Home რუბრიკები საზოგადოება ნათია კუტივაძე: გადაზიდვების საკითხში რომ არ ჩავრეულიყავით, დიდი შანსი იყო, საფოსტო ბაზრის...

ნათია კუტივაძე: გადაზიდვების საკითხში რომ არ ჩავრეულიყავით, დიდი შანსი იყო, საფოსტო ბაზრის მონოპოლიზებისა

751

არასამთავრობო ორგანიზაციის «საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო» მთავარმა ანალიტიკოსმა, ეკონომიკის დოქტორმა ნათია კუტივაძემ საფოსტო კავშირის შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს მიმართა.


_ ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა საფოსტო კავშირის შესახებ კანონპროექტი, რომლის პრეზენტაციაც გამართა 2014 წლის იანვარში. მალევე «საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ» ჩაატარა კანონპროექტის ექსპერტიზა და აღმოაჩინა სერიოზული შეუსაბამობები როგორც ამ კანონპროქტში შემოფარგლულ რეგულაციებში, ისე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებში. ჩვენი ექსპერტების შეფასებით, კანონპროექტში რამდენიმე პუნქტი დაუსაბუთებელი და ეკონომიკურად მიზანშეუწონელი იყო. კანონით გათვალისწინებული იყო სახელმწიფო რეგულირების დაწესება როგორც საფოსტო, ისე საამანათო გზავნილების ბაზარზე და, შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებდა ამ ტვირთებზე სახელმწოფო რეგულირების დაწესებას. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად კი, სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას ექვემდებარება მხოლოდ უნივერსალური საფოსტო მომსახურების სეგმენტი, რომელიც გულისხმობს ქვეყნის მოსახლეობის წვდომას საბაზისო საფოსტო მომსახურებაზე. ვინაიდან საქართველო არის მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი, ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს ვალდებულება, რომ თავისი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს საფოსტო მომსახურებაზე საბაზისო წვდომა. მაგრამ ეს მომსახურება არ გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან საკურიერო, სწრაფი მომსახურების ტიპების და, შესაბამისად, ბაზრის სეგმენტების რეგულირებას. ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით კი, ეს სეგმენტები არ იმიჯნებოდა, რაც 20 კილოგრამამდე ამანათების ყველა ტიპის გადაზიდვებზე, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანპორტით, ხოლო 30-კილოგრამიანი ამანათების გადაზიდვაზე მხოლოდ სახმელეთო და საზღვაო გზით «საქართველოს ფოსტისთვის», ანუ ეროვნული ოპერატორისთვის ექსკლუზიური უფლებების მინიჭებას ნიშნავდა. ეს კი გამოიწვევდა იმას, რომ ყველა ოპერატორი, რომლებიც დღეს ბაზარზე საქმიანობს, ან «საქართველოს ფოსტის» დაქვემდებარების ქვეშ უნდა მოქცეულიყო, ან ბაზარი დაეტოვებინა. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი პირვანდელი სახით დამტკიცდებოდა. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს მივუთითეთ, რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებდა ბაზრის ლიბერალიზაციის პრინციპებს და მოვითხოვეთ, საფოსტო მომსახურების ბაზარიც ყოფილიყო ლიბერალიზებული ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით. ჩვენი მოთხოვნა, აგრეთვე, იყო, რომ დაეცვათ კანონთან დაკავშირებული რეგულაციები და შეესაბამებინათ ასოცირების ხელშეკრულებასა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან. ეს კანონპროექტი მიმართული იყო საქართველოს ბაზრის მონოპოლიზაციისკენ, შესაბამისად, მომხმარებლის არჩევანის შეზღუდვისკენ. ეს კანონპროექტი ასევე გვთავაზობდა ავტორიზაციის რეჟიმის შემოღებას საფოსტო მომსახურების ნებისმიერი ოპერატორისთვის და აწესებდა ბიუროკრატიულ ბარიერებს გადამზიდავებისთვის. ამიტომ ჩვენმა ორგანიზაციამ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა მოთხოვნით, შეეტანათ ცვლილებები, რადგან ორმოცამდე კომპანია აღშფოთებული იყო ამ კანონპროექტით. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა გვთხოვეს შეხვედრა. შევხვდით კიდეც, განვიხილეთ შენიშვნები და დაგვთანხმდნენ, რომ ჩვენ მიერ წინა პლანზე წამოწეული 7 შენიშვნიდან 6-ს გაითვალისწინებდნენ. ერთადერთ პრობლემად რჩება სახმელეთო და საზღვაო გზით 30 კილოგრამამდე ამანათის გადაზიდვაზე «საქართველოს ფოსტისთვის» ექსკლუზიური უფლებების მიცემა და ეს საკითხი დღემდე ღიად რჩება.

