Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 6 იდუმალი ადგილი დედამიწაზე

6 იდუმალი ადგილი დედამიწაზე

566

პლანეტის ბევრ ადგილზე ხდება იდუმალი მოვლენები. 21-საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით მეცნიერებმა უამრავ იდუმალ მოვლენას ახადეს ფარდა, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ ამოუხსნელია. 

მარადიული ცეცხლი ნიუ-იორკში

ერთ-ერთი უცნაური და ამოუხსნელი მოვლენა ნიუ-იორკშია. წყალი და ცეცხლი ერთმანეთის საწინააღმდეგო ელემენტებია, მაგრამ ნიუ-იორკში ისინი საოცარ სანახაობას ქმნის.

ჩესტნატ-რიჯის პარკში 10 მ სიმაღლის ჩანჩქერის ქვეშ დამალულ მღვიმეში მარადიული ცეცხლი გიზგიზებს. მეცნიერები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ეს ცეცხლი გაჩნდა გავარვარებულ ქანთან ბუნებრივი აირის შეხების შედეგად, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ქანი სულაც არ არის ისეთი მაღალი ტემპერატურის, რომ ცეცხლი გააჩინოს. ასე რომ, რა ხდება იქ, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ცეცხლი ზოგჯერ ქარის ზემოქმედებით ქრება, მაგრამ ტურისტები კვლავ ანთებენ.

დაგრეხილი ხეების ტყე პოლონეთში

ქალაქ გრიფინოსთან ახლოს არის 400 ძირი ძალიან უცნაური ფიჭვის კორომი, რომელიც დასავლეთ პომერანიის დიდი ტყის შუაგულში მდებარეობს, თითოეული ხე უცნაურად არის გადაღუნული. ეს ხეები დაახლოებით 1930 წელს დარგეს, მაგრამ რატომ დაიგრიხა მათი ტანი, უცნობია. ეს მცენარეები სრულიად ჯანმრთელია და დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლისა იზრდება.

ზოგი ამბობს, რომ ეს მოხდა განსაკუთრებული გრავიტაციული მიზიდულობით, მაგრამ ეს ვერ ხსნის, რატომ გადაიხარა ხეები განზე, როცა სიმძიმის ძალა მათ ძირს ექაჩება. სხვების აზრით, როცა ხეები ნორჩი იყო, ძლიერი თოვლი მოვიდა და მათი ტანი გადაღუნა. რადგან ქალაქი მიტოვებული იყო მეორე მსოფლიო ომის წინ და ადამიანები იქ ხელახლა 1970-იან წლებში დასახლდნენ. სავარაუდოდ, ვერასდროს შევიტყობთ, როგორ და რა მიზეზით დაიგრიხა ეს ხეები.

ჰესდალენის ველის უცნაური ცეცხლი, ნორვეგია

სულ ცოტა, 100 წლის განმავლობაში ადამიანები ხედავდნენ ცეცხლის უცნაურ სფეროებს, რომლებიც ნორვეგიის ერთ-ერთი სოფლის თავზე გადაადგილდებოდა. კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ ცეცხლის სფეროები ზომებს იცვლის და, სანამ გაქრება, უწესრიგოდ გადაადგილდება. ზოგჯერ სფეროებს 2,5-3 მეტრის დიამეტრიც ჰქონდა.

ჰესდალენის მცხოვრებნი კვლავ ხედავენ ცეცხლოვან სფეროებს. მოვლენამ მეცნიერებისა და უფოლოგების ინტერესი გამოიწვია. ჰესდალენში ცეცხლოვანი სფეროები წელიწადში 20-ჯერ მაინც ჩნდება. მეცნიერები უარყოფენ მოსაზრებას, რომ ცეცხლი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების გადაადგილების შედეგად ჩნდება. მოვლენის ყველაზე მარტივი ახსნა არის ის, რომ ცეცხლი ჩნდება კოსმოსში რაკეტების გაშვების შედეგად, მაგრამ არის თუ არა ეს მოვლენის უტყუარი ახსნა, რადგან ცეცხლოვანი სფეროები სარაკეტო ტექნოლოგიების შექმნამდეც ჩნდებოდა?!

