Home რუბრიკები პოლიტიკა სიმართლე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ

სიმართლე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ

529

თვეზე ნაკლები რჩება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ხელისუფლება, ტრადიციულად, თავს იწონებს «ისტორიული» მიღწევით, ოპოზიციად წოდებული გუშინდელი ხელისუფლება კი «არასაკმარისი ევროოპტიმიზმისთვის» აკრიტიკებს «ოცნებას». ამასობაში ევროპარლამენტის არჩევნებიც ჩატარდა და ევროსკეპტიკოსებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.


მარინ ლეპენის პარტიამ პირველი ადგილი მოიპოვა საფრანგეთში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში ახალი წევრების მიღებას კი არა, მის პირველ-მეორე ზონებად გაყოფას სულ უფრო მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს. პირველი ზონის _ ევროკავშირის ბირთვი ქვეყნების _ ამომრჩეველიც ასევეა განწყობილი, ჩვენი ხელისუფლება კი (თავისი «ოპოზიციანად») ევროპასა და ნატოში ინტეგრაციაზე ლაპარაკს არ იშლის. მერე რა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს: «არც უკრაინა და არც საქართველო ნატოს გზას არ ადგანან!», მერე რა, რომ ევროკომისიის თავმჯდომარე გვეუბნება: «საქართველოს ევროკავშირის წევრობას ვერ შევთავაზებთ!» – სახელისუფლო ტანდემი კვლავაც ჯიუტად იმეორებს, რომ ნატოშიც შევალთ და ევროკავშირშიც!

ასეთ ილუზიებში მყოფი პოლიტიკური ელიტისგან ნამდვილად არ უნდა გვიკვირდეს, რომ საკუთარ მოსახლეობასაც ფუჭი ოცნებებით კვებავს _ ხალხს ჰგონია, გორში ჩამოვლენ ევროპელები, თვითონვე დაკრეფენ ვაშლს, იქვე ჩაუთვლიან ფულს და ევროპაში წაიღებენ! ქალაქელთა უმეტესობას კი მართლაც სჯერა, რომ დღეს-ხვალ ევროკავშირში უვიზოდ ივლის. ფულიანებს შენგენის ვიზის პრობლემა ისედაც არ აქვთ, დანარჩენებს კი იმის ფული სად აქვთ, რომ ევროპაში ლუვრისა და უფიცის დასათვალიერებლად იარონ; ევროპაში ძირითადად, მოხუცების მომვლელად მუშაობენ და აქ დარჩენილ ოჯახებს პურის ფულს უგზავნიან.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ასეთი ანეკდოტიც: ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ქართველებისთვის იქნება შენგენის განსაკუთრებული ვიზა, ფორმულირებით «შენგენაცვალე». ერთი სიტყვით, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ რიტორიკა უცვლელია: ვიცით, არ გვიღებენ კარს, მაგრამ მაინც ჯიუტად «შევდივართ». როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, დღეს ქართული საზოგადოების ყურადღება იმაზეა გადართული, ვინ მოაწერს ხელს ამ შეთანხმებას _ პრეზიდენტი თუ პრემიერი და არა იმაზე, რა წერია ამ ათასგვერდიან დოკუმენტში. «გლობალური კვლევების ცენტრი», ფაქტობრივად, ერთადერთი ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელმაც საექსპერტო კონფერენცია მიუძღვნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამ წერილში მოტანილი არგუმენტები სწორედ კონფერენციაში მონაწილე ექსპერტებს _ იოსებ არჩვაძეს, მამუკა ჩხეიძეს, თამაზ იმნაიშვილს, პაატა კოღუაშვილს და სხვებს ეკუთვნით.

როგორც კი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თარიღი დაზუსტდა, «ნაციონალურმა მოძრაობამ», ჩვეულებისამებრ, პანიკის დათესვა დაიწყო, რომ რუსეთი აუცილებლად განახორციელებს სამხედრო აგრესიას შეთანხმების ხელმოწერამდე.

რა უშავს მერე, რომ 2008-ში, ყოველგვარი ხელმოწერის გარეშე,სწორედ მათი ლიდერის ავანტიურის გამო რუსეთმა უკვე შეისრულა ის, რაზეც მანამდე არც უფიქრია!

აპრილის პირველ რიცხვებში ქართველი ექსპერტები რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ გრიგორი კარასინს შევხვდით და, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ამ თემაზეც ვკითხეთ: _ ექნება თუ არა რუსეთს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე საქართველოს ხელმოწერასთან დაკავშირებით ისეთივე რეაქცია, როგორიც უკრაინის შემთხვევაში? მისი ვრცელი პასუხის მოკლე შინაარსი ასეთია: _ საქართველოსთვის ამ შეთანხმებაში არ არის ისეთი კაბალური პირობები, როგორიც უკრაინის შემთხვევაში. არც საქართველოს მრეწველობაა ისეთ მჭიდრო კავშირში რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსთან, როგორც უკრაინისა. მეორე მხრივ, ეს ხელშეკრულება არაფერს აძლევს საქართველოს და ამას ხალხი თვითონ დაინახავს ორიოდე წელიწადში.

