Home რუბრიკები სამართალი ანჟელა არუთუნიანი: ჩემი შვილი ამერიკელების პირადი პატიმარია!

ანჟელა არუთუნიანი: ჩემი შვილი ამერიკელების პირადი პატიმარია!

649

საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს ვოვა არუთუნიანი, რომელსაც 2005 წლის 10 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტებზე, ჯორჯ ბუშსა და მიხეილ სააკაშვილზე, თავდასხმის ბრალდებით, უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. ორიოდე დღის წინათ ვოვა არუთუნიანის დედა, ანჟელა არუთუნიანი, დაგვიკავშირდა, რომელმაც თავისი გულისტკივილი გაგვიზიარა და დახმარება გვთხოვა. რა საფრთხე ემუქრება პატიმარ ვოვა არუთუნიანს და რას სთხოვს ხელისუფლებას გაუბედურებული ანჟელა არუთუნიანი, ინტერვიუდან შეიტყობთ.


_ 9 წელია, ჩემი შვილი  ორთაჭალის მე-7 დაწესებულებაში, მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდის სასჯელს. ის სულ მარტო ზის საკანში. ვიდრე ჩემს გულისტკივილს მოგახსენებთ, შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს ე. წ. ტერორისტი _ ვოვა არუთუნიანი უკანონო პატიმარია, მას არანაირი ტერაქტი არ მოუწყვია. ვოვას მიერ ხელყუმბარის სროლის ფაქტი არსად არის დაფიქსირებული და ეს ამერიკელებმაც იციან. სააკაშვილის დაცვის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ვოვას გვერდით იდგა პოლონელი ჟურნალისტი, რომელმაც მას ფოტო გადაუღო. შემდეგ ამ ჟურნალისტმა ხელისუფლებას გადასცა ეს ფოტო, რომლის საფუძველზეც ვოვა დააკავეს. ეს იყო და ეს. ის ხელყუმბარა იქ ეგდო, კაცმა არ იცის, ვინ დააგდო, მათ კი დაასკვნეს, რომ ჩემი შვილის იყო. სხვათა შორის, ეს ხელყუმბარა იყო სასწავლო დანიშნულების და, რაც მთავარია, სიძველისგან მწყობრიდან გამოსული _ არ აფეთქდებოდა. იქ უამრავი თვალი და ყური ტრიალებდა, იმდენი აპარატურა იყო და რამე ხომ დაფიქსირდებოდა? არადა, არსად არაფერი დაფიქსირებულა. რაც შეეხება ჩემს პრობლემას, ყველა უვადო პატიმარს ეკუთვნის წელიწადში ორჯერ 24-საათიანი პაემანი, თუმცა ჩვენთვის ესეც აკრძალულია. ჩვენ, როგორც დედა-შვილს, 24 საათი არ გვინდა, გვინდა 5 საათი, რომ ერთად დავსხდეთ, თითო ლუკმა პური ვჭამოთ, ვისაუბროთ, მეტი არაფერი გვინდა და ამის მისაღწევად, ნახევარი წელია, დავრბივარ უშედეგოდ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი უარს მეუბნება. 6 წერილი მივწერე, მეუბნებიან, ამ ციხეს არ აქვს სათანადო ინფრასტრუქტურა, პაემანი რომ მოგიხერხოთო. კი, ბატონო, ამ ციხეს არ აქვს სათანადო ინფრასტრუქტურა, მაგრამ ხომ შეიძლება რუსთავის მე-6-ში ან გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაიყვანონ მხოლოდ პაემნისთვის, სადაც ამისთვის არის ინფრასტრუქტურა?! არა, არ შეიძლება, ეს უსაფრთხო არ იქნება ვოვა არუთუნიანისთვისო, _ ასე მეუბნებიან.

_ რას ნიშნავს «უსაფრთხო არ იქნება», რატომ

_ არ ვიცი, რატომ. არადა,  შარშანწინ პაემანი რუსთავის მე-6 საპყრობილეში მოგვიწყვეს, 5 საათი ერთად გავატარეთ, არაფერი მომხდარა, არაფერი დაგვიშავებია. სოციალურად დაუცველი ვარ, არ უნდა გადავიხადო ამ პაემანში 60 ლარი, მაგრამ გადავიხდი, ოღონდაც დაუშვან ეს პაემანი. არ შეიძლება, 5 საათი მე და ჩემი შვილი ერთად ვიყოთ, შვილს მოვეხვიო და ვუთხრა: შვილო, ძალიან მიყვარხარ-მეთქი?! ნუთუ, შვილები არ გყავთ, ნუთუ, გული არ გაქვთ? ხომ არ ვითხოვ, გამოუშვით ჩემი შვილი-მეთქი. კანონით მონიჭებული 24-საათიანი პაემნიდან 5 საათს ვითხოვ და ამაზეც უარს მეუბნებიან. ვოვაც ამას ითხოვს, იმასაც, რომ უფრო ხშირად დაურეკოს დედას, მაგრამ უარს ეუბნებიან. ყოველ თვე პენსიიდან 100 ლარს ვურიცხავ ანგარიშზე და კვირაში ერთხელ მირეკავს. რომ დამირეკავს ხოლმე, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ქვეყანა უკვე ჩემია. რა მოხდება, ჩვენ, 2 უპატრონო ადამიანს, ამქვეყნად ერთმანეთის გარდა არავინ რომ არ გვყავს, ეს თხოვნა შეგვისრულონ?! ხომ დაუშვეს ასეთი რამ, წელს რატომ გვეუბნებიან უარს?! ვიმეორებ: ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, გაუგებარია ამათი უარი. იანვრიდან ჩვენ მიმართ რაღაც შეიცვალა და რა არის ამის მიზეზი, არ ვიცი. გაუგებარია, რა საფრთხეზეა საუბარი. მესმის, ვოვა ჩვეულებრივი პატიმარი არ არის, ამერიკელების პირადი პატიმარია. ალბათ, რაღაცაშია საქმე, მეშინია… სულ ვკითხულობ, ვინმეს რამე დაგემართათ იმ დღეს, ყველა ხომ იქ იყავით, ვინმე დაშავდა, მოკვდა, დაიჭრა, პანიკა იყო-მეთქი? მსგავსი არაფერი მომხდარა. ე. ი. ეს ტერაქტი არ იყო. ან როგორ დაწერეს სიტყვა «ტერაქტი» ვოვას განაჩენში, გაუგებარია. ტერაქტის მცდელობაც არ ყოფილა, მცდელობა რომ ყოფილიყო, სხვა საქმეა. ამ საქმის გადახედვას ვითხოვდი, ამაზეც უარი მითხრა ახალმა ხელისუფლებამ, პროკურატურამ, _ ხანდაზმულია, არ განიხილებაო. არადა, უკანონო პატიმარია ჩემი შვილი, მას არაფერი დაუშავებია.

