Home რუბრიკები საზოგადოება აქვს კი საქართველოს სოფელს განვითარების პერსპექტივა?

აქვს კი საქართველოს სოფელს განვითარების პერსპექტივა?

577

გვესაუბრება აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე.

_ საქართველოს საპატრიარქომ რუბრიკით «ჩვენი ფასეულობანი» გამოსცა წიგნი სახელწოდებით «სოფლის მეურნეობა», რომლის სამეცნიერო რედაქტორიც თქვენ ხართ. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება ამ წიგნზე და, ზოგადად, საქართველოს სოფლის მეურნეობაზე.


_ დიდი მადლობა «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციას სოფლის მეურნეობის პრობლემების გაშუქებისთვის. საზოგადოება დაიღალა უაზრო ქაქანით რაღაც მოგონილ პრობლემებზე _ მოსმენებზე, ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და «ნაციონალების» მიერ შემოგდებულ «პრობლემებზე».

ამ დროს კი საქართველოს სოფელი არასოდეს ყოფილა ისეთ კატასტროფულ მდგომარეობაში, რომელშიც დღესაა. 20 წელზე მეტია, ვმათხოვრობთ მსოფლიოში, რათა შიმშილით არ დავიხოცოთ, საქართველო აწარმოებს იმ პროდუქციის მხოლოდ 18-20 პროცენტს, რომელსაც მოიხმარს…

წიგნის გამოცემის ორგანიზება ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ ბაკურ გულუამ ითავა. მან ავტორებად ცნობილი მეცნიერები და დარგის სპეციალისტები მიიწვია, განხილულია ყველა საკითხი, რომლებითაც დღევანდელი საქართველოს სოფლის მეურნეობა ხასიათდება: კლიმატიდან დაწყებული ყველა ძირითადი კულტურა, როლებითაც საქართველო მსოფლიოში არის ცნობილი.

ყურძნის უნიკალური ჯიშები საშუალებას იძლევა, ვაწარმოოთ ღვინის ცნობილი ბრენდები: ხვანჭკარა, ქინძმარაული, ხიხვი, ოჯალეში, რქაწითელი, აღარაფერს ვამბობ ფართო მოხმარების ისეთ ცნობილ ღვინოებზე, როგორებიცაა წინანდალი და ცოლიკაური. სამწუხაროდ, მსოფლიომ ნაკლებად იცის, რომ ღვინის დაყენების (ტექნოლოგიის) სამი ხერხიდან ორი ქართულია (კახური და იმერული), არ იცნობს ქართული ქვევრისა და საწნახლის დამზადების ხერხებს და მათშიქართული ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოებს.

ჯერ კიდევ 1960-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისში გამართული ღვინის საერთაშორისო კონფერენციის დელეგატებმა აღნიშნეს უნიკალობა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სერიოზული ბაზაა.

_ ე. ი. მცდარია პოზიცია, რომლის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა დოტაციურია, რომ მას განვითარების არავითარი შანსი არ აქვს და ა.შ.?

_ მოდით, საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ: ქვეყანა, რომელიც აწარმოებს თუნდაც თავისი მოსახლეობისთვის საჭირო მარცვლეულს, ითვლება უსაფრთხო ქვეყნად.

ხორბალი ქართული ფლორის ერთ-ერთი უძველესი მცენარეა და იგი ხორბლის «ერთ-ერთი გვარის პირველადი გენოცენტრია», სხვა ქვეყნებში არ გვხვდება უძველესი ქართული ჯიშები «იფქლი», «ასლი», «დიკა», «მასა» და ა. შ. ეს კი პირდაპირ მიგვითითებს, რომ მარცვლეულზე საკუთარი ქვეყნის მოთხოვნილების დაკმაყოფილების პოტენციური შესაძლებლობა გაგვაჩნია. ეს ყველაფერი წიგნში აღნიშნულია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხორბლის ენდემური სახეობების გამოყენებით მიღებულია 25-ზე მეტი საწარმოო მნიშვნელობის ჯიში და მრავალი ასეული სასელექციო საწყისი მასალა.

მკითხველი უთუოდ მიაქცევს ყურადღებას, რომ «საქართველოს ხორბლის სახეობების საფუძველზეა შექმნილი «პური ჩვენი არსობისა» _ რბილი ხორბალი». ჩვენი მეცნიერი-გენეტიკოსების მიერ აღდგენილია რბილი ხორბლის ისტორია, რომელიც, გარკვეულწილად, ადამიანთა კულტურის ისტორიაცაა.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ახალი ჯიშების მიღებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა მსოფლიო დონის ისეთმა მეცნიერმა, როგორიც იყო პროფესორი ლეონიდ დეკაბრელევიჩი, ასევე, მისმა მოწაფეებმა, პროფესორებმა ვლადიმერ მენაბდემ, პეტრე ნასყიდაშვილმა და სხვა სწავლულებმა.

