Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ სჭირდება აშშ-ს ომი

რატომ სჭირდება აშშ-ს ომი

1119

აშშ-ის სპეცსამსახურის აგენტმა სნოუდენმა, რომელსაც რუსეთმა ერთწლიანი თავშესაფარი მისცა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: «ერაყში ომის დამთავრების შემდეგ, მალევე აშშ-ის არმიაში წავედი, მჯეროდა, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, სწორი იყო. მჯეროდა, რომ კეთილშობილურად ვისწრაფოდით, გაგვეთავისუფლებინა ჩაგრული ადამიანები ოკეანის გადაღმა. მაგრამ შემდეგ, როცა ხელი მიმიწვდა ნამდვილ ინფორმაციაზე და არა მასმედიის პროპაგანდაზე, მივხვდი, რომ საზოგადოებრიობის, მათ შორის, მსოფლიო საზოგადოებრიობის, დეზინფორმაციას ვახდენთ, იმისთვის, რათა ჩავნერგოთ ახალი აზროვნება მსოფლიო ცნობიერებაში, მე თავად გავხდი ამის მსხვერპლი».


ამერიკა, _ თქვა მან, _ «ფუნდამენტურად კარგი ქვეყანაა, ღირებულებების ერთგული კარგი ადამიანები გვყავს, მაგრამ მისი (ქვეყანაზე ლაპარაკობს. _ ა.ს.) ხელმძღვანელობის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის მუშაობს».

აი, ამ მასმედიის მიერ შექმნილი დეზინფორმაციული, ე. ი. ყალბი წარმოდგენების გაფანტვის კეთილშობილურ საქმეს ემსახურება ნიკოლაი სტარიკოვის წიგნი «დოლარს ომი გადაარჩენს», რომლის მიმოხილვა «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში დავიწყეთ.

სიტუაციაში გასარკვევად ვთავაზობთ ჩვენს განათლებულ მკითხველებს, თორემ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი, ჩვენი მთავრობა სნოუდენივით აშშ-ის არმიაში რომ ჩაეწეროს და ამ გზით მიიღოს სწორი ინფორმაცია ნაცვლად პროპაგანდისტული ტკბილი კვერისა, რომელიც ასე მოსწონთ ჩვენს ახლებს და მასმედიის საშუალებით დაჟინებით გვთავაზობენ: მიირთვით, გეთაყვაო.

შეგახსენებთ: წინა პუბლიკაციაში ხელოვნურად შექმნილ ფინანსურ კრიზისზე ვსაუბრობდით, XXI საუკუნის კრიზისულ სიტუაციაზე, რომელიც თავისი მასშტაბით გასული ასწლეულის 30-იანი წლების დასაწყისის დიდი დეპრესიის საზღვრებსაც კი გასცდა.

დოლარი წყნარად მიდის

წყნარად და შეუმჩნევლად, მაგრამ _ განუხრელად. წინა პუბლიკაციაში ვთქვით, რომ 7 სამხრეთ-ამერიკულმა სახელმწიფომ მოილაპარაკეს, შემოეღოთ ზენაციონალური ფული _ სუკრე (Sistema Unico de Compensation Regional). ჯერ ლაპარაკია ელექტრონულ ვირტუალურ ვალუტაზე ურთიერთანგარიშსწორებისთვის. ეს იდეა 2008 წლის ნოემბერში მოიწონეს, 2009 წლის აპრილში ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას. რეგიონში ერთიანი სავალუტო ზონა 2010 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. მიზანი სამხრეთ ამერიკის დაცვაა «დოლარის თავსმოხვეული დიქტატურისგან».

ეს ერთი ფაქტია დოლარის მშვიდად და შეუმჩნევლად წაბრძანების.

ტემპი ნელია? კი, ბატონო, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნები ევროს დამკვიდრებისკენ 20 წლის განმავლობაში მიდიოდნენ. დოლარის წასვლა კი საყოველთაო მასშტაბისაა: ევროპა, ლათინური ამერიკა, რუსეთი და მისი უახლოესი გარემოცვა, აზია.

აჩქარებაზე აქ ლაპარაკი ზედმეტია.

ამ თვალსაზრისით ყველაზე უფრო სიმპტომატურია აშშ-ის უახლოესი მოკავშირე ქვეყნების პოზიცია.

