Home რუბრიკები პოლიტიკა მეთხუთმეტე კაცები

მეთხუთმეტე კაცები

517

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა სერიოზული სკანდალი გადაფარა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის _ ლაშა აბაშიძისა და მისი ორი მოადგილის, ასევე პრეზიდენტის მრჩევლის _ ვანო მაჭავარიანის გადადგომა ისე, რომ საზოგადოებას სერიოზული კომენტარი არ აღირსეს, თვით პრეზიდენტი კი პრესას დაემალა, უთუოდ იქცევს ყურადღებას. აქვე უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე აბაშიძე კვლავაც ადმინისტრაციის უფროსია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გადადგომა დაადასტურა პრეზიდენტის პრესსამსახურმა (თვითონ აბაშიძემაც _ სატელევიზო კომენტარით) და ოფიციალური დოკუმენტიც გამოქვეყნდა.


«რა უქნა ვანოს», ანუ საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ ვანო მაჭავარიანის პერსონამ ყურადღება იმით მიიქცია, რომ იგი «ნაცმოძრაობის» საყოველთაოდ ცნობილი სახის _ მიხეილ მაჭავარიანის ძმაა. მასთან დაკავშირებით პირველი სკანდალი ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ააგორა, როცა უკმაყოფილება არ დამალა ამ «ძმით ძლიერი ძმის» მიმართ პრეზიდენტის ასეთი მაღალი ნდობის გამო. თუმცა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა «პატრონის» შენიშვნა ყურად არ იღო. მას შემდეგ ყველა იმის მოლოდინში იყო, რა მოხდებოდა პრეზიდენტის კარზე ისეთი, რაც მარგველაშვილს აიძულებდა, «უფროსს» დამორჩილებოდა. ბუნებრივია, მაჭავარიანის მაშინვე გათავისუფლება პრეზიდენტის ნულოვან იმიჯს მინუსებში გადაიყვანდა და, მართალი რომ ითქვას, ყოფილი პრემიერის «გულწრფელობა» სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას სერიოზულ ზიანს აყენებს.

ეს დროც დადგა და პრეზიდენტ მარგველაშვილის კიევში ვიზიტს და იქ ვიცეპრეზიდენტ ბაიდენთან რამდენიმეწუთიან შეხვედრას სერიოზული განხეთქილება მოჰყვა ავლაბრის სასახლის კარზე. აბაშიძე-მაჭავარიანის დაპირისპირებამ ავლაბრიდან პრეზიდენტის «დუშეთის რანჩოზე» გადაინაცვლა და მარგველაშვილმა «მის ხელში გაზრდილი» ყოფილი ცოლის ძმის ულტიმატუმს იმით უპასუხა, რომ აბაშიძეც გაუშვა მოადგილეებიანად და მაჭავარიანიც ზედ მიაყოლა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიევში ახლადარჩეული პრეზიდენტის _ პეტრე პოროშენკოს ინაუგურაციაზე იმყოფებოდა და ასევე სტუმრად მყოფ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენთან რამდენიმე წუთით ისაუბრა. ხელისუფლებამ ეს შეხვედრა ისე წარმოაჩინა, თითქოს ერთმანეთს დიდ სახელმწიფოებრივ და მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებზე ესაუბრნენ სტრატეგიული პარტნიორები(!).

სინამდვილეში კი ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ასეთ შეხვედრებს ორგანიზებას უწევენ სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკები და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იქვე ასინეთასავით აყურადებდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, უკვე გადაჭრით შეიძლება თქმა, რომ სწორედ ამ «ხულიგანკას» (გაიხსენეთ მისი სკაბრეზული სატელეფონო დიალოგი უკრაინაში აშშ-ის ელჩთან) «ჩაწყობილი» იყო. ბაიდენი კი, ისევე, როგორც ამერიკელ ხელისუფალთა აბსოლუტური უმრავლესობა სტრატეგიულ ყმებთან ურთიერთობისას, ხაზგასმით გვიჩვენებდა თავის უპირატესობას ამ «მეთხუთმეტე კაცთან» საქართველოდან.

დღეს საქართველოს ნულანდიაც შეიძლება ვუწოდოთ და ნორლანდიაც, იმდენად გავლენიანია ვიქტორიაც და ელჩი რიჩარდიც. ამდენად, მარგველაშვილის ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზება მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. მთავარი იყო შეხვედრა, თორემ იმას ვიღა მიაქცევდა ყურადღებას, რომ ასე ცხენებივით (უკაცრავად!) ფეხზე მდგარნი ისაუბრებდნენ რამდენიმე წუთით. ამას კიდევ რა უშავს, პრეზიდენტი სააკაშვილი საერთოდ ტუალეტებთან უსაფრდებოდა პრეზიდენტ ობამას, ოღონდ მასთან ერთად სურათი გადაეღო.

მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოჰყვა ბაიდენ-მარგველაშვილის ამ «უმნიშვნელოვანეს» შეხვედრას. სინამდვილის გარკვევა ყველამ სცადა. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ასეთი ღონისძიებების სპეციფიკაში და პროტოკოლის ანა-ბანაში, დამეთანხმება, რომ სახელდახელოდ გამართული შეხვედრებიც კი ასეთი დონეზე უკვე სულ სხვა შეფერილობას იძენს. ბაიდენისთვის დიდი არაფერია, საქართველოს პრეზიდენტს დამჯდარი დაელაპარაკება თუ ამდგარი, მარგველაშვილისა და ამ შეხვედრის მომწყობებისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი თვით დიდმა ბიძია ჯომ იკადრა (აფსუს, კიევში არ იყო პრეზიდენტი ობამა, თორემ ხომ შეივლიდა «შემთხვევით» იმ ოთახში, სადაც ეს ფრიად სერიოზული შეხვედრა იმართებოდა).

რასაკვირველია, ამ შეხვედრას საერთაშორისო მნიშვნელობა საერთოდ არ ჰქონია, საშინაო მოხმარებისთვის კი კარგი მასალაა. მაგრამ ამ მასალის საზოგადოებისთვის შეთავაზებისას საგულდაგულოდ მალავენ იმ წინაპირობებს, რომლებმაც უზრუნველყო ბაიდენ-მარგველაშვილის დაუგეგმავი საუბარი. სინამდვილეში ნულანდიც და (მისი მეშვეობით) ბაიდენიც სწორედ სააკაშვილის ლობისტებმა დაარწმუნეს, რომ აუცილებლად გამოენახა რამდენიმე წუთი პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის, რადგან…

დიახ, ეს «რადგან» არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში პოლიტიკური თამაში ახალ ფაზაში შედის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ფიგურების გადანაცვლება დაიწყება. ამ დროს პრეზიდენტ მაგველაშვილის პერსონა უმნიშვნელოვანეს როლს შეიძენს, მიუხედავად მისი კონსტიტუციური შეზღუდვებისა; მას შეუძლია, კანონებს ვეტო დაადოს და მერე პარლამენტს ამ ვეტოს დასაძლევად ქვორუმი არ ეყოფა… «სრულიად შემთხვევით». «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერებისთვის კი კრიზისის გამოწვევა და პრეზიდენტის თანამოაზრეობა გადარჩენის ერთადერთი გზაა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მათი პარტია თვითლიკვიდაციის რეჟიმში გადავა. ასე რომ, ამ ერთი შეხედვითაც კი კომიკურმა ფიგურამ, შესაძლოა, სერიოზული საფრთხეები შეუქმნას მმართველ პარტიას (იგულისხმება პარტია «ქართული ოცნება») და ამ პარტიის თავმჯდომარე პრემიერმინისტრს.

საქართველოს პრემიერის თავდაჯერებულობა (ზოგიერთი «თავგასულობასაც» რომ უწოდებს), შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს დღევანდელ მმართველ ძალას, რადგან, თუ მარგველაშვილი დახვეწილი არამზადების _ «ნაციონალების», ანუ მისი სიყრმის მეგობრების წამოწყებულ თამაშში ჩაერთო, მაშინ პროცესები იმაზე უფრო მეტად გართულდება, ვიდრე «მეოცნებეებს» წარმოუდგენიათ.

მარგველაშვილი არც ისეთი ბუნჩულა და პლასტელინი აღმოჩნდა, როგორც თავს გვაჩვენებდა. იგი არ მორიდებია იმის საჯაროდ განცხადებას, რომ საზოგადოებაში საყოველთაო კეთროვნებად აღქმული რამდენიმე ოდიოზური ფიგურა მისი ახლო მეგობარია, იგი არ მორიდებია ცნობილი ნაციონალის _ მიხეილ მაჭავარიანის ძმის _ ვანოს საგარეო საკითხებში მრჩევლად დანიშვნას და მის პრეზიდენტად დამნიშნავ ბიძინა ივანიშვილს თუ ამომრჩეველს «ნაციონალების» მიერ ქართველთა სისხლში ამოსვრილი ხელთათმანიც ესროლა. ასე რომ, სიურპრიზებს მომავალშიც უნდა ველოდოთ.

