Home რუბრიკები პოლიტიკა გია ვოლსკი: გარკვეულ საკითხებში არ ვეთანხმები გუნდის წევრებს

გია ვოლსკი: გარკვეულ საკითხებში არ ვეთანხმები გუნდის წევრებს

496

რამდენიმე დღის წინათ საქართველომ ევროკავშირთან ნანატრ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. საზოგადოებაში ამ «ისტორიულმა მოვლენამ» აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ზოგი გახარებულია, თავი უკვე ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ჰგონია; ზოგი კი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. არის თუ არა საქართველო მზად იმ ცვლილებებისთვის, რომელთაც ევროკავშირი ჩვენგან მოითხოვს, როგორ აფასებს ამ ხელშეკრულებას _ ქვეყნისთვის  დადებით მოვლენად თუ პირიქით, რას მივიღებთ უელსის სამიტზე _ მაპს, «მაპზე უკეთესს» თუ სულაც ნატოზე უკეთესს და რა ხდება «ქართულ ოცნებაში», «საქართველო და მსოფლიოს» საპარლამენტო ფრაქცია «ქართული ოცნების» ხელმძღვანელი გია ვოლსკი ესაუბრა.


_ ბატონო გია, ქართული პოლიტიკა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართულიო, _ განაცხადა დემურ გიორხელიძემ ამ ხელშეკრულების შეფასებისას. ისიც ითქვა, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით აფხაზეთისა და ცხინვალის საბოლოოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგებით. ამაზე რას იტყვით, ესეც სპეკულაციაა?

_ დემურ გიორხელიძეს კატეგორიულად არ ვეთანხმები, მაგრამ პატივს ვცემ მის მოსაზრებას, ვინაიდან არავის დაკვეთით და არავისთან საკეკლუცოდ არ ამბობს ამას, უბრალოდ, ასეთი მოსაზრება აქვს, მაგრამ მცდარია ეს მოსაზრება. ცხადია, რუსეთის აზრი ანგარიშგასაწევია, მაგრამ ყველასთვის უნდა იყოს ნათელი, რომ საქართველო მოკავშირესთან ერთად უფრო ძლიერი პოზიციით საუბრობს, ვიდრე მარტო.

_ არანაირი გარიგება არ არსებობს საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის? ამბობთ, რომ ეს ხელშეკრულება ტერიტორიების დაკარგვას არ გამოიწვევს?

_ რა გარიგება, რის გარიგება, საქართველოს ინტერესების ხარჯზე ვინმე ვინმეს როგორ უნდა გაურიგდეს?! რატომ, რა მიზეზით შეიძლება იყოს ასეთი გარიგება? ასეთ მტრულ გადაწყვეტილებას არავინ მიიღებს. მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები, რომელთა ღრმა ანალიზია საჭირო. ასეა თუ ისე, საბოლოოდ, მსოფლიოს დიდი მოთამაშეები სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით მივლენ საერთო აზრამდე, პლატფორმამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდი საფრთხე შეიქმნება, რომ ის დაპირისპირებები, რომლებიც არსებობს დასავლეთსა და რუსეთს შორის «ცხელ ფაზაში» გადავიდეს. იმედია, საქართველოს თემა ერთ-ერთი იქნება, რომელთან დაკავშირებითაც მოინახება კონსენსუსი. ეს არის დიდი პოლიტიკური მიზანი და გიორხელიძე ან თუნდაც ხელისუფლებაში მყოფი ვოლსკი ამ პროცესებს ვერ შეაჩერებს. მიხეილ ბულგაკოვს აქვს ნათქვამი, ერთსა და იმავე საგანზე სხვადასხვა პოზიცია არსებობს, მაგრამ ამით ამ საგნის ბუნება არ იცვლებაო. შეიძლება სხვადასხვა თვალსაზრისი გვქონდეს, მაგრამ ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომლებსაც ჩემი, თქვენი და დემურ გიორხელიძის განსხვავებული აზრი ვერ შეცვლის.

_ შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ მაინტერესებს, რამ გამოიწვია ეს აჟიოტაჟი? რესპუბლიკელებიც არ წავიდოდნენ ასეთ გარიგებაზე? მოგეხსენებათ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება

_ არ ვიცი, რამ გამოიწვია. ზოჯერ არის პოლიტიკური ამბიციები, ნუ დავმალავთ, რომ ადამიანებს სურთ, თავი წარმოაჩინონ, ხშირად ეს პოლიტიკური სპეკულაციებია, რომ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდე და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილი გადაიბირო ამ თემით. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. ასეთი რამ მსოფლიოსთვის უცხო არ არის, ეს ყველა ქვეყანაში ხდება. ამ სპეკულაციების გარდა, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება და ეს გასაკვირი არ არის. იმასაც ამბობდნენ, ეს ხელშეკრულება ერთსქესიანთა ქორწინებას გვავალდებულებსო, როგორ შეიძლება საქართველოში, რა ხელშეკრულებაც უნდა გააფორმო, ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს? გარდა ამისა, კონსტიტუციური ნორმით, ქორწინება, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. 

