Home რუბრიკები სამართალი ნავთლუღის სპეცოპერაციისას მოკლულთა მშობლები დათა და ბაჩო ახალაიების სიკვდილით დასჯას ითხოვენ!

ნავთლუღის სპეცოპერაციისას მოკლულთა მშობლები დათა და ბაჩო ახალაიების სიკვდილით დასჯას ითხოვენ!

750

ყველაზე შემზარავი და რეზონანსული საქმე _ ნავთლუღის სპეცოპერაცია, როცა სამი ახალგაზრდა დემონსტრაციულად დახვრიტეს, გახსნილია; მეტიც, სასამართლო პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებულია. რას მიუსჯის მოსამართლე ბრალდებულებს, უახლოეს დღეებში გავიგებთ. სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ახალგაზრდების გაუბედურებული მშობლები მკვლელების სიკვდილით დასჯას მოითხოვენ. 


რა მოხდა 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგომთან, რა იყო სისხლიანი სპეცოპერაციის მიზანი, რატომ ჩაცხრილეს აჭარის მკვიდრი სამი ახალგაზრდა _ შოთა გორგაძე, რომან სურმანიძე და მარად ართმელიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ და მისმა თანმხლებმა პირებმა? _ ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» მარად ართმელიძის მამა _ მიხეილ ართმელიძე ესაუბრება.

_ ყველასთვის ცნობილია, რომ 2006 წლის 12 იანვარს თბილისში ნავთლუღის ბაზართან სამი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა ჩაცხრილეს  «გმირებმა» _ დათა და ბაჩო ახალაიებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა. ფარსი იყო მაშინდელი ოფიციალური ვერსია _ თითქოს ჩაცხრილული ახალგაზრდები რუსთავის ციხეზე თავდასხმასა და პატიმრების მასობრივი გაქცევის ორგანიზებას გეგმავდნენ. ისიც ტყუილია, რომ ამბობდნენ, ეს ბიჭები შეიარაღებული იყვნენო. არადა, ისინი თბილისში პირველად იყვნენ და რა იარაღი, რა ტყვია-წამალი, რა ციხის აღება! აბსურდი და წარმოუდგენელია ეს. ამ ჯალათების მოგონილია ყველანაირი მკვლელობა, ზეწოლა, დევნა. საკუთარი ერის გამნადგურებლები იყვნენ ეს არამზადები. დიახ, მათ _ კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ, კუდის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ გიორგი მაზმიშვილმა და კუდის ყოფილმა დირექტორმა ლევან ქარდავამ მოგვიკლეს შვილები. ახალაიამ თანამზრახველებთან ერთად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, განზრახ მკვლელობის მიზნით, დაიწყო მიზანმიმართული სროლა, რომლის შედეგად სამივე ახალგაზრდა მიწაზე დაეცა. ახალაია მიუახლოვდა მძიმე მდგომარეობაში მყოფ შოთა გორგაძეს, ავტომატის ლულა თავზე მიაბჯინა და  საკონტროლო გასროლა განახორციელა. ახალაიას მიბაძეს მაზმიშვილმა და სხვა თანამშრომლებმაც, რომლებმაც თავის არეში საკონტროლო გასროლით სიცოცხლეს გამოასალმეს სურმანიძე და ჩემი შვილი. ნავთლუღში ჩატარებული სპეცოპერაციის მიზანი საზოგადოებისთვის ძალის ჩვენება და შიშის გაჩენა იყო. დავუშვათ, დამნაშავეები იყვნენ ჩვენი ბიჭები, რატომ არ აიყვანეს ცოცხლად? მაგრამ მათ გეგმაში არ ჰქონდათ ხელისუფლებიდან წასვლა, ეგონათ, ყველაფერი შერჩებოდათ.

