Home რუბრიკები საზოგადოება პირველი სასკოლო სახლ-მუზეუმი საქართველოში

პირველი სასკოლო სახლ-მუზეუმი საქართველოში

916

რაოდენ სიმბოლურია, რომ იგი ეძღვნება დიდ ქართველ განმანათლებელსა და მოაზროვნეს – სოლომონ დოდაშვილს (1805-1836), რომელიც, ილია ჭავჭავაძის შეფასებით, არის ევროპეიზმის ფუძემდებელი საქართველოში და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი მედროშეც.


საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასმა (მეთაური – პროფ. გ. დოლიძე) 2008 წელს აღადგინა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში (სოლომონ დოდაშვილის მშობლიურ სოფელში) მივიწყებული სახალხო დღესასწაული «სოლომონობა», მომდევნო წელს კი სიღნაღის რაიონში ჩაატარა მოსწავლეთა კონფერენცია – «მაშ, რაისთვისღა ცოცხალ ვართ?!» (ს. დოდაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა), რომელშიც მონაწილეობდნენ რაიონის 12 სოფლის მოსწავლეები. ჟიურიმ (პროფ. გ. გოლიძე, პროფ. ელ. ბატიაშვილი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. რ. ბალანჩივაძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი, ფილოსოფოსი _ თ. ბალარჯიშვილი, მოქანდაკე დ. ქობალია, პროფ. ჰ. კუპრაშვილი და სხვ.) გამარჯვებულად გამოაცხადა 14 მოსწავლე. ამ კონფერენციამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ მომდევნო წელს იგი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა (სხვათა შორის, ამ სრულიად საქართველოს მოსწავლეთა კონფერენციაზე გაიმარჯვა და მთავარი პრიზი _ განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული ლეპტოპი _ წილად ხვდა ბერძნული წარმოშობის თბილისელ გოგონას, ირინა სელეპანოვას…), რადგან ეს დიდი მოაზროვნე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაინც არ არის ღირსეულად დაფასებული.

აი, ასეთი უკეთილშობილესი მისია უნდა იკისროს იმ სასკოლო სახლ-მუზეუმმა, რომელიც წლეულს, 15 სექტემბერს გაიხსნება, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე. ყოველივე ამაზე სასაუბროდ სოლომონ დოდაშვილის დაბადების მორიგ წლისთავზე ერთხელ კიდევ, უკვე მეშვიდედ, გვიხმო ჩოხოსან რაინდთა დასის თავკაცმა, აკაკი წერეთლისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატმა, პროფესორმა გოგი დოლიძემ, რომლის უკიდეგანო ენთუზიაზმს, ულევ ენერგიას, პატრიოტულ შემართებას 80 წელმაც ვერაფერი დააკლო. მან, ტრადიციისამებრ, წელსაც შემოიკრიბა ავტორიტეტული მეცნიერები, კულტურისა და ხელოვნების მუშაკები და გავემართეთ ქიზიყში, სოფელ მაღაროში.

სოლომონ დოდაშვილის სახელობის საშუალო სკოლაში ჩატარდა სასკოლო სახლ-მუზეუმის დაარსების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა. თავმჯდომარემ გ. დოლიძემ ისაუბრა ამ შვიდი წლის განმავლობაში დასის საქმიანობის შესახებ. შეაჯამა დასის მიერ ჩატარებული ს. დოდაშვილისადმი მიძღვნილი რეგიონული და რესპუბლიკური სასკოლო-სამეცნიერო კონფერენციების შედეგები.

სიტყვით გამოვიდნენ: გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი, ბატონი რეზო ჩხეიძე; ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოსოფიის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი ირაკლი კალანდია; ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი, ჟურნალისტი ანზორ ბაბუხადია; რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი, მოქანდაკე დუხუ ქობალია, რომელსაც დაევალა სოლომონ დოდაშვილის ბიუსტის შექმნა სკოლის წინ დასადგმელად და თქვენი მონა-მორჩილიც. განსაკუთრებით საგულისხმო იყო ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლების გამოსვლა. ისინი დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჩოხოსან რაინდთა დასის ამ ინციატივას და ყოველმხრივ გვერდით გვიდგანან. ესენი არიან: სკოლის დირექტორი, ქალბატონი ირმა ქუფარაშვილი, რომელმაც სასკოლო სახლ-მუზეუმისთვის უკვე გამოყო ყველაზე დიდი და ნათელი ოთახი, ისტორიის მასწავლებელი, ქალბატონი ნანა სომხიშვილი; ინჟინერ-მშენებელი ჯოველ უსუფაშვილი; ფილოსოფოსი თეიმურაზ ბალარჯიშვილი, რომელმაც, როგორც ცნობილია, ელბერტ ბატიაშვილთან ერთად, მიუხედავად უმძიმესი იდეოლოგიური წნეხისა, მაინც შეძლო 1994 წელს რუსეთის შორეული ქ. ვიატკიდან სოლომონ დოდაშვილის ნეშტის ჩამოსვენება…

