Home რუბრიკები საზოგადოება დავით იაკობიძე: ფასები გაიზრდება და ევროპულს გაუტოლდება!

დავით იაკობიძე: ფასები გაიზრდება და ევროპულს გაუტოლდება!

549

27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელმოწერიდან რამდენიმე საათში გამოვიდნენ ეკონომისტები და დაიწყეს ახსნა, რომ წინ ურთულესი პროცესები გველის, რომლებზეც 27 ივნისამდე არ საუბრობდნენ. 


ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თქვა, ქართული წარმოება ევროპულ ბაზარზე გასასვლელად მზად არისო, პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩეველი იყო. «საქართველო და მსოფლიო» თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ დავით იაკობიძეს ესაუბრა. შევეცადეთ, სწორედ მისგან შეგვეტყო სიმართლე, არის თუ არა მზად ჩვენი ხალხი და წარმოება ევროპულ ბაზარზე გასასვლელად.

_ ბატონო დავით, პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, საქართველოში არსებული საწარმოები მზად არიან ევროპულ ბაზარზე გასასვლელადო.

_ არ ვიცი, პრეზიდენტის მრჩეველი რას გულისხმობდა, როცა ამას ამბობდა.  ალბათ, უფრო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, ვთქვათ, უნიკალურ  ღვინოებს ან პროდუქციის დეფიციტურ სახეობებს, მაგალითად, მწვანილიდან, თორემ ევროპულ ბაზარზე ისედაც გასული ვართ, დაახლოებით 300-400 ათასი ადამიანი გვყავს დასაქმებული ევროკავშირის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ლეგალურად მუშაობის საშულება არ აქვთ, ბაზარზე ხომ მაინც არიან?

ვუსმენდი გადაცემას და საუბარი ძირითადად იმაზე იყო, _ ხალხი ვიზებს მიიღებს, თავისუფლად გადაადგილებას შეძლებს და ევროპაში სამუშაოს იშოვისოვფიქრობ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მზად ვართ ევროპის ბაზარზე გასასვლელად.

ასოცირების ხელშეკრულება მნიშვნელოვანია მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო დაიწყებს მზადებას ევროპულ ბაზარზე გასასვლელად, მხედველობაში მაქვს ჩვენი საწარმოებისა და პროდუქციის ევროპული სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. იმ მეწარმეებმა, რომლებიც ევროპულ ბაზარზე გასვლას დააპირებენ, უნდა იცოდნენ, რომ მათი პროდუქტი ან ძალიან ეროვნული უნდა იყოს, ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ავიღოთ «კოკა-კოლა», რომელიც ჩვენი წყლით იქნება დამზადებული, რაც მის ხარისხზე დადებითად იმოქმედებს _ ის აჯობებს სხვა თანაბარ პირობებში დამზადებულს. ასეთი პროდუქციით თუ გავალთ ბაზარზე, სტაბილურად გვეყოლება მომხმარებელი, თანდათან მოვახდენთ ჩვენი ეკონომიკის სპეციალიზებასაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად, გაღრმავდება წარმოების პროცესების ინტეგრაცია, მაგრამ ამას დრო სჭირდება.

_ ასეთ ვითარებაში, ალბათ, ყველაფერი გაძვირდება. გლეხი, რომელსაც ყველზე სტანდარტის  დაცვას მოსთხოვენ, აუცილებლად გააძვირებს თავის პროდუქციას.

_ კი, ფასები აუცილებლად აიწევს და ევროპულ ფასებს გაუტოლდება. სურსათის უსაფრთხოების ნორმები ევროპულ სტანდარტს უნდა მიუახლოვდეს.