ეჭვი არავის ეპარება, რომ აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს შორის იაპონია უპირველესია. იაპონია მარტო იმით კი არ არის გამორჩეული, რომ მის ტერიტორიაზე განთავსებულია აშშ სამხედრო ბაზები რუსეთისა და ჩინეთის სიახლოვეს, არამედ იმითაც, რომ იგი, ჩინეთის შემდეგ, დოლარის მასის უმსხვილესი მომხმარებელია. ამომავალი მზის ქვეყნის ვალუტის (ძირითადად _ დოლარის) მარაგი მხოლოდ ჩინეთისას ჩამორჩება. დოლართან სანიმუშო თანაცხოვრების ხანა 2009 წლის 17 სექტემბერს დამთავრდა, როცა იაპონიის ფინანსთა სამინისტრომ აზიის რეგიონული ვალუტის შესაძლო შექმნის საკითხის განხილვის თაობაზე განცხადება გააკეთა.

ანალიტიკოსების აზრით, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ, მისთვის მოსახერხებელ მომენტში ტოკიოს შეუძლია უარი თქვას დოლარების დაგროვებაზე და დაუბრუნოს ეს მასა შეერთებულ შტატებს, ანუ გაცვალოს აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებზე (ტრეჟერებზე).

ცნობილია, რომ ჩინეთი და იაპონია სხვებზე მეტად სპონსორობენ ამერიკის ეკონომიკას. საოცარი ერთსულოვნება აერთიანებს ამ შემთხვევაში ორ, იდეოლოგიურად ურთიერთდაპირისპირებულ ქვეყანას.

პეკინი პირველი ალაპარაკდა იუანის როლის ამაღლებაზე ჯერ რეგიონული ვალუტის, შემდეგ მსოფლიო ვალუტის სტატუსამდე. «მაგრამ ჩინეთის ხელისუფლების სათავეში კომუნისტები დგანან, ხოლო იაპონიას მართავს ძალები, რომელთაც პროკომუნისტურს ვალერია ნოვოდვორსკაიაც კი ვერ უწოდებს». მაგრამ იაპონელი ბატონები ამბობენ იმავეს, რასაც ჩინელი ამხანაგები.

აზიური ვალუტის შექმნის საკითხს იაპონია განიხილავს, როგორც «საკვანძო საკითხს».

ეჭვი არავის ეპარება, რომ თანამედროვე მსოფლიოში განსხვავებული პოლიტიკური სისტემების მქონე ქვეყნების პოლიტიკური ძალები იწყებენ მოძრაობას ერთსა და იმავე დოლარზე, როგორც მსოფლიო ვალუტაზე, უარის თქმის მიმართულებით. ვაშინგტონის მთავარი მოწინააღმდეგეები ჩინეთი და აშშ-ის მოკავშირე იაპონია ხდება.

დოლარი სულს ღაფავს?

ყოველ შემთხვევაში, _ მიდის. საკითხში ჩახედული სპეციალისტების აზრით, საკითხავი ის კი არ არის, გაუძლებს თუ არა დოლარი, არამედ, როდის და რანაირად მოხდება მისი დემონტაჟი.

თუ ერთბაშად ჩამოინგრევა დოლარის ცათამბჯენი, მისი ნანგრევები ყველას დააზიანებს, ამიტომ დემონტაჟი აუჩქარებლად უნდა წარიმართოს. აფეთქება მიუღებელია. «რომის იმპერია რომ ჩამოინგრა, ადამიანებმა ათასწლეულის განმავლობაში შეწყვიტეს ტანის დაბანა. დაივიწყეს ლიტერატურა და ხელოვნება».

ამ ტრაგედიის გამეორებას კაცობრიობა არ აპირებს. გარეთ XXI საუკუნეა, ამიტომ იმ ჩიხიდან გამოსვლა, რომელშიც ამერიკის სარეზერვო სისტემამ შეიყვანა მსოფლიო ეკონომიკები, ელვისებური არ იქნება, დროში გაიწელება.

ჯარის ერაყიდან «გაყვანის» ქვეტექსები

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის ამომრჩევლებს ერაყიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანას დაჰპირდა.

რა გაკეთდა ამ მიმართულებით?

პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. საამისოდ კი გამოიყენეს ძველი მეთოდი, რომელიც ამერიკელების შესრულებით ახლაც ეფექტიანად მოქმედებს: ქმნიან პრობლემას და შემდეგ მის წინააღმდეგ «წარმატებით» იბრძვიან დიდი ხნის განმავლობაში.

გაუკუღმართებული ლოგიკის შესანიშნავი მაგალითია. აშშ დამოუკიდებელ ქვეყანაში შეიჭრა; როგორც შემდეგ გაირკვა, მოგონილი და სრულიად უსაფუძვლო მიზეზით _ თითქოს ერაყის ხელისუფლება ამზადებდა მასობრივი მოსპობის იარაღს.

აშშ-მა კაცობრიობის გადასარჩენი დროშა ააფრიალა, დახოცა უამრავი ადამიანი, მასა ხალხისა და ჩააყენა თავისი არმია ამ ისტორიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როგორც საეკზეკუციო ძალა.

ოკუპანტებს დაუპირისპირდა ადგილობრივი მოსახლეობა. დაიწყო პარტიზანული მოძრაობა, რომელსაც ტერორიზმი უწოდეს _ «ტერორისტული აქტები» აშშ-ის არმიის წინააღმდეგ. და სწორედ ამიტომ «არ შეიძლება მისი იქიდან გამოყვანა!»

«…გერმანელთა ზონდერრაზმები, «ტერორიზმთან» ბრძოლის საბაბით, სოფლებს მოსახლეობასთან ერთად წვავდნენ».

როგორ უნდა აღკვეთილიყო ძალადობა? უნდა გაგრძელებულიყო «წითელი მამლის შეშვება» სოფლებში თუ წაბრძანებულიყვნენ ოკუპანტები ფატერლანდში?

პასუხი ნათელია: _ წაეთრიეთ!

იციან ეს პასუხი ამერიკელებმაც, მაგრამ არ წავლენ ერაყიდან.

არ წავლენ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არის გაზისა და ნავთობის მდიდარი საბადოები.

ობამას დაპირება, რომ ავღანეთიდან გაიყვანდა ჯარს, ფორმალურად შესრულდა, რადგან ქვეყანაში დარჩა იმ რაოდენობის შეიარაღებული ძალა, რომელიც საკმარისია ამ ქვეყანაში ომის გასაგრძელებლად.

ამ ძალაში ქართული დანაყოფიც მოიაზრება.

ამერიკელების მიზანია ჩინეთის საზღვრის მიმდებარე რეგიონის სრული დესტაბილიზაცია; ომის დაწყება პაკისტანში და ამ დაპირისპირებაში ინდოეთის ჩაბმა, რომელიც ისედაც ომის პირზეა ამ ქვეყანასთან; არასტაბილურობის ექსპორტი ცენტრალურ აზიაში, მისი თანდათანობითი გავრცელებით რუსეთის ტერიტორიაზე.

ავღანეთი იდეალური, უნიკალური ადგილია ამ ამოცანების გადასაწყვეტად, გვეუბნებიან სამხედრო საქმის ექსპერტები. ამიტომაც არ წავლენ (არც მიდიან) ამერიკელები ავღანეთიდან.

მომყოლი მიზეზიც არსებობს ერთი: ამ ქვეყნის დეჰკანებს მოჰყავთ ხაშხაში _ ნარკოტიკების საწარმოებელი ნედლეული. ამერიკელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკა სრულად მოშლილიყო და ავღანეთის მოსახლეობა სრულად მოქცეულიყო ნარკობიზნესის საცეცებში. ამიტომაა, რომ ამ ქვეყანაში ნარკოწარმოება 40-ჯერ გაიზარდა.

დემოკრატიის სახსენებელი კი, რომლის ვითომ დასამყარებლად ირჯებიან ამერიკელები, ისევე არ არის, როგორც არ იყო.

ამერიკელები არავითარ ახალ პოლიტიკას აქ არ განახორციელებენ. არც არსად, არასოდეს, არავითარი ახალი პოლიტიკა არ განუხორციელებიათ. ისინი ყოველთვის თავიანთ ინტერესებს ამკვიდრებენ თავიანთი შეიარაღებული ძალების მეშვეობით.