ვიმეორებ, მეცნიერების ამ მიღწევათა პრაქტიკული გამოყენებით ჩვენ შევძლებთ ქვეყნის მარცვლეულით უზრუნველყოფას.

_ რა გვიშლის ხელს, ბატონო ნაპოლეონ, ამის გაკეთებაში?

_ სამწუხაროდ, ხელისშემშლელი ფაქტორი ბევრია, მათ შორის, თუნდაც ის, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა. ერთ სულზე გაანგარიშებით სახნავი მხოლოდ 0,14 ჰექტარია (მაშინ, როცა მსოფლიოს სტანდარტით, საშუალოდ 0,45-0,5 ჰექტარია საჭირო) არსებობს რელიეფური პრობლემებიც, რომლებიც მექანიზაციის ფართოდ გამოყენების საშუალებას არ იძლევა (მცირე კონტურიანობა, ვერტიკალური ზონალობა და ა. შ.).

_ მაინც რამდენი შეგვიძლია ვაწარმოოთ?

_ სიმინდის ჩათვლით, მარცვლეულის სარეკორდო წარმოება საქართველოში 650 ათას ტონას არ ასცდენია, გვჭირდება 1,3-1,4 მილიონი ტონა! (აქ შედის საფურაჟე მარცვლეული), ამიტომ საბჭოთა პერიოდში (მაშინ ე. წ. გეგმური ეკონომიკა იყო) სხვა რესპუბლიკებიდან შემოტანილი მარცვლეულით ვავსებდით დეფიციტს… დღეისთვის ჩვენი წარმოება 200 ათას ტონას არ აღემატება…

_ გამოდის, რომ საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ყოველთვის ექნება?

_ ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ საპატრიარქოში გამოცემულ წიგნში სხვა მნიშვნელოვან კულტურებზეცაა საუბარი. ესაა ღვინო, ჩაი, ციტრუსები, ეთერზეთები, ადრეული ბოსტნეული და ბაღჩეული, ნატურალური და გადამუშავებული ხილი და ა.შ.

მინდა ერთი საგულისხმო ინფორმაცია მოგაწოდოთ: დღეს მსოფლიოში საკუთარი წარმოების მარცვლეულით მხოლოდ 18 ქვეყანა იკმაყოფილებს სრულად თავის მოთხოვნილებებს, 42-მდე ქვეყანა იმპორტ-ექსპორტით აბალანსებს თავის მოთხოვნილებებს, 35-მდე ქვეყანა არ შიმშილობს, 55 ქვეყანა ნახევრადშიმშილობს და 28-30 ქვეყანაა ისეთი, რომლებიც შიმშილობს. სამწუხაროდ, ასეთ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. თუ ჩვენ წარმოებას გადავხედავთ და გამოვრიცხავთ სამოწყალოდ შემოსულ დახმარებებს, ჩვენი ქვეყანა შიმშილობს, ამიტომ, თუ მხედველობაში მივიღებთ ჩვენს საექსპორტო პოტენციალს (თუნდაც იმ დონით, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს გვქონდა), შევძლებთ, იმპორტ-ექსპორტით სრულად დავაბალანსოთ მოთხოვნილებები და დადებითი სალდოც გვქონდეს.

_ წიგნში წარმოდგენილ ავტორებზე რას იტყვით?

_ ბევრი მათგანის ავტორიტეტი საერთაშორისო დონისაა, მე აბსოლუტურად ვენდობი მათ მეცნიერულ ალღოს, დებულებებსა და დასკვნებს, რომლებიც მათ სტატიებშია.

_ წიგნში სხვა საინტერესო სტატიებიცაა. მაგალითად, ქართული სამზარეულო, სტუმარმასპინძლობა, წყლის რესურსები და ა. შ.

_ წიგნის ხიბლიც ეგაა, რაც გამოცემის ორგანიზატორების პროფესიონალიზმსა და მაღალ გემოვნებაზე მეტყველებს. წიგნი ძალიან მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა გამოცემული, შესანიშნავი ფოტოილუსტრაციებით არის გაფორმებული.

და საერთოდ, ქართველი უნდა მიუბრუნდეს წიგნიერებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სიბრძნე და გონიერება, რომლითაც ერი ფასდებოდა, შარშანდელი თოვლივით გაქრება.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here