Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპისკენ სავალი გზა მაინც რუსეთზე გადის

ევროპისკენ სავალი გზა მაინც რუსეთზე გადის

640

ბევრ ქართველს უყვარს ნადირობა. ადამიანის სამეწარმეო მოღვაწეობის ეს უძველესი დარგი, რომელიც ახლა გართობად იქცა, სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს. სხვაა, მწყერსა და ხოხობზე ნადირობა, და, საერთოდ, სხვა _ დათვზე ნადირობა, რომელსაც განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება. დათვი ძალიან საშიშია _ თუ ერთი გასროლით ვერ დააგდებ, ჯიქურ მიიწევს ყველას და ყველაფრის გასანადგურებლად, რაც წინ გადაეღობება…


ბოლო წლებში ისე მოხდა, რომ საქართველოს უწევს კბილმტკივან დათვთან ურთიერთობა და არ აქვს მნიშვნელობა, მას ვინ აღიზიანებს _ ჯოხი მაინც ჩვენზე ტყდება. როგორც ჩანს, საქართველოს «მეგობრებმა» საქმეში უკრაინაც ჩართეს და პასუხიც მიიღეს _ ეს ქვეყანა მარტივ მამრავლებად არის დაშლილი და მისი გაერთიანება (ისევე, როგორც ჩვენი) თავიდან ბოლომდე იმ დათვის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, რომლის გაღიზიანებას კიდევ ერთხელ შევეცადეთ.

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე მოგახსენებთ, ერთი შეხედვით ერი და ბერი აღფრთოვანებით რომ შეხვდა, სინამდვილეში კი კაცმა არ იცის, რას გვიქადის ეს ხელშეკრულება და რა შედეგს მოიტანს ხვალ და ზეგ. ის, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ჩვენს მეზობელს არ მოსწონს, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის, განცხადებაშიც ჩანს:

«ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სუვერენული უფლებაა, მაგრამ რუსეთი თავდაცვით ზომებს მიიღებს, თუ ამ დოკუმენტების რეალიზებას ნეგატიური შედეგი ექნება რუსეთის ბაზარზე. პრეზიდენტმა უკვე არა ერთხელ განაცხადა, რომ ყველაფერი ამ დოკუმენტების ძალაში შესვლაზე, მათ რატიფიკაციასა და რეალიზაციაზე იქნება დამოკიდებული. საქმე ისაა, თუ როგორ აისახება ეს დოკუმენტები ჩვენს ბაზრებზე და, ნეგატიური ასახვის შემთხვევაში, ჩვენ ზომებს მივიღებთ», _განაცხადა პესკოვმა.

ისე როგორ იქნებოდა, ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლება არ გამოხმაურებოდა და, სამწუხაროდ, ეს ისევ მაია ფანჯიკიძის პირით გააკეთა. ფანჯიკიძემ ღიმილით აღნიშნა, რუსეთის ბაზარი ვის რაში სჭირდება, დღე-დღეზე საქართველო ევროკავშირის ბაზარს დაიპყრობს, ყველაზე დიდ ბაზარს მსოფლიოშიო. რა თქმა უნდა, ამ განცხადებას ოვაციები მოჰყვა, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის უფრო მისაღები და სახეიროა, ვიდრე ევროპის და ახლავე აგიხსნით, რატომ. ჯერ ერთი, ქართული ღვინო ევროპაში არავის სჭირდება და, თუ სჭირდება, ისე ცოტა რაოდენობით, რომ სათვალავში ჩასაგდები არ არის. არც ჩვენს წყლებზე ირევიან, რადგან ევროპულ ბაზარზე მონოპოლია ფრანგულ და შვეიცარიულ წყლებს აქვთ (არ თქვათ ახლა, ევროპაში მონოპოლია არ არისო). და მესამეც _ ჩვენი ხილი ვერ იფუთება ისე, ევროპული ბაზრის დახლებზე კვირების განმავლობაში რომ იდოს. შესაბამისად, ჩვენ სწორედაც რუსეთის ბაზარზე ვართ ჩამოკიდებული და ფიქრი იმაზე, რომ ამ ბაზრის გარეშე წინ წავალთ, აბსურდულია.

ამას გარდა, მთავარი მიზანი ხომ ევროკავშირში გაერთიანებაა და გავიხსენოთ საბერძნეთის მაგალითი, ქვეყნისა, რომლის ეკონომიკასთან ახლოსაც ვერ მივალთ. სწორედ ევროკავშირში შესვლის შემდეგ წავიდა საბერძნეთის საქმე უკან და ელადელები დღემდე გონს ვერ მოსულან, რა უნდოდათ ევროკავშირში, სად არის დაპირებული სიკეთე და რატომ წავიდა მათი ეკონომიკა უკან, წინსვლის ნაცვლად.

ხელისუფლებამ ცდუნებას ვერ გაუძლო და კონცერტი გამართა. ვერ გეტყვით, რამდენი ათასი დაჯდა «ტანციმანცი» და ქართული «ბომონძღის» ხბოს აღფრთოვანება, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც გვახსოვს, 2008 წელს სამხრეთ ოსეთში ქართველი ბიჭები რომ იხოცებოდნენ, ჩვენ კი რუსთაველზე ვმღეროდით «ვაგონი მიქრის»…

უკვე მერამდენედ ჩაიქროლა ვაგონმა, რომელსაც თითქოს შევახტით და უკვე მერამდენედ აღმოვჩნდით პარტერში. უკვე მერამდენედ ხდება, რომ სხვები გვითითებენ, როგორ უნდა მოვიქცეთ და სხვები ამბობენ, უნდა გვიხაროდეს თუ არა. ფაქტი კი არის ის, რომ ამ ყველაფერს რუსული დათვი მშვიდად უყურებს და კბილებს იჩიჩქნის, იმ კბილებს, რომლებიც პერიოდულად სტკივა ხოლმე და მერე აღარავის ინდობს. ეჭვი გვაქვს, ევროპასა და ამერიკას საქართველოში გამოსაგზავნი წყალი და პამპერსი კიდევ აქვს გადანახული და ახლა ჩვენს გონიერებაზეა დამოკიდებული, კიდევ რამდენ ხანს შევანახვინებთ. დიდი ნაბიჯებით ევროპისკენ სიარული, ერთი შეხედვით, კარგია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გზა რუსეთზე გადის და ისე უნდა ვიაროთ, მეზობელი არ გავაღიზიანოთ. როგორ ეხმარება ევროპა მეგობრებს, უკრაინის მაგალითზე უკვე ვიხილეთ და ევროპელებისთვის ჩვენც ზუსტად ასეთი მეგობრები ვართ.

დავით მინდიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here