_ თქვენი ინფორმაციით, ახალაია შემთხვევით გადაეყარა ამ ახალგაზრდებს, რატომ გაუსწორდა მაინცდამაინც მათ? რა უნდოდა თქვენს შვილს თბილისში იმ საბედისწერო დღეს

_ ახლავე მოგახსენებთ. არდადეგები იყო და ბიჭები წალკის რაიონში (არსებობს მტკიცებულებები, რომ წალკის რაიონში იყვნენ) წავიდნენ. იმ საბედისწერო დღეს კი თბილისიდან შინ უნდა დაბრუნებულიყვნენ. ჩემი ბიჭი აკეთებდა წინდაცვეთას (ყველასთვის ცნობილია, ეს რაც არის), მას დიპლომატში  ეწყო სათანადო ინსტრუმენტები, წამალი და ხალათი.  ნაძირალა ახალაიამ, ალბათ,  იფიქრა, აჭარელი ბიჭები არიან და ვერაფერს დაგვაკლებენო, ამიტომ შეარჩია ეს ბავშვები. ვიმეორებ: ახალაიებმა ჩაატარეს ეს სპეცოპერაცია, სააკაშვილმა კი მათ ქულები ჩაუწერა. ახალაიებმა ააოხრეს მთელი საქართველო და არამარტო ჩემი ოჯახი, არამედ ბევრი ჩემნაირი გააუბედურეს.

2006 წლის მაისში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ელენე თევდორაძემ განაცხადა, რომ ამ მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ მასთან თვითმხილველი ქალბატონი მივიდა და უთხრა: სამი ახალგაზრდა სპეცრაზმელებს მუხლმოდრეკილი ევედრებოდა, უდანაშაულოდ არ დაგვხოცოთო, სპეცრაზმელებმა მაინც დახოცეს. მათ მკვდრებს ავტომატები დაუდეს, რათა გაემართლებინათ თავიანთი ქმედება. გახსოვთ, ალბათ, ამის ამსახველი კადრები. საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ასეთი საზარელი ჯგუფური თავდასხმა განზრახ მკვლელობით არავის უნახავს. ამას წინათ ტელევიზიით საუბრობდა ძმები ახალაიების მამა _ რონალდ ახალაია: უკვე 15 თვეა, რაც ჩემს ოჯახზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს, არადა, ჩემი ოჯახი ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული ოჯახიაო. როგორ არ რცხვენია?! მთელი ერის გასაგონად ვსვამ კითხვას: ახალაიების ოჯახს საერთოდ გააჩნია ღირსება ან საერთოდ იცის რა არის მორალი და ზნეობა?

მხოლოდ ერთადერთ რამეში დავეთანხმები რონალდ ახალაიასმისი ოჯახი ნამდვილადაა ერთერთი გამორჩეული ოჯახი _ ნაძირლებისა და მკვლელების ოჯახი. და ეს ქალიც, ბაჩო ახალაიას მეუღლე, რომ ხმას იღებს, გაგიჟდები კაცი. ჩემ გვერდით იდგა სასამართლოში და ენას არ აჩერებდა. გთხოვთ, ხაზგასმით დაწერეთ _ ახალაიების ოჯახს არანაირი მორალი და ღირსება არ გააჩნია.

_ როდის დასრულდება სასამართლო პროცესი, გაქვთ იმედი, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან მკვლელები?

_ საქმე თვის ბოლომდე დასრულდება, ალბათ, 27 ივნისს. ჩვენ ვითხოვთ, როგორც  ჩვენი შვილები ჩახოცეს (სისხლის გუბეში აცურეს), სწორედ ისე  დაისაჯონ ეს ჯალათები, ეს მკვლელები. ჩვენ არ ვითხოვთ ამ ჯალათების პატიმრობის მუხლით გასამართლებას. როგორ, რამდენიმე წელიწადში უნდა გამოვიდნენ, მაშინ, როცა ჩვენი ახალგაზრდები, ნორჩი ყვავილები მიწაში წვანან? ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენს შვილებს, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ოჯახებს არ ვაკადრებთ, მათაც სისხლის გუბეში უნდა იცურონ, როგორც ჩვენმა შვილებმა!  მთელი სერიოზულობით გეუბნებით: ჩვენ, სამეულს, ამ ბავშვების პატრონებს, დათქმული გვაქვს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოვითხოვთ მათი პატიმრობის მუხლით დასჯას. მათაც სისხლის ტბაში უნდა იცურონ, როგორც ჩვენმა შვილებმა.

_ კი მაგრამ, ბატონო მიხეილ, სიკვდილით დასჯას რომ არ ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა?

_ არ მაინტერესებს, ჩვენ დათმობაზე არ მივდივართ. სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ხომ ითვალისწინებს? ჰოდა, გავასაჩივრებთ. ჩვენ, სასამართლო განხილვასა და მტკიცებულებებზე ხელს არ მოვაწერთ, თუ ეს მკვლელები ამ მეთოდით არ დაისჯებიან.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here