_ ის 6 შენიშვნა რას ეხებოდა, რომელთა გათვალისწინებასაც დაგთანხმდნენ?

_ გადამზიდავი კომპანიების მოთხოვნა იყო, რომ დაზუსტდეს უნივერსალური საფოსტო მომსახურების ნუსხაში შემავალი საფოსტო მომსახურების ჩამონათვალი ისე, რომ ეს ჩამონათვალი მოიცავდეს საბაზისო (მინიმალური) მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული საფოსტო გზავნილების მომსახურებას და ამ საბაზისო კატეგორიის გზავნილებზე ფასების სახელმწიფო რეგულირებას, რაზეც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები დაგვთანხმდნენ. ისინი ასევე დაგვთანხმდნენ, რომ გაითვალისწინებდნენ ჩვენს შენიშვნებს, საფოსტო და საამანათო გზავნილების ბაზარზე კანონპროექტით შემოთავაზებული სახელმწიფო რეგულირების რეჟიმი შესაბამისობაში მოსულიყო საქართველოს კანონმდებლობასთან და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით (თავი 6) გათვალისწინებულ ვალდებულებებთან. შესაბამისად, უნივერსალური საფოსტო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე, ნაცვლად ავტორიზაციისა, უნდა გავრცელებულიყო ლიცენზირების მოთხოვნა (აღნიშნულ მოთხოვნას ითვალისწინებს, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება, თავი 6, მუხლი 101) და მხოლოდ უნივერსალური საფოსტო მომსახურების გაწევის მსურველი ოპერატორისთვის დაწესებულიყო «სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სათანადო კვალიფიკაციის პერსონალის» არსებობის პირობების მოთხოვნა, რაც შესაბამისი იქნებოდა «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების.

უნივერსალური საფოსტო მომსახურების გამწევი ოპერატორის გამოვლენა უნდა მომხდარიყო კონკურსის წესით, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკა. ამასთანავე, კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობდეს 2 ან 3 დანიშნული ოპერატორი, თუ ეს ოპერატორები აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ევროკავშირის კანონმდებლობით, როგორც ვიცით, შეზღუდული არ არის ეროვნული ოპერატორების რაოდენობა. მაგალითად, ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს 2 ან 3 დანიშნული ოპერატორი სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში და მათ ჰქონდეთ ერთმანეთის ინფრასტრუქტურაზე თავისუფალი წვდომა. გარდა ამისა, ცვლილების შეტანას დაგვპირდნენ ამ პუნქტშიც: საფოსტო და საამანათო გზავნილების ბაზრის ის სეგმენტი, რომელიც არ მოიცავს უნივერსალური საფოსტო მომსახურების ბაზრის სეგმენტს, დარჩეს ლიბერალიზებული. ამ სეგმენტზე საქმიანობის მსურველი ოპერატორისთვის დაწესდეს მხოლოდ ოპერატორის «ავტორიზაციის»’ ვალდებულება კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიული/ფორმალური ბარიერის დაწესების გარეშე. შესაბამისად, ამ სეგმენტზე საქმიანობის მსურველი ოპერატორისთვის მოიხსნას «სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სათანადო კვალიფიკაციის პერსონალის» არსებობის პირობების მოთხოვნა. აღნიშნულით ასევე მოხდება კანონპროექტით გათვალისწინებული ოპერატორის ავტორიზაციის პროცედურის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული «ავტორიზაციის პროცედურის» ეკონომიკურ არსთან და «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილ რეგულაციებთან.