სხვა საშუალება როგორ ექნებათ, როცა აშშ ადმინისტრაციაში დომინირებენ ისეთი პრიმიტიული და უწიგნური ადამიანები, როგორიც ქალბატონი ფსაკია, რომელსაც დავალებული აქვს პრეზიდენტის, მაშასადამე, სახელმწიფოს პოზიციის «გაჟღერება» ყველა საკვანძო პრობლემაზე. უკრაინაში შექმნილი ვითარების ანალიზის მცდელობისას მან ახლახან «მსოფლიო რეკორდი» მოხსნა.

როგორ დაძლია კრიზისი თურქმენეთმა ერთ კვირაში

ზღაპარივითაა, გნებავთ, ჩინური «დიდი ნახტომივით» (იყო ასეთი პერიოდი ჩინეთის ისტორიაში). ყველას თვალწინ, ერთი კვირის განმავლობაში თურქმენეთმა მოახერხა და თანამედროვე საზოგადოებისა და განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების რიგში აღმოჩნდა.

ეს ის თურქმენეთია, სადაც სულ ცოტა ხნის წინათ თავიანთი ბელადის _ საფარმურატ ნიაზოვის წიგნს _ «რუხნამეს», როგორც ყურანს, კითხულობდნენ მასობრივად და დიდი აღტკინებით.

დიდი დრო არ გასულა თურქმენბაშის (თურქმენეთის მამის) გარდაცვალებიდან და აი, ეს ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ლიდერთა შორის ჩაეწერა. თურმე სავსებით შესაძლებელია, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ნახევრადფეოდალური სახელმწიფო სისტემის მქონე სახელმწიფოში «ეკონომიკური სასწაული მოხდეს».

სხვამ გაიკვირვოს და შეუძლებლად მიიჩნიოს, თორემ ჩვენ, ქართველებს, კარგად გვახსოვს, ავანტიურისტი სააკაშვილი, რომელიც ტელექადაგად იყო დავარდნილი და გვარწმუნებდა, რომ საქართველო კეთილდღეობის კუნძულია ბობოქარი კრიზისის ოკეანეში. ვიღაცას მწარედ ეცინებოდა. ზოგი იჯერებდა და თანაც ისე იწამა, რომ დღესაც, თვითმმართველობის არჩევნების წინ «ნაცებზე» პირჯვარს იწერს და მზადაა 5 ნომრის შემოსახაზად.

მაგრამ ეს წვრილმანია და ჩვენი კერძო სადარდებელი.

თურქმენულ სასწაულზე ვლაპარაკობდით.

შევეცადოთ, ავხსნათ. კვლავ სპეცებს მივაპყროთ სასმენელნი ჩვენნი.

თქვენ რომ გჭირდებოდეთ ბუნებრივი გაზი, _ გვიმტკიცებენ ისინი, _ ისე რომ გჭირდებოდეთ, როგორც «ნაბუკოს» გაზსადენის გამყვან ქვეყნებს, ასეთი მეტამორფოზა არ გაგიკვირდებოდათ.

რუსეთი აშენებს გაზსადენ «სამხრეთის ნაკადს» ევროპის მიმართულებით. შავი ზღვის ფსკერზე გადის სატრანზიტო მილსადენი. რუსეთის «პარტნიორები» კი ალტერნატიულ გაზსადენს აშენებენ _ «ნაბუკოს», რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე უნდა გავიდეს. ორივე მილსადენის ასავსებად გაზი საკმარისი რაოდენობით არ არის. ცენტრალური აზიის გაზი რუსეთის გაზპრომს სრულად აქვს ნაყიდი. მაშ, რომელი გაზით უნდა აივსოს «ნაბუკო»? დასავლეთი რატომ ცდილობს, თანაც ჯიუტად, გაიყვანოს თავისი მილსადენი? იმიტომ, რომ მონდომებულია, შეცვალოს სიტუაცია და გაზი თავისი საცავებისკენ გადაამისამართოს. ამით გადაიხაზება რუსული პროექტი, რომელიც ამ ქვეყნისთვის ფრიად დიდი პრობლემა იქნება: მართალია, რუსეთს მსოფლიოში გაზის უდიდესი მარაგი აქვს, მაგრამ იგი ვერ შეძლებს მის გასაღებას დასავლელი «მეგობრების» ნებართვის გარეშე. უკრაინაზე გამავალი მილი შეიძლება გადაიკეტოს ვაშინგტონიდან პირველივე დარეკვის შემდეგ, «სამხრეთისა» და «ჩრდილოეთის ნაკადები» კი დასაწყისშივე უნდა მოიშთოს.

