Home რუბრიკები პოლიტიკა ორმაგი სტანდარტები და მეორადი სააკაშვილი

ორმაგი სტანდარტები და მეორადი სააკაშვილი

665

«ძაღლიშვილია, მაგრამ _ ჩვენი ძაღლიშვილი» _ ეს გამოთქმა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში, უფრო სწორად კი, მათ ხელდასხმულ სახელმწიფო გადატრიალებებსა და ამ გზით ხელისუფლებაში მოყვანილი მარიონეტების მიმართ აქტუალობას არ კარგავს. ტექნოლოგიები ვითარდება და, თუ ადრე გავლენის ქვეყნებში პრეზიდენტებად პირდაპირ ამერიკიდან გზავნიდნენ ან ცოლებად ამერიკის (ან ჰოლანდიის) მოქალაქეებს უმწესებდნენ (უკრაინის პრეზიდენტ იუშჩენკოს მაგალითი), ახლა  მილიარდერების დანიშვნაა მოდური.

ჩვენს ყოფილ ხელისუფლებას ეს მილიარდები დღესაც უკარგავს მოსვენებას, თითქოს თვითონ მეტი არ გაეზიდოთ ქვეყნიდან! თუმცა ჩვენმა მილიარდერმა მალევე იჯერა თავი პოლიტიკური თამაშებით და «სამოქალაქო სექტორს» მიაშურა, უკრაინაში კი ახლახან ახალი მილიარდერი პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს, ინაუგურაცია გამართეს და მას მრჩევლად, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი მილიარდერის დაუძინებელი მტერისააკაშვილი მიამაგრეს! როგორც ჩანს, იგი რუსეთის «დამარცხებაში» ჩაუტარებს გაკვეთილებს უკრაინელ კოლეგას და, საქართველოს მსგავსად, ტერიტორიების 20%-საც დააკარგვინებს!

ქვეყანაში, სადაც იანუკოვიჩს ნასამართლობა არ აპატიეს, პრეზიდენტად იუშჩენკოს ნათელმირონი და მამით საბჭოთა «ცეხავიკი» უდრტვინველად მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ის მამა _ ალექსეი ვალცმანი (პოროშენკო დღევანდელი პრეზიდენტის დედის გვარია, რომელზეც მოგვიანებით მამაც გადაეწერა) ერთი დუჟინი მუხლებით იყო ნასამართლევი და 1986 წელს კომპარტიის რიგებიდან გარიცხული. მიწერები, დატაცება, გაფლანგვა, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, იარაღის ტარება და სხვა ბრალდებები მას ქონების კონფისკაციის ფასად დაუჯდა, მაგრამ ის ქვეყანა ამოტრიალდა, პოლიტიკაში მოსულმა შვილმა მას იუშჩენკოს პრეზიდენტობისას, 2009 წელს, უკრაინის გმირის წოდება უყიდა და ასე დაუამა წარსულის უსამართლობით მიყენებული ტკივილები.

უკრაინული მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობა სწორედ პოროშენკომ დაუკვეთა, ამით კუჩმას ხელისუფლების დესტაბილიზაცია რომ გამოეწვია. გინდათ თუ არა, აქ კიდევ ერთი ქართული პარალელი გაგახსენდებათ _ გიორგი სანაიას მკვლელობა და მისი გამოყენების მცდელობა დესტაბილიზაციის გამოსაწვევად. პარალელი სხვაც ბევრია _ ბადრი პატარკაციშვილით და მისი მედია-ჰოლდინგით დაწყებული, ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხითა და «ინფო 9»-ით დამთავრებული. საბედნიეროდ, ფინალი ამ ორ მილიარდერს სხვადასხვა აქვთ, თუმცა «მრჩეველ» სააკაშვილს ოკენის გაღმა არავინ ჰკითხა, როგორ მოახერხა მან კონკურენტი პატარკაციშვილის გზიდან ჩამოცილება და მისი ქონების დაპატრონება.