_ გქონდათ იმედი, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქმე გადაიხედებოდა? ფიქრობთ, თქვენს შვილს რაიმე საფრთხე მართლაც ემუქრება?

_ მივრბოდი არჩევნებზე, ივანიშვილისთვის ხმა რომ მიმეცა. რა თქმა უნდა, მქონდა იმედი, მაგრამ ჩვენი საქმე ისევ ისეა, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო, მგონი, უარესადაც. არ ვიცი, რა ვქნა. ვფიქრობ, ჩემს შვილს საფრთხე ემუქრება და მეშინია. ბოლოს რომ ვნახე, არ მომეწონა, ცუდად გამოიყურებოდა, რაღაცაზე ნერვიულობდა. დროებით რომ გადაიყვანონ სხვა ციხეში, არ შეიძლება? რა მოხდება, რუსთავის მე-6-ში ან გლდანის მე-8-ში რომ გადაიყვანონ, სადაც უვადოები სხედან? მაგრამ არა, არ აკეთებენ ამას. ვიმეორებ, ჩემი შვილი ამერიკელების პირადი პატიმარია. რატომ შეირჩა ჩემი შვილი? იმიტომ, რომ უპატრონოა. ვოვა 8 წლის იყო, მამა რომ მოუკვდა, მარტომ გავზარდე. იცით, რა დღეები გვაქვს გადატანილი? მატერიალურად ძალიან გვიჭირდა. წვალებით გაზრდილი შვილი წამართვეს, სამუდამოდ დამაშორეს არაფრის გამო. იცით, როგორი განათლებულია ჩემი შვილი?! ასეთი განათლებული და უბოროტო ადამიანი ტერორისტად შერაცხეს. ვოვას არ სძულდა ამერიკელები, პოლიტიკაში საერთოდ არ ერეოდა, არც არავის თანამდებობა უნდოდა, არც არავის პოლიტიკის გამტარებელი ყოფილა. როგორც ყველაზე უპატრონო, ისე იქნა შერჩეული. იფიქრეს, ვერავინ დაიცავდა და პრობლემა არ შეექმნებოდათ. იმ დღეს, როგორც ყველა, ვოვაც იქ იყო. იქ ყოფნა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ბოროტება ჩაიდინა? მითხრა, დედა, იქ ვიყავიო, აღელვებისა და ნერვიულობის არაფერი ეტყობოდა. ასეთ რაღაცას თუ ჩაიდენ, ხომ შეგეშინდება? იმ ე. წ. ტერაქტის დღიდან ვოვა 4 თვეს სახლში იყო, 4 თვის შემდეგ სადარბაზოში დაიჭირეს. ბრალდებაში ჩაუწერეს ტერაქტი, მცდელობა მაინც დაეწერათ. ეს გააკეთეს ამერიკელებთან «პადხალიმობის» მიზნით. დაანახეს ამერიკელებს, აი, როგორ გვიყვარხართ და როგორ გიცავთო. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, ასე იყო. ახლა «ოცნებაც» განაგრძობს «პადხალიმობას».

ვოვას არაფერი ჩაუდენია, მას საქართველო არ გაუნადგურებია და არ გაუყიდია. ეკა ბესელიამ არაერთხელ ნახა უვადო პატიმრები, მაგრამ ჩემი შვილი _ არა. ქალბატონო ეკა, არ დაგავიწყდეთ, რომ ვოვა არუთუნიანიც უვადო პატიმარია და ყოველთვის ზის განცალკევებით. მიბრძანდით, ნახეთ ჩემი შვილიც. ნახეთ, რა საგნებს აკეთებს სანთლისგან, ოქროს ხელი აქვს, შეიძლება ასეთ კაცს ხალხი დაეხოცა? ნორვეგიაში ბრეივიკმა 77 კაცი გამოასალმა სიცოცხლეს და იკითხეთ, რა პირობებში იხდის სასჯელს. ჩემმა შვილმა ვინმე მოკლა? მითხრეს, ეს სხვა ქვეყანაა, ის _ სხვაო. ერთხელ ვთქვი, ჩემი შვილი პოლიტპატიმარია-მეთქი და ნანა კაკაბაძემ, _ ეს კი თქვა არუთუნიანის დედამ, მაგრამ განცხადება არ აქვს დაწერილიო. არადა, არაერთხელ დავწერე. არავინ მეხმარება, არავინ! პარლამენტში გაზეთებს არ კითხულობენ, ვინმე გამომეხმაუროს მაინც. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, რით დავეხმარო ჩემს შვილს. 

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here