Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ ხვდებიან ქართველი ბოევიკები უკრაინაში

როგორ ხვდებიან ქართველი ბოევიკები უკრაინაში

494

თავიდანვე აშკარა იყო, რომ «ვარდების რევოლუციის» ბელადებს საქართველოს პოლიტიკური ასპარეზი ევიწროებოდათ და «დიდი საქმეებისთვის» დებდნენ თავს _ მოლდოვათი დაწყებული, ყირგიზეთით დამთავრებული, შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, საკუთარი პერსონების მნიშვნელობა წარმოეჩინათ «ფერადი რევოლუციების» წარმატების საქმეში.


ბუნებრივია, ნაცბელადები არ თაკილობდნენ და დღესაც არ თაკილობენ, რომ ამერიკის ხელისუფლების მიერ აშკარად მართვადი თოჯინები არიან. მით უმეტეს, მათ არ აწუხებთ ის, რომ აშშ-მა ისინი საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მეზობელ რუსეთთან ურთიერთობის ხელოვნურად დასაძაბავად გამოიყენა. პირიქით, ნაცრევოლუციონერებმა პატრიოტების იმიჯი მოირგეს და «აგრესორი» რუსეთის წინააღმდეგ სიტყვიერი ომი გააჩაღეს, რომელიც, როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოში მათივე მიზეზით ცხელ ბლიცკრიგში გადაიზარდა საქართველოსთვის გამანადგურებელი შედეგებით.

დღეს ეს ნაცბანდა ისევ არ ცხრება  და რუსეთის «ჩხიკინს» ახლა უკვე უკრაინიდან განაგრძობს. სააკაშვილისა და მისი დამქაშების ტრიალი კიევში, მათ მიერ რუსეთისადმი გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები კრემლისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ყოველივე ეს განიხილება უკრაინული «მაიდნის» ანტირუსულ კონტექსტში _ რუსეთის ხელისუფლებისთვის სააკაშვილი და მისი დამქაშები დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორია, რომელთა თუნდაც სიმბოლური მონაწილეობა უკრაინულ პოლიტიკაში კიდევ უფრო გაართულებს კიევსა და მოსკოვს შორის პოზიციების დაახლოების ისედაც სუსტ შესაძლებლობას. ეს ხელს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მფარველობს უკრაინის ყველაზე რადიკალურ ძალებს, . . მემარჯვენე სექტორის ჩათვლით. უკრაინის ბუნებრივი ინტერესები რუსეთთან პარტნიორობას მოითხოვს, რაც უნდა პროდასავლურად იყოს განწყობილი პოროშენკო, ადრე თუ გვიან იგი რუსეთთან პარტნიორობას მიანიჭებს უპირატესობას, რადგან მაინც რაციონალურად მოაზროვნე სუბიექტია პოლიტიკისა. რუსეთთან ბრძოლა მისი აკვიატებული აზრი არ არის, მაგრამ სხვა საქმეა «მემარჯვენე სექტორი», დასავლეთ უკრაინის ნაციონალისტები და მათთან ერთად ჩვენი «მშობლიური» ნაცბანდა, რომელსაც ამთავითვე დანგრეული აქვს ყველა ხიდი რუსეთის მიმართულებით. ისინი ვერასოდეს გახდებიან რუსეთთან უკრაინის პარტნიორობის ინიციატორები. ამერიკა ხელს არ უშლის პოროშენკოს, მაგრამ იმაზე ზრუნავს, რომ ებრაული წარმოშობის უკრაინელ ოლიგარქს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი არ გაუჩნდეს, უკრაინის საჭირბოროტო ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ თანამშრომლობას თავის დროზე თვით იულია ტიმოშენკოც დათანხმდა და, შესაძლოა, არც პოროშენკო იყოს გამონაკლისი.

გამომდინარე აქედან, «ნაცების» აქტიურობა უკრაინაში გასაკვირი არ არის, მაგრამ ამჯერად საყურადღებოა ერთი ნიუანსი _ «ნაცებმა» უკრაინაში ქართველი «ბოევიკების» გაგზავნა დაიწყეს. ამის შესახებ ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა აპრილში შემთხვევით შევიტყვეთ, შემდეგ კი ჩვენს ხელთ ჩავარდნილი ინფორმაცია რუსულმა მასმედიამ გახმაურა. ბოლო ხანს კი «ფეისბუქზე» რამდენიმე ქართველი «ბოევიკის» ფოტოსურათიც გამოჩნდა, მათი ვინაობა საიდუმლოს აღარ წარმოადგენს (იხ. ფოტოები). «ბოევიკების» რეკრუტირება, არსებული ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ერთერთი ყოფილი «გვარდიელის» საშუალებით ხდება, რომელიც ფინეთში ცხოვრობს.

პირადად მე ნაკლებად მჯერა ამ ნაცბოევიკების ეფექტიანობისა და ბრძოლისუნარიანობის. ისინიც ნაცპარტიელებივით უფრო მსახიობები და პოზიორები არიან, მათი ნაომარი მოწინააღმდეგეს სასაცილოდაც არ ეყოფა. მათ რამე რომ შეეძლოთ, თავს საქართველოში, ცხინვალის ან აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოიჩენდნენ. მაგრამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის, სამხედრო ოპერაციებში სიმბოლურ მონაწილეობასაც. შეიარაღებული ნაცბანდის ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე ორნაირი დატვირთვა აქვს: სიმბოლური და პრაქტიკული ხასიათის. ბოევიკების გაგზავნას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს საკუთრივ უკრაინის ნაციონალისტურ წრეებში «ნაცების» პრესტიჟის გამყარებისთვის, ხოლო პრაქტიკული თვალსაზრისით, ამ ბოევიკების გამოყენება «ნაცებს» საქართველოში შეეძლებათ, თუკი აქ საამისო წინაპირობები შეიქმნება.

ალბათ, უაზრობაა, «ნაცებს» მორალზე ესაუბრო, აუხსნა, რა ტრაგედია დაატრიალა უკრაინის ფაშისტოიდურმა «მემარჯვენე სექტორმა» ჯერ ქალაქ ოდესაში, შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში; აუხსნა, რომ ამ ომში ფაშისტების მხარეს ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა სირცხვილია. მათ არც ის შეაწუხებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ ქალაქ ანთრაციტის დაბომბვისას დაიღუპა 10 თვის ბავშვი ეგორ ალექსანდროვი.

ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ ნაცბანდა გამოცხადდეს იმად, რაც არის _ ტერორისტულ ორგანიზაციად! ნაცების «გლობალური პოლიტიკა» საქართველოსთვის ზიანის მომტანია როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე ქვეყნის შიგნით. უახლოეს მომავალში უნდა დაინიშნოს გამოძიება, ვინ და რა პირობებით აგზავნიდა და აგზავნის დაქირავებულ ბოევიკებს უკრაინაში, დამნაშავეები კი საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად დაისაჯონ.

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here