Home რუბრიკები პოლიტიკა ბაქოში მიფუჩეჩებული სკანდალის შესახებ

ბაქოში მიფუჩეჩებული სკანდალის შესახებ

474

ორი სკანდალური ამბავი აგორდა საქართველოში ადგილობრივი ორგანოების არჩევნების კვალზე. ქრონოლოგიურად პირველი, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატის _ დავით ნარმანიას ოჯახის კომპრომენტაციისთვის იყო გამიზნული, მალე ჩაიშალა არჩევნებზე გამოვლენილი წვრილ-წვრილი დარღვევების აჯაფსანდალში. რიგით მეორე, საქართველოს პარლამენტის ნაცდეპუტატების მიერ აზერბაიჯანიდან დიდი ოდენობით არადეკლარირებული დოლარის საქართველოში გადმოტანის შესახებ ისე დაგორავს ჩვენს საზოგადოებრიობაში, როგორც უფესვო ვაციწვერა ნახევრადუდაბნოში. ამ უკანასკნელის შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვე უშიშროების პროფესიონალს, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, და რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა:


_ ინფორმაცია ამ სკანდალური შემთხვევის შესახებ ინტერნეტში ამოვიკითხე და ჩემი მსჯელობაც ამ პუბლიკაციას ეფუძნება, _ თქვა კომპეტენტურმა წყარომ, _ ერთ-ერთი ქართული საინფორმაციო სააგენტო იუწყებოდა, რომ თითქოს ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფანჯიკიძემ საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში დაავალა, აღეკვეთა დიდი რაოდენობით (მილიონამდე) აშშ დოლარის გადმოტანის მცდელობა, რომელსაც ნაცდეპუტატები აპირებდნენ და რომლის თაობაზეც მას მიღებული ჰქონდა სარწმუნო ინფორმაცია კომპეტენტური სტრუქტურიდან.

_ ჩვენი სამართალდამცავები ჩართული იყვნენ ამ საქმეში?

_ ვერ გეტყვით. ამაზე ინფორმაციაში არაფერი იყო ნათქვამი. იტყობინებოდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ნაცდეპუტატები _ ნადირაშვილი და ჯაფარიძე გააჩერეს ბაქოს აეროპორტში, გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი აღმოუჩინეს. აზერბაიჯანის მხარე ამის გამო განაწყენებულა და უსაყვედურებია ჩვენებისთვის.

ეს იყო და ეს. ამიტომ მხოლოდ ვერსიებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. გამოძიებამ, თუ კი დაიწყო, მეტ-ნაკლებად რეალური სურათი უნდა შემოგვთავაზოს.

სავსებით დასაშვებია უშედეგო ჩხრეკის ვერსია, ვერაფერი რომ ვერ აღმოაჩინეს, რადგან რა დონის პროფესიონალები გვყავს თბილისში და როგორ მუშაობენ, გასაგებია.

ეს ერთი.

მეორე. გამორიცხული არ არის, რომ ფულის გადმოტანის მცდელობა მართლაც იყო _ «ნაცები» რომ ამაზე წამსვლელები არიან, თქვენმა მკითხველმა ჩემზე უკეთ იცის. ცხრა წლის განმავლობაში უზარმაზარი თანხები რომ იშოვეს უკანონო გზით, ესეც ვიცით. ამათთვის ერთი მილიონი არაფერია. საზღვარზე დიდი რაოდენობით ფულის გადმოტანა ამ ვაჟბატონებს კანონის დარღვევად არ მიაჩნიათ. მათ ცნობიერებაში მყარადაა გამჯდარი თავიანთი ყოვლისშემძლეობის, კანონზე მაღლა დგომის შეგრძნება. სამწუხაროა, რომ ამას ხელი შეუწყო ახალი ხელისუფლების ავადსახსენებელი კოაბიტაციის პოლიტიკამ, რომელმაც მაინცდამაინც «ნაცებისთვის» იმუშავა. რამდენიც გნებავთ, იმდენი შემთხვევა შეიძლება გავიხსენოთ, როცა «ნაცებს» კანონისთვის მიუფურთხებიათ! ეს ნაბიჯიც თავისუფლად გადადგეს, დაგეგმილად და წინასწარგანზრახვით.

შესანიშნავად აქვთ დამუშავებული მსგავსი დანაშაულის ჩადენის შემდეგ უცოდველ კრავებად თავის წარმოჩენის ვერსიები. ჩვენი საზოგადოებრიობა ამ შემთხვევაშიც მოწმე გახდა მათი გველაძუობის, როგორი მონდომებით ცდილობდნენ თავის დაძვრენას და საკუთარი დანაშაულის ისე წარმოდგენას, რომ ბაქოში მოგზაურობა თითქოს აზერბაიჯანელ კოლეგებთან აზრის გაზიარების, პოზიციების შეჯერებისთვის, არჩევნების შედეგების მათთვის გასაცნობად დასჭირდათ.