სხვათა შორის, ამ კვანძს კიდევ ერთი პერსონა აერთიანებდა _ ბორის ბერეზოვსკი, რომელთანაც პოროშენკოსაც ერთობ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. სიტყვამ მოიტანა და, ბერეზოვსკის გარდაცვალებაც ისეთივე ბურუსით არის მოცული, როგორც პატარკაციშვილისა და მათი კიდევ ერთი მეგობრის _ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა.

პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ პოროშენკომ მთელი თავისი ბიზნესიმპერია მამასუკრაინის გმირ ალექსეი ვალცმანს «გადააბარა». მისი კონცერნის _ «უკრმრეწვინვესტის» შემადგენლობაში შედიოდა შვილობილი კომპანია «უკრმრეწვინვესტ _ კონდიტერი», კიევის . მარქსის სახელობის საკონდიტრო ფაბრიკა (24,9%), ვინიცის საკონდიტრო ფაბრიკა, ანალოგიური ფაბრიკები კრემენჩუგსა და მარიუპოლში (49%), შპს «უკრმრეწვინვესტავტო» – «უაზის» და «გაზის» მარკის ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორი, უკრაინაში «იჟ»-ის და «ზილის» უმსხვილესი შემტანი, «კიას» და «ჰიუნდაის» (კორეა), «ისუძუს» და «სუბარუს» (იაპონია), «სააბის» (შვედეთი), იაპონური «იამაჰას» და «კავასაკის» სკუტერებისა და მოტოციკლების ოფიციალური იმპორტიორი. წერტილი დავსვი, მაგარამ ეს ყველაფერი როდია: პოროშენკოსვე ეკუთვნის «უკრაინის სათადარიგო ნაწილები» (ყველა დეტალი და მაკომპლექტებელი ყველაფრისთვის, რაც მოძრაობს), სავაჭრო სახლი «ისტა» (აკუმულატორების წარმოება), ჩერკასკის ავტოსარემონტო ქარხანა _ სწორედ ის, რომლის გამოშვებული ავტობუსი «ბოგდანებითაც» აავსო თბილისი სააკაშვილმა, ლუცკის საავტომობილო ქარხანალუაზის», «უაზის» და «ვაზის» მწარმოებელი), საზღვაოსამდინარო ხომალდების წარმოება «ლენინური სამჭედლო», «სატრანსპორტოსაექსპედიციო წარმოების» ფილიალი (სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვები უკრაინაში, დსთ ქვეყნებში, ბალტიისპირეთში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში), კომპანია «ავტოექსპო», კიევის ტაქსოპარკი, შაქრის სამი ქარხანა, ლიპეცკის საკონდიტრო ფაბრიკა «ლიკონფი» (რუსეთი).

პოროშენკოს, აგრეთვე, ეკუთვნის ტელეკომპანია «მე-5 არხი», რადიო «ნიკო-ეფ -ემი» და გაზეთი «უკრაინის სიმართლე» (ან «უკრაინის პრავდა» – ვის როგორ მოეწონება). მართალია, პოროშენკო ირწმუნება, რომ პოლიტიკაში ყოფნის დროს მისი შემოსავლები ეცემოდა, მაგრამ მამამისის «მიწერებისადმი» მიდრეკილებას თუ გავითვალისწინებთ, მიწერა აქეთაც შეიძლება და იქითაც! ასეა თუ ისე, პოროშენკოს ქონება დღეს 1,5 მილიარდად არის შეფასებული.

