Home რუბრიკები საზოგადოება მამა ელიზბარი საქართველოდან მიდის

მამა ელიზბარი საქართველოდან მიდის

697

სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარი (დიაკონიძე), რომელიც ყოველთვის შეუპოვარი განცხადებებით გამოირჩეოდა, საქართველოდან მიდის. ქვეყნის დატოვების მიზეზებს მამა ელიზბარი «საქართველო და მსოფლიოს» უმხელს.


_ მამაო, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?

_ საქართველო _ ეს არის ქვეყანა, რომელშიც პატრიოტული მოსაზრებით გამსჭვალულ ადამიანებს ან ტყვიას ესვრიან, ან ტალახს. ამ ქვეყანამ თავი გასწირა ჭაობში ჩასახრჩობად. მცირეოდენი იმედი მქონდა, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ ამ არჩევნების შემდეგ ყველა იმედი გამიცრუვდა. მე რომ საქართველოდან მივდივარ, ეს, ალბათ, არავისთვისაა ტრაგედია, მაგრამ მართლა მირჩევნია, ქვეყნიდან წავიდე და საკუთარ სულს მივხედო. ისე ნუ მიიღებთ, რომ გავრბივარ, ხმლის გასალესად მივდივარ, რადგან  სხვაგან უკეთესი ხმლის ოსტატები მეგულება.

ჩემი სამშობლო გმირებს ვერ აფასებს, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღიარეს ილია ჭავჭავაძე, ხომ კარგად გვახსოვს, როგორ მოექცნენ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას? მე რატომ უნდა ველოდებოდე უკეთესს, თუ ასეთ ღირსეულ ადამიანებს ასე მოექცნენ?!

_ ისეთი მაგალითები მოიყვანეთ, მამაო, ვინმე ხომ არ დაგემუქრათ, რაიმე საშიშროება ხომ არ გელით?

_ საფრთხე ჩემს ქვეყანას ემუქრება. მე არაფერს წარმოვადგენ. მუქარის რომ არ მეშინია, ესეც ყველამ კარგად იცის. მშიშარა რომ ვიყო, ჯერ კიდევ წლების წინათ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, უსამართლობის წინააღმდეგ ხმას არ ავიმაღლებდი. უბედურება ის არის, რომ მუქარა ეკლესიიდან დაიწყო, იქიდან, საიდანაც არ ველოდი. მოკვლით კი არავინ დამმუქრებია, მაგრამ ზოგიერთი სასულიერო პირი ზურგს მაქცევს, ვითომ ვერ მამჩნევს. ისეთმა ადამიანმაც კი, რომლებთანაც ყმაწვილობიდან თანაშეზრდილი ვარ და ჩვენი ოჯახის წევრები ერთმანეთთან მეგობრობდნენ, ასეთი რამ განაცხადა, ელიზბარ დიაკონიძეს, ამ სახელის და გვარის ადამიანს, საერთოდ არ ვიცნობო. ის ჩვენი ეკლესიის წევრი არ არის და საერთოდ ანაფორის ტარების უფლებაც არ აქვსო.

_ მამა მიქაელ ბოტკოველს გულისხმობთ?

_ დიახ. ყველაზე მეტად მისმა ნათქვამმა მატკინა გული. სხვათა შორის, მიშა ხელაშვილი 25 წლის იყო, როცა დიაკონად აკურთხეს, მაგრამ, როდესაც საქართველოს ბედი აირია, მღვდლის სამოსი გაიხადა და საბრძოლველად წავიდა, რადგან ეს ქვეყანას სჭირდებოდა. 27 წლისა უკვე მოკლეს. მიშა ხელაშვილი საკუთარ მეგობრებს მოაკვლევინეს. მე ასე შევუთვალე მამა მიქაელ ბოტკოველს, მიშა ხელაშვილობა მირჩევნია მიქაელ ბოტკოველობასმეთქი, თუმცა ბედნიერი კაცი ვიქნები, თუ ძველებურად, ძმებივით გადავეხვევით ერთმანეთს.

_ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ბევრს ეშინოდა, თქვენ შეუპოვარი განცხადებებით გამოირჩეოდით, მაგრამ ქვეყნიდან წასვლა ახლა გადაწყვიტეთ

_ ჩემი წასვლის მიზეზი ქვეყანაში გამეფებული ინდიფერენტიზმია. არც იმ ხელისუფლების დროს მეშინოდა და არც ახლა მეშინია. რამდენი ხანია, ხან ხელისუფლებას ვაკრიტიკებ, ხან _ სამღვდელოებას და ღია დებატებს ვითხოვ. ვისაც სურვილი ექნება, საერო პირი იქნება თუ სასულიერო, ნებისმიერ ტელეარხზე დაჯდეს ჩემთან დებატებში და ვინ მტყუანია და ვინ _ მართალი, საზოგადოებამ განსაჯოს. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ მე მტყუანი აღმოვჩნდები, მაგრამ მესამე თუ მეოთხე წელია, რასაც ვლაპარაკობ, ჩვენდა საუბედუროდ, მართლდება.

_ თქვენ მხარს უჭერდით და დიდი იმედი გქონდათ ახალი ხელისუფლების, ასე მალე რატომ გაგიცრუვდათ იმედი?