ასეთი იყო გეგმა-განზრახულობა.

მაგრამ რა შუაშია აქ თურქმენეთი?!

გავერკვეთ: მისი გაზით არიან დაინტერესებულები. არამყარ პოზიციაზე მდგარი აზერბაიჯანის, «თავისუფალი» ერაყის გარდა, სხვას არავის გამოუთქვამს «ნაბუქოს» გაზით მომარაგების სურვილი, რომ შესრულდეს დაპირება, იგი მთლიანი მოცულობის 25 პროცენტს არ ასცდება.

აქ წინა პლანზე გამოდის თურქმენეთი, თავისი გაზის საბადოებით.

ამიტომ უგორებენ კოჭს თურქმენეთს, მხარს უჭერენ მის ნაყოფიერ ინტეგრაციას საერთაშორისო თანამეგობრობაში. უწინარეს ყოვლისა, თავგამოდებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდი: აქებს და ადიდებს ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ დასახულ «რეფორმებს», მათ შორის, სახელმწიფო საფინანსო სექტორის და კერძო სექტორის განვითარებას.

პარალელურად ქება-დიდების საგანი ხდება თურქმენეთში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის კვირაძალს ევროპარლამენტმა პირველი წაკითხვით მოიწონა თურქმენეთთან სავაჭრო შეთანხმების პროექტი, რომელსაც 11 წლის განმავლობაში ვერ იღებდნენ იმ მწვავე პრობლემების გამო, რომლებიც ქვეყანაში არსებობდა სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში. აშხაბადს არაორაზროვნად მიანიშნეს: თუ თურქმენეთის გაზი «სწორი მილით» წავა, ადამიანის უფლებების დაცვას თურქმენეთში აღიარებენ სავსებით დამაკმაყოფილებლად. არადა, მაღალი რანგის სტუმრების დადებითი დასკვნები რადიკალურად შეიცვლება.

სად არის კიდევ გაზი? ამას ახალი ამბებიდან შეიტყობთ: მიგანიშნებთ დასავლელი ხელმძღვანელების მოულოდნელი ვიზიტები, მაღალი რეიტინგები მეურნეობრიობის სხვადასხვა დარგებში, პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში; ასევე _ მოთარეშეთა ტერორისტული გამოხდომები, ხმაურიანი სკანდალები და სერიოზული ბრალდებები. სრულად ამოქმედდება რეალური პოლიტიკის არსენალი.

როგორც იტყვიან, არაფერი პირადი.

უბრალოდ _ გაზი.

სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, ისტორიაში ჩავიხედოთ.

რკინის ფარდა თავის დროზე საბჭოთა კავშირმა არ ჩამოუშვა. მსოფლიო არნახული სისწრაფით მიდიოდა ახალ დაპირისპირებამდე. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების პერიოდში აშშ ატომური იარაღის მფლობელი გახდა. «წარმატებით» დაბომბა ჰიროსიმა და ნაგასაკი, რაც ზედმეტი იყო უკვე დაჩოქილი იაპონიის დასამარცხებლად, მაგრამ ატომური ბომბების ჩამოყრა აუცილებლად მიიჩნიეს ამერიკელმა ქორებმა თავიანთი უძლეველობის სადემონსტრაციოდ.

იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ჩინეთში გრძელდებოდა სამოქალაქო ომი, რომელიც 1949 წელს მაო ძედუნის გამარჯვებით დამთავრდა.

სტალინს მაო უდიდეს პატივს სცემდა. ჩამოყლიბდა დასავლეთისთვის სამწუხარო სიტუაცია, როცა ორი გიგანტი _ სსრკ და ჩინეთი, რომელთა გაერთიანება იდეოლოგიურ საფუძველზე აშშ-ის კრახის დასაწყისს ნიშნავდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტალინის პოლიტიკა ორ ათეულ წელს მაინც გაგრძელდებოდა. მაგრამ სტალინი მედროვე და გაუნათლებელმა ხრუშჩოვმა შეცვალა. ისტორიკოსები, ყოველ შემთხვევაში, მათი ერთი, გამორჩეული ნაწილი, მიიჩნევს, რომ სსრკ-ის ბელადი მოწამლეს, ბერია დახვრიტეს და მხოლოდ ბოროტების ამ კიბით ავიდა «ძვირფასი ნიკიტა სერგის ძე» ხელისუფლების უმაღლეს საფეხურზე. სულ ცოტა ხნის შემდეგ ხრუშჩოვმა დაკარგა ყველა უპირატესობა, რომლებიც საბჭოთა ქვეყანამ მოიპოვა მსოფლიო ასპარეზზე სტალინის ეპოქაში. მთავარი დანაკარგი კი ნიკიტას წარმოუდგენელი უგნურებით ჩინეთთან სტრატეგიული კავშირის იავარქმნა იყო.