იმ პრიმიტიზმს, რომლითაც ისინი ჩვენთვის ტვინის არევას ცდილობდნენ, ამჯერად ნუ შევეხებით, ისედაც ნათელია მათი მსჯელობის ელემენტარული ალოგიკურობა და ტენდენციურობა, რომლის გაშიფვრას დიდი ძალისხმევა არასოდეს სჭირდებოდა, ამჟამად _ მით უფრო. ახლაც თვალწინ მიდგას ნადირაშვილისა და ჯაფარიძის მწყაზარი სახეები, რომლებიც ყველაზე დამაჯერებელი სამხილი იყო ჩადენილი უკანონობის, იმისა, რომ კუდები დასვრილი ჰქონდათ: უხინჯოდ აწყობილი ვერსია, ყველაზე უფრო საეჭვოს.

_ რატომ მიიჩქმალა ეს სკანდალი?

_ დიახ, სწორედ ეს შეკითხვა. ვის არ აძლევდა ხელს ამ ფაქტის ძირფესვიანად გამოკვლევა? რომელი ძალები ჩაერია ამ კონფლიქტში და მიაფუჩეჩა?

_ ერთი გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ეს ისევ სააკაშვილის ხრიკებია, რომელსაც ბაქოში ჰყავს დიდი მეგობარი მეთიუ ბრაიზა (იგი ამჟამად აზერბაიჯანში მოღვაწეობს). მიშამ სთხოვა მეთიუს, მეთიუმ სთხოვა, ვისაც საჭიროა და _ არც დოლარები ყოფილა სადმე, არც სკანდალი არავითარი. «რწყილი ახტა, დახტა და მიადგა მუხას», _ დაახლოებით ასე იყოო.

_ მეთიუ როცა გავიცანი, იგი სახელმწიფო დეპარტამენტის ჩვეულებრივი, საშუალო დონის მოხელე იყო, ძალიან შეზღუდული ინტელექტით. ახლა «დიდი მოღვაწეა». სააკაშვილთან დაახლოების შედეგად ერთმა მეორე გაზარდა, მეორემ _ პირველი. რა ნიადაგზე მოხდა ასეთი მეტამორფოზა, ცნობილია: ეს ბრაიზაც და სენატორი მაკკეინიც სააკაშვილის ბაგიდან რომ იკვებებოდნენ, ამას მტკიცება არ სჭირდება. ეს გობი დღესაც დგას. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, სააკაშვილის ნაპატივები ადამიანები ამ საქმეში თუ ჩაერივნენ.

_ საბაჟოზე მომხდარ კონფლიქტს დავუბრუნდეთ, თუ შეიძლება.

_ მილიონამდე არადეკლარირებული დოლარის საზღვარზე გადატანა, შეუძლებელია, არ დაფიქსირდეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოჰქონდა ვიღაცას, ვისაც დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა და არ ექვემდებარებოდა შემოწმებასა და ჩხრეკას. არც გაუჩხრეკიათ. მაგრამ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მარტივად შეიძლება დამალული დოლარების აღმოჩენა. ბარგში, ჩანთაში შენახული დოლარი რეკავს, როცა ამ ბარგსა თუ ჩანთას შესამოწმებელ აპარატურაში  გაატარებენ. მარტივი პროცედურაა. სკანერის ეკრანზეც აისახება.

მოკლედ, არ დაიმალება.

_ მაშ რა მოხდა?

_ ელემენტარული გარიგება მოხდა. ჩააჩუმეს ეს სკანდალი.

მაგრამ თუ ეს ამბავი ტყუილად ააგორეს, აშკარა ხდება, რომ ჩვენი შესაბამისი სტრუქტურების საქმიანობას დილეტანტები წარმართავენ.

_ ოთხი საათის განმავლობაში ბაქოს აეროპორტში დაკავებულები რომ ჰყავდათ ორი ნაცდეპუტატი ტყუილუბრალოდ?

_ ეს ნიშნავს, რომ მიმდინარეობდა ერთგვარი ჭიდაობა და საქმის ჩაწყობა. სავსებით შესაძლებელია, რომ აღმოუჩინეს დოლარების მასა. «ნაცებმა» დაიწყეს რეკვა იქით-აქეთ _ გვიშველეთ, დაგვეხმარეთო. ჩართეს «ნაცების» «უმაღლესი ეშელონი» _ ყოფილი და დღევანდელი. ამას დრო დასჭირდა.

ბინძური საქმეა.

საქმე ჩაიფარცხა, მაგრამ ამ წინადადების ბოლოს პუნქტუაციის რომელი ნიშანი უნდა დავსვათ, ესაა გასარკვევი: კითხვის ნიშანი, ძახილის თუ კითხვით-ძახილის ერთად?

არმაზ სანებლიძე

P.S. მე რა? მე არავინ არაფერს მეკითხება, რადგან «ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის, არაფერი ვიცი და არც მსურს ვიცოდე». ასე ვფიქრობთ ჩვენ _ ობივატელები.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here