მთავარი სიურპრიზი კი ის იქნება, რომ, როგორც ბაიდენთან შეხვედრა მოუგვარეს პრეზიდენტ მაგველაშვილს, ისე მომავალშიც არაერთ შეხვედრას მოუწყობენ «ნაციონალური მოძრაობის» ლობისტები, რადგან მათი ლიდერები ამ თვალსაზრისით კიდევ კარგა ხანს ვერ შეძლებენ ქართველი ხალხის გულის მოგებას. ამიტომ «ნაციონალებს» ახლა ჰაერივით სჭირებათ ეს პლასტელინის კაცი და მისი, თქვენ წარმოიდგინეთ, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის «კუთხეში» «მიგდებაც» არ გაუჭირდებათ. იქ რა ფორმას მიიღებს, ამას მხოლოდ გამოსვლის შემდეგ დავინახავთ. მერე კი… მერე უკვე დატრიალდებიან მარიფათიანი ბიჭები და იმდენ და ისეთ პრობლემას შეუქმნიან თავდაჯერებულ პრემიერს და მის მთავრობას, რომ მალე, შესაძლოა, სრულიად ახალი სახეები ვიხილოთ სახელმწიფო კანცელარიის მრგვალი მაგიდის გარშემო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი დღევანდელი მინისტრი კვლავაც იქ იჯდება, ზოგიერთი კი სამუდამოდ გამოეთხოვება სახელისუფლო კომფორტსა და თბილ სავარძელს.

თეთრ სახლში შეხვედრა ვახსენე და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა და ათეულობით მილიონის დახარჯვისა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრეზიდენტ ობამასთან «მეთხუთმეტე კაცად» შესვლაც კი ვერ მოახერხა და მათი 15-წუთიანი საუბარიც მხოლოდ იმისთვის დასჭირდათ ვაშინგტონში, რომ საქართველოს თანხმობა მიეცა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. მაგრამ ახლა რეგიონში სხვა ვითარებაა და ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ მისი ფავორიტები და სანდო პარტნიორები უძღვებოდნენ ქვეყანას, რომლის ამ მდგომარეობამდე მიყვანაშიც დიდი რესურსები დახარჯეს.

ბაიდენ-მარგელაშვილის შეხვედრის მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ აშშ 5 მილიონით დაეხმარება საქართველოს. ამ 5 მილიონიდან კი გარკვეული ნაწილი მოხმარდება… დიახ, ამ ფულით აშშ «დაეხმარება იუსტიციის სამინისტროს, ჩამოაყალიბოს ინსპექცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება, აწარმოოს მონიტორინგი საქართველოს ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელებისა და სათანადოდ შესრულების, ევროკავშირთან საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების აღსრულებაზე».

ვაშინგტონში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, არ დავიწყებიათ იუსტიციის სამინისტროს საგანგებო ინსპექციის ჩამოყალიბების აუცილებლობაც. და ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას და როგორ გააკონტროლებენ «წულუკიანის ცერბერები». თუკი სხვაგან «ზნეობის პოლიციებს» ქმნიან, ჩვენთან შეიქმნება «უზნეოთა დაცვის  ინსპექცია» და მერე დაპატიმრების შიშით თითოეული ქართველი განსაკუთრებული მოწიწებითა და ხაზგასმული პატივისცემით მოეპყრობა ამ «ჯოჯოხეთიდან «პერერივზე» გამოპარულებს».

მოკლედ, ბაიდენ-მარგველაშვილის შეხვედრის ორგანიზაციულმა ნაწილმა, ცოტა კი არა, გვარიანად შეაფუცხუნა არამხოლოდ მმართველი პარტია, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძეც. შეხვედრის ორგანიზებაში სააკაშვილის ლობისტებს პარტნიორობას სწორედ პრეზიდენტის აწ უკვე ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი უწევდა, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი «ტყემალზე შესვეს» და ფაქტის წინაშე დააყენეს, რამაც მას გონივრული ეჭვი აღუძრა, რომ მაჭავარიანი გავლენის გაფართოებას ცდილობდა და აბაშიძის ამბიციები სასახლის კედლებს ვერ გასცდებოდა. ამ შიდადაპირისპირებაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ, თუკი ყველაფერი «ნაცების» დაგეგმილი სცენარით განვითარდა, მალე მომსწრენი გავხდებით სერიოზული სახელისუფლო დაპირისპირებისა, რომელშიც დღევანდელ მმართველთაგან ვერავინ გაიმარჯვებს და ჩვენ მორცხვად გავუსწორებთ თვალს უახლოეს წარსულს, რომელიც ჯერაც მწარედ გვახსოვს.

ბონდო მძინარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here