_ ამბობენ, ამას რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიანო

_ რა სისულელეა. დავანებოთ თავი რესპუბლიკელებს. ნებისმიერი ჯგუფის პოზიცია, რომელიც დაუჭერს ამას მხარს, წარმატებული არ იქნება. როგორი პოლიტიკური წყობაც უნდა იყოს საქართველოში დღეს ან 100 თუ 200 წლის შემდეგ, ასეთი რამ  არ მოხდება იმიტომ, რომ ეს სხვა ტრადიციების ქვეყანაა. საქართველოში, ვიდრე არსებობს ეს ქვეყანა, ერთსქესიანთა ქორწინება ვერ დამკვიდრდება.

_ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გამო რუსეთი «თავდაცვით ზომებს» მიიღებსორას ელით? შეძლებს ჩვენი, ისედაც დაქცეული ეკონომიკა რუსეთის ბაზრის გარეშე არსებობას?

_ რუსეთს რომ არ უხარია ეს, რასაკვირველია, ვიცით, მაგრამ იქაც პრაგმატულად უყურებენ. აქ არ არის ლაპარაკი სიყვარულზე ან ისტორიულ ურთიერთობაზე ერთა შორის და ა. შ. წავიდა ეს დრო, მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, ისევე, როგორც ბრიუსელს, ვაშინგტონს და, თუ გნებავთ, თეირანსა და ანკარას. შორეულ პერსპექტივაში რუსეთს ხელს არ უნდა აძლევდეს პატარა საქართველოს ისე დაჩაგვრა, რომ თვითონაც მიადგეს ზიანი. რუსეთი შეეცდება, წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით, კონკურენცია გასწიოს საქართველოს მოსაპოვებლად. ყველამ უნდა იცოდეს, რომ გარანტირებული ხვალინდელი დღე არ არსებობს, ამიტომ მუდმივად მუშაობის პროცესში უნდა ვიყოთ _ ეს არის ერთადერთი და შეუცვლელი ფორმულა. თუ ამას არ გავითვალისწინებთ, ჩვენი საქმე ცუდად იქნება.

_ უელსის სამიტისგან რას ელით, ისევ «მაპზე უკეთესს» მივიღებთ? ხომ ვნახეთ, რომ ეს «მაპზე უკეთესი» სინამდვილეში იმას ნიშნავდა, რომ 2008 წელს არავინ დაგვეხმარა?!

_ ეს მაპის თემაც პოლიტიკური სპეკულაციების თემად აქციეს _ მაპი გვექნება თუ არა, თითქოს ამაზე იყოს ყველაფერი ჩამოკიდებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატოსთან, მის წევრ ქვეყნებთან გვქონდეს მჭიდრო პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობები. ურთიერთობების ხარისხი უნდა იყოს მაღალი და, როცა იქნება ამის რეალური წინაპირობები, მაშინ იქნება მაპი და იქნება წევრობაც. რაც ხელს აძლევს საქართველოს, ის უნდა მიიღოს, და აუცილებლად მივიღებთ იმას, რაც ხელს გვაძლევს. ჩვენთვის რა არის მთავარი: უსაფრთხოება, ურთიერთობა და მოკავშირეთა ძლიერი გუნდი ხომ?! და ამას მივიღებთ აუცილებლად.

_ დასასრულ, რა ხდება «ქართულ ოცნებაში»? სოსო ჯაჭვლიანი, ნუკრი ქანთარია, დათო ლორთქიფანიძე საჯაროდ გამოთქვამენ უკმაყოფილებას და უპირისპირდებიან გუნდის ზოგიერთ წარმომადგენელს

_ არაფერიც არ ხდება. სოსო ჯაჭვლიანს მიაჩნია, რომ პარლამენტში არ უნდა იყოს «ნაციონალური მოძრაობა» და ამიტომ რიგგარეშე არჩევნებია საჭირო.  ეს არის და ეს. რა გაუგებრობა, რის გაუგებრობა?! ამ ადამიანებს აქვთ მოსაზრებები, მეც მაქვს ჩემი მოსაზრება და გარკვეულ საკითხებში არ ვეთანხმები გუნდის წევრებს და, ეს რომ გამოვიტანო მედიაში, ატყდება აჟიოტაჟი… ეს არის და ეს.

_ რაში არ ეთანხმებით?

_ მე, მაგალითად, არ მიმაჩნია დიდ ცოდვად, სოსო ჯაჭვლიანმა თავის თვალსაზრისი საჯაროდ რომ გამოხატა, მეტს ვერაფერს გეტყვით.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here