ხელ-ფეხი გაეხსნა აშშ-ის ექსპანსიონიზმს. ამერიკის ძალისხმევით, კორეა ორ ნაწილად გაიყო.

ჩრდილოეთ კორეა _ ჩინეთის მთავარი მოკავშირე _ გადარჩა ათიათასობით ჩინელი ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად; სწორედ ჩინეთის და არა საბჭოთა კავშირის დახმარებით, სახელმწიფოც და მისი ეკონომიკაც. სწორედ კორეის ომი იქცა ყველაზე უფრო სამწუხარო მოვლენად აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობის ისტორიაში.

კორეის განადგურება და ჩინეთის საზღვრებთან გასვლა არის აშშ-ის მიზანი და ჩანაფიქრი. სამხრეთ კორეაში, ოფიციალური მონაცემებით, 28 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი არის დაბანაკებული. ფაქტობრივად, მეტია. ისინი ატომური იარაღით არიან აღჭურვილნი.

ჩრდილოეთ კორეაში ჩინეთის ჯარები არ დგანან, მაგრამ დაუყოვნებლივ იქ გაჩნდებიან, როცა დადგება დრო.

ასეთია ორივე მხარის სტრატეგიული ჩანაფიქრი. ჩინეთი არ დაუშვებს აშშ-ის არმიის თავის საზღვრებთან გამოჩენას, აშშ-ს კი არ სურს მთელი კორეის ჩინეთისთვის დათმობა.

მშვიდობას ჩრდილოეთ კორეაში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატები ემუქრება. ამერიკის პოტენციური მუქარა რომ არა, დაძაბულობა სამხრეთ-აღმოსავლეთში არ იარსებებდა.

კორეელებს არ აქვთ ბირთვულქობინიანი რაკეტები, აქვთ «მოწყობილობა», დაახლოებით 5-10 ცალი. მათ გამოყენებას მხოლოდ ინტერესის გულისთვის ფხენიანი არ აპირებს. იგი ითხოვს მხოლოდ ერთს _ თავი დაანებონ! იგივე სურს ჩინეთს.

ამერიკის სურვილი და განზრახვა კი საპირისპიროა: ამერიკას სურს ომი! მაგრამ იმის გამო, რომ კორეასთან ომის დაწყებით იგი უეჭველად დაუპირისპირდება ჩინეთს, ამუხრუჭებს მის აგრესიულ აქტივობას.

ამერიკელების მიზანია ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დაპირისპირებით შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღება, ძმათამკვლელი ომის დაწყება. ამ კონფლიქტში უეჭველად ჩაერევა ჩინეთი, რაც ძალიან კარგი იქნება, რადგან გამოიწვევს მის დასუსტებას.

იქვეა ბირთვული ინდოეთი და ბირთვული პაკისტანი. მშვენიერი პერსპექტივა იქმნება მათი და, კვალად, მთელი აზიის დიდ ომში ჩასათრევად.

დასუსტდება ჩინეთი, მას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევენ. იქმნება შესანიშნავი პირობები ჩინეთის სავალუტო რეზერვის დევალვაციისთვის. ამის ტექნოლოგია დამუშავებულია, გადაიჭრება აშშ-ის ასტრონომიული დავალიანების პრობლემა.

ამიტომ სჭირდება აშშ-ს ომი, ომი ყველგან. სასურველია «შეზღუდული» ბირთვული ომი სხვისი ხელით.

ამერიკა ამისთვის მზად არის. ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელოაბამ უნდა გაითვალისწინოს მომენტის თავისებურება _ თავშეკავება, გამძლეობა უნდა მოიხმოს, თორემ გარდაუვალია კორეის მეორე ომი, შემდეგ კი _ პირველი ბირთვული ომი, აზიური.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here