Home რუბრიკები სამართალი რა ახალ ბრალდებებს უყენებს იური ვაზაგაშვილი შს მინისტრ ჭიკაიძეს?

რა ახალ ბრალდებებს უყენებს იური ვაზაგაშვილი შს მინისტრ ჭიკაიძეს?

911

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი მისი შვილის მკვლელების მფარველობაში შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს ადანაშაულებს. რამდენიმე თვის წინათ შს მინისტრმა ,,საქართველო და მსოფლიოს» ექსკლუზიურ ინტერვიუში პირობა მისცა, რომ, თუ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში გამოიკვეთებოდა ქალაქის პოლიციის უფროს გიორგი დალაქიშვილისა და მისი მოადგილე ოთარ მირზოევის დანაშაული, ისინი აუცილებლად დაისჯებოდნენ. 


როგორც ჩანს, პირობა პირობად დარჩა ან ეს ნაცებისდროინდელი პოლიციელები, ახლა უკვე ჭიკაიძის კადრები, ცამდე მართლები არიან და რა დანაშაულის გამოკვეთასა და დასჯაზეა საუბარი; ანდა დალაქიშვილის მხრიდან ჭიკაიძის შანტაჟს ხომ არ აქვს ადგილი? თუმცა ვინ იცის, რა არის მინისტრის გულგრილობის მიზეზი, ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ: ეს მუნდირის ღირსების დაცვა ხომ არ არის ან ის, რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არასოდეს დახევს?! რა ეტაპზეა ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება და მონაწილეობდა თუ არა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე სიმონ მაჩაიძე ვაზაგაშვილის მკვლელობაში? _ ამ თემაზე იური ვაზაგაშვილი გვესაუბრება:

_ ადრეც მოგახსენეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასევე შევახსენებ ბატონ ჭიკაიძეს, რომ მე მას წარვუდგინე მტკიცებულებები, რომლებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ქალაქის პოლიციის უფროსი გიორგი დალაქიშვილი სპეცოპერაციისას ჩემი შვილის მანქანიდან არა 150, არამედ 2 მეტრის დაშორებით იდგა. ისიც მშვენივრად იცის ჭიკაიძემ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ დალაქიშვილმა, რაზმაძემ, ბეროძემ და ცააძემ აუტეხეს ჩემი შვილის მანქანას სროლა, სწორედ მათ გახსნეს ცეცხლი. ამის თვითმხილველები არსებობენ, ჩვენებებშიც უწერიათ ეს. ამ ყველაფრის შემდეგ რომ იტყვის ჭიკაიძე, თუ გამოიკვეთება მათი დანაშაული, დაისჯებიან და არ ვმფარველობ მკვლელებსო, 8 წლის ბავშვიც კი მიხვდება, რომ მინისტრი იტყუება და მფარველობს დამნაშავეებს, უშუალოდ კი _ გიორგი დალაქიშვილს. ნებისმიერ ქვეყანაში, თუ მაღალი თანამდებობის პირები სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ, გამოძიების დასრულებამდე დროებით თავისუფლდებიან თანამდებობიდან; დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში კი _ პასუხის აგებენ. ჩვენთან რა ხდება? სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, გამოძიება არ დასრულებულა და ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ქალაქის პოლიციის უფროსია. როცა ქალაქის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე გყავს დამნაშავე, უშუალოდ მკვლელი, ეს არის მესიჯის გაგზავნა თვითმხილველებისთვის, ყოფილი და მოქმედი პოლიციელებისთვის: «არ გაბედოთ დალაქიშვილის დადანაშაულება!» რაც შეეხება ოთარ მირზოევს, ის დალაქიშვილის მოადგილე აღარ არის, სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს, ხოლო მის ადგილზე ჩემი შვილის მკვლელობის კიდევ ერთი თანამონაწილე _ ნიკა სამარღანაშვილი დანიშნეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შსს სავსეა მერაბიშვილის კადრებით _ ზონდერებითა და მკვლელებით! ამ ყველაფრის შემდეგ რაღაზე უნდა ველაპარაკო ამ კაცს?