ისლანდიის ელფები

ისლანდიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სჯერა ვულკანურ კლდეებში მცხოვრები ელფების არსებობის. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ხედავენ და ელაპარაკებიან კიდეც ელფების ოჯახებს; სხვები, უბრალოდ, აღიარებენ მათ არსებობას. ითვლება, რომ ისინი ბინადრობენ ჩვენი სამყაროს უხილავ ნაწილში, ამიტომ ყველას არ შეუძლია მათი დანახვა. ადგილობრივი მცხოვრებლები იცავდნენ ელფების სახლებსა და ადგილებს, რომლებზეც რაღაცის აშენება სურდათ სამშენებლო ორგანიზაციებს. მაგალითად, სამშენებლო პროექტები, მათ შორის დედაქალაქ რეიკიავიკის შოსეს მშენებლობა შეჩერდა, ზოგიერთი კი სხვაგან გადაიტანეს, იმიტომ, რომ ელფები არ შეეწუხებინათ.

ნასკას ხაზები პერუში

ნასკას ხაზების საიდუმლო უკვე არაერთი საუკუნეა აუხსნელია. გიგანტური ხაზები, რომლებმაც დროს გაუძლო, 50 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და მნახველს აცვიფრებს. პერუს ტერიტორიაზე შექმნილი არც ისე ღრმა გრავიურები სხვადასხვა ფორმისაა, მათ შორის ცხოველისა და მცენარის 70 ფორმაა. ამ გამოსახულების დანახვა მხოლოდ ზემოდან შეიძლება. ხაზები მასიურია, ზოგიერთის სიგრძე კმ-ზე მეტია. მეცნიერების აზრით, ისინი ადამიანების შექმნილია ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 500-დან ჩვენი წელთ აღრიცხვის 500 წლამდე პერიოდში.

შაინტერესოა, რა დანიშნულება ჰქონდა ამ ხაზებს. მეცნიერთა აზრით, ნასკას გეოგლიფები დაკავშირებულია ასტრონომიულ მოვლენებთან ან, შესაძლოა, სარწყავ სისტემასთან. ვარაუდობენ, აგრეთვე, რომ ნასკას ხაზები დაკავშირებულია მსოფლიოში მიმოფანტულ უძველეს ნაგებობებთან, როგორც გიგანტური რუკა.

რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ეს ხაზები ნებისმიერ სხვა კლიმატში უცვლელი ვერ დარჩებოდა. ნასკას მშრალ პირობებში ეს უცნაური გრავიურები შესანიშნავადაა შენახული.

ბერმუდის სამკუთხედი

სამწუხარო ამბებით განთქმულ ამ იდუმალ ადგილს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ბერმუდის სამკუთხედი მოიცავს ფართობს ფლორიდის, მაიამის, პუერტო-რიკოს, სან-ხუანსა და კუნძულ ბერმუდას შორის. მეცნიერები საუკუნეების განმავლობაში ეძებდნენ ამ სივრცეში იდუმალი მოვლენების ლოგიკურ ახსნას, ზოგიერთი კი ყველაფერს ზებუნებრივ ძალებს მიაწერს.

ბერმუდის სამკუთხედს, რომლის ისტორიაც ასეულობით წელს ითვლის, მიაწერენ 75 თვითმფრინავის, 100-ზე მეტი საზღვაო ხომალდისა და ათასობით ადამიანის გაუჩინარებას. ამ ადგილას კომპასის ისრები უკონტროლოდ მოძრაობს.

ბერმუდის სამკუთხედის ლეგენდა 1492 წლის 11 ოქტომბრიდან იწყება. ქრისტეფორე კოლუმბმა, გადმოცემის თანახმად, პირველი მოგზაურობისას, კუნძულ გუანაჰანიზე გადასხდომამდე, ზღვაში რაღაც უცნაური ნათება შენიშნა.

აქამდე არ არსებობს მეცნიერული თეორია, რომელიც უტყუარად ახსნის ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს. აღსანიშნავია, რომ ბოლო უბედური შემთხვევა ამ რაიონში 2020 წლის 28 დეკემბერს მოხდა, როცა ნავი, რომელშიც 20 ადამიანი იჯდა, გაუჩინარდა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here