როდესაც შექმნეს სურსათის უვნებლობის სამსახური, პირველი, რაც გააკეთეს, იყო ლიცენზირებული სასაკლაოები თბილისის ახლო-მახლო ტერიტორიებზე, რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია. კერძო მეწარმეები იძულებულნი შეიქნენ, საქონელი სასაკლაოებზე მიეყვანათ, ამით გაიზარდა პროდუქტის უსაფრთხოება, მაგრამ ეს იყო დარტყმა მეწარმეებზე. ასეთი რამ მოხდა ბევრ ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირის წევრები გახდნენ. საუბარი მქონდა ლატვიელებთან, ისინი ამბობდნენ, რომ მათ, ვისაც 3-4 ძროხა და ღორი ჰყავდა, თავი დაანებეს სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ მთლიანობაში ღორისა და ძროხის სულადობა გაიზარდა, ვეტმომსახურეობა გაიაფდა, ხელმისაწვდომი გახდა, საქართველოში კი ამან მახინჯი ფორმა მიიღო _ დარგის მონოპოლიზაცია მოხდა, ვიღაცებმა ხელში ჩაიგდეს ბიზნესი მხოლოდ იმ მოტივით, რომ ფული ეშოვათ.

_ რამდენი წელი დაგვჭირდება, ფეხი რომ ავუწყოთ  ამ სტანდარტებს? თავდაპირველად ხომ ძალიან გაგვიჭირდება?

_ კი, გაგვიჭირდება. დარტყმა ფასების გაზრდა იქნება. ეს რთული პროცესია. რა ეშველება პროდუქციას, რომელიც ჩვენს ეროვნულ პრეისკურანტში სტაბილურად არის ჩაწერილი, ვთქვათ, იმერულ ყველს, სულგუნს, როგორ დავიცავთ ამ პროდუქტს? ფასების ზრდა მათზეც გავრცელდება. ცელოფანში შეფუთულ რძეში ვიხდით 3 ლარს, ხოლო იმერულ ყველში _ 6 ლარს. 1 კგ. იმერული ყველის მომზადებას იმ რძით, რომელშიც ჩვენ 3 ლარს ვიხდით, 10 ლიტრი რძე სჭირდება, ანუ 30-ლარიანი 10 . რძისგან დამზადებულ ყველს 6 ლარად ვყიდულობთ. ეს ფოკუსი მოისპობა. ასეთ შემთხვევაში, ვზარალდებით ჩვენ _ მომხმარებელი. მეწარმე, რომელიც სწორად ააწყობს თავის საქმეს, ყველა შემთხვევაში, მოგებული დარჩება. ეს წარმოების კულტურის განვითარების გზაა.

_ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმუშევარია. გავუძლებთ კი პროდუქტებზე ფასის მომატებას?

_ თუ სახელმწიფო ნორმალურ პოლიტიკას გაატარებს, გათვლები ექნება სწორი, ვადებს შეათანხმებს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, თუ ამ ყველაფერს ის ბიჭები არ ჩაუდგებიან სათავეში, რომლებიც ცდილობენ, კარიერაში პლუსები ჩაიწერონ და არ ადარდებთ, მათ უკან ვინ გაკოტრდა, მაშინ კიდევ არა გვიშავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცი, რა მოხდება. ამ საქმეს ხელი სპეციალისტებმა უნდა მოჰკიდონ, მათ, ვისაც ეს პროცესები ესმით.

ქართულ ბაზარზე სომხური სტაფილო ბატონობს. ხაშურის მიდამოებში სტაფილოს წარმოების განვითარებას რა უნდა?! ეს ხომ საუკეთესო მიწაა, არსად არ მოდის ხაშურზე უკეთესი სტაფილო, სირცხვილია სომხეთიდან სტაფილოს შემოტანა. ხალხი უმუშევარია, მიწები ყველას აქვს, ხელის შემშლელი ფაქტორი არ არსებობს, უბრალოდ, საჭიროა მონდომება, რომ გაკეთდეს ერთი საწარმო, რომელიც გლეხებისგან სტაფილოს ჩაიბარებს, გაასუფთავებს, სტანდარტულ ზომებს მისცემს და თბილისის ბაზარზე შემოიტანს, როგორც დისტრიბუტორი. ვიღაცამ ეს უნდა უკარნახოს, უთხრას: ბიჭებო, გააკეთეთ წარმოება და წითელი ჭარხალი და სტაფილო სომხეთიდან შემოსატანი აღარ გექნებათო. ქვეყანა თავს ვერ იკმაყოფილებს ხახვითა და ნიორით. . . რეფორმებია გასატარებელი, ამიტომ სპეციალისტები უნდა ჩართონ.