საკითხავია, თვითონ ჭიკაიძე რას საქმიანობდა იმ წლებში. 26 მაისის დარბევაში არ ვმონაწილეობდიო,_ განაცხადა, თუმცა ჩვენ სხვა ინფორმაცია გვაქვს. დიახ, უამრავი ინფორმაცია მაქვს და უახლოეს მომავალში ისეთ ადამიანს მოვიყვან და გავაკეთებინებ განცხადებას, რომელსაც 2012 წლის არჩევნების დროს პირადად ჭიკაიძემ სცემა, ხელი მოტეხა.

_ სად და რატომ სცემა, ვინ არის ეს ადამიანი?

_ მას მალე გაიცნობს საზოგადოება. ვურჩევ ჭიკაიძესა და ჩვენს მოყვანილ ხელისუფლებას, გონს მოეგონ, თორემ ხალხი განაწყენებულია და მერე გვიან იქნება. ხომ ხედავთ, ამ გაუბედურებულმა და ღირსებაშელახულმა ხალხმა თვითონ დაიწყო სამართლიანობის აღდგენა, მალე ლინჩის წესზე გადავა და ეს უშუალოდ ამ ხელისუფლების ბრალი იქნება. ტექნიკურად გვიბიძგებენ ამისკენ.

ჩვენ ხომ არ გავყვირით, რატომ არ გუგუნებს ქარხნები, რატომ არ ყვავის სოფლის მეურნეობა და ეკონომიკაო, გვესმის, ამას დრო სჭირდება, მაგრამ ამდენი ხანი, წელიწადი და 8 თვე, არ სჭირდებოდა სამართლიანობის აღდგენას. ეს მკვლელები, ზონდერები და დამნაშავე პროკურორები რომ უნდა გაათავისუფლო სამსახურებიდან, ამას წელიწადი და 8 თვე რად უნდა, ხალხო? სირცხვილია, რას უკეთებთ ამ გატყავებულ ქვეყანას?

ჩვენ ახლა ჩავატარებინებთ არჩევნებს, რომ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა არ გამოგვივიდეს, «ნაცმოძრაობის» ნარჩენებს ვგულისხმობ (ნარჩენებს კი ვეძახით, მაგრამ, მგონი, ეგენი მართავენ დღეს ქვეყანას) და არჩევნებიდან ზუსტად ორ კვირას ვადროვებთ _ ან მოეგებიან გონს, ან საიდანაც მოვაბრძანეთ ისევ იქ მივაბრძანებთ, სხვა გამოსავალი არ არის.

_ და მაინც, რატომ მფარველობს შს მინისტრი დალაქიშვილს? ითქვა, ამ ადამიანმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნაცრეჟიმის საწინააღმდეგო ბევრი ინფორმაცია გასცაო, თქვენ თუ გსმენიათ რამე ამის თაობაზე?

_ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, რადგან კიდევ მჭირდება რაღაც მტკიცებულებები. ბევრი რამ დავადგინეთ და მალე გაგაცნობთ დამატებით მტკიცებულებებსაც.

სად არიან ის პროკურორები, პოლიციელები და მოსამართლეები 200 პოლიტპატიმარი რომ დაიჭირეს? პროკურატურა სავსეა ამ პროკურორებით. ემზარ კვიციანს ბრალი წაუყენა თენგის ხარებავამ და დღეს, როცა ემზარ კვიციანი დაბრუნდა სიმართლის დასამტკიცებლად, ისევ თენგიზ ხარებავაა მისი პროკურორი. ვინმეს თუ სმენია, რომ პროკურორს თავისი თავისთვის წაეყენებინოს ბრალდება? არა, რა თქმა უნდა. აი, ამიტომ არ მიდის ეს საქმეები წინ. იგივე არ ხდებოდა მერაბიშვილის დროს? ამიტომ ვკითხე ჭიკაიძეს, რა სხვაობაა, ბატონო ალექსანდრე, თქვენსა და ვანო მერაბიშვილს შორის, ისიც მკვლელებს აწინაურებდა, შენც აწინაურებ-მეთქი. ვერ მიპასუხა. ვიმეორებ, არჩევნებიდან ათ დღეში თუ არ დაიწყეს საქმეების გამოძიება, ხალხი ვეღარ მოითმენს, ურჩევნიათ, გონს მოეგონ.

