერი ეს არ იქნება, რადგან აშშ, 99%-იანი ალბათობით, არ მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის (აგრეთვე, უკრაინისა და მოლდოვასთვის) «ნატო ფარგლებს გარეთ ძირითადი მოკავშირის» სტატუსის მინიჭების შესახებ; ყოველ შემთხვევაში არა ამ ეტაპზე და არა ამ კანონპროექტის საფუძველზე.

მათ, ვინც ამ ნიადაგზე ინტერნეტდისკუსია გააჩაღეს და ცეცხლოვან ფანტაზიებში ლამის სტალინგრადამდე გაიჭრნენ, არ დასვეს ერთი მარტივი კითხვა: რამდენად დიდია ამ კანონის მიღების შანსი? 1 მაისიდან კორკერის კანონპროექტი «შემოდებულია თაროზე» საგარეო ურთიერთობების კომიტეტში. თუ ობამას ადმინისტრაცია დაინტერესდებოდა ამ კანონის მიღებით ან პირიქით, მისი რესპუბლიკელი ოპონენტები ჩათვლიდნენ, რომ მისი გატანა შესაძლებელია, ჩვენ აუცილებლად ვიხილავდით პოლემიკას მედიაში მის გარშემო ან, როგორც მინიმუმი, მასზე საზოგადოების ყურადღების კონცენტრირების მცდელობას დავინახავდით. ვინაიდან კანონპროექტი უკრაინაში რუსეთის ამბიციების შეზღუდვას ეხება, ანუ საუბარია იმ მიმართულებაზე, როცა ობამას ადმინისტრაციამ ასე თუ ისე სწრაფად უნდა იმოქმედოს, თითქმის ორთვენახევრიანი მდუმარე პაუზა მიუთითებს იმაზე, რომ კანონპროექტი არ განიხილება, როგორც აშშ-ის უკრაინული (უფრო ფართოდ კი _ ევრაზიული) პოლიტიკის ქვაკუთხედი. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის თითქოს «ახალი ცივი ომი» დაიწყო, კორკერის კანონპროექტი (ობამას ადმინისტრაციის გადასახედიდან) მაინც ზედმეტად რადიკალური ჩანს და შეიძლება გამოიწვიოს აშშ-რუსეთის სრულმასშტაბიანი დაპირისპირება კარიბის კრიზისის სტილში, ამ მდგომარეობამდე მისვლა კი თეთრ სახლს არ სურს. «ძირითადი მოკავშირის» სტატუსი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, კანონპროექტი აშშ-ის მიერ სხვა, გაცილებით ხისტი ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. იმის შანსი, რომ დემოკრატები ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, თითქმის ნულის ტოლია, აგრეთვე, საეჭვოა, რომ მას მიემხროს ყველა  რესპუბლიკელი კანონმდებელი წარმომადგენელთა პალატაში. კანონპროექტი შეიძლება არ დადგეს კენჭისყრაზე, თუ დემოკრატები მიზნად მის დაბლოკვას განიზრახავენ. ჩვენ, აგრეთვე, არ ვიცით, რა ტრანსფორმაციას განიცდის ის კომიტეტებსა და კომისიებში, მაგრამ, სასწაული რომც მოხდეს და კანონი დღევანდელი სახით მიიღონ, ბარაკ ობამას ექნება შესაძლებლობა, მას ვეტო დაადოს, რომლის დაძლევა კონგრესში, ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩანს, ან გააკეთოს დაახლოებით იგივე, რაც 2012 წლის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის 1242-ე (პირობითად «ქართულ») მუხლთან დაკავშირებით გააკეთა.

ყველაზე დიდი საფრთხე «არაფორმალურ ემბარგოს», უფრო ფართოდ კი მომავალ განმუხტვას სამკუთხედში «ვაშინგტონითბილისიმოსკოვი» სწორედ მაშინ დაემუქრა. 1242-ე მუხლის «ა» პუნქტში ნათქვამი იყო, რომ ბიუჯეტის მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა თავდაცვის მდივანმა სახელმწიფო მდივანთან შეთანხმებით უნდა შეიმუშავოს და სენატისა და კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს «საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის ნორმალიზაციის გეგმა, თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის ჩათვლით». «ბ» პუნქტის თანახმად, ეს გეგმა ემსახურებოდა, მათ შორის, შემდეგი მიზნების მიღწევას: «საქართველოსთვის ამერიკული თავდაცვის საშუალებებისა და მომსახურების მიყიდვის უზრუნველყოფას», «ნატოს წევრი და კანდიდატი ქვეყნების წახალისებას საქართველოსთვის თავდაცვის საშუალებებისა და მომსახურების გაყიდვის განახლებისა და გაზრდის მიზნით». ობამამ მაშინ ხელი მოაწერა თავდაცვის ბიუჯეტს, მაგრამ საგანგებო შენიშვნა დაურთო, რომელმაც შესაძლებლობა მისცა, რამდენიმე მუხლი, მათ შორის 1242-ე, «არასავალდებულოდ ჩაეთვალა». მისი არგუმენტები შემდეგი იყო: 1242-ე მუხლი ისე შეიძლება იქნას წაკითხული, რომ «მგრძნობიარე სახის დიპლომატიური კომუნიკაციისა და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის» გამჟღავნება გამოიწვიოს და, აგრეთვე, «გამოიწვიოს ჩარევა მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში მისცეს დირექტივები აღმასრულებელ ორგანოებს, დაიკავონ გარკვეული პოზიცია უცხო ქვეყნების მთავრობებთან მოლაპარაკებებისა და დისკუსიების დროს». ამ ბოლო არგუმენტს, დიდი ალბათობით, «კორკერის კანონის» მიღების ძნელად წარმოსადგენ შემთხვევაშიც გამოიყენებენ. თეთრი სახლი, სავარაუდოდ, ჩათვლის მას დიქტატის მცდელობად კანონმდებელთა მხრიდან და უხეშ შეჭრად მისი პასუხისმგებლობის ზონაში.