არა, ერთი ძველი ანეკდოტისა არ იყოს, «ჩვენი მაინც ყველასა სჯობს»! ივანიშვილს, უკრაინის პრეზიდენტისგან განსხვავებით, 7 მილიარდის აქტივები აქვს და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მედიისგან «ხელი დაიცალა», პოროშენკომ კი იმხელა უკრაინაში «სულ რაღაც» მილიარდ-ნახევარი იშოვა და მედიააქტივების გაყიდვის დაპირებას დებს, ოღონდ ვადებს არ აზუსტებს. ეჰ, პეტრობატონო, თქვენ რომ ქონების ღირებულებად გაქვთ ნაჩვენები, იმდენი ჩვენმა მილიარდერმა მარტო ქველმოქმედებაში დახარჯა და ხალხი მაინც უკმაყოფილოა მისი დანატოვარი ხელისუფლების!

მაინც რა უნდა რჯიდეს ამხელა ბიზნესის მქონე კაცს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების ალში გახვეული ქვეყნის პირველი პირობა უნდოდეს?  უკრაინაში ბოროტი ენები ამბობენ, მთელი უკრაინიდან მარტო კიევი რომ დარჩეს, მაინც ჩაებღაუჭება ძალაუფლებასო.

 სააკაშვილზეც სწორედ ამას ამბობდნენმარტო რუსთაველის პროსპექტის პრეზიდენტიც რომ დარჩეს, მაინც არ გადადგებაო, მაგრამ მოუწია წასვლა და ახლა საკუთარ «გამოცდილებას» ყოფილ თანაკურსელ პოროშენკოს უზიარებს!

მაინც რა ასწავლეს ამ სუბიექტებს ისეთი კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, რომ ასე ჰგვანან ერთმანეთს? სააკაშვილი შევარდნაძის მთავრობის მინისტრი იყო, პოროშენკო – იანუკოვიჩის; ორივე დაუპირისპირდა საკუთარ «პატრონს». იქნებ სწორედ ეს ასწავლესციხის შიგნიდან გატეხვა? ან იქნებ ის, თუ როგორ უნდა დაწერო საკუთარი ქვეყნისთვის კაბალური ხელშეკრულებები? სააკაშვილზე ნუღარ შევჩერდებით, რადგან მისი ნაცოდვილარი ხელშეკრულებების კარგა გვარიანი ნაწილის შინაარსი დღესაც გასაიდუმლოებულია, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის გამოც უკრაინა ცეცხლის ალში გაეხვია და სახელმწიფო გადატრიალება მოიმკო, სწორედ პოროშენკოს სამინისტროს მიერ არის შემუშავებული!

სხვათა შორის, პოროშენკოს «მე-5 არხმა», როგორც თავის დროზე «რუსთავი 2–მა» «ვარდების რევოლუციის» წინ, ლომის წვლილი შეიტანა კიევის მაიდანის საინფორმაციო მხარდაჭერასა და სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებაში. ოღონდ, კიწმარიშვილისგან განსხვავებით, მას ნადავლის განაწილებისას წილი არ მოუთხოვია; უბრალოდ, აცადა დანარჩენებს და შემდეგ ქუჩაში დაგდებული ძალაუფლება აიღო.

პოროშენკომ ინაუგურაციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში სისხლისღვრა უნდა შეწყდეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ უკრაინის არმიას მეორე დღესვე «გრადები» დაეშინა საკუთარი მოსახლეობისთვის. თუმცა ეს რა გასაკვირია, როცა იმავე სიტყვაში პოროშენკომ ხაზგასმით აღნიშნა: «ჩვენი საიმედო მოკავშირეები და მშვიდობის გარანტები არიან არმია, ფლოტი, ეროვნული გვარდია და პროფესიული სპეცსამსახურები»! ეს ყველა ჩამოთვლილი «გარანტი» სწორედაც ისე განაგრძობს მოქმედებას, როგორც აქამდე – ბომბავს დაუმორჩილებელ რეგიონებს!