მართლაც, რას გვაძლევს ეს «ისტორიული» შეთანხმება? თავი დავანებოთ ისეთ ზოგად, არაფრის მთქმელ ფორმულირებებს, რომ იგი «ჩვენი შეუქცევადი ევროპეიზაციის გარანტიაა», რომ ამით «ჩვენ ვუახლოვდებით ევროპას» და სხვ. ამ ციტატებმა, შეუძლებელია, არ გაგახსენოს, როგორ გადასწია სააკაშვილმა საქართველოს დრო უკან ერთი საათით და ამაყად განაცხადა, ამით ჩვენ ევროპას დავუახლოვდითო, სინამდვილეში კი მოსკოვის დროზე დასვა საქართველო!

უსაფრთხოების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ შეთანხმებაში ბევრია პოზიტიური, თუმცა იქვე დასძენენ, რომ თანამშრომლობა, პირველ რიგში, სწორედ ევროპის ინტერესებშია. იმავეს თქმა შეიძლება მიგრაციის თუ იარაღის გავრცელების კონტროლის სფეროში თანამშრომლობაზეც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ცხადია, სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკის საკითხებია, რომლებზეც საქართველოს მთავრობას ერთი კითხვაც არ გასჩენია. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჯოზე მანუელ ბაროზუმ ჩვენს პრემიერთან სადილის შემდეგ იხუმრა კიდეც: _ რეკორდულ დროში, ერთი სადილის განმავლობაში გავიარეთ ეს შეთანხმებაო!

იმასაც შეგახსენებთ, რომ უკრაინაში კრიზისი სწორედ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე იანუკოვიჩის თავშეკავებით დაიწყო, თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსულმა ახალმა ხელისუფლებამაც მხოლოდ შეთახმების პოლიტიკურ ნაწილს მოაწერა ხელი. ეკონომიკურ ნაწილზე ხელმოწერისთვის დრო ახლა უკვე ახალარჩეულმა პრეზიდენტმა პოროშენკომაც მოითხოვა. ისმის კითხვა: ღირდა ამისთვის ყირიმის დაკარგვა ან იქნებ პენსიების განახევრება ან კომუნალური ტარიფების გაორმაგება? _ სწორედ ამას ითხოვს უკრაინისგან მისი კრედიტორი _ საერთაშორისო სავალუტო ფონდი!

ეს ყველაფერი საქართველომ, იმავე კრედიტორის წყალობით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამდე დიდი ხნით ადრე გაიარა და სწორედ ამიტომ არ არის ახლა ეს პუნქტები ჩვენთვის «კაბალური». ცნობისთვის: უკრაინასთან შედარებით, საქართველოში პენსია საგრძნობლად მცირეა, ხოლო ტარიფები _ 2-3-ჯერ მაღალი. არადა, ეკონომიკური განვითარებით ეს ორი ქვეყანა თითქმის თანაბარ მდგომარეობაშია.

ვინ დაიწყებს დავას, რომ ევროკავშირის ბაზარი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ხალხის ბაზარია. მისი მოსახლეობა ხუთასი მილიონია და ამ ბაზარზე დამკვიდრება საქართველოსთვის მეტად მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ მზად ვართ ამ ბაზრისთვის ან ევროპა არის მზად, თუ ევროკავშირში არა, საკუთარ ბაზარზე მაინც შეგვიშვას?

თავი რომ დავანებოთ, მაგალითად, ხელშეკრულების იმ პირობებს, რომლებიც ეხება სტანდარტიზაციას, სანიტარულ ზედამხედველობას და ა.შ. _ არადა, ჩვენზე უკეთ ვინ იცის, რომ სააკაშვილის «ნოვატორულმა» მთავრობამ ყველა ეს მექანიზმი მოშალა, _ როდის დააკმაყოფილებს ქართული პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს, არავინ უწყის, თუმცა ეს პრობლემა რომც არ არსებობდეს, რის გატანა შეგვიძლია ევროპაში?

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მამუკა ჩხეიძე ასე აღწერს ვითარებას: «ხელშეკრულების თანახმად, საბაჟო გადასახადი მოიხსნება ყველა პროდუქტზე, მაგრამ ეს გადასახადი, პირველ რიგში, მოიხსნება ევროკავშირის ქვეყნების პროდუქციაზე, რომელიც საქართველოში შემოდის _ ყველაფერზე და იქ არავითარი დათქმა არ არის, მაგრამ, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის პროდუქციას, რომელიც უნდა შევიდეს ევროკავშირში, აქ საინტერესო დათქმებია. კვოტები შემოდის მრავალ ქართულ პროდუქციაზე, მაგალითად, საქართველოს ამ ეტაპზე არა აქვს ათას ტონაზე მეტი ხორცის პროდუქტის გატანის უფლება და, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ვართ მზად, ათას ხუთასი ტონა გავიტანოთ, იმ ხუთას ტონაზე ცალკე უნდა მოვილაპარაკოთ.