საბოლოო ჯამში, განსახილველი აქ არაფერია _ კანონს, სავარაუდოდ, არ მიიღებენ. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვინახავს არაერთი, რესპუბლიკელი კანონმდებლების მიერ შემუშავებული რადიკალური შინაარსის კანონპროექტი, რომლებიც, სხვა ყველაფერთან ერთად, აშშ-საქართველოს ურთიერთობის ახალ საფეხურზე აყვანას გულისხმობდა, მაგრამ ყოველივე ეს ქაღალდზე დარჩა. მიუხედავად ამისა, ეს თემა მაინც მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, დავფიქრდეთ იმაზე, რა ტიპის ურთიერთობა გვაქვს შტატებთან და რამდენად უწყობს ის ხელს ჩვენი მთავარი პრობლემის გადაწყვეტას _ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას.

ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ქართველი და ამერიკელი კომენტატორების დიდი ნაწილის ძირითადმა არგუმენტმა ბოლო დროს დაახლოებით შემდეგი სახე მიიღო: «ამერიკას კი უნდა საქართველო ნატოში გააწევრიანოს, მაგრამ ამას ევროპელი მოკავშირეები ეწინააღმდეგებიან». ამის თქმის შემდეგ, როგორც წესი, იწყება ევროპელების კრიტიკა ან, უბრალოდ, ლანძღვა. ახლა კი, ალბათ, შემდეგი კითხვა უნდა დავსვათ: რა უშლის ხელს აშშ-ს «ნატო-ს ფარგლებს გარეთ ძირითადი მოკავშირის» სტატუსი მოგვანიჭოს? ევროპელები ამ შემთხვევაში ვერაფერს დაბლოკავენ, ამ გადაწყვეტილებას ხომ მხოლოდ აშშ-ის ხელისუფლება იღებს. თუ ძირითადი მოკავშირე არ ვართ, მაშინ ვინ ვართ? არაძირითადი მოკავშირე? მეორეხარისხოვანი? სათადარიგო? დუბლიორი თუ იუნიორი (ფეხბურთელების თქმის არ იყოს)? ყველაფერი ისეთი მარტივი როდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რადიკალ ქართველ ატლანტისტებს ძალიან უჭირთ იმ აზრთან შეგუება, რომ ვაშინგტონმა, ფაქტობრივად, შეწყვიტა ზეწოლა ევროპელ მოკავშირეებზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან ან თუნდაც მაპის მინიჭებასთან დაკავშირებით (თუ ამ ზეწოლას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ადგილი საერთოდ ჰქონდა) და ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფენ. ახლა, ალბათ, კოგნიტური დისონანსი დაემართებათ, როდესაც საკუთარ თავს ვერ აუხსნიან, თუ რატომ არ გვანიჭებს აშშ «ძირითადი მოკავშირის» სტატუსს.

სააკაშვილის რეჟიმმაც კი, რომლის საგარეოპოლიტიკური რიტორიკა აშკარად ბოდვით ხასიათს ატარებდა, ამ სტატუსზე საუბრის დაწყება ვერც ერთხელ ვერ გაბედა. რა გააჩუმებდა სააკაშვილს, თუ იარსებებდა თუნდაც თეორიული შანსი იმისა, რომ აშშ «ძირითად მოკავშირეს» გვიწოდებდა? მაგრამ, როგორც ჩანს, მას თავიდანვე განუმარტეს, რომ ამ თემით სპეკულირებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან შედეგის მიღწევა, უბრალოდ, შეუძლებელია.

ყოველივე თქმული არ წარმოადგენს ობამას ადმინისტრაციიის ან, ზოგადად, აშშ-ის დადანაშაულების მცდელობას; ის თავისი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს და ცდილობს, მაქსიმალურ შედეგს მინიმალური დანახარჯებით მიაღწიოს. აქ მთავარია სხვა რამ _ რით ვხელმძღვანელობთ ჩვენ: ილუზიებით, ფანტაზიებით თუ ხილვებით და რამდენად ნორმალურია ეს? შესაძლოა, იმის აღიარება, რომ დასავლეთს, კერძოდ კი აშშ-ს, ამქვეყნად ყველაფერი როდი შეუძლია და ამ ეტაპზე საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა (ან თუნდაც შესამჩნევი განმტკიცება) არ ძალუძს, კარგი სასტარტო წერტილია იმისთვის, რომ რეალობას დავუბრუნდეთ. ამის გაკეთება არ არის დასავლეთის უარყოფა, როგორც სააკაშვილის მიმდევრებს ჰგონიათ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დღევანდელი, მძიმე მდგომარეობის გააზრებაა, რომელიც, უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრაქტიკულად ჰაერშია გამოკიდებული და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here