_ მოეგებიან კი? თქვენი შვილის მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე ქალაქის პოლიციის უფროსია, მეორე _ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მაღალ თანამდებობაზე. ჭიკაიძის გარდა, როგორც ჩანს, მთავრობის არაერთი წევრი აფარებს ნაცზონდერებს ხელს, ალბათ, «საჭირო ხალხია»…

_ სიმართლე გითხრათ, მე მხოლოდ ღარიბაშვილის იმედი მაქვს. როგორც ჩანს, აქ ასეთ რამესთან გვაქვს საქმე _ ღარიბაშვილი ერთი წელი შს მინისტრი იყო და ჰყავდა იქ ეს ხალხი, რადგან შსს-ს მართვა მისთვის ადვილი არ იყო, მისთვის უცხო იყო ეს სტრუქტურა. ახლა ჭიკაიძემ რომ დაიწყოს ამ ადამიანების გამოყრა, პოლიტიკურად უკვე ღარიბაშვილისთვისაა კრახი. ალბათ, ეს არის მიზეზი, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, ჩვენ რა ვქნათ? ჭიკაიძის დანიშვნა შს მინისტრად დიდი შეცდომა იყო! ჩვენ კარგად ვიცით, ვინ წარუდგინა მისი კანდიდატურა ღარიბაშვილს და ვინ შეიყვანა ის შეცდომაში. ჯერჯერობით თავს შევიკავებ იმ ადამიანის გვარის დასახელებისგან. ამ სასჯელაღსრულების სისტემაში რაღა მოხდა, ყველა დამნაშავე იქ როგორ არის მოკალათებული?! რა, თაფლის სკაა და ფუტკარი შეესია? ჯაბა რომ ჰყავთ იქ, მაღლაფერიძე, ეს არ არის შეცდომა? სიმონიკა მაჩაიძე, რომ ჰყავთ იქ, ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილე, ეს არ არის დანაშაული? და ამხელა პრემიებს რომ იწერენ ეს მკვლელები და ბიუჯეტის ფული რომ ჩაიდეს ჯიბეში, ეს არ არის სირცხვილი? ამაზე არ უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა? კბილაშვილი, მწარიაშვილი და ნაცვლიშვილი მთელი ერთი წლის განმავლობაში რომ მფარველობდნენ დამნაშავეებს, არ უნდა ეგოთ პასუხი? სასჯელაღსრულების სამინისტრო ნაცზონდერების თავშესაფარი გახდა. შეხედეთ ამ ფოტოს, ხედავთ, ჩემი შვილის მანქანასთან ვინ დგას? _ სიმონიკა მაჩაიძე, ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილე. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ დაჰკითხეს სიმონიკა მაჩაიძე, რატომ აფარებენ ხელს? მისი ჩვენება არ დევს საქმეში და არა მარტო მისი; ზოგს საერთოდ არ ახსენებენ, ვითომ არც ყოფილან იქ. ასევე ძალიან მაინტერესებს, გენერალ ლევან გვაზავას, რომელიც ყველა დანაშაულში მხილებულია, ვინღა მფარველობს დღევანდელ ხელისუფლებაში. ჩემი შვილის მკვლელობა მისი და ირაკლი ფირცხალავას დაგეგმილია, რომელიც უშუალოდ იქ იყო.

მოვუწოდებ ჭიკაიძეს, სასწრაფოდ გადადგეს, ნებით დატოვოს თანამდებობა! სირცხვილია, ჭიკაიძე რომ არის საქართველოს შს მინისტრი. ეს 28 წლის გამოუცდელი ყმაწვილი ამხელა სამინისტროს ხელმძღვანელობს, როცა მისი წარსული თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კარგად იცის. მალე დაიწყებს ხალხი გამოსვლას ჭიკაიძის წინააღმდეგ და ამხელს მას დანაშაულებში. მოვუწოდებ სოზარ სუბარს, სასწრაფოდ გაათავისუფლოს სიმონიკა მაჩაიძე დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერაფერი გაგვაჩერებს!

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here