შეთანხმების დანართით _ B2B პროდუქცია თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, მაგრამ, ამასთანავე, ექსპორტირებისას იბეგრება ე.წ. ბაზარზე შესვლის ფასის გადასახადით. ამ გადასახადის დედააზრი არის ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია არ უნდა იყოს ევროკავშირში წარმოებულ პროდუქციაზე იაფი, ანუ ამ გადასახადის დაწესებით გაუტოლდეს მათ ბაზარზე არსებული პროდუქციის ფასს. გლეხურად რომ ვთქვათ, გორის ვაშლი არ უნდა იყოს ესპანურ ვაშლზე იაფი. ყველა კონკრეტული პროდუქციისთვის არის კონკრეტული ციფრი. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირში სოფლის მეურნეობის პროდუქცია უფრო ძვირი ჯდება. ეს გაერთიანება იცავს თავის ბაზარს, ჩვენ პროდუქცია რომ არ შევიტანოთ მისთვის დემპინგურ ფასად და ამით არ გავუწიოთ კონკურენცია. გადავხედოთ, რა პროდუქტებზეა საუბარი.

ეს ჩამონათვალი მოიცავს, პრაქტიკულად, ჩვენს ყველა პროფილურ ხილსა და ზოგიერთ ბოსტნეულს. კერძოდ, ამ ცხრილში ვხვდებით: კიტრსა და პომიდორს, ყველა ციტრუსს, რომელიც საქართველოში მოდის, სუფრის ყურძენს, ვაშლს, მსხალს, ატამს, გარგარს, ალუბალს, ბალს, ქლიავს. საქართველოში ბანანი და ანანასი არ მოდის და, ბუნებრივია, არ არის შეტანილი, ანუ, პრაქტიკულად, რჩება ღვინო და მინერალური წყალი, რომელიც გვხვდება იმ პრეფერენციაში, რომელსაც ჰქვია საბაჟო გადასახადის მოხსნა. ზემოთ ჩამოთვლილ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ჩვენ ამ დანართის გამო რეალურად ვერ შევიტანთ, ან თუ შევიტანთ, იქნება მიზერული დონის».

რაც შეეხება ღვინოს, ევროპული ბაზარი გაჯერებულია ევროპული და იაფი თურქული ღვინითაც. წყლის ბიზნესი ასევე მონოპოლიზებულია და, როგორც ღვინის შემთხვევაში, წყლის მინერალიზაციაზეც, როგორც წესი, ყოველთვის ხდება აპელირება «სტანდარტზე». ქართული ღვინო თავისი უნიკალური ტექნოლოგიით ევროპაში მოთხოვნით არ სარგებლობს. ციფრებიც მეტყველებს, რომ იქ გაყიდული ჩვენი ღვინის რაოდენობა მიზერულია, ისიც, ევროპულად დაყენებულის.

შარშან, როგორც კი გაიხსნა რუსული ბაზარი ქართული ღვინისთვის, არასრულ ერთ წელიწადში საქართველოდან რუსეთის ბაზარზე მთელი ექსპორტის 44% შეადგინა ღვინის ექსპორტმა. ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსული ბაზარი სრულად არ გაიხსნა, ყველა ფირმას არ მისცეს ბაზარზე შესვლის უფლება.

მხოლოდ ქართველ ექსპერტებს რომ არ ვენდოთ, ევროკომისიის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში ჩავიხედოთ, რომელიც საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულებით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტის მოდელირებას ასახავს, ანუ ევროკომისია თვითონ დაინტერესდა, ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება ნახოს საქართველომ. ევროკავშირის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მოკლევადიან პერსპექტივაში მთლიანი შიდა პროდუქტის 1,7-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში 4,3-ით, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში 12%-ით ზრდა არის ნავარაუდევი. შედარებისთვის: მხოლოდ 2014 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ საქართველოში შეადგინა 23% და ეს მეტწილად გამოიწვია მხოლოდ რუსული ბაზრის გახსნამ.

ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში, რუსეთის ბაზრის ხელახლა ჩაკეტვა ერთობ საგრძნობი დარტყმა იქნება ქართული ეკონომიკისთვის. ეს შეუძლებელია, არ იცოდეს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ, თუმცა რა ენაღვლებათ – მათგან განსხვავებით ხომ არც ერთ ევროპელ მოხელეს არ მოუვა თავში, რიგითი მოქალაქის პენსიაზე 80-ჯერ მეტი თანხა გამოიწეროს წლიური პრემიის სახით!

ბატონებო, იქ, სადაც თქვენ ხართ, ევროპაა? და სადაც საქართველო შეგყავთ? უბრალო მოკვდავთათვის კი ერთი ქართული ანდაზის პერიფრაზი დღეს ასეთი იქნებოდა: «გიჟი ევროპას მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო»!

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here