სოლომონ დოდაშვილი უდავოდ დიდი მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. გლეხის წრიდან გამოსულმა მღვდლის შვილმა სულ 31 წელი იცოცხლა და პეტერბურგის ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხვიდან (19 წლის) ციმბირში გადასახლებამდე (27 წლის) დროის მონაკვეთში მოასწრო რაოდენობრივად და ხარისხობრივად შეუფასებელი, წარმოუდგენლად დიდი მოცულობის საქვეყნო საქმეების გაკეთება:

1. როგორც პირველმა ქართველმა კანტიანელმა, დაიწყო თავისი ფილოსოფიური მოძღვრების დამუშავება;

2. 22 წლის (!) სოლომონ დოდაშვილის სადიპლომო დამუშევარი «ლოგიკა» დაიბეჭდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბჭოს დადგენილებით და, როგორც სახელმძღვანელოს, სრულიად რუსეთის მასშტაბით დიდი წარმატება და აღიარება ხვდა;

3. მეცნიერებაში მის უდავო აღიარებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მისი გადასახლებისა და გარდაცვალების შემდეგაც კი ფიგურირებს 1840 წელს «ფილოსოფიის ისტორიის» IV ტომში, 1890 წ. იუბერვეგ-ჰაინცეს «ახალი დროის ფილოსოფიაში», 1904 წელს ე. რადლოვის «ფილოსოფიურ ლექსიკონში»;

4. იგი პირველი ქართველია, რომელიც მეცნიერული ნაშრომისთვის ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაში იქნა შეყვანილი (მართლაც, როგორი ნიჭიერი უნდა ყოფილიყო იგი, რომ იმჟამინდელ რუსეთში, 22 წლის «უპატრონოს, ღარიბსა და უგვაროს» ასეთი სიმაღლეები დაეძლია);

5. 1827-1832 წლებში:

* იგი თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში ასწავლის ლოგიკას, რიტორიკას, ქართულ სიტყვიერებას, გეოგრაფიას;

* წერს სახელმძღვანელოებს, ადგენს ლექსიკონს, აქვეყნებს საჟურნალო სტატიებს, ფილოსოფიურ შრომებს: «ლოგიკა», «ლოგიკის მეთოდოლოგია» და «რიტორიკა»;

* მთელი თაობა აღიზარდა სოლომონ დოდაშვილის მიერ შედგენილ და 1831 წელს გამოცემულ «შემოკლებულ ქართულ გრამატიკაზე», ხოლო მისი «მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა, ანუ სიტყვიერებისა» ძველი ქართული ლიტერატურის პერიოდიზაციის პირველი ცდაა;

* მუშაობდა საგამომცემლო კომიტეტში და ხელმძღვანელობდა «ტფილისის უწყებანის» ქართულ ენაზე გამოცემას. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ქართული ჟურნალი «სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი», რომელიც მიზნად ისახავდა, მიღწევადი ლეგალურობის ფარგლებში, აჯანყების წინ საზოგადოებრივი აზრის შემზადებას;

6. სოლომონ დოდაშვილი ღირსეული წინამორბედია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იმ თაობისა, რომელსაც სათავეში ილია ჭავჭავაძე ედგა. ამის დასტურია ილიას ცნობილი სიტყვები 1876 წელს გაზეთ «დროების» ათ წლისთავზე»… დროშა კი მემკვიდრეობით გვაქვს გადმოცემული განსვენებულის დოდაევისგან…»;

7. სოლომონ დოდაშვილი 1830-1832 წლებში ალექსანდრე ორბელიანსა და ელიზბარ ერისთავთან ერთად ხელმძღვანელობდა შეთქმულთა ფარულ ორგანიზაციას. შეთქმულთა ჰიმნის როლს ასრულებდა ს. დოდაშვილის ლექსი «მაისი», ფარული საზოგადოების გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა კუთხეში უნდა გავრცელებულიყო სოლომონ დოდაშვილის მიერ დაწერილი პროკლამაცია;

8. სოლომონ დოდაშვილი 185 წლის წინათ უჭერდა მხარს საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილების კონსტიტუციურ და რესპუბლიკურ საწყისებზე აგებას. მან ბევრად გაუსწრო თავის თანამედროვეებს პოლიტიკურ აზროვნებაში. მისი შეხედულებები ევროპის მოწინავე პროგრესულ-დემოკრატიულ იდეებს ეფუძნებოდა.

სოლომონ დოდაშვილი სრულიად ახალგაზრდა, 31 წლისა დაიღუპა რუსული კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში. ცნობილი რუსი რევოლუციონერ-დემოკრატი ა. გერცენი იგონებდა: ს. დოდაშვილმა «ვერ აიტანა მკაცრი ჰავა და საშინელ ჭლექში ჩავარდა, მე ის ვინახულე სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, მას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ჰქონდა…». სოლომონ დოდაშვილს საშუალება არ მიეცა, ბოლომდე გამოევლინა თავისი ნიჭი და შემოქმედებითი პოტენციალი.

სამწუხაროა, რომ სოლომონ დოდაშვილი არ არის დაფასებული ისე, როგორც იმსახურებს. ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი ძალისხმევას არ იშურებს ამ დიდი მოღვაწის ღვაწლის დასაფასებლად და ქართულ საზოგადოებაში მისი სახელის სათანადოდ წარმოსაჩენად.

ჰენრი კუპრაშვილი,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი,

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here