_ მხოლოდ მე გამიცრუა იმედი ახალმა ხელისუფლებამ? თუ მარტო მე ვარ ასეთი, მაშინ მტყუანი ვყოფილვარ. ეს ხალხი ისე ღრმად წევს ჭაობში, წამოდგომას არც აპირებს და როგორც კი მიუთითებ, _ მოყვასო, ჭაობში ნუ წევხარ, ადექიო, იმის მაგივრად, რომ მადლობა გადაგიხადოს, იქით გეჩხუბება, ნუ მახსენებ, რომ ჭაობში ვწევარო. ჩემი ერი, ჩემდა საუბედუროდ, კიკუს დაემსგავსა. დღეს ბევრი იხდის ხუთ მანეთად, მე ვერ გავიხდი. ეს ის ხალხია, რომელმაც დურუ ძიგუა დიდი პატივით დაკრძალა, დათა თუთაშხია კი შვილს მოაკვლევინა.

_ მერე წასვლა გამოსავალია, მამაო?

_ წასვლა არ არის გამოსავალი, მე არ მივდივარ იმისთვის, რომ ხორცი გადავირჩინო. მე მივდივარ, რათა ხმალი ავლესო, შემდეგ ჩამოვიდე და უფრო ფხიანი ხმალი ვატრიალო.

_ რომელ ქვეყანაში აპირებთ გამგზავრებას?

_ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ვაპირებ წასვლას. ჯერ არ დავაკონკრეტებ. მანანა კობახიძის აზრით, საქართველოში მართლმადიდებლობა  და ქართული კულტურა თურმე ერს ღუპავს; დავით უსუფაშვილის აზრით კი, ბიბლია საერთოდ ბოროტებაა. ეს ორი ადამიანი რომ განასახიერებს ჩემი ერის ავტორიტეტს, იმ ევროპაში  მივდივარ, რათა დავანახვო ევროპელებს, ვინ არის ქართველი და ვინ არიან ესენი.

_ მამაო, მართალია, ევროპაში აპირებთ საცხოვრებლად გამგზავრებას, მაგრამ სასულიერო პირების უმრავლესობა ევროპული წესჩვეულებებისა და ცხოვრებისადმი სკეპტიკურად ხართ განწყობილნი.

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, ევროპის «ბიჟუტერია» მხიბლავს? მე ჩემი მოვალეობის განსამტკიცებლად მივდივარ.

_ ფიქრობთ, ევროპიდან უკეთესად შეძლებთ  ქვეყნის სამსახურს?

_ დიახ, მე იქ ძალას მოვიკრებ.

_ ახლახან საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს?

_ ეს არის ჩვენი ქვეყნის საბოლოო დაღუპვა და განადგურება. ბოდიშს ვიხდი ყველას წინაშე, მაგრამ ერს ასე უხაროდეს, რომ ხვალ გააუპატიურებენ, პირველად ვნახე. უბედურება ისაა, რომ ამ ხელშეკრულების ტექტს არ გვაკითხებენ და არ ვიცით, რაზე ვაწერთ ხელს. ხალხის სახელით პრემიერი ღარიბაშვილი რომ გავუშვით ხელის მოსაწერად, ამიხსნას, რას მოაწერა ხელი და ამიერიდან რა ვალდებულებების შესრულება მოგვიწევს.

112 დეპუტატმა მოაწერა ხელი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს, რადგან თურმე ისე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ვერ მოვაწერდით. მაშინ ვიხუმრე, ასოცირებისთვის ჩვენი ერის «ასთორმეტირება» რატომ იყო საჭირო-მეთქი.

ევროპას იქით უნდა ვასწავლოთ, რას ნიშნავს მამულიშვილი. ახლა პოლონელი სტურმები მყავს, პოლონეთს ნაკლებად ვიცნობთ ქართველები, ძალიან კულტურული ხალხი ყოფილა. შარშან ისე მოეწონათ საქართველო, წელს მეორედ ჩამოვიდნენ. აი, ამ კუთხით მივესალმები ევროპას.

სხვათა შორის, მიხეილ-გელა სალუაშვილმა მთხოვა, მისი პარტიის «უფლის სახელით» არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო, თავიდან დავთანხმდი, მაგრამ შემდეგ ისეთი სიტუაცია დამხვდა, საარჩევნო კამპანია საერთოდ არ ჩამიტარებია, ჩემი საარჩევნო პლაკატიც არ გამომიკრავს.

_ სასულიერო პირებს პოლიტიკაში ჩარევაში ხშირად ადანაშაულებენ, შეიძლება სასულიერო პირი არჩევნებში მონაწილეობდეს?

_ რატომ არ შეიძლება? სად წერია და ვინ კრძალავს? ეკლესია არ უნდა ჩაერიოს არაფერშიო, რომ იძახიან, ესაა სწორედ ერის «გადურაკება». როდესაც საერო პოლიტიკა მოისუსტებდა, სწორედ ეკლესია იღებდა მართვის სადავეებს ხელში. ახლა ისეა, ბოდიშს მოვიხდი და, «მიჩმორებული» ჩემი ეკლესია, რომ, რასაც ხელისუფლება «დაუკრავს», არ მოსწონთ, მაგრამ ნაძალადევი ღიმილით მაინც ტაშს უკრავენ. ჩვენდა საუბედუროდ, უზნეობა ეკლესიიდან მოდის.

დღეს საქართველოში ასეთი სიტუაციაა _ იყვირე და გააპროტესტე, რამდენიც გინდა, არავის აინტერესებს.

მე ცოტა ხნით გტოვებთ, ერთეულების ვაჟკაცობის იმედი მაქვს და გპირდებით, აუცილებლად ალესილი ხმლით დავბრუნდები.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here