_ ბატონო დავით, ამბობთ, რომ ჩვენ მიერ ნაწარმოები პროდუქცია ჩვენვე არ გვყოფნის და ევროპულ ბაზარზე რას გავიტანთ?

_ საქართველო ევროპულ ბაზარზე სტაფილოს მასობრივად ვერც გაიტანს. წინათ მესხური და გორული ვაშლი რუსეთში გადიოდა. ყველას ჰგონია, რომ ახლა ევროპაში წაიღებენ. ეს ასე არ არის. ჩვენი ვაშლი ისეთ დროს მწიფდება, რომ ევროპას უკვე თავისი ვაშლი აქვს. ჩვენი ვაშლი გამძლე კი არის, მაგრამ გაზაფხულზე ევროპას ვაშლი ახალი ზელანდიიდან და ჩილედან შეაქვს. გლეხს ასეთი რაღაცები უნდა ავუხსნათ. ქართული ვაშლი საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის ბაზრებზე უნდა გავიტანოთ.

_ მაშინ რა უნდა გავიტანოთ ევროპულ ბაზარზე?

_ ვაშლის მწარმოებელმა, თუ მაინდამაინც «ჭიპი ვაშლზე აქვს მოჭრილი», სპეციალიზაცია უნდა მოახდინოს. ხალხმა ეს პროცესები მომხმარებლის დონეზე იცის, არადა, ეს ძალიან ღრმა პროცესია, ამას სჭირდება ფიქრი.

საქართველოში გლეხს რომ ჰკითხო, შენი ძროხა რამდენს იწველისო, ვერ გიპასუხებს, არ იცის. შეიძლება, ის ევროპის ბაზარზე გაუშვა?

დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი ევროპაში არსებული საბაზრო და სამომხმარებლო პრინციპების გასაცნობიერებლად, თუმცა ხელისუფლება ამბობს, ყველაფერს ბაზარი გაარკვევს, ჩვენ კი ხალხს კრედიტებს მივცემთო. ბაზარი არაფრის გამრკვევი არ არის. ხელისუფლება ამ საკითხს არაჯანსაღად უდგება, ჩვენ გვჭირდება რეალურად ჩამოყალიბებული მსოფლიო აგრარული გამოცდილების იმ ნაწილის გადმოტანა, რომელიც ჩვენთვის მისაღები იქნება.

_ თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც თქვენ ამბობთ, და საქმეში სპეციალისტები ჩაერთვებიან, რამდენ წელიწადში შეიძლება წინსვლა დაგვეტყოს?

_ სოფლის მეურნეობა ისეთი სფეროა, რომ მის განვითარებას, სულ ცოტა, ხუთი წელიწადი დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ისეთი რესურსი გვაქვს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, განვვითარდეთ, რა თქმა უნდა, თუ ხელისუფლების ნება იქნება. ტვინი უნდა გაანძრიონ და სერიოზულად მოეკიდონ საქმეს, მაგრამ, თუ ის იძახეს, _ ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერსო, არ ვიცი, რა მოხდება.

არ გიკვირთ, როდესაც ამბობენ, რა სპეციალობები გვჭირდება უმაღლეს სასწავლებლებში, ამას ბაზარი გვიკარნახებსო? ამ დროს ქვეყანაში გაუქმებულია აგრონომია, ვეტერინარია, არ ვიცი, რომელმა ბაზარმა უთხრა, რომ აგრონომია და ვეტერინარია არ გვჭირდება

_ როგორ ატყობთ, არიან ხელისუფლებაში ადამიანები, რომლებსაც პრობლემებთან ღირსეულად გამკლავების ამბიცია აქვთ?

_ არ მიმუშავია ამ ხალხთან და არ ვიცი, ვინ როგორია. ვიცი, რომ ქართველ ხალხში არის პოტენციალი, არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ უნდა წარიმართოს პროცესები, ამ ხალხს საქმე უნდა მისცენ, უნდა დაასაქმონ.

ეს პროცესები გარდაუვალია, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ ჩაიაროს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here