კიდევ ერთი საყურადღებო განცხადება პოროშენკოსგან: «გამოვიყენებ ჩემს დიპლომატიურ უნარს, რათა უზრუნველვყო ხელმოწერა ხელშეკრულებაზე, რომელიც ბუდაპეშტის მემორანდუმს შეცვლის (ნატოს ბუდაპეშტის სამიტის დოკუმენტი, რომელიც უკრაინას და საქართველოს ნატოში ოდესმე გაწევრიანებას ეხება–თ.დ.). ამ ხელშეკრულებამ უნდა მოგვცეს მშვიდობისა და უსაფრთხოების პირდაპირი და საიმედო გარანტიები _ სამხედრო მხარდაჭერის ჩათვლით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში».

ერთი სიტყვით, პოროშენკო სიტყვასიტყვით იმეორებს სააკაშვილის რიტორიკას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ნატოს სთხოვს! პრინციპში, «მეორადი» სააკაშვილისგან ეს გასაკვირი არ არის; გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ უკრაინამ საქართველოს მაგალითზე ვერაფერი ისწავლა!

სააკაშვილის მმართველობისას ქართული პრესა წერდა, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში ამერიკელი ინსტრუქტორები ისხდნენ და სწორედ მათი შემუშავებული სქემებით მართავდნენ ქვეყანას ნორჩი «კმარელები» და «ნაციონალები». ახლა უკრაინის სახელისუფლებო კულუარებში «ნაციონალური» დესანტია ჩასხმული და «რეფორმების» გამოცდილებას უზიარებს უკრაინელ კოლეგებს.

ამერიკელებმა საკუთარი, სხვა ქვეყნების სამართავად გამოზრდილი კადრები კარგა ხნის წინ ჩანერგეს ამ ქვეყნების ხელისუფლებაში. ისინი მათი ძაღლიშვილები არიან, მათ ინტერესებს ატარებენ და რაკი ეს ინტერესები მხოლოდ სხვის ხარჯზე შეიძლება გატარდეს, ეს «სხვა» _ საკუთარი ხალხი არის ხოლმე. ამიტომაც, შესაშური თანმიმდევრულობით _ ხალხი ღატაკდება, ხოლო ხელისუფალნი მდიდრდებიან! ამიტომ სახელმწიფო იქცევა «ტერიტორიად», რომელზეც გავლენას შეერთებული შტატები განიმტკიცებს. ამიტომ ამ «ტერიტორიაზე» არსებული ნედლეული ამერიკული კორპორაციების ხელში გადადის, ხოლო ინტერესები ბოლომდე რომ იყოს დაცული, მაგალითად, აშშის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი საკუთარ შვილს გზავნის უკრაინაში და ნავთობისა და გაზის მომპოვებელი უმსხვილესი ჰოლდინგის «ბურისმას» დირექტორთა საბჭოში  ასაქმებს! დანარჩენ უკრაინულ მეურნეობას სანდო კაცს _ პოროშენკოს აბარებს და ზურგს კიდევ ერთი ძაღლიშვილით – სააკაშვილით უმაგრებს.

დიახ, ისინი ამერიკელების ძაღლიშვილები არიან და, როგორც სჩვევიათ, ორმაგი სტანდარტებით უდგებიან საპრეზიდენტო არჩევნებს: სირიის პრეზიდენტი მოსახლეობის 88%-მა აირჩია, მაგრამ ის მკვლელი და ტირანია, რადგან ამბოხებულ რეგიონებში არტილერიასა და ავიაციას იყენებს; პოროშენკო დემოკრატი და მშვიდობისმყოფელია, რადგან ამბოხებულ რეგიონებში არტილერიას და ავიაციას იყენებს; სირიაში ამერიკელებმა დახმარება უნდა აღმოუჩინონ ამბოხებულებს; უკრაინაში ამერიკელებმა დახმარება ხელისუფლებას უნდა აღმოუჩინონ ამბოხებულთა წინააღმდეგ; სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია, რადგან ამბოხებულ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს; უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმურია, მიუხედავად იმისა, რომ ამბოხებულ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს!

ერთი სიტყვით, ასეა ეს, ასინეთა, ოღონდ _ პირიქით!

თამარ დავითულიანი

ორმაგი სტანდარტები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here