რაც შეეხება ოპერატორების მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურს, ეს შესაბამისობაში უნდა მოვიდეს «რეგულირების საფასურის შესახებ» კანონით დადგენილ რეგულაციებთან (ამ კანონის მიხედვით, რეგულირების საფასურის ოდენობა უნდა დადგინდეს მარეგულირებლის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით). შესაბამისად, კანონპროექტი არ უნდა ითვალისწინებდეს რეგულირების საფასურის განაკვეთის ოდენობის განსაზღვრას.

კანონპროექტიდან ამოღებული უნდა იქნეს მომსახურების სხვა სახეობების ნუსხის სამინისტროს აქტით დამტკიცება (მუხლი 22). კანონპროექტით აღარ იარსებებდა რისკი, რომ გადამზიდავების ბაზარზე განმეორდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის #30 ბრძანებით შემოღებული პრაქტიკა, რომელიც სამი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო. შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული «უნივერსალური ოპერატორისთვის» ე.წ. დარეზერვებული არეალის» სახით სახმელეთო და საზღვაო გზით 30 კგ-მდე ამანათების გადაზიდვაზე ექსკლუზიური გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭებაზე. გადამზიდავები ითხოვდნენ, რომ ამ ტიპის პრეცენდენტს არ იცნობს საერთაშორისო პრაქტიკა და, ამდენად, არც ქართულ კანონმდებლობაში არ უნდა მოხდეს მისი გათვალისწინება. მოკლედ, ჩვენსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის მოხდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ აუცილებლად შეიტანდნენ ცვლილებებს კანონპროექტში, მაგრამ შეცვლილი სახით კანონპროექტი ჯერ არ მოუწოდებიათ. გარდა ამისა, გადამზიდავმა კომპანიებმა მიმართეს ევროკავშირს და მისი ექსპერტთა ჯგუფი 2-დან 5 ივნისამდე საქართველოში იქნებიან. ისინი დაეხმარებიან ეკონომიკის სამინისტროს ამ კანონპროექტისა და, საზოგადოდ, საფოსტო სფეროს რეფორმის მომზადებაში, რის შედეგადაც არ მოხდება საქართველოში ამ ბაზრის მონოპოლიზება და საინვესტიციო გარემოს გაუარესება.

_ თუკი ეკონომიკის სამინისტრო მის მიერვე შემუშავებული კანონპროექტით ამ ბაზრის მონპოლიზებას აპირებდა, დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს შენიშვნებს გაითვალისწინებს?

_ როდესაც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს კანონპროექტი, ეკონომიკის სამინისტროს კი არა, «საქართველოს ფოსტის» მიერ იყო შემუშავებული. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა სიღრმისეულად არ იცოდნენ, რა დებულებები ჩადო «საქართველოს ფოსტამ». ჩვენ ეკონომიკის მინისტრის ორი მოადგილეს _ დიმიტრი ქუმსიაშვილისა და ნათია მიქელაძეს შევხვდით და, როდესაც ჩვენ მიერ აღნიშნული 7 საკითხის შეცვლა შევთავაზეთ, ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ _ დიმიტრი ქუმსიაშვლმა 7 შენიშვნიდან 6-ზე გვითხრა, აუცილებლად გავიზიარებთო. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი თავიდანვე რომ სცოდნოდა ქუმსიაშვილს, კანონპროექტში არ დაუშვებდა.

_ «საქართვლოს ფოსტის» გენერალურ დირექტორ ლევან ჩიკვაიძეს თუ ესაუბრეთ ამ საკითხზე?

_ მას არ შევხვედრივარ, მხოლოდ გადაცემა «ბიზნესკურიერში» მიმიწვიეს დებატებზე, სადაც ბატონმა ჩიკვაიძემ საკმაოდ დემაგოგიურად ისაუბრა და განაცხადა, _ «საქართველოს ფოსტის» ვალდებულებაა, არსებობდეს უნივერსალური მომსახურებაო. უნივერსალური მომსახურება რომ უნდა არსებობდეს, არავინ უარყოფს, მაგრამ ჩვენი თხოვნა იყო, ეს მომსახურება დამსგავსებდა საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ ვალდებულებებს და უნივერსალური მომსახურების არსებობის მოტივით არ მომხდარიყო გადამზიდავი ბაზრის მონოპოლიზება. ამ საკითხში რომ არ ჩავრეულიყავით, დიდი შანსი იყო საფოსტო ბაზრის მონოპოლიზებისა.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here